ახალი ამბები

კალაძის თქმით, გერმანიის საგარეო მინისტრი “რეალობას აცდენილია“

23 მარტი, 2023 • 1270
კალაძის თქმით, გერმანიის საგარეო მინისტრი “რეალობას აცდენილია“

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი და თბილისის მერი კახა კალაძე პასუხობს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ანალენა ბერბოკის განცხადებას და ამბობს, რომ „ეს ადამიანი რეალობას აცდენილია“:

„არ ვიცი, რაზე საუბრობს, აშკარად იკვეთება ის, რომ რეალობას აცდენილია ეს ადამიანი. ეს არის იმ კურსის და ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვისმენთ საქართველოსთან მიმართებაში, აბსოლუტურ სიცრუეს. საქართველო ყველაფერს აკეთებს ევროინტეგრაციის გზაზე. თქვენ იცით, რომ ყველაფერს გავაკეთებთ 12 -პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, რომელიც წარმოდგენილია. ერთადერთი, ვინც არ იღებს პასუხისმგებლობას, არ იღებს მონაწილეობას ამ ყველაფერში და არ აქვს სურვილი იმისა, რომ საქართველომ მიიღოს სტატუსი, არის ოპოზიცია“ ,— ამბობს კალაძე.

ანალენა ბერბოკი საქართველოში დღეს, 23 მარტს, უნდა ჩამოვიდეს. ვიზიტამდე გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განცხადება გაავრცელა, სადაც ბერბოკი ამბობს, რომ ქვეყნის პროევროპული კურსიდან გადახვევის მცდელობებს ხედავს.

„საქართველოს მოსახლეობას აქვს ევროკავშირის მკაფიო მიზანი. ბოლო კვირებში ისინი თბილისის ქუჩებში აფრიალებდნენ ევროკავშირის დროშას პლურალიზმისა და კანონის უზენაესობის დასაცავად. ჩემი ვიზიტისას მინდა ნათლად განვაცხადო, რომ გერმანია სრულად უჭერს მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. ჩვენ ვხედავთ ქვეყნის გადახვევის მცდელობებს პროევროპული კურსიდან, რომელსაც ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა იცავს. ვხედავთ ზეწოლას, რომელსაც ქვეყანა აწყდება შიგნიდან და გარედან“, — ნათქვამია ანალენა ბერბოკის კომენტარში, რომელსაც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ბერბოკის თქმით, საქართველოს მთავრობას გაესაუბრება იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებიც ქვეყანამ ჯერ კიდევ უნდა გადადგას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.

„დემოკრატიული სტანდარტების პატივისცემის გარდა, საქმე ეხება მედიის თავისუფლებას, აქტიური სამოქალაქო საზოგადოების შენარჩუნებას და პატივისცემით განწყობილ საჯარო დებატებს — მაშინაც კი, თუ მოსაზრებები ზოგჯერ შორს არის ერთმანეთისგან. როგორც ევროკავშირს, ეს ღირებულებები გვაერთიანებს და აქ არ შეიძლება იყოს ჩავარდნები ან ფასდაკლებები“, — აცხადებს ანალენა ბერბოკი.

ბერბოკის საქართველოში ვიზიტის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ საქართველომ მკაფიო პოზიცია დაიკავა უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის წინააღმდეგ  და ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა ევროკავშირისკენ მიისწრაფვის.

„ბოლო კვირების განმავლობაში ქვეყანა არაერთხელ მოხვდა გერმანული და საერთაშორისო მედიის სათაურებში. ათასობით მოქალაქემ გააპროტესტა დაგეგმილი კანონი, რომლითაც საქართველოს მთავრობას სურდა, დაერეგულირებინა არასამთავრობო ორგანიზაციების საზღვარგარეთიდან დაფინანსება. რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობამ კანონპროექტი უკან გაიწვია. ახალგაზრდები იყვნენ საპროტესტო აქციების მამოძრავებელი ძალა“, — ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისში ვიზიტის ფარგლებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება ქართველ კოლეგა ილია დარჩიაშვილს, საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, ასევე, ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებს. ანალენა ბერბოკი ასევე მოინახულებს საოკუპაციო ხაზს.

მასალების გადაბეჭდვის წესი