ახალი ამბები

რუსეთი ჩინეთს სთხოვს, სამხედროებისთვის მზა საკვებით დაეხმაროს – CNN

15 მარტი, 2022 • 2007
რუსეთი ჩინეთს სთხოვს, სამხედროებისთვის მზა საკვებით დაეხმაროს – CNN

CNN-ის ცნობით, აშშ-მა ნატოს მოკავშირეებს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთმა გამოხატა გარკვეული ღიაობა, გაუწიოს რუსეთს მოთხოვნილი სამხედრო და ფინანსური დახმარება.

CNN-ის ინფორმაციით, აშშ-მა დიპლომატიური დეპეშით აცნობა თავის მოკავშირეებს ევროპასა და აზიაში, რომ ჩინეთმა გამოხატა მზადყოფნა, თუმცა შეტყობინებაში არ იყო მითითებული, რომ სამხედრო დახმარების გაწევა გადაწყვეტილია. ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა ასევე თქვა, რომ ჩინეთი, სავარაუდოდ, უარყოფს ინფორმაციას.

ორი წყაროს თქმით, რუსეთის არმია უკრაინაში ლოჯისტიკური გამოწვევების წინაშე დგას და დახმარებას შორის, რომელსაც მოსკოვი ჩინეთისგან ითხოვდა, იყო გაუფუჭებელი სამხედრო საკვების კომპლექტები, ე.წ. „მზა საჭმელი“.

რუსეთის არმიის ქვედანაყოფები, რომლებიც წინ მიდიან, რეგულარულად სცილდებიან თავიანთი მომარაგების კოლონებს და ჯარისკაცები საკვებს ადგილობრივ სასურსათო მაღაზიებში ეძებენ. CNN-ის ერთ-ერთი წყარო ვარაუდობს, რომ საკვები შეიძლება იყოს ის მოთხოვნა, რომელსაც ჩინეთი სიამოვნებით დასთანხმდება, რადგან ეს ნაკლებად პროვოკაციული იქნებოდა, ვიდრე ლეტალური იარაღის მიწოდება.

ორმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ჩინეთის სურვილმა, თავიდან აიცილოს ეკონომიკური შედეგები, შესაძლოა შეზღუდოს მისი მადა რუსეთის დასახმარებლად. ოფიციალურმა პირებმა ცალ-ცალკე განუცხადეს CNN-ს, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი აღშფოთებულია იმით, თუ როგორ აღადგინა ომმა უკრაინაში ნატოს ალიანსი.

ამერიკული დაზვერვის წარმომადგენლებმა CNN-ს ანონიმურად უთხრეს, რომ რომში ინტენსიური შვიდსაათიანი შეხვედრის დროს, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მთავარმა თანაშემწემ გააფრთხილა მისი ჩინელი კოლეგა „პოტენციური შედეგების“ შესახებ, რომლის გადახდაც ჩინეთს მოუწევს რუსეთის დახმარების შემდეგ.

CNN-ის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირებისთვის შემაშფოთებელია იმის დაშვება, რომ ჩინეთმა შეიძლება ხელი შეუწყოს უკრაინაში სისხლიანი კონფლიქტის გახანგრძლივებას.

ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთმა ჩინეთს სამხედრო აღჭურვილობით დახმარება სთხოვა. Financial Times-ის ცნობით, ამის შესახებ აშშ-ის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა კი CNN-თან განაცხადა, რომ ამერიკა ყურადღებით აკვირდება, რა სახის დახმარებას გაუწევს ჩინეთი რუსეთს, როგორც მატერიალური, ასევე ფინანსების მხრივ.

„ეს ჩვენთვის შეშფოთების მიზეზია და პეკინს ვუთხარით, რომ არცერთ ქვეყანას არ მივცემთ უფლებას, რუსეთს ეკონომიკური სანქციებით დაწესებული ზარალი აუნაზღაუროს”, – განაცხადა სალივანმა.

მისი თქმით, შეერთებულმა შტატებმა ნათლად განუცხადა პეკინს, რომ თუ ისინი კრემლს მისცემენ შესაძლებლობას, გვერდი აუარონ აშშ-ის სანქციებს, ამას აუცილებლად მოჰყვება შედეგები. სალივანის განცხადებით, ამის უფლებას მსოფლიოში არცერთ ქვეყანას არ მისცემენ.

ჩინეთმა აღნიშნულ ინფორმაციას დეზინფორმაცია უწოდა. ცნობები უარყვეს მოსკოვშიც.

მასალების გადაბეჭდვის წესი