თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის, მალხაზ მაცაბერიძის განცხადებით, თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანება ამ ორი უნივერსიტეტის გაუქმებას ნიშნავს.
მისი თქმით, ასეთ დროს პროფესორების და სტუდენტების დუმილი სირცხვილია.
ამის შესახებ მალხაზ მაცაბერიძემ სტუდენტებისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ორი უნივერსიტეტის გაერთიანება რეალურად ნიშნავს ამ ორი უნივერსიტეტის გაუქმებას და ახალი უნივერსიტეტის დაფუძნებას. ახლა რაც შეეხება ივანე ჯავახიშვილის სახელის შენარჩუნებას, ეს ძალიან პირობითი იქნება, რადგანაც როგორც კი დაიწყება უნივერსიტეტების გაერთიანება, შეიქმნება დროებითი მმართველობა, გაუქმდება ის ავტონომიაც კი, რაც დღესდღეობით არსებობს და თქვენ უნივერსიტეტს სულ სხვანაირს ნახავთ, სხვა კურიკულუმებით, როგორც გეუბნებიან, და სხვა პროფესორებით. რომელ პროფესორსაც აქ ჩაწერენ, ან რომელი პროფესორიც რამეს იტყვის ამის წინააღმდეგ, ისინი ალბათ უნივერსიტეტში ვეღარ გაჩერდებიან.
გაიყიდება უნივერსიტეტის, ჯერჯერობით უნივერსიტეტის, ხელთ არსებული ქონება. კორპუსები, უნივერსიტეტის, თსუ-სი, ტექნიკური უნივერსიტეტის და იქ აშენდება საცხოვრებელი კორპუსები, სადაც საქართველოს მოქალაქეები ბინებს ვერ შეიძენენ. თბილისი კიდევ უფრო მეტად არაქართულ ხასიათს მიიღებს. ეს იქნება ერთ-ერთი ძირითადი შედეგი.
ბევრი პროფესორი არის გასუსული იმ იმედით, რომ გადარჩება. ბევრი სტუდენტიც გასუსულია, ესეც ფაქტია, რომ „მე რა, დავამთავრებ და წავალ“, „მე თუ ჩუმად ვიქნები, ადგილს შევინარჩუნებ უნივერსიტეტში“. მინდა ვთქვა, რომ ეს სირცხვილია. აი, ასეთ დროს ასეთი რამის გაკეთება. ჯერ ერთი, გარანტია არ არის ადგილის შენარჩუნებისა სიჩუმე. ცოტა წინ რომ გაიხედონ, არა. მერე ასეთი ქმედება იქნება სამარცხვინო, ძალიან სამარცხვინო, მაგრამ დღეს ალბათ ამაზე არ ფიქრობენ. მე მოვუწოდებ ამ ადამიანებს, რომ დაფიქრდნენ, რაზე ჩუმდებიან და დროა ხმა ამოიღონ იმ პროცესებთან დაკავშირებით, რაც მიმდინარეობს.
ხელისუფლება ორი უნივერსიტეტის გაერთიანების გეგმით პრობლემებს იმრავლებს. ამიტომ მასაც მოუწევს დაფიქრება. ხომ ხედავთ, უნივერსიტეტის სენატმა მოითხოვა, რომ შეჩერდეს [უნივერსიტეტების გაერთიანება], მოითხოვს ტექნიკური უნივერსიტეტიც გაერთიანებაზე უარის თქმას და თუ ხალხის ხელისუფლებაა, ხალხის ხმას უნდა მოუსმინოს.
ავტონომია უნივერსიტეტს, დამოუკიდებლობა უნივერსიტეტს! დამოუკიდებლობა უნივერსიტეტს!“, – განაცხადა მალხაზ მაცაბერიძემ.
