კომენტარი

„ეს აღმაშფოთებელია“ — გოგოლაშვილი პრეზიდენტის ვიზიტებისთვის ხელშეშლაზე

14 მარტი, 2022 • 2095
„ეს აღმაშფოთებელია“ — გოგოლაშვილი პრეზიდენტის ვიზიტებისთვის ხელშეშლაზე

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორის, კახა გოგოლაშვილის აზრით, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის გაუცხოება დაიწყო ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიაციით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლით, დღესდღეობით კი მიდგომებში განსხვავებები შესაძლოა, „უკვე გადაულახავიც იყოს“.

გოგოლაშვილი აღმაშფოთებელს უწოდებს ინფორმაციას, რომ მთავრობამ პრეზიდენტს უარი უთხრა ევროპის დედაქალაქებში ოფიციალური ვიზიტების გამართვაზე.

„ერთხელ პარლამენტში მისვლაზე უარი უთხრეს. ახლა აღმოჩნდა, რომ ოფიციალური ვიზიტების უფლება არ გასცეს. თუ პრეზიდენტის ოფისს თვითონ ჰქონდა მოლაპარაკება სხვა ქვეყნების ხელისუფლებებთან, რა პრობლემა იყო მთავრობის მხრიდან, რომ ლოჯისტიკა მოეგვარებინათ? ძალიან მიკვირს ეს მიდგომა. ბოლო ხანებში ჩანს, რომ აშკარა განსხვავებებია პრეზიდენტსა და მთავრობას შორის და მთლიანად მმართველ ძალას შორის. არსებობს მიდგომებში განსხვავებები, რომელიც შესაძლოა, უკვე გადაულახავიც კი იყოს. თავიდან სალომე ზურაბიშვილი იყო აბსოლუტურ ჰარმონიაში მმართველ ძალასთან, მისი დახმარებით გახდა პრეზიდენტი, მაგრამ ამჯერადაც, როგორც წინა პრეზიდენტის [გიორგი მარგველაშვილის] შემთხვევაში, ადგილი აქვს გარკვეულ გაუცხოებას მათ შორის“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ გოგოლაშვილმა.

მისი აზრით, სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე მთავრობისგან დისტანცირებას ცდილობს და „ქართული ოცნება“ მომავალშიც ყველანაირად შეეცდება, ხელი შეუშალოს პრეზიდენტის კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან.

„მე მგონია, რომ საქმე ეხება ევროკავშირთან კომუნიკაციას. გაუცხოება დაიწყო ჯერ კიდევ შარლ მიშელის შეთანხმებასთან დაკავშირებით, სადაც პრეზიდენტი თამაშობდა მედიატორის როლს. მმართველმა ძალამ შეთანხმება დატოვა, რასთან დაკავშირებითაც პრეზიდენტს განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. შემდეგ ბევრი სხვა საკითხიც გამოჩნდა, განსაკუთრებით- უკრაინასთან მიმართებაში. როგორც ჩანს, პრეზიდენტი არ ეთანხმებოდა, რა კომუნიკაციასაც მთავრობა აწარმოებდა… როგორც ჩანს, თვითონ პრეზიდენტსაც არ მოსწონს, იფიქრონ დასავლეთში, რომ ის სრულად იზიარებს მთავრობის პოზიციებს, საქართველში გატარებულ რეფორმებთან და საერთაშორისო ურთიერთობებთან დაკავშირებითაც. ამიტომ არის, რომ მმართველ ძალასაც მისი ნებისმიერი კომუნიკაცია საერთშორისო პარტნიორებთან არ მოსწონს და ყველანაირად ხელს შეუშლის ამას, ისევე როგორც აპირებდა ამ ვიზიტებთან დაკავშირებით“, — განაცხადა კახა გოგოლაშვილმა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ევროპის დედაქალაქებში ოფიციალური ვიზიტების გამართვაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა. მისი თქმით, ამის გამო მას მოუწია, რომ ოფიციალური ვიზიტები პირად ვიზიტებად გადაეკეთებინა.

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის ქვეყნებში გაემგზავრა მაშინ, როცა რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად საუბრობდა უკრაინის მხარდაჭერაზე. პარალელურად, „ქართული ოცნება“ და პრემიერი ღარიბაშვილი საჯაროდ ცდილობდნენ საკითხიდან დისტანცირებას.

“ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია და მაგაში გავერკვევით… თუ მართალი თქვა და, სავარაუდოდ, მართალი თქვა, დაურღვევია კონსტიტუცია”, – განაცხადა კობახიძემ მის საპასუხოდ.

“ოცნებას” პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმები არ აქვს

მასალების გადაბეჭდვის წესი