აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი დღეს, 18 აგვისტოს ისრაელში ჩავა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, ვიზიტის მიზანი ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის, ასევე მძევლებისა და დაკავებულების გაცვლის შესახებ შეთანხმების მიღწევაა.
დაგეგმილია უმაღლესი დონის შეხვედრები ისრაელის მთავრობასთან.
ბლინკენის ვიზიტი აშშ-ს ინიციატივის ფარგლებშია, რომლითაც შუამავლების – ეგვიპტისა და კატარის დახმარებით, კონფლიქტის მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა იგეგმება.
“ამ წინადადებამ უნდა მიაღწიოს ცეცხლის შეწყვეტას ღაზაში, მძევლების გათავისუფლებას, ჰუმანიტარული დახმარების ხელმისაწვდომობას ღაზაში და შექმნას პირობები რეგიონში სტაბილურობისთვის”, – აღნიშუნლია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში, თუმცა, წინადადების სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
ბლინკენის მოლოდინში, ისრაელი აგრძელებს თავდასხმებს ღაზას სექტორზე. CNN-ის ინფორმაციით, დღეს, ღაზას სექტორში საჰაერო თავდასხმას ერთი ოჯახის შვიდი წევრი ემსხვერპლა – 6 ბავშვი და მათი დედა. დაშავებულია ბავშვების მამა.
ომი ღაზაში გასული წლის 7 ოქტომბერს დაიწყო, როცა ჰამასი თავს დაესხა მუსიკალურ ფესტივალს ისრაელის ტერიტორიაზე. თავდასხმას 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. ასობით ადამიანი ტყვედ ჩავარდა. თავდასხმას ისრაელმა ომით უპასუხა. გაეროს მონაცემებით, 10 თვის განმავლობაში, ისრაელის თავდასხმებს ღაზაში 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, დაინგრა ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი.
ამავე თემაზე: