კომენტარი

არის თუ არა აშშ-ის გადაწყვეტილება “მოსანქციო რამ” — კელი დეგნანის პასუხი

12 აპრილი, 2023 • 4413
არის თუ არა აშშ-ის გადაწყვეტილება “მოსანქციო რამ” — კელი დეგნანის პასუხი

“არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტერმინს გამოიყენებ. შედეგები ერთნაირია”, — ასე პასუხობს აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მმართველი გუნდის განცხადებებს, რომელთა თანახმადაც, ელჩმა მოსამართლეების სანქცირებასთან დაკავშირებით რიტორიკა შეცვალა.

12 აპრილს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვლმა, დეგნანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ელჩის თქმით, ესაა სავიზო შეზღუდვა და არა სანქცია. პაპუაშვილის სიტყვებით, მანამდე “ენობრივი თარგმანის პრობლემა” იყო.

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი დასძენს, რომ საბოლოოდ ელჩს უკან დახევა და იმის თქმა მოუწია, ეს სანქცია კი არა, “მოსანქციო” რამ არისო.

“ნეტგაზეთმა” კელი დეგნანს ჰკითხა, როგორ უპასუხებდა მმართველი გუნდის ლიდერების ამ განცხადებებს.

“აშშ-ის კანონმდებლობით საკმაოდ ნათელია, რას ნიშნავს ეს სანქციები და რატომ არის ისინი საჭირო აშშ-ის კანონმდებლობაში, როცა გვაქვს საკმარისი და სანდო მტკიცებულებები კორუფციულ ქმედებებში მონაწილე პირების შესახებ. არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ტერმინს გამოიყენებ. შედეგები ერთნაირია: ამ პირებს [სანქცირებულ მოსამართლეებს ავტ.] არ აქვთ უფლება, შევიდნენ აშშ-ში.

მას შემდეგ, რაც სახელმწიფო მდივანს აქვს საკმარისი, სანდო ინფორმაცია მნიშვნელოვანი კორუფციული ქმედებების შესახებ, შეერთებული შტატების კანონმდებლობით ჩვენ ვალდებულნი ვართ, დავაწესოთ ეს სავიზო სანქციები”, — აღნიშნავს დეგნანი და დასძენს:

“ინგლისურ ენაში ძალიან, ძალიან ნათელია, თუ რას წარმოადგენს ეს [სანქციები]. ესაა სანქციები, რომელთა საჭიროებაც დგება კორუფციულ საქმიანობაში მონაწილეობის შესახებ სანდო ინფორმაციის საფუძველზე. სამწუხაროდ, ქართული იმდენად კარგად არ ვიცი, რომ ამ შეკითხვას ქართულად ვუპასუხო, თუმცა ინგლისურად საკმაოდ ნათელია, თუ რას ნიშნავს ეს სავიზო სანქციები, რომელთა შედეგია ის, რომ ეს ადამიანები ვერ შევლენ აშშ-ში”.

მისივე თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს მოსამართლეთა მიმართ ბრალდებებზე საკუთარი გამოძიების დაწყება, ეს ქართველ ხელისუფალთა გადასაწყვეტია.

“თუ საქართველოს ხელისუფლებას სურს, გადაწყვიტოს ამ ბრალდებებთან დაკავშირებით თავისი, საკუთარი გამოძიების დაწყება საქართველოს კანონმდებლობით, ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების პრეროგატივაა.

ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი გამოიყენებენ ამ შესაძლებლობას, რათა წარმოაჩინონ საქართველოს ერთგულება კორუფციასთან ბრძოლაში, კანონის უზენაესობისა და დამოუკიდებელი სასამართლოს დაცვის კუთხით.

ეს არის ის, რაზეც ამ მთავრობამ, ამ მმართველმა პარტიამ აწარმოა კამპანია 2011 და 2012 წლებში: კორუფციისგან მართლმსაჯულების გაწმენდა და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის უზრუნველყოფა. [ის] აკრიტიკებდა კიდეც ზოგიერთ ამ პიროვნებას”, — აღნიშნავს ელჩი.

მოსამართლეების სანქცირება

5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ სანქციებს უწესებს ე.წ. კლანის წევრ მოსამართლეებს.  სახდეპის თქმით, სანქცირება უკავშირდება მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათ ჩართულობას. მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ აშშ-ში შესვლა.

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი სანქცირებას „სრულიად გაუგებარს და მიუღებელს უწოდებს“. დარჩიაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ გადაწყვეტილება გადაიხედება ან ბრალეულობის მტკიცებულებები გამოქვეყნდება. საპირისპირო შემთხვევაში, წერს დარჩიაშვილი, „საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის მხრიდან აღნიშნული აღიქმება როგორც სუვერენული სახელმწიფოს დამოუკიდებელ სასამართლოზე ზეწოლა“.

გარდა ამისა, მხარდაჭერა სანქცირებულ მოსამართლეებს გამოუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და განაცხადა, რომ „მიუღებელია სუვერენულ სასამართლოში ჩარევა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი