კომენტარი

ეპისკოპოსი საბა ითხოვს, არ გაუუქმდეთ ემიგრანტებს საზღვარგარეთიდან ხმის მიცემის უფლება

18 ნოემბერი, 2025 •
ეპისკოპოსი საბა ითხოვს, არ გაუუქმდეთ ემიგრანტებს საზღვარგარეთიდან ხმის მიცემის უფლება

საბა ინწკირველი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსი ჩრდილოეთ ამერიკაში, ეწინააღმდეგება “ქართული ოცნების” მიერ დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ემიგრანტებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთიდან შეეზღუდებათ.

ამის შესახებ მღვდელმთავარი ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს.

“უკანასკნელ დღეებში გამოცხადებულმა გადაწყვეტილებამ, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება, მძიმე და მტკივნეული რეალობა შეუქმნა ათასობით ქართველ ემიგრანტს.

მე, როგორც მღვდელმთავარი, უკვე მრავალი წელია ვემსახურები ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს. ამ გამოცდილებამ მაჩვენა ემიგრანტების ყოველდღიური ბრძოლა, ოჯახების მიმართ განცდილი მონატრება და ყველაზე მნიშვნელოვანი მათი ერთგული სურვილი, რომ მიუხედავად ფიზიკური დისტანციისა, სამშობლოს მოქალაქეობრივ ცხოვრებაში მონაწილეობაზე არ თქვან უარი და არჩევანის უფლება სრულფასოვნად გამოიყენონ.

სწორედ ამიტომ მქონდა მოლოდინი და იმედი, რომ შეიქმნებოდა მეტი შესაძლებლობა, გაიხსნებოდა დამატებითი უბნები და გამარტივდებოდა პროცედურები, რათა საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს რეალურად მისცემოდათ ხმის უფლება. ამის ნაცვლად ჩვენ მივიღეთ ვითარება, რომელმაც ემიგრანტებისთვის არჩევნებში მონაწილეობა თითქმის შეუძლებელი გახდა.

მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოში ჩასვლა, რაც დაკავშირებულია საგრძნობ ხარჯებთან, საბუთების არარსებობასთან, ვიზების მოლოდინთან და სხვა სირთულეებთან, ბევრისთვის მიუღწეველი მოთხოვნა და სურვილია. ეს კი ემიგრანტთა მნიშვნელოვანი ნაწილისთვის წარმოადგენს თავიანთი საკანონმდებლო და მოქალაქეობრივი უფლების ფაქტობრივ შეზღუდვას.

აქვე დავძენ, რომ ეს სიტყვები პოლიტიკური დაპირისპირებისთვის არ დამიწერია, არამედ ეს არის სულიერი მამის შინაგანი ხმა მათთვის, ვინც ყოველდღე შრომობს აქ, ამ უცხო მიწაზე, ვინც სამშობლოს სიყვარულს ატარებს გულში და ვისაც ქვეყნის მომავალში მონაწილეობა გულანთებულს უნდა და სწყურია.

ამრიგად, გულდაწყვეტით ვუერთდები ჩემი სულიერი შვილების კანონიერ მოთხოვნას, რომ არ იქნას მიღებული ეს საკანონმდებლო ცვლილება და შენარჩუნდეს ხმის მიცემის დღემდე არსებული წესი.

ლოცვა-კურთხევით და კეთილი სურვილებით”, – წერს მღვდელმთავარი.


„ქართული ოცნება“ ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს. არჩევნებში მხოლოდ ის ემიგრანტი შეძლებს მონაწილეობას, ვინც საქართველოში ჩამოვა არჩევნების დღეს.

ზუსტი მონაცემი იმის შესახებ, თუ რამდენი ხმის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე იმყოფება ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ცნობილი არაა.  „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2025 წლის მარტის ინფორმაციით, არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს.

2025 წელს, მხოლოდ 9 თვეში,  ემიგრანტებმა საქართველოში 2.7 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს, 2024 წელს – 3.4 მილიარდი დოლარი, 2023 წელს – 4.1 მილიარდი დოლარი.

ემიგრანტები საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებას ითხოვდნენ, რომ არჩევნებზე ხმის მიცემა შესძლებოდათ. ვინაიდან, როგორც წესი, სხვა სახელმწიფოში შექმნილი საარჩევნო უბნები საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებაში იხსნებოდა. ემიგრანტებს კი, რომლებიც მათ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან შორს ცხოვრობდნენ, არჩევნებში მონაწილეობა უჭირდათ, რადგან საარჩევნო უბნამდე მისაღწევად დიდი დრო და შესაბამისი ფინანსები სჭირდებათ.

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ემიგრანტებმა კამპანიებიც წამოიწყეს, რომ „ქართულ ოცნებას“ უცხოეთში საარჩევნო უბნები დაემატებინა. თუმცა  2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს  „ქართულმა ოცნებამ“ საზღვარგარეთ მხოლოდ 67 საარჩევნო უბანი გახსნა, წინა არჩევნებთან შედარებით 15 უბნით მეტი. ახალი გადაწყვეტილებით კი, „ქართული ოცნება“  ემიგრაციაში მყოფ ქართველებს საზღვარგარეთიდან არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავს და ამტკიცებს, რომ ვისაც არჩევნებში მონაწილეობა სურს, მას საქართველოში ჩამოსვლაც შეუძლია.

აღსანიშნავია, რომ 2012 წლის შემდეგ (მაშინ ხმა ემიგრანტთა 54,43%-მა მისცა)  საზღვარგარეთ შექმნილ უბნებზე  „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა საგრძნობლად მცირდება  და ის უცხოეთში არჩევნებს ტრადიციულად აგებს.

საზღვარგარეთ შექმნილ საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული შედეგები წლების მიხედვით:

  • 2016 წელს –  39,6%  (ეროვნულ დონეზე 48,68%)
  • 2020 წელს – 29,03% (ეროვნულ დონეზე  48,22%)
  • 2024 წელს – 13,49% (ეროვნულ დონეზე 53.93%).

მასალების გადაბეჭდვის წესი