კომენტარი

„ეს არის კატასტროფა“ – „ოცნების“ წარმომადგენლების კამპანია სააკაშვილის წინააღმდეგ

2 თებერვალი, 2023 • 1349
„ეს არის კატასტროფა“ – „ოცნების“ წარმომადგენლების კამპანია სააკაშვილის წინააღმდეგ

საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული მორიგი შეურაცხმყოფელი კამპანია  პირველ თებერვალს, მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესს მოჰყვა.

სასამართლოს სხდომაზე სააკაშვილი დისტანციურად ჩაერთო.

პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც პროცესს ერთთვიანი პაუზის შემდეგ ჩაერთო, ფიზიკურად კიდევ უფრო დასუსტებული ჩანდა.   პროცესზე სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისი გული უკრაინას ეკუთვნის და თუ უკრაინის გამარჯვებამდე ვერ იცოცხლებს, სურს, რომ მისი გული კიევში დამარხონ.

სააკაშვილის აღნიშნული ფრაზა სოციალურ ქსელში, განსაკუთრებით კი  მთავრობის მხარდამჭერი  გვერდებისა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული პირებისთვის სხვადასხვა დამცინავი და შეურაცხმყოფელი პოსტის და ფოტომონტაჟების ინსპირაცია გახდა. აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთვნენ საკრებულოებში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი დეპუტატებიც.

მაგალითად, მსგავსი შინაარსის დამცინავი და შეურაცხმყოფელი პოსტები გაავრცელეს ოზურგეთის საკრებულოში ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მარიკა ჩხიკვიშვილმა და საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ქეთევან ხომერიკმა. მოგვიანებით, ჩხიკვიშვილმა აღნიშნული პოსტი წაშალა.

ირაკლი მელაშვილი, ექსპერტი ადგილობრივი თვითმმართველობის საკითხებში, „ნეტგაზეთთან“ ამბობს, ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველი პარტიისთვის ადგილობრივი თვითმმართველობები მათი პარტიული ორგანიზაციებია.

„დაახლოებით ისეთი დამოკიდებულებაა, როგორიც თავის დროზე იყო ცკ-ს (საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი) და რაიკომს(რაიონული კომიტეტი) შორის. იქაც ხომ ასე იყო, რომ მათი ფილიალები იყო რაიკომები და არა ხელისუფლების დამოუკიდებელი ორგანოები. როგორც ჩანს, ეს ადამიანები იმ კრიტერიუმით  არიან შეკრებილები, რომ ყველაფერზე ხელის მომწერები არიან.

ის, რაც საკრებულოებში ხდება ამ დაპირისპირების კუთხით, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ უსაქმოდ დარჩენილი თვითმმართველობა, რომელიც რეალურად არაფერს არ წყვეტს და თავიანთ საქმეს არ აკეთებენ, გადაქცეული არიან პარტიული დაპირისპირების ასპარეზად. რა შეიძლება საერთოდ ამაზე ითქვას, როდესაც რამდენიმე პოსტის ავტორი მასწავლებელია და ბავშვებს ასწავლის. ეს არის კატასტროფა“, – ამბობს ირაკლი მელაშვილი.

მისი თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დაპირისპირება ისეთ დონეზეა, „ზნეობრივი აღარაფერი არსებობს“.

მელაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ მსგავსი შინაარსის პოსტების ავტორებთან დაკავშირებით მმართველი გუნდის წარმომადგენლებს რეაგირება არ ჰქონიათ.

„ჩემთვის მთავარი მანიშნებელი არის ის, რომ თავად პარტიას არანაირი რეაგირება არ გაუკეთებია ამაზე. ეს მინიმუმ იმას ნიშნავს, რომ ამ ადამიანებს არ დასჯიან და პასუხს არავინ მოსთხოვს, ანუ პარტია ამას ეთანხმება. ეს არის კატასტროფა, იმიტომ, რომ ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ კლიმატზე პირველ რიგში მმართველი პარტიაა პასუხისმგებელი.

აბსოლუტურად იდენტურ პოსტებს ვერ შექმნიდნენ. ადამიანი როცა პოსტს წერს, თუ ეს ინდივიდუალურია, წერტილ-მძიმეში მაინც იქნება განსხვავება. როდესაც ეს სურათებია  გაკეთებული, ეს, რა თქმა უნდა, კოლექტიური შრომის შედეგია. ეს ან პარტიამ გააკეთა, ან პარტიის რაიონულ ორგანიზაციაში გააკეთეს – ანუ პარტიული საქმიანობის შედეგია. ადგილობრივ დონეზე გაკეთდა ეს, ცენტრალურ თუ რეგიონალურ დონეზე, მე ეს არ ვიცი. ფაქტია, რომ ამაზე პარტიაში ვიღაცამ იმუშავა და ხელმძღვანელობაში ვიღაცამ ჩათვალა, რომ ეს კარგი იქნებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ფსკერი გახვრეტილია“, – ამბობს ირაკლი მელაშვილი ნეტგაზეთთან.

მითების დეტექტორის რედაქტორის მოადგილე მაიკო რატიანი კი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ ოპონენტების წინააღმდეგ მსგავსი მეთოდების გამოყენება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისა და მმართველ პარტიასთან დაკავშირებული გვერდების მიერ ახალი არ არის.

მისი თქმით, ეს იმაზე მიუთითებს, რომ მსგავსი პროცესები მმართველი პარტიიდან არის მართული.

„ზოგადად, ყველა მოვლენის შემდეგ, რაც პოლიტიკურ სივრცეში ხდება და შესაძლოა, ამან მთავრობის ქმედებების კრიტიკა გამოიწვიოს, „ქართული ოცნება“ მაქსიმალურად ცდილობს ხოლმე, რომ თავისი რესურსი სოციალურ ქსელსა თუ მის გარეთ მიმართოს. ეს გამოიხატება როგორც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი გვერდების, ასევე საჯარო მოხელეების აქტიურობაში, მაგალითად, მერიასა და საკრებულოებში დასაქმებულები ადამიანების. ისინი ძალიან აქტიურად აზიარებენ ხოლმე „ქართული ოცნების“ მიერ შექმნილი გვერდების პოსტებს.

აღარაფერს ვამბობ პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, რომლებიც ასევე „ქართული ოცნების“ რესურსის ნაწილია, როდესაც მსგავს პროპაგანდას ეხება საქმე და ისინიც აქტიურად არიან ჩართულები. უბრალოდ, საჯარო მოხელეებზე ხაზი უნდა გავუსვათ იქიდან გამომდინარე, რომ კანონმდებლობით მათ პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის ვალდებულება აქვთ“, – აცხადებს მაიკო რატიანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი