ახალი ამბები

არაოფიციალური მონაცემებით, უცხოეთში 1.5 მლნ-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს – საგარეო

7 მარტი, 2025 •
არაოფიციალური მონაცემებით, უცხოეთში 1.5 მლნ-ზე მეტი ქართველი ცხოვრობს – საგარეო

„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს.

ამის შესახებ ვლადიმერ კონსტანტინიდმა „ქართული ოცნების“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით, არაოფიციალურ მონაცემებში იგულისხმება საელჩოებიდან და დიასპორებიდან მიღებული ინფორმაცია და წლების განმავლობაში მიღებული გამოცდილება.

როგორც მან განაცხადა, მონაცემები არაოფიციალურია, რადგან ქართველ ემიგრანტთა უმრავლესობა ადგილსამყოფელ ქვეყნებში ლეგალური სტატუსის გარეშე იმყოფება.

„პრაქტიკულად ეს არის დიასპორის რამდენიმე ტალღა. 1990-იანი წლების დასაწყისიდან ვინც დღემდე წავიდა საზღვარგარეთ, ის ციფრები გვაქვს მოტანილი“, – განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდმა.

ვლადიმერ კონსტანტინიდის განცხადებით, ქართული დიასპორის ძირითადი განსახლების არეალს ევროპის ქვეყნები წარმოადგენს.

ფოტო ვლადიმერ კონსტანტინიდის მიერ კომიტეტზე მიტანილი პრეზენტაციიდან

საქართველოს კანონმდებლობით, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც ხანგრძლივად ცხოვრობს სხვა სახელმწიფოში, ან სხვა სახელმწიფოს მოქალაქე, რომელსაც აქვს საქართველოდან წარმომავლობა ან/და რომლის მშობლიური ენა მიეკუთვნება ქართველურ- კავკასიურ ენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი