ახალი ამბები

ვინ არის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და რა პოზიცია აქვს უკრაინაზე

4 აპრილი, 2022 • 2437
ვინ არის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი და რა პოზიცია აქვს უკრაინაზე

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი ილია დარჩიაშვილი განათლებით ეკონომისტია, წლების განმავლობაში მუშაობდა საბანკო სფეროში, ხოლო მისი დიპლომატიური გამოცდილება უკავშირდება პოლონეთში საქართველოს ელჩობას.

პოლონეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებისთვის ილია დარჩიაშვილი  დაჯილდოებულია პრეზიდენტ ანდჟეი დუდას მიერ მეთაურის ჯვრის ორდენით.

„ამაყად და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ პოლონურ-ქართული ურთიერთობები არ იქნებოდა ასეთ სიმაღლეზე და ისეთი დონის, რომ არა წლების მანძილზე ილია დარჩიაშვილის ასეთი აქტიური მოღვაწეობა. დაე, ეს ჯილდო იყოს, ერთი მხრივ, თქვენ მიერ პოლონეთში გატარებული წლების სამახსოვრო და ასევე სამადლობელი პოლონელი ერისა და პოლონეთის რესპუბლიკის მხრიდან, პოლონურ-ქართული ურთიერთობების სხვა ეტაპზე გადაყვანისთვის“, — განაცხადა დუდამ 2021 წლის მაისში, თბილისში ილია დარჩიაშვილის დაჯილდოებისას.

ილია დარჩიაშვილი ჯერ კიდევ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე ყოფნისას, პირველ მარტს ვიდეომიმართვით გამოეხმაურა უკრაინის კრიზისს, გაუგებარი უწოდა საქართველოდან ელჩის გაწვევას და ისაუბრა დესტრუქციული ძალების მიერ საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობების შესახებ.

„სამწუხაროდ, არ წყდება საქართველოს ომში ჩაბმის მცდელობები და პროვოკაციები, რომელშიც პირდაპირ ჩართულია დესტრუქციული ოპოზიცია და “ნაციონალური მოძრაობა”. ამის მიზანია საომარი მოქმედებების დაწყება ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს არის მართული პროცესი დესტრუქციული ოპოზიციის და მისი წევრების მხრიდან როგორც თბილისში, ისე კიევში.

პროვოკაციული იყო გუშინ მოხალისეების ჩარტერული რეისით უკრაინაში გაგზავნის დემონსტრაციული მცდელობა, რაც ასევე იყო ორგანიზებული „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ და იქნებოდა აღქმული როგორც საქართველოს საომარ მოქმედებებში ირიბი ჩართვა“, — განაცხადა დარჩიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს მკაფიო პოზიციაა უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა და საქართველოში სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება. მან საზოგადოებას შეახსენა უკრაინაში გაგზავნილი 100 ტონა ჰუმანიტარული ტვირთი, ასევე, ის ფაქტი, რომ საქართველოს ელჩი და საელჩოს თანამშრომლები ერთ-ერთი მცირეთაგანნი არიან, ვისაც არ დაუტოვებიათ კიევი  და ამ დრომდე აგრძელებენ მუშაობას უკრაინაში.

„საქართველო პირველივე დღიდან უკრაინას უწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკურ მხარდაჭერას, ასევე, ჰუმანიტარულ დახმარებას… აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული იყო უკრაინის ელჩი საქართველოში და მისი მხრიდან უკრაინის სახელით არაერთხელ იყო გამოთქმული მადლობა გაწეული დახმარებისთვის.

საქართველო კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას და ეს არის მაქსიმუმი, რისი გაკეთებაც შეუძლია ქვეყანას, რომელმაც 2008 წლის ომი გადაიტანა და რომლის ტერიტორიების 20% არის ოკუპირებული რუსეთის მიერ. საქართველოს თუნდაც ირიბად ჩართვა სამხედრო მოქმედებებში გამოუსწორებელ შედეგებს მოუტანდა ჩვენს ქვეყანას. ყოველივე ამის გათვალისწინებით, გაუგებარია უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოდან ელჩის გაწვევის შესახებ“, — განაცხადა დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ საქართველო აგრძელებს და კვლავაც გააგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ მხარდაჭერასა და ჰუმანიტარულ დახმარებას თავისი შესაძლებლობების ფარგლებში.

ილია დარჩიაშვილი 2022 წლის 4 აპრილს დაინიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. ამ პოსტზე მან დავით ზალკალიანი შეცვალა, რომელიც აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტს დაიკავებს.


ილია დარჩიაშვილის ბიოგრაფია

ილია დარჩიაშვილმა დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი სპეციალობით ფინანსები და საბანკო საქმე (ეკონომიკის ბაკალავრი) და საბაჟო საქმე (ეკონომიკის მაგისტრი), გრენობლის ბიზნესის სკოლა (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი). 2003-12 წლებში მუშაობდა ბანკ „რესპუბლიკაში“ სხვადასხვა თანამდებობებზე. 2012-2014 წლებში მუშაობდა საქართველოს საელჩოში პოლონეთში, 2016-2017 წლებში იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, ხოლო 2017-2021 წლებში — საქართველოს ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში; 2014-2015 წლებში მუშაობდა მუნიციპალური განვითარების ფონდში, 2015-2016 წლებში კი იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მინისტრის პირველი მოადგილე. პრემიერ-მინისტრის პოსტის მეორედ დაკავების შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა ილია დარჩიაშვილი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნა.

ზალკალიანს ილია დარჩიაშვილი შეცვლის

მასალების გადაბეჭდვის წესი