კომენტარი

„გეოპოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა“ — „ნეტგაზეთის“ ინტერვიუ კარენ დონფრიდთან

17 ივნისი, 2022 • 3297
„გეოპოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა“ — „ნეტგაზეთის“ ინტერვიუ კარენ დონფრიდთან

„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ ინტერვიუს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდთან რუსეთის უკრაინაში შეჭრასთან, სანქციებთან, აშშ-საქართველოს და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების შესახებ.


ქალბატონო მდივნის თანაშემწევ, ნება მომეცით, დაგისვათ შეკითხვა თქვენი ვიზიტის მიზნის შესახებ. თბილისში ყოფნისას შეხვდით თითქმის ყველას პოლიტიკურ არენაზე, მათ შორის, მთავრობას, ქალბატონ პრეზიდენტს, ოპოზიციურ პარტიებს და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. უკრაინაში რუსეთის ფედერაციის შეჭრისა და დაძაბული შიდაპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რა მთავარი გზავნილები გქონდათ მათთვის?

ნება მომეცით, ჩემი ვიზიტის კონტექსტი აგიხსნათ. თავდაპირველად ვეწვიე აზერბაიჯანს, შემდეგ – საქართველოს, ხვალ კი სომხეთში გავემგზავრები. ეს ჩემი პირველი ვიზიტია ამ სამ ქვეყანაში, გასაოცრად კარგი იყო პირველი ვიზიტი სამხრეთ კავკასიაში. სიამოვნებით დავრჩებოდი უფრო დიდხანს, თუმცა ვაშინგტონში უნდა დავბრუნდე, შემდეგ კვირას სახელმწიფო დეპარტამენტში ჩვენს ელჩებს ვმასპინძლობთ. ასე რომ, ჩვენი ბრწყინვალე ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი, შემდეგ კვირას ვაშინგტონში იქნება.

სამხრეთ კავკასიაში ჯერ კიდევ სექტემბერში მინდოდა ჩამოსვლა, როცა ეს თანამდებობა დავიკავე. მას შემდეგ გეოპოლიტიკური კონტექსტი შეიცვალა – რუსეთის მიერ უკრაინაში სრულიად უსაბაბო შეჭრის გამო. ამაზე უკვე რამდენიმე თვეა ფოკუსირებული ვარ. რეგიონში ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებზე რუსეთის დაწყებულმა ომმა გავლენა მოახდინა.

ახლა, როდესაც ფუნდამენტური ცვლილებები ხდება, ქართული საზოგადოების წევრებთან მსურდა შეხვედრა. ეს ცვლილება ეხება არა მარტო უკრაინის მომავალს და ამ ტრაგედიას, არამედ ის ფუნდამენტურად ცვლის ევროპული უსაფრთხოების ინფრასტრუქტურას და გავლენას ახდენს გლობალურ სტაბილურობაზე. მსურდა, ჩამოვსულიყავი და ამაზე ქართველებთან მესაუბრა.

ასევე მინდოდა გვეფიქრა, თუ როგორ შეიძლება აშშ-საქართველოს ურთიერთობების გაღრმავება. წელს დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლის იუბილეს აღვნიშნავთ. ათწლეულების განმავლობაში, აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ერთად ვმუშაობდით უსაფრთხოების, თავდაცვის, ეკონომიკისა და უკეთესი დემოკრატიის შენების საკითხებში. ასე რომ, შესაძლებლობა მქონდა, ჩამოვსულიყავი და ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების შემდეგ 30 წელიწადზე მეფიქრა.

შეერთებულმა შტატებმა ორიოდე დღის წინ გამოაცხადა, რომ დამატებით დახმარებას გამოუყოფს უკრაინას. აშშ და მოკავშირეები გეგმავენ, უკრაინას მიაწოდონ შორ დისტანციაზე მოქმედი აღჭურვილობა, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს გავლენას მოახდენს ამ უთანასწარო ბრძოლაში. აშშ, ნატოსთან ერთად, ათწლეულების განმავლობაში უჭერს მხარს საქართველოს. ამ, როგორც თქვენ თქვით, უმიზეზო ომის ფონზე, დამატებით რა მხარდაჭერის იმედი შეიძლება ჰქონდეს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის?

გავიხსენებ წინა წლის შემოდგომაზე ჩვენი თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტს საქართველოში.  ჩემი აზრით, მან ახალი თავი გახსნა აშშ-საქართველოს ორმხრივ თავდაცვით დახმარების საკითხში და ყურადღება გაამახვილა ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებაზე ნატოს კონტექსტშიც.

ამ თვის ბოლოს შევიკრიბებით მადრიდში, ესპანეთში, ნატოს სამიტზე. რა თქმა უნდა, საქართველოც იქ იქნება. ეს მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება პარტნიორებთან. ვფიქრობ, მაშინ გავიგებთ ნატო-საქართველოს ურთიერთობების ახალ ნაბიჯებზე.

ასე რომ, აშშ–საქართველოს ორმხრივი დახმარებისა და ნატო-საქართველოს თანამშრომლობა უსაფრთხოების საკითხში ღრმავდება.

რამდენიმე კვირის წინ პრეზიდენტმა ბაიდენმა ხელი მოაწერა საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელიც აშშ-ს უადვილებს უკრაინისთვის შეიარაღების და აღჭურვილობის მიწოდებას. როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა საქართველოს შესაძლებლობა, პირდაპირი სარგებელი მიიღოს უკრაინის „ლენდ-ლიზის“ აქტით?

რამდენიმე კვირის წინ კონგრესმა მიიღო, პრეზიდენტმა კი ხელი მოაწერა საკანონმდებლო პაკეტს უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის დახმარების აღმოჩენის შესახებ. ეს იყო კიდევ ერთი დამატებითი ნაბიჯი, გარდა იმ ზომებისა, რომლებიც 24 თებერვლამდე და ომის დაწყების შემდეგ მივიღეთ.

აშშ-ის პოლიტიკა უკრაინისადმი გულისხმობს ერთგულებას და სამმხრივ დახმარებას – პირველი, აშშ მხარს უჭერს უკრაინას უსაფრთხოების სისტემისა და ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გზით.

ასევე, მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, შევიმუშავეთ საპასუხო ზომები – სანქციების პაკეტი და ექსპორტის კონტროლი, რათა ნათელი იყოს, რომ რუსეთის ქმედებებს უკრაინაში რეალური შედეგები აქვს რუსეთისთვის.

ხოლო ამ სტრატეგიის მესამე ასპექტი არის ნატოს თავდაცვის გაძლიერება აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგებზე.

დახმარების ნაწილი უკრაინაში მიდის, თუმცა ნაწილი გათვალისწინებულია რეგიონული პარტნიორებისთვის. ასე რომ, საქართველოსთვის არსებობს შესაძლებლობები. ასევე ვიტყოდი, რომ ჩვენ ვაფასებთ საქართველოს მიერ უკრაინისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარებას.

ეს არის უკრაინის მხარდაჭერა ამ უსამართლო ომში. ამასთან, ეს უკავშირდება ჩვენი საერთო ღირებულებების ხაზგასმას.

როგორც მოგეხსენებათ, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. სწორედ ამ საკითხში ვდგავართ ერთად, მათ შორის, უკრაინაში რუსეთის ომის შემთხვევაში; ასევე, ვიბრძვით ქვეყნების უფლებისთვის, თავად განსაზღვრონ უსაფრთხოების და საგარეო პოლიტიკა.

ასე რომ, ვფიქრობ, ეს უმნიშვნელოვანესი მომენტია მსოფლიო საქმეებში. მოხარული ვარ, რომ ამ ბრძოლაში აშშ და საქართველო ერთად დგანან.

თქვენ სანქციები ახსენეთ.  საქართველოს ეროვნული ბანკიც აცხადებს, რომ ემორჩილება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ უპრეცედენტო სანქციებს. თუმცა უკრაინის მთავრობაში შიშობენ, – და ამაზე ხშირად საუბრობენ, მათ შორის რუსეთთან მთავარი მომლაპარაკებელი, დავით არახამია, – რომ რუსი სანქცირებული პირები და კომპანიები საქართველოს გავლით სანქციებს გვერდს უვლიან. უნდა ითქვას, რომ საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მტკიცედ უარყო ეს ბრალდებები, ხოლო უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით დეტალები არ წარმოუდგენია. ალბათ, სანქციებისთვის გვერდის ავლის არდაშვების უზრუნველყოფა ნებისმიერი ქვეყნისთვისაა გამოწვევა, განსაკუთრებით ისეთისათვის, რომლის ეკონომიკაც დიდად არის დამოკიდებული რუსულ ფულზე. ხედავთ თუ არა რისკს, რომ საქართველო გახდება ადგილი სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის?

უპირველეს ყოვლისა ვიტყვი, რომ ვაფასებთ ეროვნული ბანკის მიერ რუსეთისთვის დაწესებული ყველა სანქციის დაცვას. ყურადღებით ვაკვირდებით, არსებობენ თუ არა კომპანიები, რომლებიც ცდილობენ საქართველოს გავლით სანქციებს თავი აარიდონ. და გავაგრძელებთ ამ საკითხის ყურადღებით მონიტორინგს.

ასევე გვესმის, რომ ამ მომენტში საქართველო კონკრეტულ საკითხებში მოწყვლადია. ჯერ არც კი გვისაუბრია რუსეთის შემოჭრაზე 2008 წელს. იქიდან მოყოლებული, საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. 2008, 2014 და 2022 წლების გამოცდილებამ შეერთებულ შტატებს მკაფიოდ უჩვენა, როგორია რუსეთის სტრატეგია. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის უკრაინაში უსაფუძვლო შეჭრის წინააღმდეგ ერთად ვდგავართ.

გავიხსენებდი, რომ პრეზიდენტი ბაიდენი პრეზიდენტად არჩევისას საუბრობდა ამერიკის ალიანსებისა და პარტნიორობებისთვის აღორძინებაზე. ამ ადმინისტრაციას ღრმად სწამს, რომ აშშ უფრო ძლიერია, როცა გამოწვევებს მოკავშირეებთან ერთად ხვდება. ვფიქრობ, ეს ნახეთ [შეჭრაზე] რეაგირებისას, მათ შორის სანქციების პაკეტის [კუთხით].

ახსენეთ, რომ თვალს ადევნებთ სანქციებისთვის გვერდის ავლის მცდელობებს. თუ შეგიძლიათ, გაგვიზიაროთ, კონკრეტულად თუ შეამჩნიეთ რამე მსგავსი?

პირადად მე არ ვახორციელებ სანქციების იმპლემენტაციის მონიტორინგს, – ვინ ცდილობს მათგან თავის არიდებას. აშშ-ის სახაზინო და სახელმწიფო დეპარტამენტი მუშაობენ ამ თემაზე. ჩემი კოლეგები, ექსპერტები, ამ საკითხს აკვირდებიან, მაგრამ პირადად მე ამ თემაზე არაფერი შემიძლია გითხრათ.

ქვეყნის ლიდერები ამბობენ, რომ სანქციები ეფექტიანი არ არის და ბევრჯერ გაიმეორეს, რომ არ აპირებენ დამატებითი სანქციების დაწესებას და ვინც ამას ითხოვს, განზრახული აქვს „საქართველოს ომში ჩათრევა“. პროსახელისუფლებო ექსპერტები ღიად სდებენ აშშ-ს ბრალს „მეორე ფრონტის გახსნაში“, ხოლო მმართველი პარტიის ლიდერები ამ განცხადებებს არ გმობენ. რას იტყოდით ამ საკითხზე? არის თუ არა ვინმე, ვინც საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს?

პირველ რიგში, გიპასუხებთ სანქციების ეფექტურობაზე – აქვს თუ არა სანქციების ამ პაკეტს ეფექტი? ეს მნიშვნელოვანი კითხვაა. ბაიდენის ადმინისტრაციის შეფასებით, სანქციებს სერიოზული გავლენა აქვს რუსეთის ეკონომიკაზე. აშშ-მა და პარტნიორებმა ევროპასა და აზიაში უპრეცედენტო სანქციები და საექსპორტო კონტროლი დააწესეს. მოგიყვანთ ერთ მაგალითს: აშშ-ს აქამდე არასდროს დაუწესებია სანქციები დიდი ოცეულის ქვეყნის ცენტრალურ ბანკზე. 800-ზე მეტმა კერძო კომპანიამ რუსეთი დატოვა.

შემიძლია რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების გავლენის ბევრი მაგალითი მოვიყვანო, მაგრამ ერთ რამეს ვიტყვი: სანქციები აზარალებენ რუსეთის ეკონომიკას და რაც დრო გავა, მათი გავლენა გაძლიერდება. ექსპორტის კონტროლს კი, ჩვენი აზრით, სერიოზული გავლენა აქვს რუსეთის თავდაცვით სექტორზე.

ვფიქრობ, რომ ეს ეფექტური ზომებია. აშშ და ევროკავშირი განაგრძობენ სანქციების ახალი პაკეტების შემუშავებას, რათა გავლენა გაძლიერდეს.

რაც შეეხება იმ საკითხს, დაინტერესებულია თუ არა აშშ მეორე ფრონტითა და უფრო დიდი ომით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა, რადგან ასე ამბობენ. შესაძლებლობა მაქვს, ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რაში მდგომარეობს აშშ-ის ინტერესები:

აშშ-ს სურს ომის დასრულება. რუსეთის მიერ ჩადენილი სისასტიკე არის წარმოუდგენლად მძიმე, შემზარავი. რუსული არტილერია ყოველდღიურად ბომბავს უკრაინულ ქალაქებს, ეს არასწორია. გვინდა ეს შეჩერდეს.

ჩვენი მიზანია, ვცადოთ, მაქსიმალურად დავეხმაროთ უკრაინას, რათა მან თავის დაცვა შეძლოს. არსებობს მრავალი სხვა ქვეყანა, რომელიც უკრაინას ეხმარება. იმედი გვაქვს, რაც შეიძლება მალე, რუსეთი მზად იქნება კეთილსინდისიერი მოლაპარაკებებისთვის და პოლიტიკური შეთანხმების მისაღწევად. და ჩვენი იმედია, რომ ჩვენ მიერ აღმოჩენილი დახმარება უკრაინას მაქსიმალურად ძლიერ პოზიციაში დააყენებს, როცა მოლაპარაკების მაგიდამდე მივალთ.

არ არსებობს ამ ომის გაფართოების სურვილი – არც უკრაინის შიგნით, არც საქართველოში. ეს არ არის ჩვენს ინტერესებში. ჩვენ ეს არ გვსურს. თუკი შემეძლება, რამე გავაკეთო, რათა გავაქარწყლო ეს არასწორი ინფორმაცია თუ დეზინფორმაცია, დიდი სიამოვნებით:

შეერთებული შტატების მიზანია ამ ომის დასრულება.  თქვენი ნებართვით, დავამატებ: ამ პლანეტაზე არსებობს ერთი ადამიანი, ვისაც დღესვე შეუძლია ომის დასრულება. ეს ადამიანი ვლადიმერ პუტინია. და მოვუწოდებ მას, მიიღოს ეს გადაწყვეტილება, სანამ უდანაშაულო უკრაინელები კიდევ დაიღუპებიან.

გადავიდეთ მომდევნო საკითხზე: თქვენს ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე ევროპარლამენტმა საქართველოში მედიის თავისუფლებაზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში ასევე მოწოდება იყო ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ – საქართველოს პოლიტიკაში მისი „დესტრუქციული როლის“ გამო. გადაწყვეტილება სანქცირების შესახებ არაა მიღებული, მაგრამ ეს რეკომენდაციაა ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებისთვის. ახლო მომავალში, უნდა ელოდოს თუ არა საქართველო მსგავს რიტორიკას აშშ-ის მხრიდან?

მედიის თავისუფლება აუცილებელია ნებისმიერი დემოკრატიისთვის. აშშ-საქართველოს ურთიერთობაში ერთ-ერთი სასაუბრო თემა ყოველთვის იმას ეხება, თუ როგორ შეიძლება დაეხმაროს აშშ საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებაში. როცა ვფიქრობთ ლიბერალურ დემოკრატიაზე, თავში მოგვდის სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება, კანონის უზენაესობა… ყველა ეს ელემენტი ერთადაა საჭირო მტკიცე დემოკრატიისთვის ასაშენებლად.

მნიშვნელოვანია, აღინიშნოს, რომ დემოკრატია არაა დანიშნულების საბოლოო წერტილი. დემოკრატია პროცესია. ჩვენი ქვეყნები ყოველდღიურად უნდა მუშაობდნენ დემოკრატიის გაძლიერებისთვის.

აშშ ცდილობს, საქართველოს დაეხმაროს ძლიერი დემოკრატიის აშენებაში. ვფიქრობ, ეს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება მომავალშიც.

საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, ელის საბოლოოდ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის შესახებ. დღეს, სულ რამდენიმე საათის წინ, ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ რეკომენდაციას იძლევა, საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა, ხოლო კანდიდატის სტატუსი – მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გარკვეულ პირობებს შეასრულებს. როგორ შეაფასებთ ამ გადაწყვეტილებას?

ჩემი დღევანდელი ვიზიტი თბილისში უფრო ემოციური გახდა ევროკომისიის მიღებული გადაწყვეტილების გამო. ყველა ქართველი, ვისაც დღეს ველაპარაკე, ახსენებდა ევროკომისიის გადაწყვეტილებას, – მანამდეც კი, სანამ გამოცხადდებოდა. ვფიქრობ, ძალიან დიდი მოლოდინი იყო, სანამ გადაწყვეტილება გამოცხადდებოდა და მას შემდეგაც, რაც გადაწყვეტილება გამოცხადდა.

მე ყველა ჩემს თანამოსაუბრეს შევატყვე მწუხარება ამ გადაწყვეტილების გამო. ჩემთვის გამაოგნებელია ფაქტი, რომ ქვეყნის 80%-ზე მეტი, – 80-85% ქართველებისა, – მხარს უჭერს ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას. ეს ფენომენალური სტატისტიკაა.

მათ გამიზიარეს თავიანთი აზრები, – ჩვენ იმედი გვქონდა, რომ იმავე კატეგორიაში ვიქნებოდით, უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭებოდაო. და მე მესმის ეს მწუხარება.

თუმცა, როდესაც გავიგე ევროკომისიის განცხადება, ჩემთვის ეს შემდეგნაირად ჟღერდა: საქართველო არის ევროკავშირის ოჯახის წევრი; ევროკომისიამ მისცა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, და არა მხოლოდ მიანიჭა ეს სტატუსი, არამედ ძალიან ცხადად [ჩამოაყალიბა] პრიორიტეტები, რაც, მათი ხედვით, საქართველოს სჭირდება პროგრესის მისაღწევად, რათა მან მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი. ასე რომ, ვფიქრობ, საქართველოს ახლა აქვს ძალიან ცხადი საგზაო რუკა იმ რეფორმების შესახებ, რომელზეც ის უკვე მუშაობს.

ასე რომ, მესიჯი საქართველოსთვის არის შემდეგი: დააჩქარეთ პროგრესი ამ რეფორმების გზაზე და თქვენ მიაღწევთ კანდიდატის სტატუსს.

ასე რომ, მართლაც ვფიქრობ, იმან, რაც ჩვენ დღეს ვნახეთ, დაადასტურა საქართველოს მიახლოება ევროკავშირის წევრობის მიზანთან. როგორც იცით, შეერთებული შტატები წლებია, არის მოწინავე მხარდამჭერი საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისა.

მე მჯერა, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, იქნება ნატოს წევრი. საქართველოს ადგილი აქ არის. მაგრამ ამისათვის საქართველომ ბეჯითად უნდა იშრომოს. მას უკვე აქვს ბეჯითად ნამუშევარი ამ გზაზე. მაგრამ ქართველებმა გული არ უნდა გაიტეხონ, პირიქით, უნდა თქვან, „კარგით, ჩვენ ახლა მზად ვართ, წინ წავიწიოთ ამ რეფორმებში, რადგან ამას არა მხოლოდ მივყავართ ევროკავშირში, არამედ ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ექნება უფრო ძლიერი, მდგრადი დემოკრატია“. ეს საქართველოს აქცევს ევროკავშირისა და ნატოს უფრო ძლიერ წევრად, და შეერთებული შტატების უკეთეს პარტნიორად, საბოლოოდ კი, მოკავშირედ.

სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო ინტერვიუს ბოლო კითხვის დასმა მიწევს. დღეს თქვენს შეხვედრებში, სავარაუდოდ, ახსენებდნენ სავარაუდო პოლიტიკურ ჩარევას სასამართლო სისტემაში, არაერთ საქმეში. ხევს თუ არა საქართველოს დემოკრატიულ წინსვლას „მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება, 5 ივლისის ძალადობა ჟურნალისტებზე და სხვა საკითხები, რაც საქართველოზე ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში იყო აღწერილი?

იცით, რომ მქონდა შეხვედრები მთავრობის წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, შევხვდი ოპოზიციას, ბიზნეს-ლიდერებს. და ის საკითხები, რასაც ახსენებთ, წამოიჭრა ბევრ შეხვედრაზე. დეტალების აღწერა არ მსურს, რა განვიხილეთ ამა თუ იმ შეხვედრაზე, მაგრამ ეს უფრო დიდი შეკითხვა, – როგორ შეიძლება შეერთებული შტატები დაეხმაროს საქართველოს, რომელიც ცდილობს, გააძლიეროს დემოკრატია და გაამყაროს ის, – მთელი დღის განმავლობაში ფონად გასდევდა [ჩემს შეხვედრებს]. შემიძლია კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა შეერთებული შტატების მისწრაფებას, რომ საქართველოსთან აქტიურად ემუშაოს ყველა ამ გამოწვევაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი