კომენტარი

დონფრიდი: ელჩ დეგნანის კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს თანამშრომლობას

17 ნოემბერი, 2022 • 1224
დონფრიდი: ელჩ დეგნანის კრიტიკა ძირს გამოუთხრის ჩვენს თანამშრომლობას

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ბენ კარდინმა განაცხადა, რომ საქართველოში „უკუსვლაა დემოკრატიული წინსვლის მხრივ“ და დაასახელა, თუ რა უნდა გააკეთოს თბილისმა ვაშინგტონის მხარდაჭერის შესანარჩუნებლად.

„საქართველო ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. ვნახეთ გასაოცარი უკუსვლა დემოკრატიული წინსვლის მხრივ. იმდენად გასაოცარი, რომ ევროკავშირმა სხვადასხვა გადაწყვეტილება მიიღო უკრაინა-მოლდოვასა და საქართველოსთან დაკავშირებით. ეს ნათლად მიანიშნებს, რომ ევროკავშირი ხედავს უკუსვლას. ვნახეთ ჩვენი ელჩის კრიტიკა, სასამართლო რეფორმის ჩავარდნა. როგორია ჩვენი სტრატეგია?“, – მიმართა სენატორმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდს და დაინტერესდა, აქვს თუ არა საქართველოს პროგრესი ბოლო პერიოდში.

დონფრიდმა უპასუხა, რომ საქართველოს „მნიშვნელოვანი პროგრესი“ ჰქონდა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მაგრამ აღნიშნა, რომ „რასაც ბოლო დროს ვხედავთ, შემაშფოთებელია“.

„როგორც იცით, აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოსთან მის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. ამ ათწლეულების განმავლობაში მნიშვნელოვანი პროგრესი ვნახეთ…

ამ პროგრესზე დაყრდნობით გვქონდა სტრატეგიული პარტნიორობა. რასაც ბოლო დროს ვხედავთ, შემაშფოთებელია, რადგანაც ვხედავთ უკუსვლას დემოკრატიული თვალსაზრისით. საქართველოში ვიყავი იმ დღეს, როცა ევროკომისია იხილავდა შემდგომი კვირის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველო ევროპულ პერსპექტივას მიიღებდა, ხოლო უკრაინა და მოლდოვა – კანდიდატის სტატუსს.

საქართველოში ამას ძალიან ემოციურად შეხვდნენ. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ტიროდნენ. როგორც იცით, საქართველო ლიდერი იყო ევროკავშირის წევრობის გზაზე. მოსახლეობის 85% მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ეს ზეწოლას ახდენს მთავრობაზე.

ჩვენ ვეუბნებით მთავრობას: ჩვენ და ევროკავშირი დაგეხმარებით საჭირო რეფორმების გატარებაში. კვლავ გვაქვს იმედი, რომ პროგრესი იქნება, თუმცა გვაშფოთებს მისი ნაკლებობა დღეს“, – თქვა დიპლომატმა.

დონფრიდის განცხადებითვე, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის კრიტიკა „აღმაშფოთებელია“ და შეუძლია, „ძირი გამოუთხაროს“ ორი ქვეყნის თანამშრომლობას:

„თქვენ ახსენეთ ჩვენი ელჩის აღმაშფოთებელი კრიტიკა. ელჩი ფანტასტიკურად წარმოადგენს აშშ-ს. ჩვენ ვესაუბრეთ ამის შესახებ [საქართველოს]  მთავრობას და პრემიერ-მინისტრს. მართალია, ჯგუფები [რომლებიც აკრიტიკებენ დეგნანს], არ არიან მთავრობის ნაწილი, ზოგი ჯგუფი, რომელიც [ელჩს] აკრიტიკებს, დაკავშირებულია მთავრობასთან. ნათლად ვთქვით, რომ ეს კრიტიკა ძირს გამოუთხრის პარტნიორობას“.

ბენ კარდინმა, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს პროგრესი აუცილებელია აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელებისთვის:

„ხაზს გავუსვამ – საქართველო მნიშვნელოვანია აშშ-ისთვის, თუმცა აშშ აკრიტიკებს საქართველოს. ნათლად უნდა ვაჩვენოთ, რომ [საჭიროა] დემონსტრირებადი პროგრესი დემოკრატიული მიზნების მისაღწევად. საქართველო უნდა იყოს ევროპაში ინტეგრაციის გზაზე. ნათლად უნდა განვაცხადოთ, რომ ეს აუცილებელია აშშ-ის მხარდაჭერის გაგრძელებისთვის“.


იხილეთ აგრეთვე:

მასალების გადაბეჭდვის წესი