პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ საქართველო არა მხოლოდ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, არამედ წევრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების გახხსნასაც იმსახურებს.
ამის შესახებ მედიასთან მან დღეს, 1 ივნისს, განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ახლა ბურთი ევროკავშირის მოედანზეა და მან უნდა გადაწყვიტოს, როგორ ხედავს საკუთარ მომავალს ამ რეგიონში.
„იქნება ეს ისტორიული თუ ზოგადად უახლოესი წარსულიდან გამომდინარე, თუ იქნება ეს დღევანდელობიდან გამომდინარე, საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ევროკავშირთან დაახლოების მხრივ წინსვლა ჰქონდეს, მიიღოს სტატუსი და არამხოლოდ, არამედ გაიხსნას მოლაპარაკება წევრობასთან დაკავშირებით. ასე რომ, ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე.
ჩვენი მხრიდან ყველაფერი არის გაკეთებული. თუკი ავიღებთ და შევადარებთ ნებისმიერ კანდიდატ ქვეყანას და ამ მხრივ შევხედავთ საკითხს, რა თქმა უნდა, საქართველო ჯერ არ არის იმ დონეზე მზად, რომ ჯერ ევროკავშირის წევრი იყოს, მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ ჯერჯერობით კანდიდატობაზე. თუ შევადარებთ სხვა კანდიდატ ქვეყნებს, საქართველო ყველანაირად იმსახურებს, რომ იყოს ევროკავშირთან დაახლოების იგივე ეტაპზე, სადაც წევრობის კანდიდატი ქვეყნები არიან. ასე რომ, ახლა ბურთი არის ევროკავშირის მოედანზე და სინამდვილეში დღეს ევროკავშირმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორ ხედავს ის საკუთარ მომავალს ამ რეგიონში, როგორ ხედავს საკუთარ მომავალს საქართველოსთან მიმართებით“,-განაცხადა პაპუაშვილმა.
ევროკავშირის გზაზე გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყება კანდიდატის სტატუსის შემდეგი ეტაპია. ევროპული საბჭოს მიერ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საბჭოს გადაწყვეტილებით, რომლის მიღებაც შესაძლოა წლები გაგრძელდეს, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის იწყება მოლაპარაკებების პროცესი, რომელსაც ასევე შეიძლება მრავალი წელი დასჭირდეს.