ახალი ამბები

ჩინეთის პირველი კომენტარი რუსეთის მხრიდან შეიარაღების თხოვნის ცნობებზე

14 მარტი, 2022 • 64787
ჩინეთის პირველი კომენტარი რუსეთის მხრიდან შეიარაღების თხოვნის ცნობებზე

ვაშინგტონში ჩინეთის საელჩოს წარმომადგენელი ლიუ პენგიუ აცხადებს, რომ არაფერი იცის  რუსეთის მხრიდან ჩინეთისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით თხოვნის შესახებ. ამასთან, პენგიუ ამბობს, რომ უკრაინაში მიმდინარე ვითარება შემაშფოთებელია და ჩინეთი მხარს უჭერს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. ამის შესახებ ჩინეთის ელჩმა CNN-თან განაცხადა.

“ჩინეთი ღრმად შეშფოთებული და დამწუხრებულია უკრაინაში არსებული ვითარების გამო. ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ სიტუაცია შემსუბუქდება და მშვიდობა დაბრუნდება. უკრაინაში ამჟამად არსებული მდგომარეობა მართლაც შემაშფოთებელია. მაქსიმალური ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული, რომ მიუხედავად ამ რთული მდგომარეობისა, რუსეთისა და უკრაინის მოლაპარაკებები გაგრძელდეს და მშვიდობიანი შედეგი მოჰყვეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვახალისებთ ყველა ძალისხმევას, რომელიც ხელს უწყობს კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას. ახლა მთავარი პრიორიტეტია დაძაბული სიტუაციის ესკალაცია ან მისი უკონტროლო მდგომარეობაში გადასვლის თავიდან არიდება. ამასთან დაკავშირებით კონსენსუსია საერთაშორისო საზოგადოებაში, მათ შორის, დაინტერესებულ მხარეებში”, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა ვაშინგტონში.

მისი თქმით, ჩინეთი მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ და მასიური ჰუმანიტარული კრიზისის თავიდან აცილებისკენ მოუწოდებს. ასევე, ელჩი აცხადებს, რომ ჩინეთმა უკრაინას ჰუმანიტარული დახამრება უკვე გაუწია და ამის გაკეთებას კიდევ გააგრძელებს.

წუხელ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა. Financial Times-ის ცნობით ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა კი CNN-თან განაცხადა, რომ ამერიკა ყურადღებით აკვირდება, რა სახის დახმარებას გაუწევს ჩინეთი რუსეთს, როგორც მატერიალური, ასევე ფინანსების მხრივ.

“ეს ჩვენთვის შეშფოთების მიზეზია და პეკინს ვუთხარით, რომ არცერთ ქვეყანას არ მივცემთ უფლებას, რომ რუსეთს ეკონომიკური სანქციებით დაწესებული ზარალი აუნაზღაუროს”, – განაცხადა სალივანმა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ნათლად განუცხადა პეკინს, რომ თუ ისინი კრემლს მისცემენ შესაძლებლობას, გვერდი აუარონ აშშ-ის სანქციებს, ამას აუცილებლად მოჰყვება შედეგები. სალივანის განცხადებით, ამის უფლებას მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ მისცემენ.

CNN-ის ცნობით, სალივანი 14 მარტს რომში ჩინელ კოლეგას, იან ჯიეჩის ხვდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი