Interviewsკომენტარისაზოგადოებახელოვნება

ისეთ კომპრომისზე არ უნდა წახვიდე, რომ შეგცვალოს – საუბარი კახა კინწურაშვილთან

7 ივნისი, 2023 • 6272
ისეთ კომპრომისზე არ უნდა წახვიდე, რომ შეგცვალოს – საუბარი კახა კინწურაშვილთან

ერთმანეთს „ახალ თეატრში” შევხვდით. კახა კინწურაშვილი მრავალი წელია ამ თეატრის დასის წევრი და წამყვანი მსახიობია. ჯერ კიდევ მუსიკისა და დრამის თეატრად წოდებულ შენობაში ყოფნისას, შემოქმედებითად და სპექტაკლებით დატვირთული პერიოდის დროს დაიწყო პანდემია, რომელმაც ახალ შენობაში გადასვლასთან ერთად ბევრი რამ შეცვალა, საუბარი ამის შესახებ დავიწყეთ:

პანდემია

პანდემიამ ძალიან ბევრი რამ განაპირობა, ძალიან ბევრი რამ შეცვალა- მოვაშოროთ პანდემიას ფონი, რომელიც დიდი უბედურების ფონი იყო; დიდი სიკვდილიანობა და პოლიტიკური კონტექსტები. როგორც მსახიობისთვის, გაჩერდა ის სფერო, რომელიც უბრალოდ ჩემი საქმე კი არ არის, ჩემი ცხოვრების ნაწილია. თუნდაც ჩემი განცდები, ბნელი თუ ნათელი, შემიძლია ლეგიტიმურად გამოვხატო ამა თუ იმ სცენაზე, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მსახიობისთვის, პირადად ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის. მიუხედავად იმისა, რომ თითქოს ბავშვობიდან მინდა მსახიობობა, ძალიან ბევრჯერ შეიცვალა ჩემი დამოკიდებულება მსახიობობის მიმართ. თუმცა, ყოველთვის უკეთესობისკენ. ხედვებიც რომ მეცვლებოდა, ყველგან იყო ეს პროფესია, ყველგან არის და ვიცი, რომ დაუსრულებლად იარსებებს.

პანდემიისას ხალხი ითხოვდა, გახსენით ყველაფერი, კაფე, ჯიმი… ლაპარაკი არ ყოფილა თეატრზე და ეს ძალიან სევდიანი იყო. ძალიან სევდიანი იყო ყველასთვის, ისეთი სევდიანი, რომ ამაზე ხმამაღლაც კი არავინ ლაპარაკობდა. ყველას ჰქონდა განცდა, რომ თურმე თეატრი, ამ შემთხვევაში, თეატრალური ხელოვნება, არ იყო საკმარისი, არ იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ადამიანებისთვის და საზოგადოებისთვის.

შემოქმედებითი პაუზა დატვირთული რეჟიმის შემდეგ. სასიამოვნოა შენთვის ეს პაუზა თუ გაქვს შეგრძნება, რომ ახლა რაღაც არ ხდება?

იცი რა, ეგ შეგრძნება, მგონი, მსახიობს სულ გაქვს, თუ ძალიან დაკავებული არ ხარ. ასეთი რაღაც ჩვენთან არც ხდება, ასეთი დაკავებულობა, ამდენი ფილმები არ არის. წელიწადში თითზე ჩამოსათვლელ ფილმებს იღებენ და ერთშიც თუ მოხვდი, უკვე კარგია, მაგრამ ეგ გადავდოთ, ეგ არ არის საუბრის თემა.

მსახიობის პროფესიაც ხომ რეალურად მოლოდინია. სულ მოლოდინში ხარ და ეს მოლოდინი თითქოს აღიქმება, რომ ამ პროფესიის მინუსია, თუმცა მე ასე არ მგონია. პირიქით, უფრო მგონია, რომ ეს პროფესია ძალიან პულსირებს ადამიანის ცხოვრებასთან, შინაარსთან და გამოხატვასთან. ყველა ადამიანს უნდა, გამოხატოს საკუთარი თავი ნებისმიერ რამეში. შეიძლება ითქვას, რომ მსახიობობა უფრო პრეტენზიულია ამ კუთხით, რადგან ყველანაირად გამოხატავ საკუთარ თავს და ბოლომდე მოცული ხარ ამით, შეიძლება ითქვას, რომ სულ საკუთარი თავის რეპრეზენტაციაა და ძალიან დიდი საფრთხეა იმის, რომ არ გადაიზარდოს ნარცისიზმში, ბოლომდე თავგანწირული იყო. თითქოს, როგორც გლადიატორი, რომელიც გამოდის სცენაზე და იქვე შეუძლია მოკვდეს. აღარ იკითხოს, ამის იქით რა არის. ერთი ცხოვრება იცხოვროს.

ახლანდელი პაუზა – ჯერ ერთი, რაღაცნაირად არ ვთვლი, რომ პაუზა მაქვს, იმიტომ, რომ მოლოდინია. თუნდაც ახლა ახალ სპექტაკლს ვიწყებ, ფილმს მოვრჩი. პირიქით, ეს გაწელილი დრო, როგორც შეიძლება გვერდიდან ჩანდეს, მთლიანობაში არასდროს გაწელილი არ არის. იმიტომ, რომ ამ პერიოდში სპექტაკლიდან სპექტაკლამდე, ფილმიდან სპექტაკლამდე, ან პირიქით, გაქვს დრო, როცა ცხოვრობ და იღებ ახალ-ახალ შეგრძნებებს. შესაბამისად, აფართოებ შენს არეალს, აზროვნების არეალს, რომელიც მერე გადმოტანილი იქნება სცენაზე ან კინოში.

ეს მიდგომა წლების მანძილზე შეიცვალა? აქამდე რომ მისულიყავი, რაღაც გზა განვლო ამ ყველაფერმა, თუ თავიდანვე ასე იყო?

მთელი იდეა რაც არის, როგორ გითხრა, შეიძლება ძალიან ეგოისტურად ჟღერს და რაღაცნაირად მაინც რეპრეზენტაციამდე დადის, მაგრამ მგონია, რომ ნებისმიერ ადამიანის ცხოვრებაში – ბავშვობა იქნება ეს, გარდატეხის ასაკი თუ როცა პირველად ეჯახები ცხოვრებას სხვადასხვა ფორმით (არ არის აუცილებელი, დიდი ტრაგედია მოხდეს, სიკვდილი ან სისხლისღვრა)- რაღაც ისეთი ხდება, რაც ადამიანს ძალიან სტკენს. ეს ტკივილი იმდენად დიდი განცდაა, რომ მერე ნებისმიერ ადამიანი, ჩემი აზრით, ცდილობს,  რაღაცნაირად გაექცეს ამ ტკივილის და შემდგომ, მთელ მის ცხოვრებას აწყობს ისე, რომ ეს ტკივილი თავიდან აიცილოს. იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ კომფორტში იცხოვროს, ზოგადად, რაღაც რომ არ შეეხოს, მაგრამ არ მინახავს ადამიანი ჩემი თავის ჩათვლით, რომ ამ ტკივილს არ უბრუნდებოდეს. არ მინახავს.

ეს როგორი განცდა მგონია, იცი?.. ის ტკივილი იმდენად აღწერს სიცოცხლეს, ცნობიერად, ძირითად შემთხვევაში, რა თქმა უნდა, გაუცნობიერებლად, იმიტომ უბრუნდება იმ რაღაცას, იმიტომ შედიხარ იმ მორევში, რომ თავი ცოცხლად იგრძნო. მარტივად რომ ვთქვათ, სცენა თუ კინო, და ეს პროფესია ჩემთვის არის ეგ: ამ ტკივილებში ისე შევიდე, რომ იყოს ლეგიტიმური და ეს არ იყოს ცხოვრებაში გამოხატული. გარემო, ადამიანები, რომლებიც მიყვარს და ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის, მათთვის არ გახდეს პრობლემა ჩემი ტკივილების გამომზეურება. ეს პროფესია მაძლევს ამის საშუალებას. რაღაც თვალსაზრისით ფუფუნებაც არის ეს პროფესია, მიუხედავად იმისა, რომ დგას ძალიან დიდ ემოციურ აზიდვებზე; ეს კი არ მთავრდება, შენც ღია ხარ, მთელ შენს ნერვულ სისტემას, გონებას, მოცემულობასაც კი, ამ ყველაფერს უთმობ.

ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ პროფესიაში არის, როცა  (სცენაზე იქნება ეს თუ კინოში) მარტო შენი თავის და ტკივილების რეპრეზენტაციაში კი არა ხარ, რაღაც მომენტში, შენდა უნებურად, ხდები რაღაც საერთოს, ენერგიის გამტარი. როცა ამაში აღმოჩნდები, იმდენად დიდი, უდროო სივრცეა, ეს შეიძლება რამდენიმე წამი ან წუთი გაგრძელდეს, მაგრამ იმდენად სრულფასოვანი სამყაროა, რომ ამაში დაბრუნება მერე სულ გინდა. ალბათ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მამყოფებს ამ პროფესიაში.

მეხსიერება და მოგონება. მათი მნიშვნელობა და მოულოდნელობა. რამდენად გეხმარება ხელუხლებელ მოგონებებთან შეხება სცენაზე ან პირიქით?

მეხსიერება არის შენი შემადგენელი ნაწილი, რომელიც თითქოს შენი პიროვნების მთავარი ღერძია. ამ შემთხვევაში მე სხვანაირი გამოცდილება მაქვს. მაგალითად, ომის შემდეგ (ომის დროს პატარა ვიყავი), რაღაც პერიოდი, დიდი ხანი,  ალბათ, 15-16 წლამდე, ამ თემაზე და ამ მოგონებებზე თითქმის არ ვფიქრობდი. გარდა იმისა, რომ ქვეცნობიერად შეიძლებოდა სიზმარში ან სადღაც ამომხტარიყო. წლების მერე გავაანალიზე, რომ ჩემს ცხოვრებაში რაღაც ისეთი მოხდა, რაც იმდენად მძიმე გადასახარში იყო გონებისთვის, რომ ინფორმაცია, მოვლენა, რომელმაც მოიტანა ეს ტკივილი თუ დიდი სტრესი, გონებამ წრეში ჩაკეტა და თითქოს ჩაძირა მოგონებების ზღვაში. მერე ეს ყველაფერი იქამდე მივიდა, რომ როცა რაღაც მნიშვნელოვანი მოვლენები ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში, დღემდე, მეხსიერება ამ ყველაფერს ისრუტავდა. ოღონდ ისრუტავდა არა ისე, რომ ჩემს მეხსიერებაში ყოფილიყო. თითქოს გადადიოდა მეხსიერების ყუთში, არქივში, რომლისთვისაც ხელი არ უნდა გეხლო, რომლის გახსნაც არ გჭირდებოდა. რაღაც პერიოდში მივხვდი, რომ მეხსიერების პრობლემები დამეწყო, რაღაცები არ მახსოვდა, მნიშვნელოვანი რაღაცები. მარტივი რაღაც რომ ვთქვა, ჩემი გახმოვანებული ფილმი ვნახე ერთხელ, თავიდან ბოლომდე ვუყურე და მივხვდი, რომ არ მახსოვდა. არ ვიცი, რატომ, შეიძლება რაღაც ისეთს შეეხო, რის გამოც არქივში წავიდა. რაღაც პერიოდში, თინეიჯერობაში, მოხდა ისე, რომ ერთ საღამოს უბრალოდ დავიწყე ლაპარაკი, რაღაცების გახსენება. ამ გახსენებამ იმდენი რაღაც ამოატივტივა, მახსოვს, მთელი საღამო ველაპარაკებოდი ერთ ადამიანს და არ გავჩერებულვარ. ეს იყო სიჩუმის წლების დარღვევა, რომელიც ბავშვობიდან გრძელდებოდა, ამ დროს დავიწყე ჩემი თავის აღმოჩენა. ყველამ ვიცით, რომ ბავშვობის წლებზე შენდება ადამიანი და ხასიათიც ამ დროს ყალიბდება. ხასიათის ჩამოყალიბების დროს რომ მეხსიერება უკანა პლანზე გადადის (როგორც ჩემ შემთხვევაში მოხდა), ცოტა უცნაურია.

ემოციური მეხსიერება და სცენა

არსებობს ემოციური მეხსიერება, რომელსაც ვერაფერს უზამ. შეიძლება, რაღაც თემაზე  გადაიტანო ფიქრი, დააკავო საკუთარი ფიქრი და გააქრო. ეგ კი არა, ხალხი სინდისს ამწყვდევს და უკან იტოვებს. ფიქრის აცილებაც შესაძლებელია, თუ ცოტა ძლიერი ფისიქიკა გაქვს, მაგრამ ემოციურ მეხსიერებას ვერაფერს უზამ. შესაბამისად, ეს მეხსიერება  ჩემთვის თითქოს დღემდე დამალულია და სულ ახალ-ახალი აღმოჩენები მაქვს. ეს პროფესია იმაშიც მეხმარება, რომ ჩემს ემოციურ მეხსიერებას შევეხო.

ბავშვობაში რატომღაც (სხვისთვის ალბათ ბევრი მიზეზის გამო) გადავირიე ვან გოგზე. ერთადერთი მხატვარია, რომელზეც ასე  გადავირიე. წლები გავიდა, ბევრი მხატვარია, რომელიც მომწონს, მაგრამ ეს იყო რაღაც სხვა განცდა… თან რომ სწავლობ, სულ რომ გაინტერესებს ეს ადამიანი, თან რომ ბოლომდე ვერ ხვდები, რატომ. კი, ძალიან საინტერესო მხატვრობა აქვს, ცხოვრებაც ძალიან საინტერესო აქვს…

ბოლოს მოხდა ისე, რომ ჰოლანდიაში წავედი. რომ ჩავედი, რომელიღაც დღე იყო, გამეღვიძა, თენდებოდა. გავედი აივანზე, ცას შევხედე და (მართლა ვან გოგის ცა არის ჰოლანდიაში, მსუყე ცა) უბრალოდ რომ გაიფიქრებ, ხომ იცი, ხუმრობის დონეზე, რომ: „თავისთავად დახატავდა, ზუსტად ეგეთი ცაა…“ ამ ფიქრში ვარ და უცბად, ვჩნდები სოხუმში, სურათივით მახსენდება შეგრძნება, ბავშვობაში როგორ ვიდექი სანაპიროზე და ვუყურებდი ცას, იმიტომ, რომ სოხუმსაც ასეთი ცა ჰქონდა… და მივხვდი, თურმე ემოციური მეხსიერება რამდენად მნიშვნელოვანია; რა შეიძლება ინტელექტუალურ დონეზე ყოფილიყო ამ კავშირის მიზეზი. უცბად, ემოციამ მიმახვედრა, რომ თურმე ადამიანი, რომელიც ძალიან მომწონდა როგორც მხატვარი, როგორც პიროვნება, როგორი მარტივი მიზეზი ჰქონდა ამას. რაღაც იყო საერთო მის განცდასა და ჩემს განცდას შორის. უბრალოდ სოხუმის ცას ჰგავდა მის ნახატებში ცა. წინა დღეებში მუზეუმში  „მზესუმზირებს” რომ ვუყურებდი, ვიდექი და ვტიროდი, მაგრამ არც მზესუმზირები ყოფილა იქ მთავარი, მთავარი იყო ეს.

უსახლკარობის განცდა. ერთგან ამბობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ხანია აქ ცხოვრობ, ეს შენთვის სახლი მაინც არ არის…

ყველაფერი მაინც, რა თქმა უნდა, პირად გამოცდილებამდე დადის. ზოგადად, განცდაც ყოველთვის სუბიექტურია და ეს სუბიექტური განცდა ჩემთვის ასეთია – რაღაც დროს ბავშვობაში დავკარგე საკუთარი სახლი, სადაც გავიზარდე. დავკარგე საკუთარი გარემო და საკუთარი მეგობრები. მერე თითქოს ყველგან სულ სახლის პრობლემა იყო, ერთ ქალაქში, სხვა ქვეყანაში, მერე დაბრუნებისას, მერე მეორე ქალაქში… ეს მოხეტიალე ცხოვრება რა თქმა უნდა, მოქმედებს ადამიანზე და არ გტოვებს განცდა, რომ სურვილი გაქვს დაბრუნდე შენს სახლში. მერე ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახდა საკუთარი სახლის ქონა, ფიზიკურადაც კი. იმიტომ, რომ შევხვდი ადამიანს, რომელთან ერთადაც მომინდა ცხოვრება. მომინდა ერთად გვეცხოვრა და, რა თქმა უნდა, საჭირო იყო სახლი. ბევრი შრომის და წვალების შემდეგ, რომელიც დღემდე გრძელდება, ეს მოვახერხე. მერე ერთ დღეს, სახლში რომ გავიღვიძე (ცხოვრება, რომელიც ახლა მაქვს, ეს გასაგებია, ჩემს ცოლთან და შვილებთან ერთად ვცხოვრობ და ეს ჩემთვის ცალკე კუნძულია, ცალკე სამყაროა, მიკროსამყარო და მთავარი რაღაც აქ ხდება), მივხვდი, იმ სახლის განცდას, რომელსაც თითქოს ასე ვეძებდი, ვერასდროს ვერ დავიბრუნებ. იმიტომ, რომ რაც უნდა ყოფილიყო სახლის განცდა, ისე შეწყდა და იმ დროს შეწყდა, ისეთ ასაკში და ისეთი პირობით (უბრალოდ გამომაგდეს), რომ იმის ანაზღაურება ვერაფრით ვერ მოხდება. ის განცდა ცალკე მდგომია. უსახლკარობის განცდა რამდენადაც ძალიან სევდიანი და ტრაგიკულია, იმდენად, თუ თვალი გაუსწორე, აღიქვამ, რა არის სამყარო და სამყაროში მოვლინება. როგორი წამიერია თუნდაც ის სახლი, რომელშიც ხარ, ამ შემთხვევაში სამყარო და დედამიწა, ეს განცდა დღემდე მაქვს. შესაბამისად, რაღაც კუთხით ამ განცდამ განაპირობა ჩემი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. ამ შემთხვევაში, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა ადამიანი და ახლა, ზუსტად დღეს, ჩემთვის ადამიანი და მასთან ურთიერთობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ტერიტორია.

ძალიან ბევრი ბავშვობის მეგობარი დავკარგე იმის გამო, რომ კონტაქტი აღარ მქონდა. მაშინ არ იყო სოციალური ქსელები, ახლა, როცა 20 წელი გავიდა, ინტერნეტი შემოვიდა და კომუნიკაცია მარტივი გახდა, ეს მაინც გამოტოვებული ამბავია. შენ უკვე სულ სხვა ადამიანს ელაპარაკები, ერთადერთი საერთო, რაც გაქვთ, ბავშვობაა. მსოფლმხედველობაზეც არ არის ლაპარაკი, იმას ვერ დაიბრუნებ, იმ წლებს, რომლებიც ერთად უნდა გაგეტარებინათ, ერთად უნდა გეთამაშათ, იმას ვერ დაიბრუნებ. მაგრამ ამან განაპირობა ის, რომ ადამიანები, რომლებიც ჩემს ცხოვრებაში გაჩნდნენ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანნი გახდნენ, მეგობრობა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ვიღაცას თუ დავარქმევ მეგობარს, ესე იგი, ის ადამიანი მნიშვნელოვანია. შესაბამისად, ეს ყველაფერი აისახება ყველა ადამიანზე.

ახლა ხომ მიდის ლაპარაკი, მანიპულაცია, რომ რუსეთმა შეიძლება დააბრუნოს აფხაზეთი. აქ ხომ ტერიტორიაზე არ არის ლაპარაკი. აქ არის ადამიანებზე ლაპარაკი. ჩემთვის ის ტერიტორია კი არ არის დასაბრუნებელი, ის რაღაც უნდა დავიბრუნოთ, უფრო სწორად, გავაგრძელოთ, ვაღიაროთ ის შეცდომები, რომლებიც ორივე მხარემ დავუშვით. იმიტომ, რომ ავვარდით ამ რაღაც დიდი მანქანის წინაშე, რომელიც საუკუნეების განმავლობაში, დღემდე, სულ პროვოკაციით და უბედურებით შემოდიოდა და გონს რევდა, ვინ გაისროლა პირველი, რომ ვერ გაიგებდი. წარმოიდგინე, რამხელა ბოროტებაა, რომ ერთხელ ისე გამოიყვანა, რომ შენ გამოგიშვა იქიდან აფხაზების ხელით და ახლა აფხაზებს ეუბნება, რომ საქართველოს ხელით რაღაცას დაგიბრუნებ? რა უბედურებაა ეს. მიწა ხომ არ არის მნიშვნელოვანი, მნიშვნელოვანია ადამიანი. როგორ შეიძლება რომელიმე ქართველი ეთანხმებოდეს ამას.

ჩემთვის უსახლკარობის განცდა, რაც მკითხე, არის ეს. განცდა, რომელსაც აქვს თავისი სევდა და თავისი ძალა. ეს ძალა, რაღაც თვალსაზრისით, უფრო რეალისტურად გახედებს სამყაროზე. მარტო გადარჩენასა და დამკვიდრებაში კი არ ხარ, უფრო მეტად ცდილობ ეძიო სიმართლე, შეიცნო ის და შენი აზროვნების არეალი გაიფართოო.

თითქოს ჩვენი ყოველდღიურობა, და მით უფრო შენი, ამ ბოლო პერიოდში დგას მორალურ პასუხისმგებლობაზე. რაღაც, რაც გგონია, რომ  შეიძლება აკეთო დღეს, მეორე დღეს შეიძლება მიხვდე, რომ ამას ვეღარ გააკეთებ. რამდენად რთულია ეს შენთვის, თუნდაც ის წლები, როცა იმედში იყავი; როცა იცი, რომ ვიღაც ყოველთვის რაღაცას ელის შენგან, შენი პოზიცია სულ უნდა გქონდეს

საქართველოში თუ გინდა, რომ რამე პროფესიაში იყო (თითქმის ყველა პროფესიას ეხება ეს), უმეტეს შემთხვევაში გიწევს მეორე პროფესიის, ასე ვთქვათ, საქმის არჩევა. ჩემ შემთხვევაში ისე გამოვიდა, რომ ეს აღმოჩნდა ტელევიზია. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ პირველი დღიდან, როცა დავიწყე ტელევიზიაში მუშაობა, ყველას, ვისაც შეხება ჰქონდა ჩემთან, პროდიუსერს თუ სხვადასხვა ტელევიზიის უფროსს, ყველამ იცოდა ჩემი დამოკიდებულება, რომ მე არა ვარ „ტელევიზიონშიკი“, ეს არ არის ჩემი სფერო. იმ კუთხით, რომ ეს არ არის არეალი, სადაც თავს ვგრძნობ კომფორტულად. უბრალოდ, ეს არის მექანიზმი ჩემი ნაკისრი ვალდებულებებისთვის. რომ ვიარსებო და მერე ვაკეთო ის, რაც მინდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ როცა გასაკეთებელი მაქვს საქმე, რომელიც შეიძლება არ მომწონს, არ გავაკეთო კარგად. ეს არის და ეს.

სიმართლე გითხრა, თავიდანვე მქონდა განცდა, რომ ენერგიას და დროს ვკარგავდი სხვა საქმეში. თავისთავად, ის რაღაცაში მეხმარებოდა, მაგრამ არასდროს ჩემს პროფესიაზე წინ არ დამიყენებია და ყოველთვის ყველამ იცოდა ეს. ამ შემთხვევაში, ჩემთან მუშაობა არ იყო ადვილი, იმიტომ, რომ პრიორიტეტი ყოველთვის იყო თეატრი და ჩემი პროფესია.

ეს ტვირთი ყოველთვის არსებობდა, მაგრამ ამ ტვირთს ემატებოდა კონტექსტები. ჩემთვის ამ კონტექსტებში ყოფნა ყოველთვის იყო გამოწვევა. აქ არ არის ლაპარაკი კონკრეტულ ტელევიზიაზე, შემოთავაზებები სულ მქონდა, ყოველ ეტაპზე, ყოველ სეზონზე სხვადასხვა ტელევიზიებისგან. მაგრამ იმ კონტექსტიდან გამომდინარე, რომელშიც ვიყავი, მორალური ამბავი, რასაც ამბობ, იყო ჩემთვის დიდი გამოწვევა – გარემოში, რომელიც შეიძლება არ იყოს კონტექსტიდან გამომდინარე ჩემთვის კომფორტული, რამდენად შემეძლო შემენარჩუნებინა საკუთარი თავი და შეხედულებები. ყოველთვის ეს იყო, იქიდან გადასვლა ან გადმოსვლა იყო ყველაზე მარტივი გამოსავალი, თუ პოლიტიკურ კონტექსტებზე მიდგება საქმე. მაგრამ არსებობს ზღვარი, შეიძლება ზოგადი, სახელმწიფოებრივი ან მოქალაქეობრივი, მაგრამ ის არსებობს შენი განვლილი ცხოვრებიდან გამომდინარე. როცა იტყვი, რომ აქ ვერაფერს ვეღარ გამოხატავ იმიტომ, რომ ეს შეიძლება პირიქით იქნეს გამოყენებული… ეს იყო და ეს.

მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან დიდი პრობლემაა იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში ყველას პრობლემები აქვს. მატერიალურად ეს განსაკუთრებით დიდი პრობლემაა, მაგრამ მთავარია, შენს თავთან რა სიმართლე გაქვს, ამას გულწრფელად ვამბობ. კონკრეტულ ადამიანებს ვგულისხმობ და არა საინფორმაციო პოლიტიკას. ის, რომ ვიღაც თუნდაც ახლა იქ არის, არ ნიშნავს, რომ რაღაცას ხელს აწერს. ვფიქრობ,  ყველა ადამიანს აქვს თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე უნარი და იარაღი, რომ იბრძოლოს. ყველა პატარა ბრძოლა მნიშვნელოვანია ზოგად სურათში. ყველაზე მნიშვნელოვანი არის პიროვნული ბრძოლები. საკუთარ თავს რას ეუბნები, შენ ხომ ყველაზე კარგად იცი, რა გაწუხებს. რაც მე მაწუხებს, შეიძლება შენ არ გაწუხებდეს, იმიტომ კი არა, რომ უგულო ხარ, შეიძლება კონტექსტსაც ვერ ხედავდე ისე, როგორც მე ვხედავ ან პირიქით. შენ სხვა რაღაცაში ხედავდე კონტექსტს, მე კი სხვაში და მე რომ გიჩიჩინო, რა აზრი აქვს.

ჩემი მთელი ცხოვრებაც ასე იყო. არასდროს სხვა მაგალითებით არ ვხელმძღვანელობდი, თითქოს ჩემს განვლილ გზას ვაკვირდებოდი და დასკვნებიც იქიდან გამომქონდა. ყოველთვის ჩემი თავი იყო მნიშვნელოვანი, რაღაც გარემოში და სამყაროში. გარდა იმისა, რომ რაღაც პრობლემები შემექმნა ცალსახად, თან დიდი, იმხელა ტვირთი მოიხსნა, რომ ამან ძალიან დიდი ძალა მოიტანა. ძალა იმ კუთხით, რომ გავიგე, ჩემს თავთან რაში ვსწორდები და რაში გავსწორდი. ეს ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ადამიანი, პირობას რომ ვუყენებ ჩემს თავს და ამ პირობას ვასრულებ (პირობის შესრულება ძალიან მნიშვნელოვანი რამაა), როცა შენს თავს პირობას მისცემ, იმ შესრულებულ პირობას ყოველთვის ახალი პირობა მოაქვს და მთელი ცხოვრებაც ეს არის. ყველა ადამიანი თავის სიტყვაზე, თავის ცხოვრებაზე აგებს პასუხს და არაფერი არ იფანტება. შეცდომას, რა თქმა უნდა, ვუშვებთ, თუმცა შენს თავთან იმხელა კომპრომისზე არ უნდა წახვიდე, რომ ამ კომპრომისმა შეგცვალოს, დაგანგრიოს და არ მოგცეს საშუალება, წინ გაიხედო.

ერთ დღეს შეიძლება გაიღვიძო და დაგხვდეს შენი და თორნიკე გოგრიჭიანის კოცნის ვიდეო სპექტაკლიდან, რომელსაც 5 წელია თამაშობ. ერთი მხრივ, გაბრალებდნენ, რომ „ჰომოსექსუალობის პროპაგანდას” აწარმოებ სცენიდან, მეორე მხრივ კი, ადამიანები გიცავდნენ ამის გამო. როგორი შეგრძნებაა ეს?

რაღაც მომენტში მსახიობებისგანაც იყო ცოტა უცნაური მხარდაჭერა, როცა ამბობდნენ, რომ მართლა ეგეთი კი არაა. ოღონდ ამას სხვა ფორმულირება ჰქონდა და ძალიან უცნაური იყო იმიტომ, რომ ამის გამორჩევა, ასეთია თუ არა, რას ნიშნავს. რამდენიმეს პირადად ვუთხარი – მე კი ნუ მიცავ, არ მინდა დაცვა, მადლობა, თუ დაცვაზეა ლაპარაკი, დაიცავი პროფესია, რას ნიშნავს ეს პროფესია.

ის კადრი, სპექტაკლიც იცი, კონტექსტიდან ამოვარდნილია. სულ სხვა რამეზეა სპექტაკლი, არაფერს არ ეხება, არანაირ პროპაგანდას, სულ სხვა მოცემულობაა. ამ ვიდეოს გავრცელება იყო კონკრეტული გამიზნული ნაბიჯი, რომელიც, ვფიქრობ, გათვლილი იყო ელექტორატზე. თან ამაში ფული დახარჯეს, დაასპონსორეს. ეს ძალიან სევდიანია მსახიობისთვის. ცდილობ ამ პროფესიაში იყო, ემსახურო რაღაცას, შენი განცდები გააზიარო, მთლიანობაშიც, ხელოვნება ხომ თანაგრძნობაა. სპეციალურად იყო აღებული ეს კადრი, კონტექსტი სულ სხვა არის სპექტაკლში (ასე რომ ყოფილიყო, კიდევ სხვა რამეა, არც მაგაზე მაქვს პრობლემა). ეს არ იყო ჯგუფების ნამოქმედარი, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით. ვიცით, რა მდგომარეობაა, რასთან მიდის ბრძოლა, რა დონის პრიმიტივიზმამდეა დასული იდეების თუ აზრების განხილვა იმისთვის, რომ მთავარ შინაარსს და პრობლემებს მოწყდეს საზოგადოება.

თავისთავად, ძალიან მძიმეა ერთი კონკრეტული მსახიობისთვის, რომელიც ამდენი წელია ამ პროფესიაშია და უცბად, პროფესიაში არის დარტყმა, უნდათ, რომ პიროვნულად, პროფესიაში გააფუჭონ. ეს ჩემს გაფუჭებაზე იყო გათვლილი, მაგრამ მე მჯერა ჩემი პროფესიის, მჯერა ხელოვნების, მჯერა ადამიანის. შესაბამისად, ეს რწმენა მქონდა 5 წლის წინ, როცა „დემონები“ დაიდგა, ახლაც მაქვს და დიდი იმედი მაქვს, კიდევ მექნება.

განცდა, რომ ამ პროფესიაში ხარ, საკუთარი თავის განვითარების აღქმაში, ამ დროს რაღაც პერიოდი გადის და ერთ დღეს, ერთ თვეს თუ ერთ წელიწადს, უცბად ამჩნევ, რომ ვიღაც იმის გამო გებრძვის, რომ შენი შეხედულება დააფიქსირე, გებრძვის პიროვნულად, პროფესიაში, და ამჩნევ, რომ აქ სახელმწიფოს კვალია, ძალიან სევდიანია.

რა თქმა უნდა, ძალიან სევდიანია ამის გაცნობიერება, მაგრამ შენც ხომ გახსოვს, მე არ შევედი ამ მოედანზე. არა იმიტომ, რომ ვიღაცასთან დაპირისპირების ძალა არ მაქვს. უბრალოდ ხვდები, რომ ამ ველზე გადასვლა ნიშნავს მათ ველზე გადასვლას და, შესაბამისად, უკან დგამ ნაბიჯს. ამიტომ ჯობია, ამაზე კი არ იფიქრო, კიდევ ერთხელ და უფრო კარგად დაფიქრდე, რატომ ხარ ამ პროფესიაში, რა არის მნიშვნელოვანი, თურმე რამხელა ძალა აქვს შენს პროფესიას და რამხელა ძალა აქვს სიტყვას.

სერიალები, პოპულარობა და მიდგომა. გქონია შეგრძნება, რომ ადამიანები იმით არ გიცნობენ, რაშიც ბოლომდე იხარჯები?

რაღაც პერიოდი, როცა მაჩერებდნენ „ტიფლისის” გამო, ვეუბნებოდი: რა ვიცი, ისე ვარ… ბოლომდე ვერ ვქენი, რიგი მიზეზების გამო… მერე მივხვდი, რომ ვიღაცას მოსწონს და რაღაც კუთხით ჰგონია, რომ შენი მაქსიმუმია, შეიძლება შენ საწინააღმდეგოს ფიქრობ, მაგრამ მას უნდა დაუტოვო ამის უფლება და არ არის საჭირო შეხვიდე პოლემიკაში და უთხრა, რომ ასე არ თვლი.

შენთვის როგორ არის? 

ამ პროფესიაში შესვლა, რაც ვახსენე და ნარცისიზმი ეგ არის. შენთვის რა არის მნიშვნელოვანი, რომელია შენთვის მნიშვნელოვანი – პოპულარობა თუ საქმის კეთება. არსებობენ მსახიობები, რომლებიც კმაყოფილი არიან იმით, რომ რომელიღაც თეატრის შტატში არიან, აქვთ მსახიობის სტატუსი და ეს მათთვის მისაღებია. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია გამოხატვის შესაძლებლობა.

ეგ მაქსიმუმი მარტო „ტიფლისზე“ არ არის. ფილმებშიც, სიმართლე გითხრა, ძალიან ბევრი წარუმატებლობა მქონია ცხოვრებაში, ასე რომ შევხედოთ, პროფესიულად ძალიან ბევრი. ამას ვაცნობიერებ, ყოველთვის თვალს ვუსწორებ და ალბათ ის, რომ თუნდაც არ ვკმაყოფილდები იმით, რომ – „ცუდი არ იყო“, ეგ მაძლევს ძალას, ყველაფერი, კარგიც და ცუდიც. თუ შევხედავთ, უფრო მეტი წარუმატებლობაა ჩემს ცხოვრებაში პროფესიული კუთხით, ვიდრე „წარმატება“. რაზეც ვლაპარაკობდით, შენი თავის გამოხატვა უფრო ნაკლებია, ვიდრე წარუმატებლობა. მაგრამ მთავარი, ბოლო წლებში მივხვდი ამას, ნებისმიერი წარმატება თუ წარუმატებლობა არის მხოლოდ და მხოლოდ გამოცდილება. ეს ყველაფერი ილექება, როგორც გამოცდილება და მეხსიერება. თუ რომელიმეში შეხვედი, ორივეს აქვს საფრთხე, დაგანგრიოს, მაგრამ თუ უბრალოდ ცხოვრებას აგრძელებ, ამბობ – კი ბატონო, მე შემიძლია თვალი გავუსწორო ჩემს წარმატებასაც და წარუმატებლობასაც, მაგრამ მინდა კიდევ სხვაგან ვეძიო, მინდა სხვა მოგზაურობა. ყველა სპექტაკლი და ყველა ფილმი იდეურად არის ახალ-ახალი მოგზაურობა, ახალ სამყაროსთან შეხება. ისეთ გარემოსთან შეხება, რომელიც შენს ყოველდღიურობაში არ არის ან შეიძლება მსგავსია. ეგ არის ჩემთვის ამ პროფესიაში ყველაზე დიდი საზრისი.

დღევანდელობა და თეატრი. რამდენად ცდილობს თეატრი დღეს, გამონაკლისებს არ ვგულისხმობ, მაყურებელი გაიყვანოს იმ ჩაკეტილი სივრციდან, რომელიც წლების მანძილზე შეიკრა. უფრო მეტად უნდა ასახავდეს რეალობას, უფრო პოლიტიკური უნდა იყოს?

იცი, თეატრი მთლიანობაში მაინც ყოველთვის პოლიტიკურია. ნებისმიერი ხელოვნება ასახავს რეალობასაც და დაშვებასაც. აქვს იმის ძალა, რომ ასახოს რეალობა, ოღონდ ჭკუის სწავლების გარეშე, ან რაღაც ისეთი დაუშვას, რაც შეიძლება განხორციელდეს, ხელშესახები გახდეს აზროვნების დონემდეც კი. შენ ცალკეული მოვლენები ახსენე და ეგრეა. ჩვენთან, სამწუხაროდ, ცალკეული მოვლენები ქმნის ამას და არ არსებობს კულტურის პოლიტიკა. რა მდგომარეობაშიც არის კულტურა დღეს, თუნდაც თეატრალური სამყარო, რა ხდება,  საერთოდ გაუგებარია, ასეთი წნეხი და „ჩემს ჭკუაზე გავიაროთ“. სხვათა შორის, არა ვიღაცის მაამებლად, ისე ვამბობ, რომ ეს პრაქტიკა წინა წლებშიც იყო, წინა მთავრობების დროს. ხელისუფლებები ყოველთვის სათავისოდ იყენებდნენ თეატრალურ სამყაროს. ინდივიდები რაღაც კუთხით ცდილობდნენ, რომ თავისუფლები ყოფილიყვნენ. იყო ბევრი მაგალითი, იყო ინდივიდუალური აფეთქებები და მერე ის ადამიანებიც კი მოექცნენ კონიუნქტურის ქვეშ, ეს არის ჩვენი რეალობაც და წარსულიც. მუზეუმის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს, მაგრამ თითქოს ქართული თეატრი დაემსგავსა მუზეუმს. თეატრი თავისთავად არ უნდა იყოს მუზეუმი, იმიტომ, რომ არსშივე მუზეუმი თეატრი ვერ იქნება. მუზეუმს აქვს თავისი ფუნქცია და ძალიან საინტერესო და კარგია, რომ ადამიანებს აქვთ იმის უნარი, მოიძიონ, შეინახონ და რეაგირება მოახდინონ წარსულზე. გასაგებია, მაგრამ თეატრის და ნებისმიერი სხვა ხელოვნების დანიშნულება არის რეფლექსირება დღევანდელობაზე, აწმყოზე და რაღაცის დაშვებაზე.

ამ შემთხვევაში პოლიტიკური კონტექსტები იმდენად დიდი და ჩახლართულია, იმდენად დაბინძურებულია გარემო. იმდენად აქტორული როლი მოირგეს პოლიტიკოსებმა და სანახაობრივადაც მოიცვეს ყველაფერი, ფულით და ტელევიზიებით, იმდენად შევიდნენ ამ ყველაფერში, რომ თეატრის და კულტურის ადგილი აღარ დარჩა. კულტურაზე ვინ ფიქრობს?.. შეხედე კულტურის პოლიტიკას, ეს კულტურის პოლიტიკა არ არის, ეს არის ელექტორატის პოლიტიკა. მხოლოდ და მხოლოდ, მეტი არაფერი.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, მე თუ მკითხავ, ბოლო პერიოდში არის იმის ნიშნები, სხვათა შორის, არა მარტო ნიშნები, ასე თუ ისე, მნიშვნელოვანი ძვრები, რომლებმაც შეიძლება განაპირობოს თუნდაც თეატრალური ხვალინდელი დღე. იმის ილუზია, რომ თეატრს რაღაცის შეცვლა შეუძლია და ამბიონიდან უნდა ილაპარაკოს ვინმემ, სისულელეა. არავის ჭკუა არ უნდა ასწავლო, უნდა ასახო და უნდა იყო პულსაციაში. უნდა შეეცადო, შენს თავთან იყო მართალი და გულწრფელი ემოციით იდგე სცენაზე. გულწრფელი ემოცია, როგორი რთულიც არ უნდა იყოს პიესა, ყოველთვის გაგებულია, ბოლომდე გაგებული და გააზრებული თუ არ არის, ნაგრძნობი ყოველთვის არის მაყურებლის მხრიდან. ეს მნიშვნელოვანია და რაღაც კუთხით ეს არის მთელი ხელოვნების ფუნქციაც, ამ შემთხვევაში, თეატრალური ხელოვნების.

ნიჰილიზმი და მომავლის იმედი

თითქოს უკეთესი მომავლისთვის ცხოვრობს ადამიანი, ეს მისი სევდიანი მდგომარეობაც არის, მაგრამ ძალიან ადამიანურია, როცა ნაგავშია ადამიანი, შეიძლება იფიქროს სილამაზეზე. ეს ძალიან ადამიანურია, შეიძლება რაღაც კუთხით, ხშირ შემთხვევაში, არალოგიკური იყოს, მაგრამ მე მაინც მჯერა ამის. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ ადამიანმა დაიჯეროს. ჩემთვის ყველაზე დიდი გამოწვევაა, ადამიანმა დაიჯეროს, რომ რაღაც შესაძლებელია… შესაძლებელია უკეთეს მდგომარეობაში იყოს. ამ უკეთესი მდგომარეობის მოპოვება  არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის ჭეშმარიტება. იმ უკეთესი მდგომარეობიდან კიდევ უკეთეს მდგომარეობაში გადადიხარ, ეს არის წვრთნა, ეს არის ცხოვრება. იმიტომ, რომ ჩვენ ერთი ცხოვრება გვაქვს მოცემული, ყოველ შემთხვევაში, ცნობიერად ასეა, და ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცით, არის, რომ მოვკვდებით. სხვა ზუსტად არაფერი არ ვიცით სამყაროში.  რადგან ვიცით, რომ მოვკვდებით და ცხოვრების პირობითობა არსებობს, რა თქმა უნდა, სულ უნდა ირწმუნო ადამიანობის. ადამიანად ყოფნა, ამის შეუძლებლობა გასაგებია და ეს ძალიან დიდი რეალობაა, მაგრამ ის, რომ ყოველთვის არსებობს გამოსავალი, ამაზე მოჭიდება ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანური ფაქტორია.

 ჩემთვისაც მთავარი პრინციპი და ძალაც ეგ არის. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ძალიან რთული პერიოდები, ძალიან რთული საათები დღის განმავლობაში ან ძალიან ცუდი დღეები და კვირები, აქედან გამოსვლა ყოველ ჯერზე არის კიდევ ერთი იდეური გამარჯვება. ამის რწმენა გააძლიერებს საზოგადოებასაც, თუ საზოგადოებაზე გადავიტანთ ამ ყველაფერს. ნიჰილიზმი, რომელიც წლებია, ათწლეულებია და ასწლეულებია ითესება ამ ქვეყანაში, ადამიანის გონებისთვის ყველაზე მომწამვლელი რამაა. უნდა დავიჯეროთ და დავაჯეროთ ერთმანეთს, თუნდაც პოლიტიკურად ავიღოთ, გინდ თეატრში, თუ ადამიანი არ გაძლევს არა მხოლოდ იმედს, არამედ შესაძლებლობას, რომ მომავლის დაიჯერო, მაშინ რა აზრი აქვს.

ჩვენი პოლიტიკა რაზეა აგებული, სულ წარსულზე, წარსულის ბრაზზე. გეუბნებიან, რომ ეს ჭამე, ეს ბრაზი ჭამე და არავინ არ გახედებს მომავალში. შეიძლება ხვალინდელი დღე არ იყოს მთლად ეგეთი განსაკუთრებული, მაგრამ ხვალინდელი დღე ხომ სხვა იქნება და განსხვავებული წარსულისგან. ეს არის. თეატრმაც, მუზეუმს რომ ვამბობ, ამას ვგულისხმობ, წარსულში არ უნდა მაცხოვროს. წარსული თავისთავად ცუდი კი არ არის, მარტო ცუდი წარსულიდან გამომდინარე. წარსული წარსულია და წარსული გააზრება ყოველთვის უნდა მოხდეს, რაც არ უნდა მტკივნეული და წარუმატებელი იყოს. წარმოიდგინე, შენ რომ რაღაც დამიშავო და მე სულ ეს გაძახო, შენ ხომ შეიჭმები ამით. რომ გითხრა – კი ვაგრძელებ შენთან მეგობრობას, მაგრამ ნუ აი, ის, და ყოველ ჯერზე… ყოველ ჯერზე… შენ ხომ ეს შეგჭამს. ეს არის, რასაც ახლა ჩვენი პოლიტიკური გარემო სთავაზობს ჩვენ ქვეყანას, ჩვენს მომავალს. სთავაზობს ჩემს შვილს, ჩვენს შვილებს, ჩვენ, მათ და ჩვენს მეგობრებს, წინ რა არის, ნუ გაიხედავ, ახლა და უკან რა იყო, იმას უყურე, მოკლედ… ძალიან სევდიანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი