კომენტარი

არა მარტო უკრაინამ, საქართველომაც უნდა მიიღოს EU-ს წევრობის უფლება — სოროსი

26 მაისი, 2022 • 2722
არა მარტო უკრაინამ, საქართველომაც უნდა მიიღოს EU-ს წევრობის უფლება — სოროსი

მილიარდერი ფილანტროპის, „ღია საზოგადოების ფონდების“ დამფუძნებელ ჯორჯ სოროსის აზრით, არა მარტო უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმაც უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება.

ნათქვამია სოროსის წერილში „ჩვენი ცხოვრების ბრძოლა“, რომელსაც Project Syndicate აქვეყნებს.

სოროსი აცხადებს, რომ დავოსის ბოლო ფორუმის შემდეგ ისტორიის მიმდინარეობა მკვეთრად შეიცვალა — რუსეთი შეიჭრა უკრაინაში და მაშინაც კი, როდესაც ომი დამთავრდება, სიტუაცია არასოდეს დაუბრუნდება იმას, რაც ადრე იყო.

„ცოტა ხნის წინ, იტალიის პრემიერ მინისტრი მარიო დრაგი და სხვა ევროპელი ლიდერები კიდევ უფრო შორს წავიდნენ. მათ სურთ გამოიყენონ რუსეთის შეჭრა უკრაინაში უფრო დიდი ევროპული ინტეგრაციის ხელშეწყობისთვის, რათა ის, რასაც პუტინი აკეთებს, აღარასოდეს განმეორდეს. იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ენრიკო ლეტამ შესთავაზა ნაწილობრივ ფედერაციული ევროპის გეგმა. ფედერალური ნაწილი დაფარავს საგარეო საქმეთა, თავშესაფრის, ენერგეტიკის, თავდაცვისა და სოციალურ და ჯანდაცვის პოლიტიკას. ბევრი ადამიანი, მათ შორის მეც, ამტკიცებს, რომ სიას უნდა დაემატოს როგორც საკვები, ასევე კლიმატის უსაფრთხოება. ევროპის ფედერალურ ბირთვში არცერთ წევრ სახელმწიფოს არ ექნება ვეტოს უფლება. პოლიტიკის სხვა სფეროებში წევრ ქვეყნებს შეუძლიათ შეუერთდნენ „მსურველთა კოალიციებს“ ან უბრალოდ შეინარჩუნონ ვეტოს უფლება“, — განაცხადა სოროსმა.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თავისი პროევროპული მიდგომის მნიშვნელოვანი გაფართოებით, მხარს უჭერს გეოგრაფიული გაფართოების მნიშვნელობას და ევროკავშირის მომზადების აუცილებლობას ამისთვის.

„არა მარტო უკრაინამ, არამედ მოლდოვამ, საქართველომ და დასავლეთ ბალკანეთმა უნდა მიიღონ ევროკავშირის წევრობის უფლება. დეტალების დამუშავებას დრო დასჭირდება, მაგრამ ევროპა, როგორც ჩანს, სწორი მიმართულებით მიდის. მან უკრაინაში შეჭრას უპასუხა უფრო დიდი სისწრაფით, ერთიანობითა და ენერგიით, ვიდრე ოდესმე ისტორიაში. ყოყმანის დაწყების შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ასევე, იპოვა ძლიერი პროევროპული ხმა“, — თქვა სოროსმა.

თუმცა, სოროსის თქმით, გერმანიის ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გატარებული მერკანტილისტური პოლიტიკაის გამო ევროპის დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულზე გადაჭარბებულია.

„მან რუსეთთან სპეციალური გარიგებები დადო გაზის მიწოდებაზე და ჩინეთი გერმანიის უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად აქცია. გერმანია გახდა ყველაზე წარმატებული ეკონომიკა ევროპაში, მაგრამ ახლა ამისთვის ძვირი ფასია გადასახდელი. გერმანიის ეკონომიკა უნდა გადაიხედოს და ამას დიდი დრო დასჭირდება. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აირჩიეს იმის გამო, რომ მან პირობა დადო, რომ მერკელის პოლიტიკას და მმართველობის სტილს გააგრძელებდა. მაგრამ მოვლენებმა აიძულა, უარი ეთქვა პოლიტიკის უწყვეტობაზე, რაც არც ისე ადვილი იყო, რადგან მას მოუწია საკუთარი სოციალ-დემოკრატიული პარტიის ზოგიერთი წმინდა ტრადიციის დარღვევა. თუმცა, როდესაც საქმე ეხება ევროპული ერთიანობის შენარჩუნებას, შოლცი, როგორც ჩანს, საბოლოოდ ყოველთვის სწორად აკეთებს საქმეს“, — განაცხადა სოროსმა.

მან შოლცის სწორი გადაწყვეტილებების მაგალითად მოიყვანა Nord Stream 2-ის გაზსადენის შეჩერება, 100 მილიარდი ევროს გამოყოფა თავდაცვისთვის და უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, რამაც დიდი ხნის ტაბუ დაარღვია.

ინფორმაციისთვის: Project Syndicate-ზე გამოქვეყნებული წერილი იდენტურია ჯორჯ სოროსის მიმართვის დავოსის ეკონომიკურ ფორუმისადმი, თუმცა დავოსის სიტყვაში სოროსს საქართველო არ უხსენებია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი