კომენტარი

კანდიდატის სტატუსის პრაქტიკული სარგებელი | კახა გოგოლაშვილი

18 დეკემბერი, 2023 • 2268
კანდიდატის სტატუსის პრაქტიკული სარგებელი | კახა გოგოლაშვილი

ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოს მოუტანს როგორც სტრატეგიულ, ასევე პრაქტიკულ სარგებელსაც, ამბობს რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი კახა გოგოლაშვილი.

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტისა“ და „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე გოგოლაშვილს ჰკითხეს, რა ეკონომიკური თუ სხვა სარგებელი მოჰყვება საქართველოს მიერ სტატუსის მიღებას.

მკვლევარმა რამდენიმე მიმართულება გამოყო: სტრატეგიული, საინვესტიციო და ეკონომიკური.

„საქართველოში ბევრს აინტერესებს, რას მოიტანს პრაქტიკულად კანდიდატის სტატუსი. ყველამ გაიგო, რომ ეს არის ნაწილი იმ გზისა, რომელზეც არის გაჩერებები და ერთ-ერთი გაჩერება არის ეს, რომელიც აუცილებლად უნდა გაიარო. ამას რომ შევხედოთ სტრატეგიულად, სტატუსი ნიშნავს, რომ [ევროკვაშირის] გაფართოების პოლიტიკაში ხარ, როგორც სრულუფლებიანი მონაწილე, და აუცილებლად გახდები ევროკავშირის წევრი.

კონკრეტულ სარგებელს რაც შეეხება, რა შეიძლება იმაზე მეტი, რასაც ევროკავშირი უკვე აკეთებს ჩვენთვის? მაგალითად, ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა, რაც გულისხმობს მინიმუმ, ერთი-ორი მილიარდის ჩადებას საქართველოში. ამას დაემატება ინვესტიციები იმ პროექტებში, რომლებიც მოიზიდება, მაგალითად, ენერგოკაბელის პროექტში.

რა თქმა უნდა, კანდიდატი ქვეყნისთვის უფრო ხსნილია გზა სტუდენტური გაცვლებისთვის, სამეცნიერო თანამშრომლობისთვის და ა.შ. ოფიციალური კვოტები შეიძლება არ იყოს, მაგრამ სტატუსი მოგვცემს სტიმულს, მეტ პროექტებში ჩართონ [საქართველო]. გარდა ამისა, გაიზრდება პირდაპირი დაფინანსება, სულ მცირე, 20-30%-ით.

ყველაზე მნიშვნელოვანი, ეკონომიკური და სოციალური თვალსაზრისით – როცა სტატუსი გაქვს, ეს წევრი ქვეყნის საინვესტიციო რეიტინგს და მიმზიდველობას მატებს ბიზნესისთვის თუ საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. ასევე, გიადვილდება გრძელვადიანი კრედიტების მოპოვება. ბიზნესმაც და საერთაშორისო საზოგადოებამაც იცის, რომ ეს ქვეყანა ხდება EU-ს მონიტორინგის ქვეშ. ამიტომ იქ ვერ წაართმევენ ბიზნესის წილს, სასამართლო იქნება მონიტორინგის ქვეშ“, – განაცხადა მან.

საქართველო 14 დეკემბერს გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი და შესასრულებლად ცხრა რეკომენდაცია მიიღო ბრიუსელისგან.

ამ თემაზე გირჩევთ:

რა მექანიზმები აქვს EU-ს კანდიდატი ქვეყნების დასახმარებლად

 

მასალების გადაბეჭდვის წესი