ახალი ამბები

მდინარაძის თქმით, შაჰინის კრიტიკა ვარჰეის პოზიტიურ განცხადებებს უკავშირდება

17 ნოემბერი, 2022 • 878
მდინარაძის თქმით, შაჰინის კრიტიკა ვარჰეის პოზიტიურ განცხადებებს უკავშირდება

საქართველოს პარლამენტის დეპუტატი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ აშშ-ის სენატორი ჯინ შაჰინი საქართველოს „ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანას“ ცდილობს.

მდინარაძის თქმით, შაჰინს საქართველოსთან დაკავშირებით რამდენიმე თვეა განცხადება არ გაუკეთებია და მთავრობის მიმართ კრიტიკული განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ გასული ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მიმართ პოზიტიური გზავნილები გაახმიანა:

„გუშინ ვარჰეიმ, ევროკავშირის გაფართოების კომისარმა, გააკეთა აბსოლუტურად განსხვავებული, საქართველოსთვის პოზიტიური განცხადებები და გზავნილები და ჩვენი აზრით, სამწუხაროდ, რომ ამის თქმა მიწევს, დღეს ამას მოჰყვა უარყოფითი რეაქცია. მყისიერი რეაქცია რამდენიმე საათში მოჰყვა ქართული რადიკალური ოპოზიციის მხრიდან და დღეს ჩვენი პარტნიორი, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთი წარმომადგენლისგან, რომ ასეთი რეაქცია მოჰყვა, აბსოლუტურად გნასხვავებული და აცდენილი, რაც ვარჰეიმ მოცემულ მდგომაროებაში სწორად შეაფასა, არის ძალიან სამწუხარო.

ამის იქით არაფერს ვიტყვი. ეს შეფასება ქალბატონი შაჰინის მხრიდან, ჩემი აზრით, არის პირდაპირ რეაქცია იმაზე, რაც თქვა ვარჰეიმ. გუშინ და გუშინწინ ევროკომისრის მხრიდან საქართველოს მიმართ იყო ძალიან პოზიციტიური გზავნილები, ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან იყო ძალიან პოზიტიური გზავნილები და ამას, სამწუხაროდ, დღეს მოჰყვა მცდელობა, ნეგატიურ დღის წესრიგში გადაიყვანონ ჩვენი ქვეყანა. ის დაფინანსებაზე ილაპარაკებდა თუ რას მიაბამდა ნეგატიურ დღის წესრიგზე გადაყვანის მცდელობას, ამას მნიშვნელობა არ აქვს. თვეების განმავლობაში სიტყვა არ დაუძრავს ქალბატონ შაჰინს საქართველოზე – არც კარგი, არც ცუდი- და ეს მოხდა მხოლოდ მაშინ, როცა ევროკომისარმა პოზიტიური განცხადებები [გააკეთა] საქართველოსთან დაკავშირებით“ ,- ამბობს მამუკა მდინარაძე.


აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის სხდომაზე სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოს მთავრობა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მისი აზრით, ვაშინგტონმა უნდა გადახედოს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით.

„რეალობა, როგორც აღნიშნეთ, შემდეგია: საქართველოში ადგილი აქვს უზარმაზარ უკუსვლას. ჩვენ მნიშვნელოვნად ვეხმარებით საქართველოს, რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად. ვფიქრობ, რომ ამ დახმარების ნაწილი დამოკიდებული უნდა გავხადოთ საქართველოს ქცევაზე.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა, ბიუჯეტზე მოლაპარაკებების ბოლო რაუნდისას, დამარწმუნეს, რომ შეიძლება, ეს კარგი [ნაბიჯი] არ არის. თუმცა, იქნებ, დროა, გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან მდაკავშირებით?“, – მიმართა სენატორმა სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდს.

მასალების გადაბეჭდვის წესი