კომენტარი

“…ეს იქნება ის, რაც წელში გატეხს რუსეთს უკრაინაში” — ინტერვიუ

8 აპრილი, 2022 • 9487
“…ეს იქნება ის, რაც წელში გატეხს რუსეთს უკრაინაში” — ინტერვიუ

კიევიდან, ჩერნიგოვიდან და სუმიდან რუსეთის უკან დახევის შემდეგ დონბასში ბრძოლების გააქტიურებისთვის ემზადებიან. აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტებზე არსებული ვითარებისა და მოვლენათა მოსალოდნელი განვითარებების შესახებ „ნეტგაზეთი“ საქართველოს გაერთიანებული შტაბის უფროსის ყოფილ მოადგილეს, პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს ესაუბრა.

რუსეთის ძალები კიევის, ჩერნიგოვის და სუმის ოლქებიდან გავიდნენ ძირითადად ბელგოროდში და არა — მუდმივი დისლოკაციის ადგილზე, რაც, სავარაუდოდ, მიუთითებს გადაჯგუფების შემდეგ მათ განზრახვაზე, აღმოსავლეთის ფრონტზე განლაგდნენ. თუმცა იმ დანაკარგების ფონზე, რაც ამ ძალებმა განიცადეს, რა დრო დასჭირდება მათ გადაჯგუფებას, რა ნაწილი დარჩება ბრძოლისუნარიანი?

— ზუსტი მონაცემები არ ვიცით, უკრაინულ წყაროებს თუ დავეყრდნობით, რომელიც უფრო სანდოდ მიმაჩნია, რუსებს 18 000 დაღუპული ჰყავთ. ეს ნიშნავს, რომ მთლიანი დანაკარგი — იგულისხმება დაჭრილი, დემორალიზებული, ტყვედ ჩავარდნილი და ა.შ. — დაახლოებით 60 000-ია, რაც უზარმაზარი რიცხვია. შეიძლება თამამად ითქვას, რომ ქვედანაყოფის ძირითადი შემადგენლობა, რომლებმაც კიევიდან და ჩერნიგოვიდან დაიხიეს უკან, არის დემორალიზებული. რა თქმა უნდა, ამოირჩევა გარკვეული ქვედანაყოფები, რომლებსაც გადააჯგუფებენ აღმოსავლეთის ფრონტზე და შეეცდებიან, ისინი გარკვეულ მონაკვეთებზე თავდაცვისთვის მაინც გამოიყენონ.

რა არის რუსეთის შემდგომი სტრატეგია და მიზნები აღმოსავლეთის და სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტებზე? რამდენად აქვთ მათ საკმარისი რესურსი, დიდი, განახლებული შეტევა განახორციელონ და გაარღვიონ უკრაინის თავდაცვა ამ ნაწილში?

— რესურსი აქვს და ძალიან რთული ბრძოლებია მოსალოდნელი, მაგრამ მაინც არ ველოდები, რომ რუსეთი საბოლოო წარმატებას მიაღწევს. ზუსტად რომელ ფრონტზე როგორ განვითარდება მოვლენები, არ არის ადვილი სათქმელი, იმიტომ, რომ ჩვენთვის ბოლომდე კარგად არ არის ცნობილი, რამდენად მძიმედ არის დაზიანებული რუსული შეიარაღებული ძალების შემადგენლობა და რამდენად დემორალიზებულია.

რუსეთის მთელი შეტევითი ძალისხმევა მიმართული იქნება იმისკენ, რომ დაიკავონ ლუგანსკის და დონეცკის ოლქები მათ ადმინისტრაციულ საზღვრებში. სწორედ ამიტომ, იზიუმიდან, სადაც რუსებს გარკვეულწილად ძლიერი პოზიციები აქვთ, სამხრეთით, სლოვიანსკის მიმართულებით ხორციელდება შეტევა. თუ მათ შეძლეს სლოვიანსკის დაკავება, სერიოზულად ალყის რისკი შეიძლება შეექმნათ უკრაინულ ძალებს, რომლებიც ამ მიმართულებაზე იბრძვიან. ეს მიმართულება იქნება კრიტიკულად მნიშვნელოვანი, რომ უკრაინელებმა დაიცვან.

ამასთან, უკრაინელებისთვის რთულია ამ მიმართულების მხარდაჭერა, იმიტომ, რომ გაშლილი ტერიტორიაა და დაუცველი იქნებიან საჰაერო, სარაკეტო შეტევებისგან. მე უფრო ვფიქრობ, რომ დნიპროს და ზაპოროჟიის მიმართულებიდან შეუძლიათ უკრაინელებს გარკვეული გადაჯგუფება და ამას ვიხილავთ, მაგრამ ძირითადი ფოკუსი უკრაინელების იქნება ხერსონის გასათავისუფლებლად, იმიტომ, რომ ხერსონის გათავისუფლებაშია გასაღები, რომ განავითარონ შეტევა მარიუპოლის მიმართულებით და ადრე თუ გვიან იბრძოლონ იმისთვის, რომ მოხსნან მარიუპოლის ალყა. შეტევა ხერსონის გასათავისუფლებლად განხორციელდება ნიკოლაევიდან, ისევე როგორც ზაპოროჟიე კრივოი როგის მიმართულებიდან — სამხრეთით. მეორე ასევე მნიშვნელოვანი მიმართულებაა ხარკოვი და ხარკოვის გარშემო მიმდინარე ბრძოლები. ხარკოვის გათავისუფლება რუსეთს საშუალებას აღარ მისცემს, რომ იზიუმი და აღმოსავლეთის რეგიონები გამოიყენოს დონეცკ-ლუგანსკის ტერიტორიაზე განლაგებულ უკრაინულ ქვედანაყოფებზე თავდასასხმელად. თუ გავითვალისწინებთ, რომ უკრაინას კარგად მომზადებული ქვედანაყოფები ჰყავდა ამ ხაზზე თვის დროზე, რუსებს ძალიან გაუჭირდებათ რამე მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა და აქ ბრძოლები დიდხანს გაგრძელება.

ვითარება აღმოსავლეთის ფრონტზე © BBC

თქვენც ახსენეთ, რომ აღმოსავლეთის ფრონტზე უკრაინას საკმაოდ ბრძოლისუნარიანი შენაერთები ჰყავს. როგორია ძალთა ბალანსი ამ ფრონტზე? იქნება თუ არა საჭირო, რომ კიევთან მობილიზებული ძალები უკრაინამ აღმოსავლეთის ფრონტს მიახმაროს?

— ეს ძნელი სათქმელია ზუსტი ინფორმაციის არქონის ფონზე. კიევთან მყოფი ძალების მნიშვნელობა მაინც დიდია, იმიტომ, რომ საფრთხე, რომ კიევზე განმეორებითი ღონისძიება განმეორდეს, კიდევ არსებობს. ამიტომ კიევს მთლად ვერ მოაშიშვლებენ. ძალთა ბალანსს რაც შეეხება, უნდა გვესმოდეს, რომ რიცხვებს იმდენად არ აქვს მნიშვნელობა, რამდენადაც ხარისხს. ასეთ ომში წარმატებას აყალიბებს მებრძოლების მოტივაცია. უკრაინელების მოტივაცია არის უმაღლესი, რუსების კი დღითიდღე ვარდება. დღის ბოლოს ომს ჯარისკაცები იგებენ და არა მანქანები და თვითმფრინავები.

რუსეთი განაგრძობს შეტევას მარიუპოლზე. ქალაქზე სრული კონტროლის აღების შემთხვევაში, რას შეცვლის ეს ომის მიმდინარეობისთვის?

— მარიუპოლის დაკავება რუსების მიერ, მე ვფიქრობ, სტრატეგიულად ბევრს ვერაფერს შეცვლის — ქალაქი ისედაც ალყაშია, თუმცა ამას ექნება გარკვეული სიმბოლური მნიშვნელობა რუსებისთვის, რადგან მარიუპოლი ამდენ ხანია ძალიან რთულ პირობებში იბრძვის. შესაბამისად, მარიუპოლის დაცემას ძალიან ცუდი შედეგი შეიძლება ჰქონდეს უკრაინული ძალების მორალზე, თუმცა ტაქტიკურად და ოპერატიულად მნიშვნელობა ვერ ექნება. ეს ვერ შეაჩერებს უკრაინელების მოქმედებას, მით უმეტეს, იმ ფონზე, რა ინფორმაციაც გვაქვს, რომ უკრაინა მიიღებს ძალიან სერიოზულ სამხედრო დახმარებას.

რა იარაღი სჭირდება უკრაინას იმისთვის, რომ კონტრშეტევაზე გადავიდეს და თუ ხედავთ ამის პერსპექტივას?

— ძალიან მნიშვნელოვანია საჰაერო თავდასხმიდან თავდაცვა — უფრო შორს სროლის სისტემები, რათა უკრაინამ სრულად შეძლოს გადაჯგუფება სამხრეთის და აღმოსავლეთის მიმართულებით. თუკი უკრაინას კიევთან მიმართებაში ჰქონდა ლოჯისტიკური უპირატესობა, უადვილდებოდა ჯარის მომარაგება, ახლა უნდა ვნახოთ, რამდენად წარმატებით შეძლებს მომარაგებას აღმოსავლეთში. მას სჭირდება, რუსეთმა ვერ მოახერხოს ეფექტიანად ჰაერიდან შეტევა და სიღრმეში სარაკეტო დარტყმების განხორციელება. უკრაინისთვის მნიშვნელოვანია უპილოტო საფრენი აპარატები, რომელსაც შეუძლია მიიტანოს შეტევა დონბასის ზონაზე, იმიტომ, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვა ასეთ უპილოტო საფრენ აპარატებს ვერაფერს უხერხებს. უკრაინის არტილერია აქამდე ძალიან ეფექტურად მუშაობდა, მაგრამ ახლა მას სჭირდება უფრო შორი მოქმედების არტილერია. თუკი აქამდე ვსაუბრობდით ტანკსაწინააღმდეგო (ჯაველინები, Nlaw, პანცერფაუსტი) და გადასატან ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებებზე (სტინგერი), ახლა უკვე, თუ ეს ომი დიდხანს გაგრძელდა, დგება საჭიროება, რომ უკრაინას მიეწოდოს საჰაერო თავდაცვის სისტემები.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დამტკიცებული “ლენდ-ლიზის“ პროგრამა აშკარად გამოხატავს, რომ აშშ და ნატოს ქვეყნები ბოლომდე დადგებიან უკრაინის გვერდში, სანამ ის არ გაიმარჯვებს. ასეთ ომს არ იგებს ტანკი ან მანქანა, ასეთ ომს, გარდა ჯარისკაცების სულისკვეთებისა, იგებს ეკონომიკა, ინდუსტრიული და ტექნოლოგიური უპირატესობა. რუსეთი ცდილობს, რომ დრო მოიგოს, ეს ომი გაწელოს რაც შეიძლება დიდხანს, ძლიერის პოზიციიდან ისაუბროს და მნიშვნელოვანია, მას ეს არ გამოუვიდეს.

ყველაზე დიდი პრობლემა, რაც რუსეთს ექმნება, ეს არის მომზადებული პირადი შემადგენლობის საკითხი. ამას [სამხედროების რაოდენობას] ვერანაირად ვერ შეივსებენ, განსაკუთრებით, მოკლედ დროში. ამიტომ აღმოსავლეთის ფრონტზე თავდაცვაში გადასვლა რუსებისთვის, ალბათ, ყველაზე ოპტიმალურია, რომ დიდხანს გააგრძელონ თავიანთი ოპერაციები, მაგრამ ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ მაინცდამაინც თავდაცვაზე გადადიან, უფრო ცდილობენ, რომ რაღაც წინსვლას მიაღწიონ.

უკრაინის სრულფასოვან კონტრშეტევას სჭირდება სამანევრო ქვედანაყოფების აღჭურვაც უფრო ეფექტური ტექნიკით. ამ შემთხვევაში- ჯავშანმანქანები. ბევრი კარგი ტექნიკა და შეიარაღება მიეწოდება ახლა. ბრიტანეთმა რაც გადასცა, ყველაფერი მნიშვნელოვანია. აუცილებლად სჭირდება ჯაველინები, Switchblade-ის კამიკაძე დრონები.

საჰაერო და სარაკეტო უპირატესობა ისევ აქვთ რუსებს, ამიტომ უკრაინელები ვერ შეძლებენ დიდი დაჯგუფებებით კონტრშეტევის მიტანას. ამიტომ ეტაპობრივი, მცირე შეტევებით შეეცდებიან რუსეთის გატეხას და განდევნას და არა მასიური კონვენციური შეტევით.

რუსეთს აქვს რესურსები, რომ დამატებითი ძალები მიახმაროს ფრონტს, მაგალითად, მობილიზაცია გამოაცხადოს?

— 140-მილიონიანი ქვეყანაა და ხალხი ბევრი ჰყავს, მაგრამ რანაირი მობილიზებაც არ უნდა გამოაცხადოს, ვერ მოიხმარს. ამ ხალხს სჭირდება მომზადება. მოუმზადებელ ჯარისკაცებს ასეთ ომში ვერ გააგზავნი, ჩვეულებრივი საზარბაზნე ხორცი გახდებიან. მომზადებას კი თვეები სჭირდება. რაც ძალა და რეზერვები ჰყავდა, რუსეთმა უკვე გამოიყენა ბრძოლაში. დამატებითი ძალები არ ჰყავს და ვერ მოიზიდავს.

თქვენი აზრით, რუსეთი მაინც შეეცდება სამხრეთის ფრონტზე პოზიციების შენარჩუნებას თუ მხოლოდ დონბასზე იქნება ორიენტირებული, როგორც ეს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დააანონსა?

— რუსეთის საბრძოლო მიზნები თვითონაც არ ჰქონდათ გარკვეული, რა იყო. პროგრამა მაქსიმუმი იყო კიევის დაკავება და დნეპრის აღმოსავლეთის დაკავება მთელი თავისი ქალაქებით და, ფაქტობრივად, რუსეთზე მიერთება. დღეს ამის მადა აშკარად დაკარგეს და ცდილობენ, აღმოსავლეთ უკრაინაზე გადაჯგუფდნენ და შეეცადონ, რომ დაიკავონ დონეცკი და ლუგანსკი, ასევე, რამენაირად სახმელეთო ხიდი დაიტოვონ ყირიმზე გასასვლელად.

შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ რუსეთმა საბოლოოდ თქვა უარი კიევის აღების განზრახვაზე, თუ ეს მაინც დამოკიდებული იქნება იმაზე, რა შედეგები ექნება სამხრეთ-აღმოსავლეთის ფრონტზე, და თუ დონბასში დაცვას გაარღვევენ, შესაძლოა თუ არა იფიქრონ კიევზეც?

— არ ვფიქრობ, რომ ხელი აიღო, უბრალოდ დამარცხდა, ძალები არ გააჩნია, რაიმე ხელახალი იერიში მიიტანოს კიევზე. თუკი რაიმე ძალებს იტოვებენ ბელარუსში, ეს იმისთვის, რომ წნეხი შეინარჩუნოს კიევზე, რომ უკრაინის ძალებმა ვერ დაატოვონ ეს ფლანგი და აღმოსავლეთში ვერ გადავიდნენ, მაგრამ არანაირი ძალა და რესურსი რუსეთს არ გააჩნია, რომ ხელახალი შეტევა მიიტანოს კიევზე უახლოეს მომავალში. თუ მიიტანს, ისევ დამარცხდება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ომი უკრაინაში შესაძლოა წლები გაგრძელდეს. რამდენად რეალურად მიიჩნევთ ასეთ პერსპექტივას?

— დიახ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მთელი უკრაინის ტერიტორია უნდა გათავისუფლდეს, ეს შეიძლება წლებიც გაგრძელდეს. აშკარად იღებს გრძელი ომის ნიშნებს, მაგრამ ბევრი რამე დამოკიდებულია პირობებზე, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი არის რუსეთის საწინააღმდეგოდ. ომის დასასრულებლად გარდამტეხი უნდა გახდეს, რომ უკრაინის ძალებმა მოახერხონ ხერსონის გათავისუფლება, ასევე, სამხრეთიდან და დონეცკ-ლუგანსკიდან მომავალი ძალების გახლეჩა. ეს იქნება, რაც წელში გატეხს რუსებს. სანქციებით და სხვა ღონისძიებებით რუსეთი სწრაფად ვერ დამარცხდება, მაგრამ მათი შენარჩუნება გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვანია. ყველაზე მეტად რაც დაამარცხებს რუსეთს, იქნებიან სახლში გაქცეული დამარცხებული რუსი ჯარისკაცები დიდი რაოდენობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი