უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის თქმით, ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას არ აღმოუჩენს.
მან აღნიშნა, რომ ჩინეთი „არ დაუჭერს მხარს წაგებულ მხარეს“, ხოლო კორონავირუსის ახალი ტალღის შესახებ პეკინის ცნობა, ფაქტობრივად, უარია მოსკოვის თხოვნაზე. ჩინეთში კორონავირუსის ახალი აფეთქების შესახებ პეკინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა და ახალი შემზღუდველი ღონისძიებები დააანონსა ქვეყნის შიგნით.
„ჩინეთი არასდროს არ დაუჭერს მხარს წაგებულ მხარეს. [ჩინეთისთვის ცხადია], რომ მოსკოვი დამარცხდა. როგორც კი გამოაცხადეს, რომ კორონავირუსის მორიგი ტალღა აქვთ, ჩემთვის ყველაფერი ნათელი გახდა – კორონავირუსის გამო იხურება საწარმოები, არ შეგვიძლია მოწოდების გარანტიების მოცემა, მარტო კონსერვები თუ გაიგზავნება [რუსეთში]… თუმცა ჩინეთის [მიერ რუსეთის] სერიოზულ მხარდაჭერას ვერ დავიჯერებ… რუსეთი რომ იგებდეს, კი ბატონო, მაგრამ ასეთ ვითარებაში, არასდროს“…
მისივე თქმით, ჩინეთის ეკონომიკა დამოკიდებულია დასავლეთთან ვაჭრობაზე და რუსეთის დახმარების გამო დაპირებული სანქციების შედეგს პეკინში კარგად იგრძნობენ.
„რუსეთს ძალიან უნდა ჩინეთის ჩათრევა და მათი პოლიტიკური და სამხედრო დახმარება. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ჩინეთი რბილ ძალას ამჯობინებს და სწორედ მასზე აქვს გათვლა“, – ამბობს იგი.
მანამდე არესტოვიჩმა ხაზი გაუსვა, რომ ჩინური სახელმწიფო მედია უკრაინული მხარის პოზიციებითაც დაინტერესდა და უკრაინელ ლიდერებთან ინტერვიუების ჩაწერა ითხოვა, რაც ასევე საგულისხმო ფაქტია.
მედიაში გავრცელებული ცნობების თანახმად, მოსკოვმა პეკინს სამხედრო და სხვა დახმარება სთხოვა.
