ახალი ამბები

ლუკაშენკო ამბობს, რომ პუტინი პრიგოჟინს „არ დაბრიდავს“

6 ივლისი, 2023 • 871
ლუკაშენკო ამბობს, რომ პუტინი პრიგოჟინს „არ დაბრიდავს“

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ფიქრობს, რომ მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი „არ არის გულღრძო და ევგენი პრიგოჟინს არ დაბრიდავს“.

ჟურნალისტებთან საუბარში ლუკაშენკომ განაცხადა, რომ პრიგოჟინს გუშინ, 5 ივლისს, ტელეფონით ესაუბრა და დასძინა, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ბელარუსი დატოვა და ამჟამად რუსეთში იმყოფება.

„რაც შეეხება ევგენი პრიგოჟინს, იგი საქნტ-პეტერბურგშია. სადაა დღეს დილით? შეიძლება მოსკოვში გაემგზავრა, შეიძლება, სადმე სხვაგან, მაგრამ ბელარუსის ტერიტორიაზე იგი არ იმყოფება“, – თქვა მან.

ლუკაშენკომ ასევე ისაუბრა პრიგოჟინთან გუშინ შემდგარი სატელეფონო საუბრის შესახებ და ახსენა, რომ პრიგოჟინი რუსეთის სასარგებლოდ მუშაობაზე დებს პირობას. ლუკაშენოს თქმით, პრიგოჟინმა მას უთხრა:

„ვიმუშავებთ რუსეთის სახელით, რუსეთის სასარგებლოდ, ბოლომდე შევასრულებთ ჩვენს ვალს ისე, როგორც მოველაპარაკებით ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს“.

ლუკაშენკომ აგრეთვე განაცხადა, რომ პუტინი პრიგოჟინს არ მოკლავს:

„რა იქნება შემდგომში? ცხოვრებაში ყველაფერი ხდება. მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ პუტინი ისეთი გულღრძო და ბოროტია, რომ ხვალ მას [პრიგოჟინს] დაბრიდავს… არა, ასე არ იქნება“, – ციტირებს მას „ბელტა“.


24 ივნისს მიღწეული შეთანხმებით, პრიგოჟინმა ამბოხი იმ დროს შეაჩერა, როცა მოსკოვს თითქმის 200 კილომეტრით მიუახლოვდა. ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ ამბოხის შეწყვეტის სანაცვლოდ „ვაგნერის“ წევრებს ამბოხისთვის არ დასჯიდნენ და საშუალებას მისცემდნენ, საქმიანობა ბელარუსში გაეგრძელებინათ.

პრიგოჟინის ერთდღიან ამბოხს რუსეთის არმიის, სულ მცირე, 8 საფრენი აპარატი შეეწირა, მათ შორის, კომუნიკაციისა და თავდასხმისთვის განკუთვნილი ვერტმფრენები და თვითმფრინავი. დაიღუპნენ პილოტებიც, თუმცა რაოდენობა უცნობია.

პრიგოჟინის ამბოხის შესახებ გირჩევთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი