კინომცოდნე, მწერალი და სცენარისტი ნესტან კვინიკაძე „ნეტგაზეთს” ესაუბრა კინოცენტრის გარშემო მიმდინარე მოვლენების, ბოლო წლების გამოცდილებებისა და საფრთხეების შესახებ:
თანამედროვე ქართული კინო
თანამედროვე ქართულ კინოს რასაც ვეძახით, თუ ვითვლით 20-25 წელს, იწყება სრულიად თეთრი ფურცლიდან. როცა თეატრალურ ინსტიტუტში ჩავაბარეთ, მემკვიდრეობად მხოლოდ არქივში შესანიშნავი რეჟისორების შესანიშნავი ფილმები დაგვრჩა – სხვა არაფერი გვქონია მემკვიდრეობად: პავილიონი ჩვენთვის აღარ იყო, ტერიტორიები გაყიდული, გარდერობებიანად განადგურებული იყო ყველაფერი, რაც კინოში კეთდებოდა, ეს არის 2000-იანების დასაწყისი. ის, რაც შეიქმნა ამ მოკლე პერიოდში, თითოეული ადამიანის მონაწილეობით, მართლა ხელით აწყობილი ამწეებით, რელსებით, ნათხოვარი კამერებითა და ბიძის ნაჩუქარი 100 დოლარით, ამ წვრილმანებს იმიტომ ვყვები, რომ რეალურად ასე არის დაწყებული ეს საქმე, რომელიც საბოლოოდ იქამდე მივიდა, რომ რა საშუალებებიც იყო, ჩვენმა რეჟისორებმა ნამდვილად გაკვალეს დავიწყებული ქართული კინოს ტრადიცია, შეძლეს კინოფესტივალებზე პოზიციონირება. პირდაპირ გეტყვით, რომ ბოლო ორი წელია კანის კინოფესტივალზე სანდრო კობერიძის სახელით გელაპარაკებიან, რადგან მას ძალიან წარმატებული ფილმი ჰქონდა ბერლინალეზე. თანამედროვე ქართულმა კულტურამ მოახერხა, რომ აღარ მოვიაზრებით შევარდნაძის და სტალინის ქვეყნად: ხან ნინო ხარატიშვილია ამის მიზეზი, ხან სანდრო კობერიძე და ხან სალომე ჯაში, ჩვენი ქვეყნის მასშტაბისთვის ეს საკმაოდ ბევრია.
გამოცდილება, საფრთხე და რეპრესიები
ამიტომ გვაქვს ყოველთვის შიში, ამიტომ არის ყოველთვის არასაკმარისი კინოცენტრის მიერ გამოყოფილი თანხა. ამ შიშებს, ცუდ წინათგრძნობას ხომ გამოცდილება განაპირობებს?! რა არის ჩვენი გამოცდილება: ბოლო პერიოდია ვუყურებთ, პირდაპირი გაგებით, რეპრესიებს. რა არის თანამედროვეობაში რეპრესია – შენი პოლიტიკური განწყობა იქნება, პოზიცია თუ ნაკლებ მორჩილებაში ყოფნა, ნიშნავს იმას, რომ შენ პროფესიონალი ხარ თუ არაპროფესიონალი, პირდაპირ შეუძლია ვიღაცას, მაგალითად, მუზეუმიდან, არქივიდან გაგათავისუფლოს; დაემუქრო მწერლებს, დამოუკიდებელ ლიტერატურულ პრემიაში ჩანერგო შენი წარმომადგენელი. სანდრო სულაბერიძის ცისფერი გალერეის პერფორმანსს თუ საპროტესტო აქტს ასეთი სიმძაფრე მოჰყვა. ეს არის გამოცდილება, რასაც ვუყურებთ.
კინოცენტრის გამოცდილება – კახაბერ სიხარულიძე, გამოცხადებული კონკურსები და პოლიტიკური ნიშნით შეცვლილი ჟიური
კინოცენტრის გამოცდილება კიდევ უფრო მძაფრი არის იმიტომ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში, კინოცენტრის ხელმძღვანელად – ჯერ მოვალეობის შემსრულებლად, შემდეგ უკვე დირექტორად – იყო მოვლენილი ვინმე კახაბერ სიხარულიძე, რომელიც, ასე ვთქვათ, გაგა ჩხეიძის დროზე ადრე გათავისუფლების შემდეგ იქნა დანიშნული. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ეს კაცი ისე მოვიდა და ისე წავიდა გუშინწინ, რომ არ შეხვედრია კინოცენტრის თანამშრომლებს. საუბარი ზედმეტია დამოუკიდებელ პროდიუსერებზე, რომლებსაც ძალიან ბევრი საქმე შეიძლება ჰქონდეთ დირექტორთან. მოგვწონდა თუ არ მოგვწონდა კინოცენტრის დირექტორი, ასეთი პერიოდიც გავიარეთ, ვიღაცის მიმართ ნაკლების სიმპათიით იყავი განწყობილი, ვიღაცის მიმართ მეტით, მაგრამ ყველასთან შეიძლებოდა საუბარი. მათ შორის ძალიან მწვავე და დაპირისპირებულ თემებზეც კი, ასეთი გამოცდილებაც გვაქვს.
ამ კაცის პირობებში რა მოხდა – ჩვენ არასდროს ვიცოდით, როდის გამოცხადდებოდა კონკურსი. ყველაფერს აქვს მნიშვნელობა – დამუშავებულია პროექტი, მზად არის, ვიღაცას ჰყავს უცხოელი, ძლივს მოპოვებული პარტნიორი. მოგეხსენებათ, ეს დიდი ფუფუნებაა, გყავდეს კოპროდიუსერი სხვა ქვეყნიდან. ასეთი პროექტი მიდის და გხვდება ასეთი კედელი.
გახსოვთ, ეს ამბავი გახმაურდა- ერთ-ერთი კონკურსის დროს (კინოცენტრში ცხადდება კონკურსები დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი და სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმებისათვის, სადაც საუკეთესო პროექტის გამოსავლენად იქმნება ჟიური), რომელზეც ასეთივე დადგენილებით იყო ჟიური შეკრებილი კონკრეტული კონკურსისთვის, ჟიურის წევრები მუშაობდნენ ერთი თვის განმავლობაში. ერთი თვის თავზე, როდესაც უნდა დაიწყოს გასაუბრების ეტაპი, სრულიად შემთხვევით გაიგეს, რომ ჟიურის წევრები აღარ არიან და მათ ჩაენაცვლნენ სხვა ჟიურის წევრები, რომლებიც რატომღაც აღმოჩნდნენ ქართული ოცნების გულმხურვალე მხარდამჭერები. ასეთი რაღაც მართლა არასოდეს მომხდარა. ყველაზე მთავარი არის ადამიანებთან დამოკიდებულება, ყველაფრის უფლების მიცემა შენი თავისთვის, რომ ასე მოექცე ადამიანებს, ერთი თვე ამუშაო ჟიურის წევრად და შემდეგ უბრალოდ მართლა მოისროლო, წარმოუდგენელია. საერთოდ, სიტყვა „პატივისცემის” ადგილი არ რჩება ასეთ დროს და ამიტომ, ეს ყველაფერი იწვევს ეჭვს, იმიტომ, რომ ნორმალურ ქვეყანაში, ჯანსაღ პირობებში, რა თქმა უნდა, დირექტორის, პრეზიდენტის ცვლილებაც კი ძალიან ნორმალური პროცესია და ასეც უნდა იყოს. მაგრამ ჩვენ გვაქვს ეს მეხსიერება, თვალს ვადევნებთ ყოველდღიურად, რომ ეს ასე ხდება და უკვე განწყობაც ასეთია.
კინოცენტრი დღეს, რეორგანიზაცია და ახალი დირექტორის პასუხი პროტესტზე
ძალიან ტექნიკური საკითხია, თქვენ იცით, რომ რაღაც სფეროში ვმუშაობთ და რადიკალურად განსხვავებულ სფეროში რომ მოვინდომოთ გადასვლა, ამისთვის გვჭირდება ცოდნა, მზაობა და ა.შ. ახალი დირექტორი მოდის და ჩვენს კარზე კაკუნს პასუხობს იმით, რომ აუცილებლად შეგხვდება, თვითონ გაერკვევა, რა ხდება – ასეთი ადვილია, თუ არის რადიკალურად განსხვავებული სფეროდან კინოში მოსვლა. კინო არის ერთ-ერთი, თუ ერთადერთი არა, ყველაზე ამბიციური, მრავალშრიანი, მრავალგვაროვანი სტრუქტურა, რომელიც ძალიან ბევრი ადამიანისგან შედგება, ძალიან განსხვავებულია აქ აზრები და შემოდის ხედვის გარეშე. ბუნებრივია, ეს ადამიანი არის დანიშნული, პირდაპირ მოვლენილი, რომ დისციპლინა დაამყაროს. ჩვენ კიდევ, ყველას ეჭვი გვეპარება. ასეთი გამოცდილება არ არსებობს, რომ რეორგანიზაცია ჩატარდეს მოკლე დროში და იყოს ეფექტური. ამასობაში თითოეულ ჩვენგანს გვაქვს ზოგს მიმდინარე პროექტი, ზოგს შეკითხვა ახალ კონკურსთან დაკავშირებით.
პირადი გამოცდილება და ქართველი ხალხის თანამონაწილეობა ქართული ფილმის წარმატებაში
პირადად ჩემი და რეჟისორის გამოცდილება თუ გაინტერესებთ, სხვა ქვეყანაში გვაქვს მოგებული საკმაოდ დიდი თანხა და ჩვენი უცხოელი პროდიუსერები ყოველდღე გვეკითხებიან, როდის გამოცხადდება კოპროდუქციის (ერთობლივი ნამუშევარი) კონკურსი, იმისთვის, რომ ამ პროდუქციას, ფილმს, რომელსაც გადაიღებს ქეთი მაჭავარიანი, ერქვას ქართულიც. იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში რჩება მხოლოდ უცხოურ პროდუქტად. ეს ახლა წვრილმანია ამ ძალიან რთულ, როგორ ვთქვა, რელიეფში, რაც თანამედროვე საქართველოში არის. შეიძლება მკითხველი თუ მაყურებელი ვერ იაზრებდეს ამის მნიშვნელობას, მაგრამ სწორედ ეს არის გულისამაჩუყებელიც და მნიშვნელოვანიც. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე მისი გადასახადიდან მონაწილეობს ნებისმიერი ქართული ფილმის წარმატებაში, ეს არის ქართველი ხალხის ფული და ყველა გამარჯვება არის მათი დაფინანსებული და არა თეა წულუკიანის ყულაბიდან აღებული თანხა, როგორც მას წარმოუდგენია და როგორც თვლის, რომ პატრიოტული კინო უნდა კეთდებოდეს. თუ ასეა, ჩვენ ყველანი პატრიოტულ კინოს ვაკეთებთ იმიტომ, რომ ამ თემაზეც განსხვავებული აზრები შეიძლება არსებობდეს – ვისთვის რა არის პატრიოტიზმი. ამიტომაც ეს მიზეზები, შიშები და პროტესტის ეს განწყობა არსებობს და ყველაფერი ამისკენ მიგვითითებს, რომ ეს ასეც უნდა იყოს.
საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო და გააუქმა კინოცენტრის დირექტორის მოადგილეების თანამდებობები. ამას წინ უძღოდა თანამშრომლების ნაწილის კრიტიკული ფეისბუკ პოსტები და კინოცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული განცხადება, სადაც თანამშრომლები წუხილს გამოთქვამდნენ ბოლოდროინდელი მოვლენების გამო და კინოცენტრის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას ითხოვდნენ.
ერთ-ერთი მათგანი იყო ნინო კუხალაშვილიც, რომელიც კინოცენტრის დირექტორის მოადგილის პოზიციაზე 22 წელი მუშაობდა და რომლის თანამდებობაც ამ განცხადებიდან რამდენიმე დღეში კულტურის სამინისტრომ გააუქმა.
კუხალაშვილის ინფორმაციით, რეორგანიზაციის შესახებ ბრძანებას ხელს აწერს დირექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, კობა ხუბუნია, რომელიც კულტურის სამინისტრომ ერთი დღით ადრე დანიშნა ფინანსური მენეჯერის პოზიციაზე.
მანამდე კობა ხუბუნია კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას იკავებდა. უფრო ადრე, 2021 წელს კი იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ის, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე იყო.
ხუბუნიასთან ერთად კინოცენტრში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ დაინიშნა პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარიაც, რომელიც “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერია. ოდიშარიამ 13 ივნისს ტელეკომპანია “ფორმულასთან” განაცხადა, რომ რეორგანიზაციის საკითხებში ისიც ჩაერთვებოდა.
რეორგანიზაციას და აღნიშნულ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან როგორც კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი, ასევე ამ სფეროს სხვა წარმომადგენლები, მათ შორის რეჟისორები, სცენარისტები, პროდიუსერები და მსახიობები.
კულტურის სამინისტრო ან კინოცენტრის ამჟამინდელი ადმინისტრაცია ამ დრომდე არ გამოხმაურებია თანამშრომლებისა და სფეროს წარმომადგენლების პროტესტს.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მინისტრად თეა წულუკიანის დანიშვნის შემდეგ კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებულ უწყებებში რეორგანიზაციები იწყება. რეორგანიზაციის შედეგად კი, უწყებებიდან თანამშრომლებს, მათ შორის სფეროს ცნობილ წარმომადგენლებს ათავისუფლებენ.
გირჩევთ წაიკითხოთ: