კომენტარისაზოგადოება

რატომ არ დაახვედრეს გერმანიის მინისტრს EU-ს დროშა აეროპორტში — საგარეოს განმარტება

24 მარტი, 2023 • 3051
რატომ არ დაახვედრეს გერმანიის მინისტრს EU-ს დროშა აეროპორტში — საგარეოს განმარტება

გვიან ღამით ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს ეწვია გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარემო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი.

ეს არის ბერბოკის პირველი ვიზიტი საქართველოში. აეროპორტში მას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე დახვდა. თავად მინისტრი დარჩიაშვილი 23 მარტს ბრიუსელში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა.

აეროპორტში ბერბოკის ჩამოსვლის დროს ევროკავშირის დროშა არ დაუმონტაჟებიათ. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში ნეტგაზეთს განუცხადეს, „ორმხრივი ვიზიტის დროს იკიდება მხოლოდ ორი დროშა — სტუმრისა და მასპინძლის“.

დროშები აეროპორტში ბერბოკის ვიზიტისას. ფოტო: საგარეო საქმეთა სამინისტრო

თუმცა ევროკავშირის დროშა აეროპორტში აღმართული იყო 2018 წლის აგვისტოში, როდესაც ოფიციალური ვიზიტით ქვეყანაში ანგელა მერკელი ჩამოვიდა.

საქართველოს, გერმანიისა და ევროკავშირის დროშები თბილისის აეროპორტში 2018 წელს, კანცლერ ანგელა მერკელის ვიზიტისას. ფოტო: სქრინი ვიზიტის ამსახველი ვიდეოდან

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში ბერბოკი  უნდა შეხვდეს ადგილობრივ არასამთავრობო და სამოქალაქო ორგანიზაციებს, ასევე, ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილს, სალომე ზურაბიშვილს. ის ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზსაც.

ჩამოსვლამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა საქართველოს ხელისუფლება „პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობების გამო“. აღნიშნული განცხადების გამო „ოცნების“ წარმომადგენლებმაც გააკრიტიკეს ბერბოკი, მაგალითად, კალაძემ თქვა, რომ „ეს ადამიანი რეალობას აცდენილია“. სახელისუფლებო მედიასაშუალებებმა კი მის წინააღმდეგ დისკრედიტაციული კამპანია წამოიწყეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი