სტრასბურგის სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რუსეთი „უცხოელი აგენტების“ კანონით უფლებებს არღვევს.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა საქმეზე „ქობალია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც 107 არასამთავრობო, მედიაორგანიზაციისა და ფიზიკური პირის განაცხადს აერთიანებს. საქმე ეხებოდა რუსეთში განვითარებად საკანონმდებლო ბაზას, რომელიც მრავალი არასამთავრობო ორგანიზაციის, მედიისა და ინდივიდისგან მოითხოვს, დარეგისტრირდნენ როგორც „უცხოეთის აგენტები“.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა გამოხატვის თავისუფლების, გაერთიანების თავისუფლებისა და პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება. სტრასბურგის სასამართლოს შეფასებით, რუსეთში ამჟამად მოქმედი კანონმდებლობა სტიგმატიზაციას ეწევა, შეცდომაში შემყვანია და გამოყენებულია ზედმეტად ფართო და არაპროგნოზირებადი გზით.
სასამართლომ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა განმცხადებლების გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლებებში ჩარევას. ორგანიზაციის ან ინდივიდის „უცხოეთის აგენტად“ მონიშვნამ მნიშვნელოვნად შეაფერხა მათი საქმიანობა, დააყენა დამატებითი აღრიცხვის, აუდიტის, ანგარიშგების და მარკირების მოთხოვნები და შეზღუდა მათი მონაწილეობა საარჩევნო პროცესში ან საჯარო ღონისძიებების ორგანიზებაში. ასევე, ხშირად იწვევდა სანქციებს – დაწყებული ჯარიმებიდან, ორგანიზაციის დახურვის ჩათვლით.
სასამართლომ დაადგინა, რომ იარლიყი „უცხოური აგენტი“ იყო მასტიგმატიზირებელი და შეცდომაში შემყვანი. რაც შეეხება სტიგმატიზაციის ეფექტს, სასამართლომ მიუთითა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვაზე, რომლის მიხედვითაც მოსახლეობის უმრავლესობამ ტერმინი „უცხოელი აგენტი“ დაუკავშირა „მოღალატეს“, „ჯაშუშს“ ან „ხალხის მტრებს“. რუსეთში ახალმა შეზღუდვებმა „უცხოელი აგენტები“ გამორიცხა საჯარო თანამდებობის დაკავების, საარჩევნო კომისიებში მონაწილეობის, პოლიტიკური კამპანიების მხარდაჭერის, არასრულწლოვანთა განათლებისა და ბავშვებისთვის კონტენტის შექმნისგან, რამაც კიდევ უფრო გააძლიერა სტიგმა.
სასამართლოს თანახმად, „უცხოური აგენტის“ იარლიყი ასევე შეცდომაში შემყვანი იყო იმდენად, რამდენადაც კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერი ფორმით მხარდაჭერა — დაფინანსება, კონსულტაცია ან ხელმძღვანელობა — უცხოურ კონტროლად ფასდებოდა.
სასამართლომ დაადგინა, რომ ასეთი შეზღუდვები გამიზნული იყო დასასჯელად და არა — გამჭვირვალობის რაიმე სავარაუდო საჭიროების ან ეროვნული უსაფრთხოების შესახებ წუხილების საპასუხოდ. ანალოგიურად, მომჩივნებზე დაწესებული არაპროპორციული სანქციები მიზნად ისახავდა დასჯას ან გაჩუმებას და არა — გამჭვირვალობის უზრუნველყოფას.
„საერთო ჯამში, კანონმდებლობას ჰქონდა გამჭოლი ეფექტი საჯარო დებატებსა და სამოქალაქო ჩართულობაზე, შექმნა ეჭვისა და უნდობლობის ატმოსფერო დამოუკიდებელი ხმების მიმართ, რამაც ძირი გამოუთხარა დემოკრატიული საზოგადოების საფუძვლებს“, — ნათქვამია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა უნდა გადაუხადოს განმცხადებლებს 5 500-დან 10 000 ევრომდე კომპენსაცია.
ევროპულ სასამართლოს ამ გადაწყვეტილებამდეც უკვე დაადგენილი ჰქონდა კონვენციის დარღვევა ამ კანონმდებლობასთან დაკავშირებით 2022 წლის გადაწყვეტილებაში Ecodefence and Others v. Russia. სასამართლოს შეფასებით, წინა კანონმდებლობის ხარვეზების შერბილების ნაცვლად, ჩარჩო კიდევ უფრო გადავიდა კონვენციის სტანდარტებიდან.
გამოხმაურებები საქართველოში
საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც რუსეთის ანალოგიური კანონი მიიღო, ირწმუნება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაში აღწერილი პრობლემები ქართულ კანონს არ აქვს.
„უკვე მერამდენედ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღმოჩნდა ის ინსტიტუცია, რომელმაც ოპოზიციის, ენჯეოების, უცხოელი პოლიტიკოსების თუ დიპლომატების დეზინფორმაციის კამპანია ამხილა. ამჯერად ეს მხილება ტერმინის — „რუსული კანონი“ — მომგონებლებს და გამომყენებლებს ეხება“, — წერს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.
მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაში სასამართლომ მიუთითა, თუ რა იყო რუსეთში მოქმედ კანონში ის შეზღუდვები, რომლის გამოც მან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა:
- ყველა გამოცემის ბრენდირება, როგორც „უცხოელი აგენტის“ წარმოებულის;
- ყველა საარჩევნო პროცესისგან გამორიცხვა;
- პროფესიული სასწავლო პროგრამების განხორციელების აკრძალვა;
- ახალგაზრდებთან პროგრამების განხორციელების აკრძალვა;
- კერძო კომპანიებისგან სარეკლამო შემოსავლის მიღების აკრძალვა;
- არაპროპორციული სანქციები (დისკრეციული ჯარიმები, ორგანიზაციის გაუქმება).
„არც ერთი ეს საკითხი, არც ერთი ეს შეზღუდვა ქართულ გამჭვირვალობის კანონში არ არის.
ყველაფერ ამაზე ჯერ კიდევ საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დროს ისაუბრეს პარლამენტის წარმომადგენლებმა“, — აცხადებს შალვა პაპუაშვილი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგან უჩვეულო არ არის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების არასწორი ინტერპრეტაცია, თუმცა პაპუაშვილის ეს განცხადება განსაკუთრებით მანიპულაციურია და არანაირი კავშირი არ აქვს სასამართლოს გადაწყვეტილების განმარტებასთან.
„პარლამენტის თავმჯდომარის განცხადების საპირისპიროდ, უნდა ითქვას, რომ ევროპული სასამართლო ცხადად გამოხატავს პოზიციას აგენტების კანონით გათვალისწინებულ საკითხებზე, რომლებიც აგრეთვე არის განსაზღვრული „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ „რუსულ კანონში“. მიუხედავად იმისა, რომ 2022 წლის გადაწყვეტილებაში ევროპულ სასამართლოს უკვე ჰქონდა შეფასებული „აგენტების“ კანონის ძირითადი პრობლემები, ახალ გადაწყვეტილებაში განმეორებით გაუსვა ხაზი რამდენიმე საკითხს: კანონის მასტიგმატიზირებელ ეფექტს, აუდიტისა და ანგარიშგების მოთხოვნებს, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. ევროპული სასამართლოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ მიღებული ორივე გადაწყვეტილება პირდაპირ მიუთითებს, რომ გამჭვირვალობის სახელით მიღებული ასეთი კანონები აღვივებს უნდობლობასა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის მიმართ, რისი მიზანიც თავისუფალი სივრცეების ჩახშობაა“, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ საქმეზე „ქობალია და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ სტრასბურგის სასამართლოს განმარტება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის კიდევ ერთი გზავნილი უნდა იყოს, რომ საქართველოში მოქმედი რუსული კანონი ანალოგიურად არღვევს ადამიანის ძირითად უფლებებს.
„შესაბამისად, ქართული არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების საქმეზე ევროპულ სასამართლოში იგივე შედეგი დადგება“, — აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.