კომენტარი

100%-ით ვერ გეტყვით, რომ არ ხდება, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ — დეგნანი სანქციებისგან თავის არიდებაზე

6 სექტემბერი, 2022 • 1613
100%-ით ვერ გეტყვით, რომ არ ხდება, მაგრამ ამაზე ვმუშაობთ — დეგნანი სანქციებისგან თავის არიდებაზე

შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ 100%-იანი სიზუსტით ვერ იტყვის, რომ საქართველოს გამოყენებით [ეკონომიკური] სანქციებისგან გვერდის ავლა არ ხდება, თუმცა შეერთებული შტატები მჭიდროდ მუშაობს სახელმწიფო უწყებებთან იმ მიზნით, რომ სანქციებისგან გვერდის ასავლელად ყოველგვარი ხვრელი დაიხუროს.

ამ საკითხზე ელჩმა დეგნანმა 6 სექტემბერს ისაუბრა EPRC-ის, მაკკეინის ინსტიტუტისა და ჯორჯ ბუშის ცენტრის ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაზე ეველინ ფარკასთან დისკუსიისას.

დისკუსიის მიმდინარეობისას დარბაზში მყოფმა IRI-ის ვიცე-თავმჯდომარე რენდი შონემანმა ელჩ დეგნანს ჰკითხა, რას აკეთებს აშშ-ის მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ არ დაუშვას, რომ, მაგალითად, რუსეთის მოქალაქეები, რომლებსაც „თავიანთი BMW-ს ნაწილები გაუფუჭდებათ, საქართველოში არ ჩამოვიდნენ და აქედან არ წაიღონ ნაწილები“, – იმის ფონზე, რომ, შონემანის სიტყვებით, „საქართველო სანქციებს არ შეერთებია“.

ამ კითხვას „მაკკეინის ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა ეველინ ფარკასმა დასძინა, რომ „BMW-ებზე გაცილებით უფრო შემაშფოთებელი იქნებოდა კომპიუტერული მიკროჩიპები და ტექნოლოგია, რაც რუსებს თავიანთი სამხედრო მანქანისთვის სჭირდებათ“.

ელჩმა დეგნანმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა, თანამოაზრეებთან ერთად, სანქციების „შთამბეჭდავი პაკეტები“ გაააქტიურა:

„არაერთი ქვეყანაა, რომელიც მხარს უჭერს სანქციებს. ჩვენ ქვეყნებს ვთხოვთ, – იქნება ეს ამ რეგიონში თუ სხვაგან, – გააკეთონ, რაც შეუძლიათ, რათა ქსელი დაიხუროს. იმიტომ, რომ სანქციები, – რომლის მიზანია გარკვეული ქცევის შეცვლა, – ყველაზე ეფექტური მაშინაა, როდესაც ხვრელები არ არსებობს.

სწორედ ეს მესიჯი გადავეცით საქართველოს მთავრობასაც. საქართველოს მთავრობა მაშინვე დაემორჩილა საერთაშორისო სანქციებს, – არც კი დაგჭირვებია მათთვის ამის თხოვნა, ეროვნულმა ბანკმა ისე დაიწყო ამ ქსელის დახურვა, და იგი აგრძეელბს ფინანსური სანქციებისგან [თავის არიდების შემთხვევების] ყურადღებით ზედამხედველობას.

ჩვენ ძალიან მჭირდოდ ვმუშაობთ საბაჟოსთან და სასაზღვრო პოლიციასთან, რათა ვცადოთ და ხვრელები პორტებსა და საზღვრებზე დავხუროთ“.

ელჩის თანახმად, ეს არის შედეგი წლების განმავლობაში ქართულ სახელმწიფო უწყებებთან ერთად მუშაობისა, მათი შესაძლებლობების გაზრდისა, ტრენინგისა და აღჭურვილობისა, რომლით საქართველოს უზრუნველყოფაც შეერთებულმა შტატებმა და სხვებმა შეძლეს, რათა [უწყებები] უფრო ზუსტად იცოდნენ, თუ რა ხდება პორტებისა და საზღვრების გავლით.

„რა თქმა უნდა, თუ გადახედავთ ამ რეგიონს, არის მაგალითები, რომლებზეც საქართველომ და სხვებმა შეიძლება მიუთითონ და თქვან: „ისინი ამას არ აკეთებენ“, ან „ისინი მხოლოდ ამას აკეთებენ“. მათთვის, ვინც საბაბს ეძებს, ადვილია მიუთითო მეზობლებზე… „საქართველო პატარაა, რა შეგვიძლია გავაკეთოთ“ – დარწმუნებული ვარ, ეს არგუმენტი გსმენიათ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

„მე არ შემიძლია, 100%-იანი სიზუსტით გითხრათ, „ეს არ ხდება“. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვნახეთ თანამშრომლობა ფინანსურ სანქციებთან დაკავშირებით და იმ უწყებებთან, რომლებთან ჩვენ ვმუშაობთ, რათა რაც შეიძლება მალე შევაჩეროთ ეს ნაკადი“, – განაცხადა ელჩმა.

„ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ საქართველოს წახალისება, გააკეთოს ყველაფერი, რაც შეუძლია; გავაგებინოთ, რომ ამ კონფლიქტში გამარჯვების, უკრაინასა და მთელ რეგიონში მშვიდობის დამყარების უსწრაფესი გზაა, ჩვენ ყველანი ერთად ვიდგეთ სანქციების აღსრულების საქმეში. ექსპორტის კონტროლის დარღვევების გამოვლენაში“, – განაცხადა მან.

მასალების გადაბეჭდვის წესი