კომენტარი

რა და რატომ დაემართა პრიგოჟინს? – ვერსიები

24 აგვისტო, 2023 •
რა და რატომ დაემართა პრიგოჟინს? – ვერსიები

„ვაგნერის“ ჯფუგის დამფუძნებელი, ევგენი პრიგოჟინი, მის მიერვე წამოწყებული წარუმატებელი აჯანყებიდან ზუსტად ორი თვის შემდეგ, სავარაუდოდ, დაიღუპა. ყოველ შემთხვევაში, ავიაკატასტროფიდან მალევე რუსეთის ოფიციალურმა სტრუქტურებმა დაადასტურეს, რომ პრიგოჟინი ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მგზავრთა შორის იყო. თუმცა, ოფიციალურად, მისი ცხედარი ჯერ იდენტიფიცირებული არ არის.

უსაფრთხოების გარანტიები

აჯანყება, რომელიც თავად პრიგოჟინმა, – იქამდე,კრემლთან საკმაოდ დაახლოებულმა ოლიგარქმა, – „სამართლიანობის მარშად“ მონათლა, 24 საათიც არ გაგრძელდა და იმით დასრულდა, რომ მოსკოვისგან 200 კილომეტრში მყოფი „ვაგნერელები“ შეჩერდნენ მას შემდეგ, რაც ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს შუამავლობით შედგა შეთანხმება: „ვაგნერი“ და პრიგოჟინი ბელარუსში გადაიხვეწებოდნენ, სანაცვლოდ კი შემდგომი დევნისგან დე ფაქტო იმუნიტეტს მიიღებდნენ, რისი გარანტორიც ვლადიმერ პუტინი იყო. რუსეთის პრეზიდენტი, მისი ბელარუსელი კოლეგის თქმით, პრიგოჟინს „არ დაბრიდავდა“.

თუმცა უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელი ბუდანოვი ამბობდა, რომ ფსბ-მ პრიგოჟინის მოკვლის ბრძანება მიიღო.

ბელარუსში პრიგოჟინის ყოფნაზე ინფორმაცია დიდად არ გაუვრცელებია არც იქამდე აქტიური „ვაგნერელების“ ხელმძღვანელს და არც მედიას. თუმცა პერიოდულად ვრცელდებოდა ინფორმაცია პრიგოჟინის ყოფნაზე ხან მოსკოვში, ხანაც მშობლიურ სანქტ-პეტერბურგში – მათ შორის, შესაძლოა, ფორუმზე, რომელსაც პუტინიც კი ესწრებოდა.

„ვაგნერელებთან“ დაახლოებული ტელეგრამ-არხი, „ვჩკ-ოგპუ“ კი ავრცელებს პრიგოჟინის ნაცნობის განცხადებას, რომლის თანახმადაც „ვაგნერის“ ხელმძღვანელს ეგონა, რომ პუტინი მას არაფერს უზამდა, ვინაიდან რუსეთის პრეზიდენტზე კომპრომატი ჰქონდა:

„პრიგოჟინი დარწმუნებული იყო, რომ პუტინი ყველაფერს აპატიებს და არაფრის ეშინოდა. ამბობდა, რომ ბევრი რამ იცის… ვნახოთ, ხომ არ გამოჩნდება რამე მისი არქივებიდან“.

რა დაემართა თვითმფრინავს?

რუსულ საგამოძიებო უწყებებს ჯერ არ გაუსაჯაროებიათ კატასტროფის ოფიციალური მიზეზი. არსებული ცნობით, მომხდარის ყველა ვერსიაზე მუშაობენ – ადამიანურ შეცდომაზე, „გარე გავლენაზე“, ტექნიკურ გაუმართაობაზე და სხვ.

რუსული დამოუკიდებელი მედია „მედუზა“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ვიდეოს ანალიზზე დაყრდნობით წერს, რომ „თვითმფრინავის მართვა სრულიად დაირღვა, ის უკონტროლოდ ვარდება. ხმის მიხედვით, მუშაობს, სულ მცირე, ერთ ძრავა; თვითმფრინავის უკან კი კვამლი შეინიშნება. ზოგი დეტალი, კერძოდ კი უკანა ნაწილი და ფრთა, ცალკე ჩამოვარდა“.

ჟურნალისტების აზრით, ეს მიუთითებს, რომ კატასტროფას წინ უძღოდა აფეთქება, თუმცა უცნობია, თვითმფრინავის შიგნით მოხდა აფეთქება თუ გარეთ – ანუ, რუსული საჰაერო თავდაცვის რაკეტის მოხვედრის შედეგად.

რუსული მედიისა და ტელეგრამ-არხების ცნობებით, ერთ-ერთი მთავარი ეჭვმიტანილი, რომელსაც ძალოვნები ეძებენ, პრიგოჟინის პირადი პილოტია, რომელიც კამჩატკის ნახევარკუნძულზე იმყოფება და სამი დღეა, კავშირზე არ გამოსულა [მისი ძმის თქმით, ლაშქრობაში კავშირის არქონის გამო]. სავარაუდოდ, გამოძიება განავითარებს ვერსიას, თითქოს ასაფეთქებელი მოწყობილობა თვითმფრინავში ამ პილოტმა ჩაამონტაჟა, რომელსაც ხომალდზე წვდომა ჰქონდა.

გარდა ამისა, კრემლის მხარდამჭერი ან კრემლთან დაახლოებული ანალიტიკოსები უკვე საუბრობენ უკრაინის როლზე და ამტკიცებენ, რომ კრემლს პრიგოჟინის მოშორება უკვე აღარ სჭირდებოდა. მაგალითად, პოლიტოლოგი სერგეი მარკოვი აცხადებს, რომ მთავარი ვერსიით, მომხდარის ორგანიზატორები უკრაინული სპეცსამსახურები არიან. ვერსიას, რომ იგი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოკლეს, მარკოვი „შეუმდგარად“ მიიჩნევს.

ინსცენირება?

რუსი პოლიტილოგი ეკატერინა შულმანი არ გამორიცხავს, რომ პრიგოჟინს საკუთარი დაღუპვის ინსცენირება შეეძლო. „იმისთვის, რომ სამუდამოდ გადაიმალოს მრავალი სათადარიგო პასპორტის მეშვეობით, დამწვარი თვითმფრინავიც კარგი საბაბია“, – წერს იგი.

ამ ვერსიაზე საუბრობს კრემლთან დაახლოებული ბიზნესმენის, კონსტანტინ მალოფეევის ტელეარხის, „ცარგრადის“ წყაროც, რომლის მტკიცებითაც პრიგოჟინს 2019 წელსაც ჰქონდა ინსცენირებული თავისი დაღუპვა ავიაკასტროფაში.

„თანამშრომლებმაც კი არ იცოდნენ, რა დაემართა მათ შეფს, მხოლოდ ვიწრო წრემ იცოდა. მოგვიანებით კი ინსცენირება გამოაშკარავდა. პრიგოჟინი საღ-სალამათი იყო“, – ამბობს წყარო.

აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკის ექსპერტის, ივან პრეობრაჟენსკის შეფასებით, თეორიულად პრიგოჟინს მართლაც შეეძლო სიკვდილის ინსცენირება, თუმცა ლოგიკური ჯაჭვი და ამ ეტაპზე ცნობილი ფაქტები უფრო იმაზე მიუთითებს, რომ მისი მოკვლის ბრძანება პუტინმა გასცა.

„არის ასეთი [ინსცენირების] ვარიანტი, ხალხს იგი ძალიან მოსწონს. თეორიულად შესაძლებელიცაა, იმის გათვალისწინებით, რამდენად უყვარს ამ ადამიანს ინსცენირება, გადაცმა, წვერის მიწებება, აბსოლუტურ კლოუნად ყოფნა. მაგრამ ამის ალბათობა ძალიან პატარაა“, – აცხადებს იგი.

„არ გამკვირვებია“

ამ ეტაპზე დომინირებს აზრი, რომ პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის ბრძანება პირადად ვლადიმერ პუტინმა გასცა. აჯანყების დროს სიტყვით გამოსვლისას მან პრიგოჟინს „მოღალატე“ უწოდა. პუტინის პრეზიდენტობიდან მალევე, ადამიანებს, ვისაც იგი „მოღალატეებად“ მიიჩნევდა, ხშირად კლავდნენ – მაგალითად, ფსბ-ს ყოფილ ოფიცერ ალექსანდრე ლიტვინენკოს.

პუტინის ბრძანებით პრიგოჟინის მოკვლას ყველაზე სავარაუდო სცენარად მიიჩნევენ „ომის შესწავლის ინსტიტუტში“. ექსპერტების აზრით, კრემლმმა უკვე შექმნა სტრუქტურები, სადაც ფინანსური პრობლემების ფონზე, „ვაგნერელებს“ გადასვლა ენდომებოდათ.

„პუტინმა, უდიდესი ალბათობით, უბრძანა სამხედროებს, ჩამოეგდოთ პრიგოჟინის თვითმფრინავი. რუსი სამხედროები, განსაკუთრებით სერგეი შოიგუ და ვალერი გერასიმოვი [რომლებთანაც პრიგოჟინს საჯარო კონფლიქტი ჰქონდა], ნაკლებად სავარაუდოდ მოკლავდნენ მას პუტინის ბრძანების გარეშე. […] შესაძლოა, პუტინს დაესკვნა, რომ მან საკმარისად დააშორა ერთმანეთს პრიგოჟინი და „ვაგნერი“ და შეეძლო მისი მოკვლა ისე, რომ წმინდანი არ გამხდარიყო დარჩენილი ვაგნერელებისთვის“, – წერენ ისინი.

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, მართალია, პირდაპირ არ ასახელებს დამკვეთად პუტინს, თუმცა ამბობს, რომ მომხდარი „არ გაჰკვირვებია“ და ხაზს უსვამს, რომ „ცოტა რამ თუ ხდება რუსეთში პუტინის გარეშე“.

პუტინზე მიანიშნებს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც: „ჩვენ ამასთან არაფერი გვაქვს საერთო. ყველას ესმის, ვის აქვს“.

მიხაილო პოდოლიაკი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი კი ამბობს, რომ პრიგოჟინის სიკვდილი მიანიშნებს რუსეთის შიდა პოლიტიკაში ახალი ეტაპის დაწყებას და აცხადებს, რომ პრიგოჟინის ამბოხმა ძალიან შეაშინა პუტინი.

„აჯანყებამ სრულიად ჩამოშალა პუტინის და ძალოვნების რეპუტაცია, რომლებსაც თითქოს ყველაფერი ტოტალური კონტროლის ქვეშ ჰქონდათ“, – აღნიშნავს პოდოლიაკი.

მისივე თქმით, პუტინი არათუ შეშინდა აჯანყებით, არამედ შეურაცხყოფილიც დარჩა, „რასაც არავის პატიობს“. სწორედ აჯანყების წარუმატებლობა, მიიჩნევს პოდოლიაკი, გახდა პრიგოჟინისთვის სასიკვდილო განაჩენი.

„მაშინ, როცა პრიგოჟინი მოსკოვიდან 200 კილომეტრში გაჩერდა, შემდეგ კი მოულოდნელად უკან წამოვიდა, მან თავისი ნებით გამოუტანა საკუთარ თავს სასიკვდილო განაჩენი“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი