კომენტარი

როცა აგენტად გაცხადებენ — ინტერვიუ რუს იურისტთან აგენტების რუსულ კანონზე

23 თებერვალი, 2023 • 2768
როცა აგენტად გაცხადებენ — ინტერვიუ რუს იურისტთან აგენტების რუსულ კანონზე

კარგა ხანია, კრემლისა და მისი პოლიტიკის კრიტიკა რუსეთში “უცხოეთის აგენტობის” ეკვივალენტურია. ამ სტატუსს ექვემდებარება ფაქტობრივად ყველა ორგანიზაცია თუ ფიზიკური პირი, რომელიც პუტინის ხელისუფლებას რაიმე ფორმით უქმნის დისკომფორტს.

2012 წელს  “უცხოელი აგენტების კანონის” გამო რუსეთში დაწყებული რეპრესიები მაქსიმ ოლენიჩევს 9 წლის შემდეგ შეეხო. რუს იურისტს, რომელიც თავის გუნდთან ერთად არაერთ გახმაურებულ სასამართლო საქმეში იყო ჩართული, ახლა “უცხოეთის აგენტის” სტატუსი აქვს და მოუწია, რუსეთი დაეტოვებინა. 

“თავისი კონცეფციით რუსეთის კანონს მოგვაგონებს” — გვეუბნება, როცა ვეკითხებით, რას ფიქრობს საქართველოს პარლამენტში შემუშავებულ კანონპროექტზე, რომელიც უცხოეთიდან დაფინანსებულ მრავალ ორგანიზაციას “უცხოური გავლენის აგენტად” აცხადებს.

რუსეთიდან წამოსული ოლენიჩევი, რომელიც საქართველოში 10-თვიანი ცხოვრების შემდეგ, 1 კვირის წინ, მესაზღვრეებმა უკან გააბრუნეს, წერილობით ინტერვიუში გვიყვება, როგორ მოსპო კრემლმა მრავალი კრიტიკული მედიასაშუალება თუ სხვა ორგანიზაცია ხსენებული კანონის გამოყენებით და რას უქადის მსგავსი კანონის მიღება საქართველოს. 

მაქსიმ, მოდით, დავიწყოთ საუბარი რუსეთში 2012 წელს მიღებული ამ კანონის თავდაპირველი ვერსიით: გახსოვთ, რა ეწერა მასში? ამჟამინდელთან შედარებით, რამდენად ფართო და ხისტი იყო პირვანდელი ვერსია?

რუსული კანონი “უცხოეთის აგენტების” შესახებ 2012 წელს შევიდა ძალაში. ამ პერიოდში კანონმა საშუალება მისცა აღმასრულებელ ხელისუფლებას, ფაქტობრივად, გაენადგურებინა სამოქალაქო საზოგადოება, რამაც პუტინს გაუადვილა, დაეწყო ომი უკრაინაში.

ვინაიდან [პირველ წლებში] არც რთმა დამოუკიდებელმა ორგანიზაციამ “უცხოეთის აგენტად” რეგისტრაციაზე  განაცხადი [ნებაყოფლობით] არ შეიტანა, 2014 წელს ხელისუფლებამ კანონი შეცვალა. მათ საშუალება მისცეს რუსეთის იუსტიციის სამინისტროს, თვითონ გადაეწყვიტა არაკომერციული ორგანიზაციების “უცხოეთის აგენტად” რეგისტრაცია.

ამის შემდეგ 500-ზე მეტი ორგანიზაცია და ადამიანი შეიყვანეს სიაში.

მივიჩნიეთ, რომ ეს კანონი იყო ჩვენი უფლებების შეზღუდვა და რუსულ სასამართლოებში ვიბრძოლეთ მის წინააღმდეგ, თუმცა [უშედეგოდ].

2012 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში პირველი საჩივარი შევიდა კანონთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, [სტრასბურგმა] გადაწყვეტილება მხოლოდ 2022 წლის ივნისში გამოიტანა – მას შემდეგ, რაც იმავე წლის მარტში რუსეთი ევროპის საბჭოდან გარიცხეს.

ევროპის სასამართლოს ეს გადაწყვეტილება დადგა საქმეზე, სახელწოდებით “ეკოზაშიტა და სხვები რუსეთის წინააღმდეგ”, რომელზეც მეც ვიმუშავე. თუმცა რუსეთმა უარი თქვა მის აღსრულებაზე. ევროპულ სასამართლოს საქმე 10 წლით ადრე რომ განეხილა, შესაძლოა, რუსეთის სამოქალაქო საზოგადოება არ დანგრეულიყო.

დროთა განმავლობაში, “უცხოეთის აგენტების” კანონი რუსეთში უფრო კომპლექსური გახდა: 2017 წელს ხელისუფლებამ დამოუკიდებელი მედიასაშუალებების გამოცხადება დაიწყო “უცხოეთის აგენტებად”. 2019 წელს ეს კანონი შეეხო ფიზიკურ პირებს, სახელდებით “მასმედია – უცხოეთის აგენტები”, იმის მიუხედავად, ეს ადამიანები ჟურნალისტები იყვნენ თუ არა.

2020 წლიდან “უცხოეთის აგენტებად” აცხადებდნენ ადამიანების უფრო ფართო წრეს და არარეგისტრირებულ ორგანიზაციებსაც.

უშუალოდ თქვენ როდის და რატომ გამოგაცხადეს “უცხოეთის აგენტად”? რას გედავებოდნენ?

“უცხოეთის აგენტად” რუსეთმა 2021 წლის 8 ნოემბერს გამომაცხადა. ხელისუფლებას მიზეზი არ უთქვამს. იძულებული გავხდი, საჩივარი შემეტანა სასამართლოში მათ წინააღმდეგ და მხოლოდ იქ მითხრეს მიზეზები.

პირველ რიგში, განაცხადეს, რომ სტატიები დავწერე რუსეთში ლგბტ თემის დასაცავად ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გამოყენების შესახებ.

მეორეც, მათ განაცხადეს, რომ მე ვაკრიტიკებდი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სახელმწიფო არქივებიდან საბჭოთა დროს რეპრესირებული ბევრი ადამიანის ბედზე ინფორმაციის მოპოვების შეუძლებლობას. სასამართლოებში სწორედ ამ ხალხის ნათესავებს წარმოვადგენდი.

ასევე თქვეს, რომ მე და ჩემი კოლეგები ლიკვიდაციისაგან ვიცავდით ალექსეი ნავალნის ანტიკორუფციულ ფონდს. რუსეთმა ეს ფონდი მაინც დახურა, თუმცა მე და ჩემს კოლეგებს არ გვაპატიეს, რომ მისი სახელით სასამართლო პროცესებში მონაწილეობას ვიღებდით.

ამასთან ერთად, ხელისუფლება ამბობდა, რომ ფულს ვიღებდი ჩემი კლიენტებისგან იურიდიული საქმიანობის სანაცვლოდ. ზოგიერთი კლიენტი კი [იმ დროისთვის] უკვე გამოცხადებული იყო უცხოეთის აგენტად.

როგორ აისახა ეს სტატუსი თქვენს კარიერაზე? როგორ შეიცვალა თქვენი პროფესიული ცხოვრება, რა სახის პრობლემებს აწყდებოდით?

სასამართლო პროცესებზე ოპონენტი მხარის წარმომადგენლებმა დაიწყეს მინიშნებები იმაზე, რომ მე, პროფესიონალი ადვოკატი, რომელიც სასამართლოში ვსაქმიანობდი, “უცხოეთის აგენტად” ვიყავი გამოცხადებული. საბედნიეროდ, ასეთ განცხადებებს პროცესებზე გავლენა არ მოუხდენია, თუმცა ესაა პირდაპირი მაგალითი, თუ როგორ ხდება “უცხოეთის აგენტების” სტიგმატიზება.

არაერთმა კლიენტმა, რომლებთანაც დიდხნიანი თანამშრომლობა მაკავშირებდა, თავიანთ ვებგვერდებზე დამალეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მათთან ვმუშაობდი. მე მესმის მათი: არ სურდათ, სახელმწიფოს ისინიც “უცხოეთის აგენტებად” გამოეცხადებინა.

იძულებული ვარ, ნებისმიერ პოსტზე, რომელსაც ინტერნეტში ვაქვეყნებ, ისევე როგორც, დოკუმენტებზე, მივუთითო ჩემი “უცხოეთის აგენტობა”. [ამ დათქმის] ნებისმიერი სახით დარღვევისათვის სახელმწიფოს შეეძლო, 100 000-დან 300 000 რუბლამდე თანხით დავეჯარიმებინე. 2 ასეთი დარღვევის შემდეგ, რუსეთის კანონის თანახმად, შესაძლოა დადგეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა — 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა.

გარდა ამისა, იძულებული გავხდი შემექმნა “იურიდიული პირი”, რომელიც არ ფუნქციონირებს. შევქმენი მხოლოდ იმისთვის, რომ სახელმწიფოს ჯარიმა არ დაეკისრებინა. ასევე, იძულებული ვარ, 3 თვეში ერთხელ წარვუდგინო ანგარიშები სახელმწიფოს. ამ ანგარიშებში აუცილებლად უნდა აღვნიშნო, საიდან მივიღე თანხა და სად დავხარჯე, რას ვსაქმიანობდი. ანგარიშის წარუდგენლობა ჯარიმას გამოიწვევს. 2022 წლის 5 დეკემბრიდან ჯარიმა მერყეობს 30,000-დან 50,000 რუბლამდე თითოეული დარღვევისთვის.

კლიენტურა შემიმცირდა, იურიდიული სამუშაოს ნაწილიც დავკარგე. იმისთვის, რომ ჯარიმა არ შემხებოდა, ნაკლებად ვმონაწილეობდი საჯარო დისკუსიებში (მათ შორის, ნაკლებად ვწერდი ინტერნეტში). ამასთან, სასამართლოში გავასაჩივრე “უცხოეთის აგენტის” სტატუსი, მაგრამ გადაწყვეტილება ჩემს სასარგებლოდ არ დადგა. ვაგრძელებ საჩივრების შეტანას, რათა საერთაშორისო ორგანოებს მივმართო დაცვის მოთხოვნით ეროვნული სასამართლოების გავლის შემდეგ.

ფსიქო-ემოციურად თუ იმოქმედა “უცხოეთის აგენტად” გამოცხადებამ? კარიერულ ნაწილზე გასაგებია, თუმცა ასევე საინტერესოა, როგორ იმოქმედა ამ სახელდებამ თქვენზე, როგორც ადამიანზე?

მძიმე სტრესი განვიცადე. სიტყვები “უცხოეთის აგენტი” რუსეთში “ჯაშუშის” ეკვივალენტურია, რაც მე არასდროს ვყოფილვარ. მთელი ჩემი ცხოვრება ვცდილობდი, მემუშავა რუსეთში, რუსეთის მოსახლეობისთვის. მინდოდა, სახელმწიფოს უკეთ ემუშავა და ხალხის პრობლემები მოეგვარებინა. ამისათვის ვსაქმიანობდი ადვოკატად და სახელმწიფოსგან დაზარალებულებს წარმოვადგენდი სასამართლოში. ასე რომ, მე კანონი არ დამირღვევია, თუმცა სახელმწიფომ გადაწყვიტა, ჩემი კოლეგების მსგავსად, მეც “უცხოეთის აგენტად” გამოვეცხადებინე.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, სახელმწიფომ საქმეები აღძრა კრიტიკოსთა წინააღმდეგ. მე დავტოვე რუსეთი, რათა გამეგრძელებინა იქ მცხოვრები ხალხის დახმარება უსაფრთხო სივრცეში. ჩამოვედი საქართველოში, რომელიც ჩემი მეორე სახლი გახდა. მოვახერხე, ამომესუნთქა, სტრესიც გაქრა, თუმცა, ერთი კვირის წინ, საქართველოს ხელისუფლებამ ქვეყანაში აღარ შემომიშვა, ისევე როგორც ზოგიერთი სხვა “უცხოეთის აგენტი”.

მიზეზები არ ამიხსნეს. ახლა იძულებული ვარ, ისევ შევიცვალო სახლი და თავიდან ვაშენო ცხოვრება ახალ ადგილას. ეს უსამართლობაა: მე არ დამირღვევია ქართული კანონები, ვიზიდავ თანხებს საქართველოში, გადასახადებს ვიხდი…

რუსეთიდან წამოსული ბევრი უფლებადამცველი და აქტივისტი საქართველოს ხელისუფლებას ერთგვარ სიებში ჰყავს შეყვანილი. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსეთის ომს უკრაინაში, საქართველოს ხელისუფლება კი ხშირად ეუბნება უარს საქართველოში შემოსვლაზე. მრჩება განცდა, რომ რუს “უცხოეთის აგენტებზე” დაწესებული შეზღუდვები, სამწუხაროდ, საქართველოშიც გაგრძელდა. ჩვენ წასასვლელი არსად გვაქვს.

წაიკითხეთ ვრცლად: რუსეთში “უცხოეთის აგენტად” გამოცხადებული იურისტი ამბობს, რომ საქართველოში აღარ შემოუშვეს

სად არიან ახლა ის არასამთავრობო ორგანიზაციები თუ მედიასაშუალებები, რომლებიც სხვადასხვა წლებში რუსეთმა “უცხოეთის აგენტებად” გამოაცხადა? როგორ წარიმართა მათი მუშაობა ამ ბაზაში რეგისტრაციის შემდეგ?

ზოგიერთმა არასამთავრობომ უარი თქვა უცხოურ დაფინანსებაზე… ბევრი მათგანი  ლიკვიდირდა — პირველ რიგში, გარემოს დაცვაზე ორიენტირებული ორგანიზაციები და ისინი, ვინც აივ დადებით ადამიანებს ეხმარებოდნენ. რუსეთის სახელმწიფო ასეთ NGO-ებს არ აფინანსებს.

მეორე მხრივ, არასამთავრობოებს არ ძალუძთ, უზარმაზარი ჯარიმები იხადონ (300 000-დან 500 000 რუბლამდე) “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის თითოეულ დარღვევაზე. ისინი იძულებულნი გახდნენ, დახურულიყვნენ.

როგორც გითხარით დამოუკიდებელი მედიასაშუალებების შეყვანა “უცხოეთის აგენტების” სიაში 2017 წელს დაიწყეს და ახლა თითქმის ყველა დამოუკიდებელი მედიასაშუალება ამ სიაშია.

ამ კანონმა საშუალება მისცა ხელისუფლებას, ჩაეხშო ის მედიასაშუალებები თუ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც აკრიტიკებდნენ სახელმწიფოს. შედეგად, მრავალმა გუნდმა დატოვა რუსეთი, ვინაიდან მათთვის შეუძლებელი გახდა ქვეყნის შიგნით მუშაობა.

სახელმწიფომ მოსპო კრიტიკა ქვეყნის შიგნით. ესაა ერთ-ერთი მიზეზი რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებისა: სამოქალაქო საზოგადოება განადგურდა. მიუხედავად ამისა, ომის დაწყებიდან დღემდე, ძლიერი რეპრესიების პირობებში, რუსეთში 20 000-მდე ადამიანი დააკავეს  უკრაინაში ომის წინააღმდეგ პროტესტისთვის. რუსეთისთვის ეს დიდი რიცხვია.

საქართველოს პარლამენტში შემუშავებული კანონპროექტის ავტორები და მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ის ფინანსების გამჭვირვალობისთვისაა საჭირო. რუსეთშიც ისმოდა მსგავსი არგუმენტი?

დიახ, სახელმწიფო ყოველთვის საუბრობს ამაზე, მაგრამ “უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონის მიზანი, [რეალურად], სახელმწიფოსადმი კრიტიკის აღკვეთაა.

რუსეთში „უცხოეთის აგენტების შესახებ” კანონის მიღების დროს [უკვე] არსებობდა კანონმდებლობა უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ. ჯერ კიდევ მაშინ, 11 წლის წინ, არასამთავრობო ორგანიზაციებს წელიწადში ერთხელ უნდა წარედგინათ ანგარიში უცხოური დაფინანსების შესახებ. შესაბამისად, „უცხოური აგენტების შესახებ“ [ამისთვის] კანონის მიღება საჭირო არ იყო. “უცხოური აგენტების” რეესტრებში სახელმწიფოს არასოდეს შეუყვანია ისინი, ვინც ხელისუფლებას არ აკრიტიკებდა.

ასევე, 2022 წლის პირველ დეკემბერს რუსეთში  “უცხოეთის აგენტების შესახებ” ახალი კანონი ამოქმედდა, რომლითაც კიდევ 18 აკრძალვა განისაზღვრა “უცხოეთის აგენტებთან” მიმართებით. მაგალითად, მათ აეკრძალათ სახელმწიფოსგან [ფინანსური] მხარდაჭერის მიღება, უნივერსიტეტებში მუშაობა თუ საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობა.

ამიტომ, “უცხოეთის აგენტების” შესახებ კანონის მიზანი სამოქალაქო საზოგადოების დათრგუნვაა. თუ ასეთი მიზანი მიღწეულია, მაშინ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებს უადვილდებათ ძალაუფლების შენარჩუნება, რამდენ ხანსაც სურთ. ეს იწვევს დემოკრატიის ნგრევას. აზრთა მრავალფეროვნება – დემოკრატიის საფუძველი – წყვეტს არსებობას.

რა მსგავსება-განსხვავებებს ხედავთ საქართველოს პარლამენტში შემუშავებულ კანონპროექტსა და რუსეთში მიღებული კანონის თავდაპირველ ვერსიას შორის? რას ფიქრობთ, თუ მიიღეს, როგორ იმოქმედებს ეს კანონი ქართულ მედიასა და არასამთავრობო სექტორზე?

დიახ, კანონპროექტი თავისი კონცეფციით მოგვაგონებს რუსეთის კანონს “უცხოეთის აგენტების შესახებ”.  საქართველოშიც დიდი ჯარიმა ემუქრება ორგანიზაციას “უცხო ქვეყნის აგენტად” დაურეგისტრირებლობის შემთხვევაში,   ისევე როგორც რუსეთშია.  არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ასეთი ჯარიმების გადახდა ნაწილობრივ შეუძლებელია და ისინი იძულებულნი იქნებიან, დაიხურონ. შედეგად, ბენეფიციარები ვერ მიიღებენ მათ მომსახურებას.

…ასევე, კანონპროექტი შეიცავს მოსაზრებას, რომ თუ ორგანიზაცია იღებს უცხოურ დაფინანსებას, მაშინ ის არ მუშაობს ხალხისთვის, არამედ ასრულებს ვიღაცის დაკვეთას. იგივე ლოგიკა ჰქონდა რუსეთის ხელისუფლებასაც.

ვფიქრობ, რომ [ქართული] კანონი შეიძლება შეიცვალოს და ასეთ ორგანიზაციებს დაუწესდეთ ახალი შეზღუდვები და აკრძალვები, როგორც ეს რუსეთში მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი