კომენტარი

გეი კაცის ისტორია ჰომოფობიაზე, ქამინგ აუთსა და იმედზე

24 აგვისტო, 2023 • 10873
გეი კაცის ისტორია ჰომოფობიაზე, ქამინგ აუთსა და იმედზე

ბესიკ ქუთათელაძე სისხლის სამართლის წარმოებისა და კრიმინოლოგიის პროფესორია ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტში. საქართველოდან აშშ-ში 25 წლის ასაკში წავიდა და მომდევნო წლები, პროფესიულ ზრდასთან ერთად, იმაშიც დაეხმარა, მიეღო საკუთარი თავი, როგორც გეი კაცს.

ის ამჟამად მაიამიში ცხოვრობს და ჰყავს მეუღლე, რომელთან ურთიერთობის დაწყებამაც ბესიკს უბიძგა, ოჯახთან და ახლობლებთან დაეწყო საუბარი თავის სექსუალურ ორიენტაციაზე. თუმცა ამ გადაწყვეტილებამდე გავლილი გზა მარტივი არ ყოფილა.

ბესიკ ქუთათელაძე “ნეტგაზეთს” ესაუბრა ბავშვობის წლებში ჰომოფობიური გარემოს გავლენასა და კითხვებზე, რომლებსაც ვერავის უსვამდა, საკუთარი თავის გარდა; მან ასევე ილაპარაკა, როგორ შეიცვალა ეს მოცემულობა აშშ-ში წასვლის შემდეგ, როგორი ურთიერთობა აქვს ოჯახთან და რამხელა მნიშვნელობა აქვს ოჯახების მხარდაჭერას ლგბტ ადამიანებისადმი.

მალვა

მე 1976 წელს ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე. დღესაც ქუთაისური კილო მაქვს და რომ მეუბნებიან ამის შესახებ, ძალიან მიხარია და თითქოსდა მეამაყება. ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა — კეთილი და მზრუნველი მშობლების, ნათესავების გარემოცვაში გავიზარდე. საკმაოდ კარგად ვსწავლობდი. ვიყავი რუსულ სკოლაში, თუმცა 9 აპრილის შემდეგ მე თვითონ გადავედი ქართულ სკოლაში.

ეს თუ იმას ნიშნავდა, რომ გეი ვიყავი, მე არ ვიცოდი, მაგრამ უკვე ალბათ 12-13 წლის ასაკში ვხვდებოდი, რომ აშკარად  ჩემი თაობის ბიჭებთან შედარებით სხვა ინტერესები მქონდა. თუმცა მაშინ [მეტის] გაგების უნარი და წყარო მე არ გამაჩნდა: არ მქონდა ინტერნეტი, საგანმანათლებლო რესურსი და [სივრცე], სადაც ამის შესახებ ვინმესთან საუბარს შევძლებდი. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივი ოჯახი მყავდა, ამ თემაზე საუბარი საერთოდ წარმოუდგენელი იყო.

ჩემს დროს ინტერნეტის წყაროც არ იყო. ისღა გრჩებოდა, გეფიქრა მთელი ღამე, რას ნიშნავდა ეს, რატომ იყავი ასეთი, რატომ მე და არა სხვა… თუ სხვებიც ასეთები არიან და ისინიც ჩემსავით მალავენ?! ასეთი აზრები საათობით არ მასვენებდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგად უნდა შეგეფუთა, დაგეხარისხებინა და ეს შინაგანი განცდები თუ ემოციები სხვისთვის არ უნდა გეჩვენებინა.

უბანში ამ საკითხზე საუბრობდნენ რაღაც გაუკუღმართებული ფორმით, შეურაცხმყოფელ კონტექსტში. იყვნენ ადამიანები ქუთაისში, რომლებთანაც ჩემს ნაცნობებსაც ჰქონდათ ურთიერთობა, თუმცა ისინი მათ ადამიანებად არ თვლიდნენ და ეს ურთიერთობა ჰომოსექსუალობადაც არ მიაჩნდათ… ყველაფერი შეურაცხმყოფელი, ავადმყოფური, გაუკუღმართებული იყო. აი, ეს მაძლევდა ამდენი კითხვების საფუძველს: “მე ეს ადამიანი ხომ არ ვარ? მე არ მინდა, ვიყო ადამიანი, რომელსაც ასე მოიხსენიებენ, ამცირებენ, ადამიანად არ თვლიან…”

მე იმ ასაკშიც ვიცოდი, რომ იმ რამდენიმე გეი ადამიანის წინაშე, რომელიც ცხოვრობდა ქალაქში და რომელსაც ასე ამცირებდნენ, დანაშაულს ჩავდიოდით, როგორც საზოგადოება. ეს ვიცოდი, მაგრამ ამაზე პროტესტის აშკარად გამოხატვის საშუალება არ მქონდა, რადგან ძალიან დიდ კრიტიკას მივიღებდი. ახლა ვნანობ. თუ ჩაგრულის მიმართ ჩვენ თანადგომა არ გამოვხატეთ, ჩვენ ვკარგავთ ღირსებას.

რა შეიცვალა წასვლით?

იურიდიული ფაკულტეტი დავამთავრე და თსუ-ს ასპირანტურაში ვსწავლობდი აშშ-ში წასვლამდე.

ალბათ [წასვლაც] ჩემს იდენტობას უკავშირდება. როცა გავიაზრე, რომ ვიყავი გეი, ვიცოდი, რომ ამ ქვეყანაში არსებობის საშუალება ჩემნაირ ადამიანებს არ ჰქონდათ. ორი ვარიანტი გქონდა: ან ქვეყნიდან უნდა წასულიყავი, ან უნდა დაგემალა ეს ყველაფერი, დაქორწინებულიყავი და  გყოლოდა შვილები. ჩემთვის პასუხი იყო ცალსახა: მე ვერ შეურაცხვყოფდი იმ გოგონას, რომელზეც დავქორწინდებოდი და რომელიც არასდროს მეყვარებოდა სრულფასოვნად. ეს ხომ ადამიანის უპატივცემულობაა? ამაზე ცალსახად უარი ვთქვი.

ამიტომ გადავწყვიტე, მესწავლა ენა და მონაწილეობა მიმეღო კონკურსებში. საბოლოოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კონკურსში გავიმარჯვე და წავედი დისერტაციის დასაწერად ნიუ-იორკში. ეს 2002 წელს მოხდა, როცა უკვე 25 წლის ვიყავი და ჯერაც მიმაჩნდა, რომ ეს იყო რაღაც სახის ავადმყოფობა — რადგან ასეთი რამეები მესმოდა საქართველოში — მე კი უნდა გამეგო მისი წყარო და განკურნების საშუალება.

მახსოვს, უნივერსიტეტში ვიყავი, ნიუ-იორკში და როცა აღარ შემეძლო ამ თემაზე ფიქრი, პროფესორს, რომელიც ფსიქოთერაპევტიც იყო, ვუთხარი: მე ვარ ავადმყოფი და მინდა, როგორც ფსიქოლოგმა, ამიხსნათ, რა ხდება-მეთქი.  ამ ქალმა მიპასუხა: ავადმყოფობა არა ჰომოსექსუალობა, არამედ — ჰომოფობიაა და ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა საკუთარი თავი მიიღო ისეთი, როგორც ხარ — ისეთი ლამაზი, ნიჭიერი და კეთილი, როგორიც შენ ხარო.

ბესიკ ქუთათელაძე მსახიობ ჟულიეტ ბინოშთან შეხვედრისას. ფოტო: პირადი არქივიდან

უზომოდ დიდი პერიოდი ამას არ დასჭირვებია, რადგან ვიყავი გარემოში, სადაც ჩემნაირი ხალხი არსებობდა, წარმატებული იყო — იყვნენ პოლიციელები, მასწავლებლები, ინჟინრები… ამ გარემომ, რა თქმა უნდა, ხელი შემიწყო, რომ საკუთარი თავი მიმეღო ისეთად, როგორიც ვიყავი, თუმცა მოვიტყუები, რომ გითხრათ, ერთ დღეს გამოვიღვიძე და სიამაყით ვთქვი, გეი ვარ-მეთქი. ამას დრო, ანალიზი და ემოციური მომწიფება დასჭირდა.

პირადი ცხოვრება

რა თქმა უნდა, როცა გეი ადამიანი მიიღებ საკუთარ თავს, ამას სჭირდება ეტაპები მანამ, სანამ მზად იქნები სრულფასოვანი ურთიერთობის შესაქმნელად. ჩვენ იმდენად ვართ დარწმუნებულნი ბავშვობაში, რომ ამაში არის რაღაც ცუდი, ვერ წარმოგიდგენია, რომ ერთ დღეს ადგები, ვიღაცას შეხვდები და იდეალურ ურთიერთობას დაამყარებ. ამას მხარდაჭერა სჭირდება. წარმოიდგინეთ, როცა ჰეტეროსექსუალი ადამიანები ქორწინდებიან საქართველოში, მთელი ოჯახი გვერდით უდგას, რათა მათ ბედნიერებას ხელი შეუწყონ და ამ პირობებშიც კი, სამწუხაროდ, ბევრი ოჯახი ინგრევა. და რანაირად შეიძლება, გეი ადამიანმა, რომელიც ამდენ დაბრკოლებას იღებს საზოგადოების ყველა ფენიდან, ასე იოლად შექმნას პირადი ცხოვრება?

მე დამჭირდა რამდენიმე წელი, სანამ საკუთარ თავს ბოლომდე მივიღებდი და ჩემს გემოვნებას შევისწავლიდი. როცა გეი მამაკაცი ხარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა გეი მამაკაცი მოგწონს. რატომღაც, ეს მითიც არსებობს გარკვეულწილად, თუმცა ეს ასე არ არის. წლები დამჭირდა ამისთვის… ვიცოდი, რომ ჩემი პარტნიორი უნდა ყოფილიყო ჩამოყალიბებული, [თავისი საქმის] პროფესიონალი, კეთილშობილი, ზრდილობიანი ადამიანი, რომელსაც ენდომებოდა ხანგრძლივი თანაცხოვრება ურთიერთგაგების, სიყვარულისა და პატივისცემის პრინციპზე დამყარებით.

ამას დასჭირდა გარკვეული პერიოდი, თუმცა, საბოლოოდ, გამიმართლა, ასეთ ადამიანს შევხვდი და უკვე 12 წელია, ერთად ვართ. ის უზომოდ დადებითი, ჩამოყალიბებული, კულტურული, განათლებული და კეთილშობილი ადამიანია. ჩემი მეუღლე ამერიკელია, ძალიან უყვარს საქართველო და ქართველებსაც, ვინც ის გაიცნო, უზომოდ უყვართ. იმედია, დავარწმუნებ, რომ საქართველოში რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროს.

ბესიკ ქუთათელაძე თავის მეუღლესთან, გლენთან ერთად. ფოტო: პირადი არქივიდან

ქამინგ აუთი ოჯახთან

მე [ჩემს სექსუალურ ორიენტაციას] დიდი ხნის მანძილზე ვმალავდი, თუმცა ვალდებული ვიყავი, მეთქვა ჩემი ოჯახისთვის, როცა გადავწყვიტე გლენთან ურთიერთობის დამყარება. პირველი იყო ჩემი და, რომელსაც ეს გავუმხილე, შემდეგ- ჩემი მშობლები, ნათესავები და ა.შ. ეს მათთვის უზომოდ მტკივნეული პროცესი იყო, ამას ვერავინ უარყოფს, თუმცა არჩევანი არ მქონდა. მე მიმაჩნია, რომ სიმართლე ყველაზე მთავარია. ყველამ უნდა იცხოვროს საკუთარი სიმართლით და მე ვალდებული ვიყავი, მეთქვა საკუთარი ოჯახისთვის. ეს ასევე იყო ჩემი პარტნიორისადმი პატივისცემის გამოხატვის ფორმა.

ამ ყველაფრის მიღებას დრო სჭირდება, რა თქმა უნდა. ჩემს ოჯახსაც დასჭირდა დრო, მე მათ ეს დრო მივეცი და მხარდაჭერა გამოვუცხადე. ალბათ გამიმართლა, რომ ისეთი ოჯახი მყავს, რომელსაც სიყვარულის უფრო სჯერა, ვიდრე უარყოფის. ერთი წუთითაც არ შემშინებია ამ პროცესში, რომ ჩემი ოჯახის წევრები მე უარმყოფდნენ. ამის შიში და განცდა არ მქონია. ვიცოდი, რომ ეს მათ უზომო ტკივილს მიაყენებდა — სირცხვილსაც კი — და მათ თავის დაცვისა და ამ თემაზე საუბრის უნარები არ ექნებოდათ, რადგან საზოგადოებამ მათ ეს უნარები არ მისცა. მგონი, გარკვეული წლების განმავლობაში დუმილიც აირჩიეს და ეს ალბათ ბუნებრივი პროცესია: მტკივნეული, მაგრამ ბუნებრივი პროცესი. საბოლოოდ, ჩვენი ურთიერთობა გადაარჩინა უღრმესმა სიყვარულმა, რომელიც ერთმანეთის მიმართ გვაქვს.

ჩემი დისგან იმავე წამსვე უპირობო მხარდაჭერა მივიღე. უფრო მეტიც, ჩემი და იყო ჩემი ელჩი, რომელიც დამეხმარა, ამ თემაზე ოჯახის სხვა წევრებთანაც მესაუბრა. ამიტომაც, დის და ძმის თანადგომა არის უზომოდ მნიშვნელოვანი. მე ამას არასდროს დავუვიწყებ ჩემს დას.

ქამინგ აუთი არის უზომოდ რთული და პიროვნული გადაწყვეტილება, რომელიც წამითაც არ მინანია, მიუხედავად იმისა, რომ ამან ბევრი გაანაწყენა და რამდენიმე ურთიერთობაც წაიშალა. ცხოვრება ჩემთვის შეუძლებელია ტყუილისა და საკუთარი თავის არმიღების პირობებში… ასეთ ცხოვრებას ციხეში ჯდომა ჯობია. ადამიანები შექმნილნი ვართ სოციალურ ქმნილებებად და ვერ ჩავიკეტებით. არ შეიძლება, გქონდეს გულწრფელი ურთიერთობა იმ პირობებში, როცა შენი პიროვნების დიდ ნაწილს მალავ.

მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღე და ვისაც ამის შესაძლებლობა აქვს, მინდა ვუთხრა, რომ ამისთვის სწორი დრო და კარგი დღე არ დადგება: უნდა გამონახო ძალა, საკუთარი თავი მიიღო და პატარა წრეში მაინც ისაუბრო ამაზე გახსნილად. იდეალური მომენტი ამისთვის არ იქნება.

როგორც პრაიდთან მიმართებაში [რომ ამბობენ ხოლმე]: “რა დროს პრაიდია, ამას გამოიყენებენ!” არასდროს არ იქნება იდეალური დრო საზოგადოებაში პრაიდისთვის. ყოველთვის იქნება მიზეზი, რომ ჩაგრულს უთხრა, არა, არა, შენ კიდევ უფრო მეტი უნდა მოითმინოო. იმიტომ ვუდგავარ 100%-ით მხარში “თბილისი პრაიდს”.

“ლგბტ პროპაგანდა”, რომელიც არ არსებობს

ყოველთვის, როცა ადამიანი ახსენებს პროპაგანდას, უნდა დავსვათ კითხვა, ხომ არ სურს თავისივე პროპაგანდის გადაფარვა სხვათა მიმართ გაკეთებული პროპაგანდისტული განცხადებებით. პროპაგანდა არის აბსოლუტურად გაუგებარი ცნება ლგბტ თემასთან დაკავშირებით. პროპაგანდა არის რეკლამა. რანაირად შეიძლება, რეკლამა გაუკეთო რაიმეს, რისი შეძენაც არ შეგიძლია? ჩვენ, ლგბტ ადამიანები, ვიბადებით ისეთები, როგორებიც ვართ.

რაც უნდა გითხრა, რომ “თქვენ, მამაკაცო, შეგიყვარდებათ მეორე მამაკაცი!” — თქვენ ხომ იცით, რომ თუ ქალი მოგწონთ, არ შეიცვლებით? რაც უნდა უძახოთ შვილს, თუ ისაა გეი და დაბადებულია ასე, რომ უნდა მოეწონოს ქალები და დაქორწინდეს ქალზე, ეს მან შეიძლება გააკეთოს, მაგრამ საკუთარი უბედურების ხარჯზე. საკუთარ თავს ვკითხოთ: ჩვენ გვინდა შვილი, რომელიც ამას გააკეთებს, არ შეგვარცხვენს, მეზობლებთან კარგად გამოგვაჩენს, მაგრამ მთელი ცხოვრება იქნება უბედური და ვერასდროს ეყოლება გვერდით ადამიანი, რომელიც შეიძლება, სრულფასოვნად უყვარდეს? ეს გვინდა, როგორც მშობლებს საკუთარი შვილებისთვის?

…არანაირი პროპაგანდით არ შეიძლება ადამიანის შეცვლა. პროპაგანდა არის რეკლამა, რომლითაც შეგიძლია, გაყიდო მანქანა, პოპულარიზაცია გაუწიო რომელიმე სატელევიზიო არხს… მაგრამ გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის შეძენა შეუძლებელია. ჩვენ ასე ვიბადებით.

იმედი

გამარჯვება გარდაუვალია. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენი საზოგადოება ვერ განვითარდება, როგორც [ეს] სხვა საზოგადოებების [შემთხვევაში მოხდა]. თუ ჩავიკეტებით რუსეთისა და რაღაც დიქტატორული გარემოს კლანჭებში, შესაძლოა, ეს პროცესი ნელა განვითარდეს, მაგრამ წინსვლასა და პროგრესს ვერ შეაჩერებ.

თაობები იცვლება.

მე ვამაყობ იმით, რომ ვარ ქართველი. უზომოდ მიყვარს საქართველო, მაგრამ ყველაზე მეტად გაოცებული ვარ ახალგაზრდობით. ჩვენ გვყავს უაღრესად ძლიერი, განათლებული, პრინციპული ახალგაზრდობა. თეთრი შურით მშურს, რომ ამ ახალგაზრდობის ნაწილი არ ვარ, თუმცა მინდა, ყველანაირად გვერდით დავუდგე.

ბესიკ ქუთათელაძე. ფოტო: ნეტგაზეთი/სოფო აფრიამაშვილი

ლგბტ თემას არ განვიხილავ, როგორც საზოგადოებიდან მოწყვეტილ თემას. ლგბტ უფლებები განვითარდება სხვა უფლებებთან ერთად: ბავშვის უფლებებთან, ქალების უფლებებთან, ხანდაზმული ადამიანების უფლებებთან, განსხვავებული უნარების ადამიანთა უფლებებთან ერთად… ეს ყველაფერი განვითარდება ერთად, როცა საზოგადოება მომწიფდება.

მე მიმაჩნია, რომ მაგ მიმართულებით მივდივართ და არჩევანი არც გვაქვს. ყველამ ჩავიხედოთ საკუთარ თავში და გულებში, გადავხედოთ მეგობრებს, სანათესავოს, სამეზობლოს: ჩვენ გვყავს რაღაც ნიშნით განსხვავებული ადამიანები და ვალდებულნი ვართ, დავუდგეთ გვერდით, რათა საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ თავი.

რას ვეტყოდი ლგბტ ადამიანებს

თქვენ ხართ უაღრესად ლაღი, ლამაზი, ენერგიული, თანამდგომი, მოუთოკავი ძალა. თქვენ ვერავინ და ვერაფერი დაგამარცხებთ. მე თქვენ მეამაყებით. გთხოვთ, საკუთარი თავები მიიღოთ ისეთი ლამაზები, როგორებიც ხართ და მიიღოთ ეს სილამაზე, რომელსაც მე თქვენში ვხედავთ. არაფერი შეცვალოთ საკუთარ თავში: პრობლემა არ არის ის, რომ ლგბტ თემის წევრი ხართ. პრობლემა საზოგადოების მიუღებლობაშია. ჩვენ ერთად ვიმუშავებთ ამ თემაზე და საბოლოოდ გავიმარჯვებთ. გამარჯვება გარდაუვალია, რადგან სიყვარულს ვერ დაამარცხებ.

რას ვეტყოდი ლგბტ ადამიანების ოჯახებს

რთულია, შეცვალო მენტალიტეტი მაშინ, როცა მთელ თაობებს არ მივეცით განათლება ამ სფეროში და ახლა, როცა ბავშვი მიდის მშობელთან და ეუბნება, რომ ის არის გეი, მშობელს ამაზე დადებითი წარმოდგენა არ აქვს. რანაირად შეიძლება, მან მაშინვე მიიღოს შვილი ისეთად, როგორებიც არიან? ამის ილუზია არ მაქვს, თუმცა მაინც მწამს ქართული სულის, კეთილშობილების, ოჯახური სიყვარულის და მაინც მიმაჩნია, რომ უმეტესობა მაინც, თუ ყველა არა, ნახავს თავის გულში სიძლიერეს და ჩაიკრავს შვილებს ისეთებს, როგორებიც არიან.

ეს არის მშობლობა: მშობლობაა ის, რომ დავუდგეთ საკუთარ შვილებს მაშინ, როცა ყველაზე მეტად ვჭირდებით და არ ვაქციოთ ეს თემა საკუთარი თავის პრობლემად. როცა შვილები ეუბნებიან მშობლებს, რომ ისინი გეები არიან, მშობლები საკუთარ თავზე უფრო მეტად ფიქრობენ: “ვაიმე, რას ვეტყვი მეზობელს, როგორ გავუმხელ ჩემს ნათესავს…” მოვნახოთ ძალა, რომ საკუთარ თავზე ვიფიქროთ მეორეხარისხოვნად და საკუთარი შვილების საჭიროებებზე — პირველხარისხოვნად. ხომ გვინდა, ჩვენი შვილები იყვნენ ბედნიერები? დავუდგეთ მათ გვერდით. ვიპოვოთ ძალა, ვიპოვოთ სიყვარული ჩვენს გულებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი