კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი, შესაძლოა, სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდეს ფორუმზე, რომელსაც პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ესწრება.

ფოტო, რომელზეც პრიგოჟინიცაა, გამოაქვეყნა დიმიტრი სიტიმ. იგი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, რომელშიც „ვაგნერელები“ იბრძვიან, „რუსულ სახლს“ ხელმძღვანელობს. სიტის განცხადებით, ფოტო მას რესპუბლიკის ელჩმა მიაწოდა და  რუსეთ-აფრიკის ფორუმზეა გადაღებული.

„ელჩმა გამიზიარა რუსეთ-აფრიკის სამიტის პირველი ფოტოები. ნაცნობ სახეებს ვხედავთ“, – წერს იგი.


ევგენი პრიგოჟინის „ვაგნერმა“ 23-24 ივნისს რუსეთში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა სცადა. საბოლოო ჯამში, ხელისუფლებასთან მიღწეული შეთანხმებით, „ვაგნერი“, დამფუძნებელთან ერთად, გადაიხვეწა ბელარუსში, პრიგოჟინმა კი პრეზიდენტისგან უსაფრთხოების გარანტიები მიიღო. ცოტა ხნის წინ კრემლმა დაადასტურა, რომ ამბოხის შემდეგ პრიგოჟინი პუტინს შეხვდა.