კომენტარი

ინტერვიუ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან

7 სექტემბერი, 2023 • 2044
ინტერვიუ ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან

„საქართველო დღეს დგამს ნაბიჯებს რუსეთისკენ“, — გვითხრა ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ. მარკო მიხელსონს „ნეტგაზეთი“ თბილისის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ესაუბრა.

— წლის ბოლოს ევროკავშირმა უნდა გადაწყვიტოს, მიანიჭებს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსს. თქვენი შეფასებით, რამდენად ასრულებს თბილისი ევროკომისიის რეკომენდაციებს და მიიღებს თუ არა ის წელს სტატუსს?

— ეს ძალიან კრიტიკული საკითხია საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს უკვე აქვს ევროპული პერსპექტივა, რაც ძნელი მოსაპოვებელი იყო წლების წინ. უკრაინის ომის გამო და უკრაინელების მამაცი ბრძოლის დამსახურებით, დღეს ვართ იმ ეტაპზე, რომ ამ პერსპექტივის შემდგომ ნაბიჯებს განვიხილავთ. კანდიდატის სტატუსს რაც შეეხება, ვიქნები ძალიან გულახდილი — მე რეალურად ვერ ვხედავ ამ ხელისუფლების ნებას, წარუძღვეს ერს ევროკავშირისკენ. ეს ჩემი პერსონალური მოსაზრებაა. არ მგონია, რომ ტაქტიკა, რომელიც არჩეულია საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების მიერ, სამომავლოდ კარგად იმუშავებს სრული სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის. ვხედავ, რომ რუსეთმა წარმატებით გამოიყენა ჩუმი ჰიბრიდული მეთოდები, კორუფცია და ფული, რათა საქართველოში გავლენის გაძლიერებაში წინ წაეწია. კანდიდატის სტატუსის მიცემა თუ არ მიცემა არ არის განმსაზღვრელი. მესმის, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ამბობს, რომ სურს ევროკავშირში. წელს ჩვენ ვნახეთ ევროკავშირის დროშები ძალიან დრამატულ სიტუაციებში თბილისის ქუჩებში. მაგრამ რაც არ გვინახავს, ესაა მთავრობის რეალური ქმედებები, რომ მოუსმინოს ქართველებს და მხარი დაუჭიროს ევროკავშირთან დაახლოებაში. მე ამაზე გავამახვილებდი ყურადღებას და არა მხოლოდ კანდიდატის სტატუსზე, რადგან ვიცით, რომ კანდიდატის სტატუსი შეიძლება ასეთად დარჩეს მრავალი წლის განმავლობაში და არაფერი მოხდეს, რადგან შემდეგი და რეალური ეტაპი არის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები.

— ელით, რომ ევროკავშირი გახსნის გაწევრიანების მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან წლევანდელი გადაწყვეტილებით?

— ეს დამოკიდებულია უკრაინაზე და მოლდოვაზე, რომ მზად იყვნენ ამ მომენტისთვის, მაგრამ რამდენადაც შემიძლია ვთქვა, დიახ, არსებობს ორმხრივი ნება, რომ დავიწყოთ მოლაპარაკებები გაწევრიანებამდე. ისევ, ეს არ არის მოცემულობა. ეს გზა ადვილი არ იქნება არც უკრაინისთვის, არც მოლდოვისთვის და არც ევროკავშირისთვის. მაგრამ მნიშვნელოვანია იმის აღიარება, რომ ომში მყოფმა უკრაინამ დიდი სამუშაო გასწია რეკომენდაციების შესასრულებლად.

— საქართველოს დავუბრუნდეთ. თქვენ ეჭვი გეპარებათ, რომ საქართველო ასრულებს რეკომენდაციებს, მაგრამ რამდენად შესაძლებელია, ამის მიუხედავად მიიღოს სტატუსი? ევროკავშირის გადაწყვეტილება უფრო ტექნიკური იქნება თუ პოლიტიკური?

— საბოლოო ჯამში, თუნდაც ყველა ტექნიკური პირობა იყოს შესრულებული, — მე ვერ ვხედავ, რომ ასეა, მაგრამ თუნდაც იყოს, — გაფართოების გადაწყვეტილება ყოველთვის პოლიტიკურია. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ვაფართოებთ კავშირს, ჩვენ ვაშენებთ ახალ ევროპას. ჩვენ რეალურად ვახორციელებთ ისტორიულ ცვლილებებს ევროპაში, რაც გულისხმობს ევროპის გაფართოებას ისე, როგორც აქამდე არასდროს გვინახავს ისტორიაში. საქართველოს შეუძლია, უკიდურესად პოზიტიური როლი შეასრულოს ამ პროცესში — მართლაც იყოს მოწინავე თავისი ქმედებებისა და ნების გამო და გახდეს ისტორიულად ერთიანი ევროპის ნაწილი. ეს ნება უნდა იყოს ორივე მხრიდან — ევროპული მხრიდან, რომ მზად იყოს გაფართოებისთვის და უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მხრიდან. სამწუხაროდ, არა მხოლოდ ახლა, როდესაც ჩვენ მალე ვდგებით ევროკავშირის ამ გადაწყვეტილების წინაშე, არამედ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ჩვენ ვხედავთ საქართველოს მხრიდან გადახვევას იმ ძირითადი ღირებულებებისა და პოლიტიკისგან, რომელსაც ვახორციელებთ ევროპაში. ლაკმუსის ტესტია უკრაინა. მე ვხედავ, რამდენი უკრაინის დროშაა საქართველოში; შევხვდი ქართველებს, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენს, ანუ უკრაინის მხარეს ომში; ვიცი, რომ ბევრი მსხვერპლი გაიღეს ქართველებმა ჩვენი უკეთესი მომავლისთვის, მაგრამ ვერ ვხედავ, რომ ეს ყოველივე სარკისებურად აისახება საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში.

— თქვენი შეფასებით, კონკრეტულად, რას აკეთებს საქართველოს მთავრობა არასწორად? იმიტომ რომ თავად მთავრობა სიფრთხილეს იმის ხსნის, რომ არ სურს, ომში ჩათრეული აღმოჩნდეს…

— ეს არის პირწმინდად ცრუ ნარატივი… [მთავრობა] ომით აშინებს ქართველ ხალხს, რომელმაც ბოლო 30 წლის განმავლობაში ძალიან მძიმე პერიოდი გამოიარა. თუ შევადარებ ესტონეთის და საქართველოს გამოცდილებას საბჭოთა იმპერიის დაშლის შემდეგ, ჩვენ არ გამოგვივლია იგივე ომები, სისასტიკეები, დაღუპული ადამიანები, რაც თქვენ გაიარეთ არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ 90-იანებშიც. მესმის და ვიცი, რამდენად მგრძნობიარეა ეს თემა საქართველოში. არავის არ უნდა ომი, მაგრამ ეს ნარატივი, დასავლეთის ქვეყნების დადანაშაულება, რომ ჩვენ ვუბიძგებთ საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ, არის ზუსტად ის, რაც არ უნდა გააკეთოს მთავრობამ, თუ დაინტერესებულია ქვეყნის წინსვლით ნატო-სა და ევროკავშირში. ეს ნარატივი საპირისპიროდ მუშაობს, რადგან არის ტყუილი. ეს არის რუსული ნარატივი, არ არის ქართული. და ეს არის მიზეზი იმისა, რომ მე პირადად მიჭირს საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხარდაჭერა.

— იგივეა, ტალინის ოფიციალური პოზიციაც? ემხრობა თუ არა ესტონეთი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას?

– დაველოდებით, რა იქნება კომისიის რეკომენდაცია ოქტომბერში. კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჩვენს პარტნიორებთან. ვიცი, რომ ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური ოფიცერი ამ კვირაში ჩამოვა საქართველოში. ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის წარმომადგენლები შეიკრიბებიან თბილისში. ლიეტუველ კოლეგასთან ერთად დღეს მივდივარ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შესახვედრად. საბჭო დეკემბერში მიიღებს გადაწყვეტილებას. მე ვიცი, რომ მხოლოდ ჩვენ არა, შესაძლოა, რამდენიმე ქვეყანა სკეპტიკურად უყურებს საქართველოში არსებულ მდგომარეობას. მაგრამ ისევ, არჩევანი რთულია ერთ მხრივ ჩვენი და მეორე მხრივ, ქართველი ხალხის სურვილის გამო, რომ საქართველო ევროკავშირში ვიხილოთ. ესტონეთი იმ ქვეყნებს შორისაა, ვინც მრავალი წელია, საქართველოს მხარს უჭერს. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს ბევრი კარგი და მიმდინარე პროექტი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან საქართველოში. ამჟამინდელი მთავრობა, სამწუხაროდ, არ უადვილებს საქმეს საქართველოს კარგ მეგობრებს და მხარდამჭერებს, რომლებსაც სურთ, რომ თქვენი ქვეყანა იყოს სუვერენული, წარმატებული და არა — ჩაყლაპული რუსეთის მიერ.

— რა საკითხებს განიხილავთ საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე?

— ჩვენ პირველ რიგში მოვისმენთ, რა არის მათი უშუალო პრიორიტეტი და მიდგომა უახლოესი კვირებისთვის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. მაგრამ ასევე, რა არის საქართველოს პრიორიტეტები ჩინეთთან მჭიდრო ურთიერთობების დამყარების თვალსაზრისით? განვიხილავთ, მწვანე შუქის ანთება იმ აქტივობებისთვის, რასაც ვხედავთ რუსეთ-საქართველოს ვაჭრობაში, ტურიზმში და ა.შ. ეს საქართველოს ინტერესებია გრძელვადიან პერიოდში თუ უბრალოდ მომენტის ცინიკური გამოყენებაა ეკონომიკური სარგებლის მისაღებად.

— ჩინეთი ახსენეთ. ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანასაც აქვს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან. რატომ არის ეს პრობლემა საქართველოსთვის?

— ჩინეთი არის უდიდესი მოთამაშე და დარჩება ასეთად მრავალი წლისა და ათწლეულების განმავლობაში. ისტორია გვეუბნება, რომ ჩვენ ვერ ავიცილებთ თავიდან მათ ყოფნას, მაგრამ რაც ხდება ბოლო წლების განმავლობაში სი ძინპინის პრეზიდენტობის დროს და განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც რუსეთმა დაიწყო სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში — ჩვენ ვნახეთ, რომ ჩინეთი რუსეთის მხარეს დადგა — და მათი ინტერესი, შეცვალონ საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგი, რომელიც ძალიან კარგად ემსახურებოდა ჩვენ ლიბერალურ დემოკრატიებს, ეს გამოწვევაა. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩინეთის მზარდი ძალა შეიძლება უკეთ იყოს დაბალანსებული, თუ დემოკრატიები ერთად იქნებიან და შეეცდებიან, შეიმუშაონ უფრო თანმიმდევრული პოლიტიკა ჩინეთის მიმართ. ეს არ იქნება ადვილი. ალბათ, ბევრად უფრო ადვილია რუსეთის წინააღმდეგ გაერთიანება, ვიდრე ჩინეთის წინააღმდეგ გაერთიანება.

— ბალტიის ქვეყნები იყვნენ საქართველოს მთავარი მხარდამჭერები ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე. ახლა ისე ჩანს, რომ ურთიერთობები ქვეყნებს შორის არ არის ისეთი მეგობრული, როგორც იყო…

— ჩვენ ძალიან ვმეგობრობთ ქართველ ხალხთან. ყოველთვის აღფრთოვანებული ვართ იმ სტუმართმოყვარეობით, რომელსაც ვიღებთ საქართველოში. ყოველთვის კარგია აქ ჩამოსვლა, მაგრამ ჩვენ გულწრფელები ვართ. მაშინ როცა ჩვენ ისევ ძლიერი მხარდამჭერები ვართ, ჩვენ გავუწიეთ ასეთი ულიმიტო მხარდაჭერა საქართველოს, გვაქვს უფლება ვთქვათ, რა არის არასწორი ჩვენი გაგებით. ჩვენ არ ვერევით საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს თავისი მომავალი და როგორი მთავრობა მართავს მას, მაგრამ როდესაც საქმე ეხება მარტივ კითხვას — ვხედავთ თუ არა, რომ საქართველო დგამს ნაბიჯებს ევროკავშირისკენ, მე გულწრფელად ვამბობ, რომ საქართველო დღეს დგამს ნაბიჯებს რუსეთისკენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი