კომენტარი

ანალიტიკოსი ხსნის, რას (ვერ) შეცვლის გვარამიას შეწყალება საქართველოს ევროპულ გზაზე

27 ივნისი, 2023 • 2295
ანალიტიკოსი ხსნის, რას (ვერ) შეცვლის გვარამიას შეწყალება საქართველოს ევროპულ გზაზე

ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის (CEPS-ის) მეცნიერ-თანამშრომელი თინათინ ახვლედიანი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას შეწყალება ბრიუსელში პოზიტიურად იქნება დანახული.

მისი თქმით, გვარამიას შეწყალებას დადებითი გავლენა ექნება ევროკომისიის 12 რეკომენდაციის რამდენიმე პუნქტზე, განსაკუთრებით კი- მედიის თავისუფლებისა და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების ნაწილებზე.

„ეს შეწყალება ძალიან ბევრ პრიორიტეტს ეხება: დეპოლარიზაციას, სამართლებრივ საკითხებს და ადამიანის უფლებებს. ამ პრიორიტეტებზე ეს პოზიტიურ გავლენად უნდა განიხილებოდეს. თუმცა, უნდა ვნახოთ, რამდენად გამოიწვევს ეს მოვლენა დეპოლარიზაციას, ამას უნდა დავაკვირდეთ.

რეტროსპექტივაში რომ გადავხედოთ, 1 წელი დასჭირდა ამ შეწყალებას. კარგი იქნებოდა, უფრო ადრე მომხდარიყო. რა თქმა უნდა, ახლა ძალიან კრიტიკული მომენტია – წინა კვირას მხოლოდ შუალედური ვერბალური შეფასება დაიდო და ისევ განიხილება საქართველოს საკითხი და ამიტომ კრიტიკული იქნება შემოდგომამდე დარჩენილი პერიოდი, რადგან ძალიან დეტალურად აკვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. ასეთ კრიტიკულ მომენტში გვჭირდებოდა პოზიტიური ცვლილება და ამ მხრივ, ეს შეწყალება ნამდვილად პოზიტიურია. თუმცა შეიძლებოდა ეს მანამდეც მომხდარიყო“, – ამბობს თინათინ ახვლედიანი ნეტგაზეთთან.

თუმცა CEPS-ის მეცნიერ-თანამშრომელი ხაზს უსვამს, რომ მედიის თავისუფლების მიმართულებით, რომელშიც ევროკომისიის შუალედური შეფასებით, საქართველოს საერთოდ არ გააჩნდა პროგრესი, სამუშაო არ დასრულებულა და ეს პუნქტი ჯერ ნაწილობრივ შესრულებულიც არ არის. მისი თქმით, ამ მიმართულებით ნიკა გვარამიას შეწყალება მხოლოდ 1 შემთხვევაა იმ პროგრესიდან, რაც საქართველომ უნდა აჩვენოს. მაგრამ, თინათინ ახვლედიანის თქმით, პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალება ბრიუსელში აჩენს განცდას, რომ საქართველოში ყველა ინსტიტუციის მიმართ იმედი გადაწურული არაა.

„ეს იქნება განხილული როგორც პოზიტიური მოვლენა, რადგან აქამდე საქართველოდან ყველაზე დიდი პოზიტიური სიგნალი იყო ხალხი, მათი დემონსტრაციები და სამოქალაქო საზოგადოება, მაგრამ დემონსტრაციები და ქუჩაში დგომა რეფორმებს არ ატარებს. რიგით მოქალაქეებს არ შეუძლიათ გვარამია შეიწყალონ, ამიტომ პრეზიდენტი როცა იყენებს თავის უფლებებს, ჩნდება განცდა, რომ გადაწყვეტილების მიმღები ყველა ორგანოდან იმედი გადაწურული არ არის და ამ შემთხვევაში პრეზიდენტის ინსტიტუტს შეუძლია მიიღოს კრიტიკული გადაწყვეტილებები. ამ მხრივ ეს ძალიან პოზიტიურად იქნება დანახული ბრიუსელში“, – აცხადებს თინათინ ახვლედიანი და იმ ნაბიჯებსაც ასახელებს, რისი გადადგმაც პრეზიდენტის ინსტიტუტს კიდევ შეუძლია.

ერთ-ერთ ასეთ ნაბიჯად თინათინ ახვლედიანი პრეზიდენტის მიერ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებას ასახელებს. მისი თქმით, კარგი იქნება, თუ პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებას ოქტომბრამდე ანუ ევროკომისიის საბოლოო შეფასებამდე მიიღებს.

„ეს საკითხი საკმაოდ დიდი ხანი განიხილებოდა და ასევე მოთხოვნილი იყო ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებში. პრეზიდენტს ნამდვილად შეუძლია ეს გააკეთოს. ესეც თუ შესრულდება, ძალიან კარგი და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა. მიხეილ სააკაშვილის შემთხვევა რამდენიმე პრიორიტეტს ეხება, განსაკუთრებით ადამიანის უფლებებს, და ამ მხრივაც გვექნებოდა პოზიტიური განვითარება. თუ გვარამიას გამოშვება მედიის თავისუფლებაზეც ახდენს პოზიტიურ გავლენას, სააკაშვილის შეწყალება იქნებოდა ადამიანის უფლებების მხრივ პოზიტიური. ამიტომ კარგი იქნება, რომ ეს მოხდეს მალე, ვიდრე გვიან, რადგან არ გვაქვს ბევრი დრო… მხოლოდ ოქტომბრამდე გვაქვს დრო“, – ამბობს თინათინ ახვლედიანი.

როგორც თინათინ ახვლედიანი ნეტგაზეთთან აღნიშნავს, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ ოქტომბრამდე დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენოს და ქვეყანამ მინიმუმ რეგრესი არ აჩვენოს.

„მგონია, რომ ევროკავშირი უფრო მეტად მზად არის გაფართოებისთვის, რაც ჩვენს შანსებს ზრდის. ჩვენზე არის დამოკიდებული როგორ გამოვიყენებთ ამ დროს. რა თქმა უნდა, პროგრესი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, მაგრამ მინიმუმ რეგრესი მაინც არ უნდა ვაჩვენოთ, საბოტაჟი არ უნდა მოვახდინოთ და საქმე არ გავაუარესოთ.

მოლდოვის შემთხვევაში მათ პროცესი აქვთ დაწყებული ყველა იმ რესურსით, რაც შეუძლიათ. ჩვენ პროცესებს სათანადოდ არ ვიწყებთ. მთავრობის მხრიდან უნდა იყოს პროაქტიული მუშაობა, საქართველოს ლობირება თუნდაც იმ მიმართულებით, რომ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღონ… მინიმუმ ლანძღვა და გინება არ უნდა იყოს. მთავრობამ თავის რიტორიკა უნდა გახადოს პროევროპული და დემოკრატიული, რაც დღეს არ არის. ქმედებებს თავისთავად მეტი დრო შეიძლება დასჭირდეს“, – აცხადებს თინათინ ახვლედიანი.

რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს, რომ საქართველო არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, არამედ წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახსნასაც იმსახურებს, თინათინ ახვლედიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მსგავსი განცხადებები არარელევანტურია.

მისი თქმით, მოლაპარაკებების დასაწყებად საქართველოს  ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო აქვს გასაწევი. თუმცა არ გამორიცხავს, რომ კარგი პროგრესის შემთხვევაში ევროკავშირმა საქართველოსთან მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად დაიწყოს.

„მოლაპარაკება ორმხრივი პროცესია და ამისთვის ევროკავშირიც უნდა იყოს მზად. ჩვენ ამისთვის კრიტერიუმებს ჯერ არ ვაკმაყოფილებთ. შესაბამისად, ეს განცხადება მე არარელევანტური მგონია. თუმცა გააჩნია, სად იდგება საქართველო ოქტომბრისთვის. თუკი ჩვენ კარგ პროგრესს ვაჩვენებთ, არ იქნება საბოტაჟი, პროვოკაცია და შეურაცხმყოფელი განცხადებები და მოხდება მიხეილ სააკაშვილის შეწყალება, ანუ თუ ყველაფერს გავაკეთებთ, ნამდვილად მგონია, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთდროულ რეჟიმში დაიწყება საქართველოსთანაც მოლაპარაკებები. მაგრამ თუ ჩვენ პროგრესს არ ვაჩვენებთ, ევროკავშირის პასუხი იქნება, რომ მაქსიმუმ მოგვცეს კანდიდატის სტატუსი და მოლაპარაკებები არ გახსნას მანამ, სანამ საქართველო რეალურ პროგრესს არ აჩვენებს“, – აცხადებს თინათინ ახვლედიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი