კომენტარი

„პოლიტსაბჭო ფარდის მიღმა მყოფმა რამდენიმე ადამიანმა გააუქმა“ — მელია

6 თებერვალი, 2023 • 1868
„პოლიტსაბჭო ფარდის მიღმა მყოფმა რამდენიმე ადამიანმა გააუქმა“ — მელია

თანაპარტიელთა ნაწილის მსგავსად, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 5 თებერვლის ყრილობასა და ახალი პოლიტსაბჭოს დამტკიცებას აკრიტიკებს პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელიაც.

5 თებერვალს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგით მე-10 ყრილობა გაიმართა, რა დროსაც ახლად არჩეული თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის დამტკიცებასთან ერთად, დაამტკიცეს პოლიტიკური საბჭოს ახალი შემადგენლობა, ასევე, გაანაწილეს პარტიული თანამდებობები. როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკური საბჭოს ძველი შემადგენლობის გაუქმებისა და ახლის შექმნის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა დღემდე მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრთა ნაწილს.

ახალ პოლიტსაბჭოში საერთოდ ვერ მოხვდა ნიკა მელია და მისი არაერთი თანამოაზრე, მათ შორის, ეკა ხერხეულიძე, გიორგი პატარაია, ნუგზარ წიკლაური და ა.შ.

ნიკა მელია თავის ოფიციალურ ფეისბუკგვერდზე წერს:

„ის შემთხვევაა, როდესაც მხოლოდ წუხილი შემიძლია გამოვხატო ჩემი მოლოდინის გამართლებასა და დღეს ჩატარებულ ყრილობასთან დაკავშირებით. იმ ყრილობასთან დაკავშირებით, რომელზეც თავადვე გააუქმეს არჩევნების შედეგები, რომლითაც მართვაში მოვიდნენ და უარი უთხრეს ამომრჩევლის 40%-ზე მეტს პარტიის მართვაში მონაწილეობაზე, პოლიტსაბჭოში წარმომადგენლის ყოლასა და მათი აზრის გათვალისწინებაზე.

„ტექნიკური ყრილობის“ დასაწყისში ამომრჩეველს მაქსიმალურ ჩართულობას ჰპირდებოდნენ პარტიულ გადაწყვეტილებებში და ზუსტად ერთ საათში მავანისგან ზედმიწევნით ნასწავლ „გასაოცარ დემოკრატიასთან“ მივიდნენ….

ერთობაზე ისაუბრეს და განხეთქილება დათესეს ყოველ ნაბიჯზე, რომელიც ბოლო ორ თვეში გადადგეს.

მიშაზე ისაუბრეს და მიშასთან დაკავშირებული ყველა საკითხი უადგილო და უდროო აქტივობებით გადაფარეს.“

ნიკა მელიას აზრით, პარტიის ახალმა მენეჯმენტმა მიშას უახლოესი თანამებრძოლები პარტიის პოლიტსაბჭოში ჩაანაცვლა საკუთარი მეგობრებით.

„ჩრდილოვანი მართვა ყველგან ერთნაირია მიუხედავად იმისა, ვინ მართავს, ან რა მიზნით ხსნის მსგავსი ტიპის მართვის საჭიროებას. ჩრდილოვანი მმართველი მოდის ემოციური დაპირებით, დაცლილი რაციონალიზმისა და პრაგმატიზმისაგან და დემოკრატიით მოსული ამყარებს ავტოკრატიას.

დღეს ნაციონალურ მოძრაობაში ფაქტობრივად გაუქმდა პოლიტსაბჭოს, პარტიის საკონონმდებლო ორგანოს არჩევითობა ყრილობის მიერ, რომელსაც ორგანიზატორები „მცირესა და ტექნიკურს“ უწოდებდნენ.

გაუქმდა რამდენიმე, ფარდის მიღმა მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებით ისე, რომ მარტამდე მოქმედი პოლიტსაბჭოს ფორმალური ინფორმირებაც კი არ მომხდარა, ისე, რომ „ტექნიკური ყრილობის“ მონაწილეებმაც კი არ იცოდნენ კრების მიერ, სადაც 335 დელეგატი თავად შეარჩიეს. დამტკიცდა პოლიტსაბჭოს შედგენის წესი, სადაც ფაქტობრივად არაფერი რჩება არჩევითი ან ასარჩევი“, — აღნიშნავს მელია.

იგი ნაჩქარევს უწოდებს პარტიის ახალი მენეჯმენტის გადაწყვეტილებას და დასძენს, რომ „ღირსება და სიმართლე არც სკამს და თანამდებობას მოჰვება, არც ფულზე იყიდება, არც ქირავდება, არც ხურდავდება და, რაც მთავარია, არასდროს მარცხდება….“

ამავე თემზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი