საჭიროების შემთხვევაში აზერბაიჯანი მზად არის, უკრაინას ბუნებრივი გაზი მიაწოდოს, ასევე- განიხილავს უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავების გამოყენებას რეგიონული ენერგოუსაფრთხოების გასაძლიერებლად. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა კიევში უკრაინელ კოლეგასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბაირამოვის თქმით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR უკვე მრავალი წელია უკრაინულ ბაზარზე საქმიანობს და ენერგეტიკული თანამშრომლობის შემდგომი გაფართოების გეგმებიც აქვს.
„ამჟამად აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ძალიან აქტიური და დინამიკური დიალოგი მიმდინარეობს ენერგეტიკული თანამშრომლობისა და სხვა ორმხრივად მომგებიანი მიმართულებების შესახებ“, – განაცხადა ბაირამოვმა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი ევროპის ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში სტრატეგიულ როლს ასრულებს და ბუნებრივ გაზს ევროპის 12 ქვეყანას აწვდის, რომელთაგან 10 ევროკავშირის წევრია.
„ამ თვალსაზრისით, თუ ამის საჭიროება გაჩნდება, მზად ვიქნებით, ბუნებრივი გაზი უკრაინასაც მივაწოდოთ“.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ პერსპექტიულ მიმართულებად განიხილება უკრაინის მიწისქვეშა გაზსაცავების გამოყენება, რაც, მისი შეფასებით, ხელს შეუწყობს უფრო ფართო რეგიონის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას.
2025 წლის ივლისში უკრაინამ და აზერბაიჯანმა ტრანსბალკანური დერეფნის გავლით, ბულგარეთისა და რუმინეთის მეშვეობით, უკრაინაში ბუნებრივი გაზის საცდელი მოცულობის მიწოდების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
