კომენტარი

ყოფილი ონკოპაციენტი ხსნის, რატომ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას

6 ივლისი, 2022 • 1227
ყოფილი ონკოპაციენტი ხსნის, რატომ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას

იტალიაში მცხოვრებ მარიამ სირბილაძეს ძუძუს კიბოს დიაგნოზი 2018 წელს დაუსვეს. მარიამი იმ დროს იტალიაში ბინადრობის უფლებით სარგებლობდა. მისი მკურნალობა იტალიის სახელმწიფომ 100%-ით დააფინანსა, რაც საერთო ჯამში 356 000 ევრო დაჯდა.

მარიამი ამბობს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვა უზენაესია და მისი სიცოცხლეც სწორედ ამან გადაარჩინა. ამის შესახებ ის ფეისბუკზე პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.


მე რომ ბევრი წლის წინ გუდა-ნაბადი არ ამეკრა და ევროპაში არ წავსულიყავი , უდიდესი ალბათობით თქვენ ჩემი არსებობის შესახებ ცოტა ან საერთოდ არაფერი გეცოდინებოდათ. უდიდესი ალბათობით ვერც ამ პოსტს ავკრეფდი კლავიატურაზე და ვერც იმას მოგიყვებოდით, “თავი ქუდში” ადამიანი ასე რატომ ვღელავ.

ძალიან ბევრ რამეს მინდა შევეხო, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს გავუსვამ ხაზს.

ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დაცვის უზენაესობას ევროკავშირის ქვეყნებისთვის.

ყველა იმ ადამიანს, პოლოტიკურ პირს, უბრალო მოქალაქეს, რომლებიც ხელს უშლიან საქართველოს ევროინტეგრაციას სიტყვით, საქმით. მინდა ვთხოვო, რომ უბრალოდ ირგვლივ მიმოიხედონ. ნათესავები, კლასელები, მეზობლები მოიკოთხონ და გაიგონ, რამდენი ადამიანი გვეხოცება ძვირადღირებული მედიკამენტების არქონის გამო. იმ მედიკამენტებისთვის ხელმოუწვდომლობის გამო, რომელიც ევროპაში სრულიად უფასოა.

ბევრს ალბათ გახსოვთ და ვინც არ იცით, ძუძუს ინვაზიური, მესამე ცე სტადია კარცინომა დავამარცხე. 356 000 ევროთი დაფინანსდა ჩემი მკურნალობა იტალიის რესპუბლიკის ჯანდაცვის მხრიდან.

არც ერთი ევროს დაფინანსებისთვის არ წავსულვარ მერიაში. არ მიძებნია გავლენიანი ნაცნობები, ერთი წამითაც არ მინერვიულია ფინანსურ მხარეზე და ყველა რესურსი მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნვას მოვახმარე.

ყველა ჩემი რესურსი მოვახმარე, ვყოფილიყავი ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული, რომ მკურნალობის გვერდითი ეფექტები სწორად მემართა. ეს არ იყო ადვილი და იყო ძალიან მძიმე, გაუსაძლისი და მრავალმხრივ მტკივნეული. და ახლა, როცა მეუბნებიან, რომ უძლიერესი ადამიანი ვარ, საკუთარ თავთან მარტო დარჩენისას ზოგჯერ ვფქრობ. ვიქნებოდი თუ არა ასე ძლიერი, საქართველოში რომ ვყოფილიყავი და არსად წავლის შესაძლებლობა რომ არ მქონოდა?!

ჰოდა, საქართველოში მცხოვრები ყველა ონკოპაციენტი ქალის, ბავშვის, კაცის სახელით ვწერ ამას. ვიყოთ ევროპული სახელმწიფო, ნიშნავს, ამდენი ხალხი აღარ გვეხოცებოდეს. ამდენი ბავშვი აღარ გვეტანჯებოდეს.

შეგიძლიათ გაიაზროთ, რას ნიშნავს კიბოს ებრძოდეთ?

არა, არ შეგიძლიათ და რადგან ასეა, შეგიძლიათ ნათესავები მოიკითხოთ. თქვენივე ცხვირის ოდნავ იქით გაიხედოთ და აღმოაჩინოთ ჯოჯოხეთი, ტკივილი და სიკვდილის გააზრებული შიში.

რატომ მინდა საქართველოს ევროინტეგრაცია უკვე ევროპის მოქალაქეს? იმიტომ, რომ მიყვარხართ და მინდა გქონდეთ ის დაცულობის შეგრძნება, როგორიც მე მაქვს.

ამაზე მეტად სიმშვიდის მომგვრელი არაფერია, როცა იცი, რომ შენს სახელმწიფოს უყვარხარ და შენი სიცოცხლე მისთვის მნიშვნელოვანია.

მასალების გადაბეჭდვის წესი