კომენტარი

დუმილი

12 აგვისტო, 2023 • 8694
დუმილი

ავტორი: ნინო სურამელაშვილი (რატი რატიანი), მწერალი


„საშინელი ნევროზი ჭირს – მითხრა ორიოდე თვის წინ მეგობარმა საერთო ნაცნობების მოკითხვისას – ეტყობა იმიტომ, რომ ყოველდღე ურეკავენ სამინისტროდან და საყვედურობენ, შენმა ამა და ამ თანამშრომელმა ესა და ეს დაპოსტა ფეისბუქზე, ესა და ეს დაალაიქა და მოუარე“.

უცებ წარმოვიდგინე სამინისტრო, სადაც ათობით ადამიანი სოციალურ ქსელებს სქროლავს, იციან ყველას სახელი და გვარი ყველა სახელმწიფო ინსტიტუციაში და თვალყურს ადევნებენ, ვინ რას პოსტავს და იწონებს.

ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს კულტურის სამინისტროა. მაგრამ ალბათ ყველა სამინისტრო ასე იქნება.

ამიტომ აღარ მიკვირს ჩემი იმ მეგობრების გამაყრუებელი სიჩუმე, ვინც სახელმწიფო უწყებებში მუშაობს. მხოლოდ ვწუხვარ.

ახლა წარმოიდგინეთ ადამიანი, რომელსაც თავზარი დაეცა, როცა შოვის ტრაგედიის შესახებ შეიტყო. ეს ადამიანი სახელმწიფო უწყებაში მუშაობს. ვთქვათ, კინოცენტრში ან რომელიმე თეატრში ან სამინისტროში. ამ ადამიანს უნდა რომ მთელი ხმით იყვიროს, სად არის ღამის ვერტმფრენები ან წინასწარი გაფრთხილების სისტემები, რომელსაც წლებია გვპირდებოდით? რატომ გვაყურებინებთ, როგორ იხოცებიან შვილები, დედები, დები და ძმები ნელი და მტანჯველი სიკვდილით? რატომ არ მიიღეთ სხვა ქვეყნების დახმარება?

მაგრამ არაფერს არ წერს და არაფერსაც არ ამბობს. თუ ამბობს, მხოლოდ ძალიან ფრთხილად შერჩეულ ხალხთან, ვისაც ბოლომდე ენდობა. ხმა საჯაროდ რომ ამოიღოს, მთლად ციხე არა, მაგრამ ცოტა ხანში „რეორგანიზაცია“ დაემუქრება. თუმცა ციხეც არ არის გამორიცხული (ვთქვათ, „ბიუჯეტის სახსრები გაფლანგა“).

ამიტომ დუმს.

ჩემთვის ეს საკმარისი მიზეზი არ არის, მაგრამ ბევრისთვის არის.

ახლა იმ სამინისტროებს და სახელმწიფო ინსტიტუტებს დავუბრუნდეთ, რომლებსაც ჩვენი უსაფრთხოება, ჯანმრთელობა, განათლება, კულტურა აბარიათ. წესით, იქაური თანამშრომლები თავიანთ საქმეს უნდა აკეთებდნენ – თავიანთი წვლილი უნდა შეჰქონდეთ ჯანმრთელობის დაცვაში, გარემოს დაცვის ანგარიშებს უნდა უსხდნენ და განგაშს ტეხდნენ, ამა და ამ ადგილას სტიქიის საფრთხეა და რამე უნდა ვქნათო. ან გელათის ფრესკები ირეცხება და სასწრაფოდ ზომებია მისაღებიო.

მაგრამ ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, რას დაპოსტავენ ფეისბუქზე. რას იტყვიან საჯაროდ. მარტო თვითონ არა, მათი ნაცნობ-მეგობრები და ოჯახის წევრები. ზის და მუშაობს მონიტორინგის ეს უზარმაზარი მანქანა. ოღონდ იმას კი არ აკვირდება, სად შეიძლება ჩამოწვეს მეწყერი და ხალხი ჩაიტანოს, იმას აკვირდება, ვინ რას წერს ფეისბუქზე.

ეს რაღაც არ უნდა იყოს კრიტიკული, ხელისუფლებისადმი საყვედურის ნიშნებს არ უნდა შეიცავდეს.

სასურველია, დაიწეროს ამჟამინდელი ხელისუფლების მიღწევებზე, რა აშენდა, რა გაკეთდა (და არა როგორ გაკეთდა და აშენდა).

თუ ეს არ შეუძლიათ, ყვავილების და კატების ფოტოები პოსტონ და ენა ჩაიგდონ.

ამის მიღმა კიდევ ბევრი დეტალი იქნება, მაგრამ ეს უკვე თვითონ იმ ხალხმა იცის და ოდესმე, იმედია, გვიამბობენ.

სრულიად დარწმუნებული ვარ, ამ ხალხის უმრავლესობას იმ საქმის კეთება უნდა, რასაც წესით უნდა აკეთებდეს. სულ არ უნდა სოციალური ქსელების გაკონტროლება. ზოგიერთს ამის შესაძლებლობა ეძლევა კიდეც, ოღონდ დუმილის ხარჯზე. ზოგიერთებმა ალბათ ხელი ჩაიქნიეს – მიხვდნენ, რომ ეს მთავარი არ არის. ზოგი კი, ალბათ, კომფორტულადაც არის – ბოლოს და ბოლოს, ფეისბუქის სქროლვა უფრო ადვილია, ვიდრე ანგარიშების კირკიტი და მერე საქმის კეთება.

მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ უწყების ხელმძღვანელი დაუმორჩილებლობაშია შემჩნეული?

რეორგანიზაცია ხდება.

ამ უწყების უმადურ ხელმძღვანელს ეგზავნება შეტყობინება, რომ ამა და ამ დროს იწყება რეორგანიზაცია, ეწურება უფლებამოსილების ვადა.

მერე გულდასმით იცხრილებიან ყველაზე საეჭვოები. არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, როგორ აკეთებს ეს ხალხი თავის საქმეს. რაც კარგად აკეთებს, მით უარესი – ესე იგი, სოციალური ქსელის ინტრიგებისთვის დრო არ რჩება.

შეიძლება ეს ხალხი სულაც არ იღებდეს ხმას, მაგრამ ზემოთ უკეთ იციან, ვინ არის საიმედო.

მაგალითად, კულტურის სამინისტრომ ასე მოაწყო მუზეუმები, კინოცენტრი და ახლა მწერალთა სახლში ალაგებს საქმეს.

ერთგულება უპირველეს ყოვლისა. რწმენა ბრმა უნდა იყოს.

პ.ს. სხვათა შორის, თავში ვინც ვახსენე, ის ადამიანი აღარ არის ხელმძღვანელი. ეტყობა, ნერვებმა ვერ გაუძლო. მისი თანამდებობა რეორგანიზაციას შეეწირა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უფრო მშვიდად სძინავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი