კომენტარი

ზალკალიანი: პუტინი სირიის მოვლენებით საერთაშორისო იზოლაციისგან თავის დაღწევას ცდილობს

18 ნოემბერი, 2015 • 1450
ზალკალიანი: პუტინი სირიის მოვლენებით საერთაშორისო იზოლაციისგან თავის დაღწევას ცდილობს

რა მიზნები შეიძლება ჰქონდეს ვლადიმერ პუტინს, როდესაც ის ჩაერთო ანტიტერორისტულ მოქმედებებში საფრგანგეთთან ერთად, პარიზში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ?

ის ფაქტორი, რომ ჯერ კიდევ ცოტა ხნის წინ რუსეთმა დაიწყო საჰაერო დარტყმები სირიაზე, მიანიშნებს იმას, რომ რუსეთს გლობალურ პოლიტიკაში დაბრუნება სურს. ეს სურვილი განპირობებულია იმ ფაქტით, რომ ის გარკვეულწილად იზოლაციაში გრძნობს თავს საერთაშორისო მასშტაბით.

არ არის გამორიცხული, რომ რუსეთის მთავარი მიზანი გარკვეული გარიგების მიღწევაც იყოს, რათა ანტიტერორისტულ მოქმედებებში გარკვეული პოზიტიური როლის შესრულების სანაცვლოდ დასავლეთმა მას სანქციები მოუხსნას.

იქიდან გამომდინარე, რომ სირია რუსეთისთვის არ წარმოადგენს ძალიან დიდი ინტერესის საგანს, რადგან ის არ არის მდიდარი ენერგეტიკული რესურსებით (რუსეთი ადრე ვაჭრობდა მხოლოდ იარაღით, მაგრამ ამ შემთხვევაში, სირია შეიძლება არშემდგარ სახელმწიფოდ ჩაითვალოს, ამიტომ სირიასთან იარაღით ვაჭრობა მას დიდ დივიდენდებს ვერ მოუტანს), ვფიქრობ, რომ რუსეთის ჩართვა განპირობებულია იმით, რომ დასავლეთს აგრძნობინოს, რომ მის გარეშე დიდი მნიშვნელობის გლობალური გეოპოლიტიკური საკითხები ვერ მოწესრიგდება.

ასევე, მაფიქრებინებს იმასაც, რომ რუსეთს ამით ერთგვარად სურს, გაარღვიოს იზოლაცია, რომელშიც ის უკრაინის მოვლენების შემდეგ მოექცა.

ძალიან დამაფიქრებელია ისიც – ხომ არაა შესაძლებელი დასავლეთმა თვალი დახუჭოს უკრაინასა და იმ სივრცეზე, რომელსაც რუსეთი თავისი გავლენის სფეროდ აღიქვამს, იმის სანაცვლოდ, რომ რუსეთი ჩაერთოს საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციაში.

რამდენად სჭირდება დასავლეთს რუსეთის პოტენციალი ტერორიზმის წინააღმდეგ საბრძოლველად?

რუსეთი თვითნებურად, დასავლეთის ნებათვის გარეშე ჩაერთო ამ პროცესში. პარიზში მომხდარ ტერაქტამდე ძალიან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მოდიოდა, რომ რუსეთის საავიაციო დარტყმები, ხშირ შემთხვევაში, არ იყო მიმართული იმ სამიზნეებზე, რომელსაც საერთაშორისო ანტიტერორისტული კოალიცია მანამდე ახორიციელებდა.

ამიტომ რუსეთმა შეიძლება ხელი შეუშალოს იმ საერთაშორისო მცდელობებს, რომელსაც მანამდე ახორციელებდა საერთაშორისო თანამეგობრობა და მომავალშიც განახორციელებდა.

პარიზის ტრაგიკული მოვლენების შემდეგ შესაძლოა დასავლეთმა გააცნობიეროს რუსეთის დამაბრკოლებელი ფაქტორი და ეს გახდეს საერთაშორისო თანამეგობრობის ქმედების საფუძველი, რომ დასავლეთმა მომავალში მოინდომოს, რომ რუსეთი უფრო პროგნოზირებადი იყოს და მასთან ერთად იმოქმედოს, ვიდრე რუსეთი კვლავ იზოლაციაში მოაქციოს და ამით ანტიტერორისტულ ოპერაციებში საერთაშორისო თანამეგობრობას ხელი შეუშალოს.

მომავალში ასადის მიმართ რა პოლიტიკა შეიძლება შეინარჩუნოს რუსეთმა?

ფაქტია, რომ რუსეთი მხარს უჭერს ასადის დარჩენას ხელისუფლებაში, რაც წინააღმდეგობაში მოდის საერთაშორისო მიზნებთან. საერთაშორისო თანამეგობრობისა და რუსეთის ინტერესების დამთხვევისთვის ასადის ფაქტორი იქნება ძალიან ხელის შემშლელი და დამაბრკოლებელი ფაქტორი.

ეს გამოჩნდა კიდეც ვენაში მიმდინარე ბოლო რაუნდის დროს, როდესაც თითქოსდა მხარეებმა, რომლებიც იქ იყვნენ შეკრებილი, შეათანხმეს პოზიციები სირიასთან დაკავშირებით, რომ უახლოესი 6 თვის განმავლობაში გარდამავალი მთავრობა უნდა ჩამოყალიბდეს, ხოლო შემდეგ 18 თვის განმავლობაში მომზადდეს არჩევნები.

თუმცა ერთობლივ კონფერენციაზე, სადაც სერგეი ლავროვი და ჯონ კერი გამოდიოდნენ, კერიმ მკაფიოდ დააფიქსირა აშშ-ისა და მისი დასავლეთელი პარტნიორების მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ასადის ხელისუფლებაში დარჩენაზე, რასაც მყისიერად მოჰყვა ლავროვის საწინააღმდეგო რეპლიკა.

ეს მაფიქრებინებს, რომ თუკი ამ მიმართულებით არ დაახლოვდა პოზიციები, ეს იქნება ძალიან სერიოზული შემაფერხებელი ფაქტორი ერთობლივი ქმედებებისა რუსეთსა და დასავლეთს შორის.

ახსენეთ შესაძლო გარიგება დასავლეთსა და რუსეთს შორის, ამ გარიგების პირობები გასცდება თუ არა სირიას და შეეხება უკრაინასა და საქართველოს?

ეს მქონდა მხედველობაში, რომ ძალიან სახიფათო იქნება ჩვენთვის ის შემთხვევა, თუკი გარიგება გასცდება ახლო აღმოსავლეთსა და სირიას და მის სანაცვლოდ შედგება გარიგება იმ სივრცეზე, რომელსაც რუსეთი მიიჩნევს თავისი გავლენის სფეროდ, კერძოდ, უკრაინა, საქართველო და სხვა ტერიტორიები.

თუმცა პირველი გამოხმაურება იმ კონტაქტის შემდეგ, რაც თურქეთში დიდი ოცეულის შეხვედრის შემდეგ მოხდა აშშ-სა და რუსეთს შორის, არ იძლევა ამის საფუძველს. მხედველობაში მაქვს ქალბატონი ნულანდის განცხადებები, რომ რუსეთის მიმართ სანქციები შენარჩუნდება უკრაინის პრობლემის მოგვარებამდე. კერძოდ, იმ ეტაპამდე, სანამ არ შეწყდება რუსეთის მხრიდან ყირიმის ანექსია და იმ მცდელობებზე ხელის აღება, რომელსაც ის ახორციელებს აღმოსავლეთ უკრაინაში.

იმედი მაქვს, რომ დასავლეთი არ წავა ამ მიმართულებით, რადგანაც ეს იქნება ძალიან სახიფათო პრეცედენტი, რასაც ექნება გავლენა არა მარტო აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში მიმდინარე პროცესებზე, არამედ სხვა მიმართულებითაც. დასავლეთი არ უნდა წავიდეს ამ მიმართულებით.

თუ რუსეთს სურს დასავლეთის სანქციების შესუსტება და ეს ამოცანა ვერ განახორციელა, შესაძლოა აღარ ჰქონდეს სურვილი, რომ დასავლეთის მოკავშირე იყოს ტერორიზმის წინააღმდეგ.  ეს ფაქტორი ხომ არ იქნება დასავლეთზე ზემოქმედების ბერკეტი?

დასავლეთი უნდა იყოს თანმიმდევრული. მათ კარგად იციან ვისთან აქვთ საქმე. მათ რუსეთის დღევანდელ ხელისუფლებასთან და პუტინთან ურთიერთობების მნიშვნელოვანი გამოცდილება დაუგროვდათ. ამიტომ ისინი უნდა იდგნენ ძალიან მყარად ერთ პოზიციაზე და არ უნდა იყოს მათ შორის განსხვავებული პოზიციები, რადგან რუსეთი ამას სათავისოდ ძალიან კარგად იყენებს. დასავლეთმა რუსეთს არაფერი არ უნდა დაუთმოს.

სანქციების მოხსნის გარდა, სირიის საკითხებში ჩართვას პუტინი ძალიან კარგად იყენებს შიდა პოლიტიკური პროცესებისთვის, რადგან მას, გარკვეულწილად, ყურადღება გადააქვს უკრაინიდან სხვა მიმართულებით, იმ ფონზე, როდესაც ნავთობის ფასები კატასტროფულად ეცემა და რუსეთის ეკონომიკაში ძალიან სერიოზული პრობლემებია.

პუტინი თავის შიდა პოლიტიკურ სპექტრს აჩვენებს იმას, თუ რამდენად ძლიერი და ანგარიშგასაწევი ძალაა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, შესაძლოა რუსეთისთვის ესეც იყოს ფაქტორი და პუტინმა ეს გამოიყენოს თავისი ძალაუფლების გასამყარებლად.

გუშინ ვადევნებდი თვალს რუსულ მედიას, გარკვეულ პიარზეც კი იყო გათვლილი, თუ როგორ ჩაატარა მან თათბირი ძალოვან სტრუქტურებთან, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელობასთან. ეს ყველაფერი იყო ძალიან კარგი პიარსტრატეგია და გათვლილი იყო შიდა აუდიტორიაზე, რადგანაც კარგად აჩვენებდა, თუ რამდენად ძლევამოსილი მმართველია და რამდენად ემორჩილება მას მთელი სამხედრო სტრუქტურა და გენერალიტეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი