ახალი ამბები

რა თქვეს ბლინკენმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს შესახებ

8 იანვარი, 2025 •
რა თქვეს ბლინკენმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს შესახებ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ შეხვედრისას საქართველს საკითხიც განიხილეს. შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ბლინკენმა ისაუბრა დემოკრატიის უკუსვლაზე საქართველოში და იმ სანქციებზე, რომელიც “ქართული ოცნების” ლიდერებს დაუწესდათ.

ბლინკენის თქმით, როგორც აშშ-ის, ისე საფრანგეთის ხედვა ერთმანეთს ემთხვევა – მათ აშფოთებთ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა, გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობები და ხელისუფლების რეპრესიული ქმედებები მოქალაქეების მიმართ, არჩევნებთან დაკავშირებული კითხვები და ა.შ.

“ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოს შესახებაც. აშშ-მაც და საფრანგეთმაც დაინახა, რომ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლაა. ეს ღრმად შემაშფოთებელია. არა მხოლოდ დემოკრატიის უკუსვლაა, არამედ გადახვევა ქართველი ხალხის უმრავლესობის მისწრაფებებისგან. მისწრაფება, რომ ააშენონ მომავალი, რომელიც უფრო და უფრო დაუახლოვდება ევროპას.

ასე რომ, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავინახეთ უკუსვლა, დავინახეთ, რომ მთავრობა მოქმედებს იმ ხალხის ნების წინააღმდეგ, ვისზეც ამტკიცებენ, რომ მათ წარმოადგენენ, ვნახეთ არჩევნები, რომელმაც ბევრი კითხვა გააჩინა, ვნახეთ მთავრობის რეპრესიული ქმედებები იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ცდილობენ ისაუბრონ თავისუფლად და ხმამაღლა, ჩვენ, როგორც ჩვენმა პარტნიორებმა, გადავდგით შესაბამისი ნაბიჯები:

დავასანქცირეთ “ქართული ოცნების” ლიდერი ივანიშვილი, ისევე როგორც მთავრობის სხვა წევრები; შევაჩერეთ ამერიკული დახმარების პროგრამები საქართველოს მთავრობისთვის; ეუთოს თითქმის ყველა პარტნიორთან, მათ შორის საფრანგეთთან, ერთობლივად ავამოქმედეთ ვენის მექანიზმი, რათა ცხადი ყოფილიყო, რომ უნდა შეიცვალოს მათ შორის კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს გამოხატვისა და მოქმედების თავისუფლებას სამოქალაქო საზოგადოებაში. ასე რომ, აშკარად ერთიანია ჩვენი – აშშ-ის, საფრანგეთის და ბევრი სხვა ქვეყნის მიზნები, როცა ვდგავართ საქართველოს მთავრობის ძალიან სამწუხარო ქმედებების წინ”, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

დღეს აშშ-ის კონგრესში წარადგენენ “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს”. კანონპროექტის ავტორები არიან რესპუბლიკელი ჯო უილსონი და დემოკრატი სტივ კოენი. კანონპროექტი ამერიკის ხელისუფლებას უკრძალავს, “ქართული ოცნება” საქართველოს ხელისუფლებად აღიაროს.

ფოტო: THIBAULT CAMUS / POOL / EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი