კომენტარი

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას ყველა ნაბიჯი გადადგას უკრაინის მხარდასაჭერად – ბლინკენი

23 მაისი, 2022 • 1807
მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას ყველა ნაბიჯი გადადგას უკრაინის მხარდასაჭერად – ბლინკენი

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი წერილში, რომლის ადრესატიც საგარეო უწყების ამჟამინდელი მინისტრი, ილია დარჩიაშვილია, მოუწოდებს საქართველოს უკრაინის მხარდასაჭერად ყველა ნაბიჯი გადადგას.

წერილში, რომელიც 22 აპრილით თარიღდება, ბლინკენი დარჩიაშვილს მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს. ასევე დასძენს, რომ აშშ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის ერთგულია.

ბლინკენი ასევე საუბრობს საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებულ 30-წლიანი ურთიერთობაზე და იმაზე, რომ ორივე მათგანი – „მხარდამხარ იბრძოდა გლობალური უსაფრთხოებისთვის“.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს ხელისუფლების მიერ წლების განმავლობაში გაწეულ ძალისხმევას, განსაკუთრებით კრემლის აგრესიის ფონზე. აშშ გმობს რუსეთის მიერ საქართველოს მიმდინარე ოკუპაციას და განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში.

ამასთანავე, მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო პასუხს სცემს რუსეთის სასტიკ და არაპროვოცირებულ ომს უკრაინაში, მე მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას ყველა შესაძლო ნაბიჯი გადადგას უკრაინის მხარდასაჭერად და პასუხისმგებლობა დააკისროს რუსეთს მის მიერ ჩადენილ ომის ყველა დანაშაულზე დანაშაულზე,“ – წერს ბლინკენი.

წერილის ბოლოს ის დასძენს, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აშშ-სთვის დიდი პატივია ევრო-ატლანტიკურ გზაზე მისი მხარდაჭერა. და მართალია, ჯერ კიდევ დიდი შრომაა გასაწევი დემოკრატიული ინსტიტუტების გასამყარებლად – „ამ ძალისხმევაში ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად ვიქნებით,“.

ნეტგაზეთმა წერილის თაობაზე ასევე ვკითხეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს, პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

მასალების გადაბეჭდვის წესი