კომენტარი

პოლონური გაკვეთილები- წერილი ვარშავიდან

18 აპრილი, 2010 • 2187
პოლონური გაკვეთილები- წერილი ვარშავიდან

მას შემდეგ, რაც “Map_ზე უკეთესი” მივიღეთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსიდან, ალბათ დროა გამალებით ვიფიქროთ უკვე ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ამიტომ, მეც გადავწყვიტე, მეტი წვლილი შემეტანა ამ მიმართულებით და წამომეწყო ერთი პროექტი საქართველოში, რომელიც ევროპასთან ქართველი ახალგაზრდობის დაახლოებას შეუწყობდა ხელს.

 პროექტი საქართველოში ევროპული სასკოლო კლუბების დაარსებას ითვალისწინებს. მიუხედავად იმისა, რომ იდეის ავტორი პორტუგალიაა, დღეს ამ პროექტების მთავარი ექსპორტიორი უკვე პოლონეთია. ამიტომ გადავწყვიტეთ პოლონეთში ვიზიტი პროექტის უკეთ შესასწავლად.

თამამად შესაძლებელია ითქვას, რომ მეც და ჩემი დელეგაციის წევრებიც დროის ამ მონაკვეთში ყველაზე ისტორიული, თუმცა ძალზედ ტრაგიკული მოვლენის მოწმენი გავხდით. სწორედ ჩვენი გამგზავრების წინ, რამოდენიმე საათით ადრე, სმოლენსკში პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. დაიღუპა პრეზიდენტი მეუღლესთან ერთად და დელაგაციის ყველა წევრი. ინფორმაციის მიღებიდან პირველი შოკის გავლის შემდეგ უკვე ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციასთან დავრეკე და ვიზიტის მდგრადობა გადავამოწმე. გულწრფელად გამიკვირდა, რომ პროექტში არცერთი დეტალი არ იცვლებოდა და ჩვენი ვიზიტი ისეთივე სრულფასოვანი იქნებოდა ტრაგედიის შემდეგ, როგორც ტრაგედიამდე.

 ამ საუბრიდან რამოდენიმე საათში უკვე ვარშავაში ვიყავით. ერთი შეხედვით ქალაქი მშვიდია, თუმცა როდესაც ცენტრს მივუახლოვდით, აღმოჩნდა, რომ ტრაგედიის მეორე დღეს, ქალაქი ფაქტობრივად, არ ცხოვრობდა. არ მუშაობდა არცერთი სავაჭრო ცენტრი, ძნელი იყო გეპოვა ადგილი ლანჩისთვის, ან თუნდაც მაღაზია რაიმეს შესაძენად. ქალაქში მხოლოდ საქალაქო ტრანსპორტი და ტაქსები მოძრაობდნენ, თითქოს ყველგან გაურკვევლობის განწყობა სუფევდა. გულწრფელად რომ ვთქვა, ვფიქრობდი, ამ რეჟიმში მოგვიწევდა ყოფნა მთელი ჩვენი ვიზიტის განმავლობაში, თუმცა შევცდი…

 ტრაგედიიდან მესამე დღეს ქალაქი თითქმის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა, ჩვენი ვიზიტიც სრულად დაექვემდებარა ტრაგედიამდე არსებულ პროგრამას. თუმცა, მქონდა შთაბეჭდილება, რომ ყველაგან შეინიშნებოდა იდუმალი მწუხარება. ფაქტობრივად, ეს გასაგები იყო.

 ქალაქი ორ ნაწილად იყოფოდა: იყო უდიდესი რიგი, უამრავი სანთელი პრეზიდენტის სასახლესთან, თუმცა ასევე საკმაოდ დიდი რიგი იყო პოპულარულ რესტორან “შვეიკთანაც”, სადაც ჩვენმა მასპინძლებმა ვახშამი დაგეგმეს.

 იყო სენტიმენტები, თუმცა მდგრადობა სჭარბობდა, მდგრადობა, რომელსაც ინსტიტუტები უზრუნველყოფდნენ და არა პიროვნებები. შევხვდით ქუჩის მუსიკოსს, რომელიც პოლონეთის ჰიმნს უკრავდა, ვხედავდით ძვირად ან ნაკლებადძვირადღირებულ მანქანებს შავი ლენტებით… მაგრამ ცხოვრების რიტმი არ იცვლებოდა. მხოლოდ შავი ლენტები გვახსენებდა, რომ დიდი ცვლილებები ხდებოდა ქვეყანასა და ქალაქში. პირადად მე მესამედ ვარ ვარშავაში და პირველი ორი ვიზიტი ვერაფრით განვასხვავე მესამესგან, ცხადია პროგრამის შინაარს არ ვგულისხმობ.

 ვიზიტის ფარგლებში უამრავი შეხვედრა გვქონდა. მასპინძლების მხრიდან არავინ ტრაგედიას არ ახსენებდა, თუ მას ჩვენ თვითონ არ შევეხებოდით. ამის შემდეგ კი ისინი ძალიან მოკრძალებულნი იყვნენ, ან მხოლოდ თავის დაკვრით გამოხატრავდნენ დამოკიდებულებას. მაგალითად, პოლონეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქში ვიზიტისას ქალაქის მერმა, რომელიც შავი გულსაბნევით გამოხატავდა ტრაგედიის სიმძიმეს, თითქმის არაფერი თქვა მომხდარის შესახებ. სამაგიეროდ, ბატონმა მერმა ძალიან დეტალურად ისაუბრა მისი ქალაქის მიღწევებზე, შეჯიბრებითობაზე სხვა ქალაქებთან და ამ შეჯიბრებებში მოპოვებულ უპირატესობებზე. ისე, მას რომც არ ესაუბრა, ამ პატარა ქალაქს ისედაც ეტყობოდა, რომ დროის კონკრეტულ მონაკვეთში გლოვობდა პრეზიდენტს დაშვებული და შავი ლენტებით შემკული დროშებით, თუმცა მიიწევდა წინ განვითარებისაკენ…

 ვიზიტის ფაგლებში ქართველ ჟურნალისტებსაც შევხვდით ორი ტელეკომპანიიდან. ძალიან აქტიურები იყვნენ, ცდილობდნენ ყველა კადრი შეეგროვებინათ სადაც ქართველი გამოჩნდებოდა და ეთქვათ, რომ აი, ქართველი “ემიგრანტები” პატივს მიაგებენ პრეზიდენტს… ხელოვნურობა ცხადზე ცხადი იყო, იმდენად ცხადი, რომ ჩვენი დელაგაციის ერთ-ერთი წევრის ინტერვიუს “ქართველი ემიგრანტის” სტატუსი მიაწერეს… ხოლო ოთხი დღის წინ გადაღებულ კადრებს “პირდაპირი”… გამოსდით “მოდელირება”…. მგონი უკვე თვითონაც მოდელირებულები არიან.

 აკვირდები ამ ხელოვნურ და გამაღიზიანებელ ქცევებს და პარალელს ავლებ პოლონელ მუსიკოსთან, რომელიც ჰიმნს უკრავდა… პოლონელ პროფესიონალებთან, რომლებიც გელაპარაკებიან საქმეზე და არ გახვევენ თავს საკუთარ პრობლემებს, თუ შენ არ შეახსენებ… და ფიქრობ, როდის იქნება შენი ქვეყანა მოწყობილი ისე, რომ ერთ ადამიანზე არ იყოს დამოკიდებული “ჩამოშლა-შენების” საკითხი.

 საინტერესოა, რომ პოლონელმა ჟურნალისტმა, რომელმაც ჩემთან ინტერვიუ ჩაწერა, მკითხა, რა მოხდება მას შემდეგ, რაც თქვენი პრეზიდენტი სააკაშვილი აღარ იქნება? თუმცა როდესაც მე კითხვით ვუპასუხე: რა იქნება ახლა როცა პრეზიდენტი კაჩინსკი აღარ არის? მან მომიგო: “იქნება არჩევნები და ახალი პრეზიდენტი გვეყოლება”. მინდოდა მეც ანალოგიური პასუხი გამეცა მის მიერ დასმულ კითხვაზე, მაგრამ მივხვდი საოცრად არაგულწრფელი ვიქნებოდი… ისე, ამ ჟურნალისტს ჩემს ამ შეკითხვამდე მისი ქვეყნის პრეზიდენტის გარდაცვალება საერთოდ არ უხსენებია, ის თავის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, მეკითხებოდა პროექტებზე, ქართულ პოლიტიკაზე და ა.შ.

 რატომ იქცოდნენ პოლონელები ტრაგედიის დროს ისე, როგორც იქცოდნენ? ალბათ იმიტომ, რომ ისინი პრეზიდენტ კაჩინსკიში მესიას არ ხედავდნენ, არც რომელიმე მეფეს ადარებდნენ და არც მისი არყოფნის შემთხვევაში ქვეყნის “ჩამოშლაზე” ფიქრობდნენ. ისინი პრეზიდენტს უყურებდნენ, როგორც ინსტიტუტს, რომელსაც ორ თვეში ახალი პერსონა წარმოადგენს. ისინი გლოვობდნენ ადამიანურ ტრაგედიას და არ სვამდნენ კითხვებს გაურკვეველ მომავალზე. 

 ამჟამინდელი ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება წყნარია, შეიძლება ითქვას მოლოდინის რეჟიმი მუშაობს, თუმცა კულურებში უკვე ისმის საუბარი საპრეზიდენტო კანდიდატების შესახებ. ყველა პარტიას თავისი კანდიდატი ჰყავს, რომელიც წინაასაარჩევნო პროგრამას აუცილებლად წარმოადგენს. არის კონკურენცია, თუმცა არ არის მოწოდებები, რომ “ყველა გაერთიანდეს ერთი კანდიდატის წინააღმდეგ”. არც ის გამიგია, ცნობილი თუ უცნობი პოლონელებისაგან, რომ თუ არ გაერთიანდებიან პოლიტიკური ძალები, მაშინ ისინი არჩევნებზე არ წავლენ და სხვა კანდიდატებს მხარს არ დაუჭერენ… ჩემი დაკვირვებით პოლონური პოლიტიკა პრაგმატულია და არა მერკანტილური…

 კიდევ ერთი საინტერესო დეტალი პოლონეთის პოლიტიკური ცხოვრებიდან: პოლონეთის ამჟამინდელი პრემიერი დონალდ ტუსკი ეთნიკური კაშუბია, ანუ პოლონეთში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს… ქართველებს ეთნიკურ ოს ან აფხაზ მმართველზე ოდესმე გვიფიქრია? ან ვიფიქრებთ?

 დღეს პოლონეთის პრეზიდენტი ვარშავიდან კრაკოვში გადაასვენეს და დაკრძალეს… ჩვენი ვიზიტი ოფიციალურად გუშინ დასრულდა, თუმცა ვულკანმა ისლანდიანში მთელი ევროპის ცხოვრების რიტმი შეცვალა… კვლავ არის საშუალება თვალი მივადევნოთ პოლონეთში განვითარებულ ტრაგიკულ, თუმცა ისტორიულ მოვლენებს, მოვლენებს, რომლებზე დაკვირებისას ცოდნის და გამოცდილების მიღება ნამდვილად შეიძლება.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი