წინასწარი მოკვლევიდან — 14, გამოძიების ოფიციალურად დაწყებიდან კი 6 წლის თავზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორმა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე პირველი ბრალდებულები გამოავლინა. პროკურორის ოფისმა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა სამხრეთ ოსეთის 3 ყოფილი დე ფაქტო მაღალჩინოსნის დაკავების თაობაზე.
რა მოხდება ამის შემდეგ — უნდა ველოდოთ თუ არა ბრალდებულთა სიის გაფართოებას? აღსრულდება თუ არა ICC-ის გადაწყვეტილებები და რა როლი აქვს უკრაინის ომს საქართველოს საქმის წინსვლაში? — ამ საკითხებზე „ნეტგაზეთი“ Justice International-ის აღმასრულებელ დირექტორ ნიკა ჯეირანაშვილს ესაუბრა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსით წლების განმავლობაში ICC-სთან მუშაობს.
- როგორ ხდება დაკავების ორდერების გამოცემა და აღსრულება?
— ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისი აწარმოებს გამოძიებას და კონკრეტული პირების დაკავების ორდერის გამოსაცემად მოსამართლეებს მიმართავს მაშინ, როცა ჩათვლის, რომ საკმარისი მტკიცებულებები აქვს ხელთ. პროკურორი ამ მტკიცებულებებს ურთავს თავის მოთხოვნას. ვებგვერდზე შეგვიძლია ვიხილოთ მხოლოდ საჯარო კომუნიკაციის ნაწილი, რომლითაც პროკურორი მიმართავს მოსამართლეებს, თუმცა არის, ასევე, კონფიდენციალური ნაწილი, რომელშიც ამ პირების მიერ ჩადენილი კონკრეტული დანაშაულებები ფიქსირდება. მოსამართლეებმა უახლოეს მომავალში უნდა განიხილონ და თუ ჩათვლიან, რომ მტკიცებეულებები საკმარისია, გაიცემა დაკავების ორდერები. ჰააგის სასამართლოს პრაქტიკიდან გამომდინარე, 100% შემთხვევებში მოსამართლეები იზიარებენ პროკურორის მიმართვას. ამიტომ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ უახლოეს მომავალში (ეს შეიძლება იყოს რამდენიმე კვირა ან თვე) მოსამართლეები ამ სამ პირზე დაკავების ორდერებს ოფიციალურად გასცემენ.
თუმცა დაკავების ორდერის გაცემა პრობლემა არ არის, მთავარია აღსრულება. სასამართლოს მიდგომა ასეთია — ეჭვმიტანილის დაუსწრებლად პროცესი არ მიმდინარეობს. შესაბამისად, სასამართლო არ გამოიტანს რამე გადაწყვეტილებას იმ პირების გარეშე, ვისზეც გაცემულია დაკავების ორდერი. ეს არის მომენტი, როდესაც შეიძლება პროცესი უვადოდ გაიჭედოს. დაკავების შემდეგ მიმდინარეობს ჩვეულებრივი სისხლის სამართლის პროცესი და საბოლოოდ სასამართლო წყვეტს, დამნაშავეები არიან თუ არა წარდგენილ ბრალდებაში დაკავებული პირები. თუ ერთ-ერთ ბრალდებულს დააკავებენ და არა სამივეს, ცალკე მისი პროცესი ინდივიდუალურად გაიმართება, რადგან ეს არ არის გაერთიანებული საქმეები.
დაკავების ორდერის აღსრულების რამდენიმე გზა არსებობს. პირველი, რომ როდესაც პირები, რომლებზეც გაცემულია დაკავების ორდერი, მოგზაურობენ რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოებში, ამ ქვეყნებს აქვთ მათი დაკავების და ჰააგის სასამართლოსთვის გადაცემის ვალდებულება. მეორე ვარიანტია დააკავოს თავად იმ ქვეყანამ, რომელშიც ისინი ცხოვრობენ ან რომელიც ეფექტურ კონტროლს ახორციელებს ადგილზე — ამ შემთხვევაში რუსეთმა. დიდი ალბათობით, რუსეთი ამას არ იზამს, თუ მასზე არ განხორციელდა გარკვეული ზეწოლა როგორც საქართველოს, ისე ჩვენი მეგობარი ქვეყნების მხრიდან. ეს შეიძლება იყოს სამომავლო მოლაპარაკებების საგანი, მით უმეტეს, იმ ფონზე, რაც ახლა დღეს ხდება და რამდენი სანქცია არის დაწესებული რუსეთისთვის. შესაძლებელია, მომავალში, თუ რუსეთში ხელისუფლება ან ხელისუფლების პოზიცია შეიცვლება, მათ გაცვალონ ეს პირები რომელიმე სანქციის მოხსნაში ან რამე სხვა მოლაპარაკების საგანში.
კიდევ ერთი გზაა, ბრალდებულები თავად ჩაბარდნენ სასამართლოს. პრაქტიკაში მომხდარა ასეთი შემთხვევები, ვინაიდან დაკავების ორდერის გაცემის მომენტიდან საკმაოდ რთულდება მათი ცხოვრება — ცხოვრობენ მუდმივ შიშსა და დევნაში; არ იციან, რა მოელით, რომელი ქვეყნის სპეცსამსახურებმა რა მომენტში შეიძლება დააკავონ. მათ შეიძლება გააჩნდეთ ინფორმაცია სხვა პირების დანაშაულის შესახებაც და მათი გამჟღავნების შიშით შეიძლება, ამ პირების ან ამ შემთხვევაში რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ლიკვიდირების შიშიც ჰქონდეთ. ამიტომ არის ხოლმე შემთხვევები, როცა ურჩევნიათ ჰააგაში, თუნდაც საპატიმროში მშვიდად გააგრძელონ ცხოვრება და მოიხადონ სასჯელი, ვიდრე მუდმივ შიშში იცხოვრონ.
არის შემთხვევები, როდესაც ჰააგის სასამართლოს წევრი ან არაწევრი სახელმწიფოს, მაგალითად, აშშ-ის სპეცსამსახურებს უმუშავიათ, დაუკავებიათ და გადაუციათ სასამართლოსთვის ბრალდებულები.
ნებისმიერ შემთხვევაში, ძალიან აქტიურად უნდა იმუშაოს საქართველოს ხელისუფლებამ. ვნახე იუსტიციის სამინისტროს განცხადება — საქართველოს მორიგი გამარჯვება აგვისტოს ომის საქმეზე. მესმის, რომ სასიხარულო ამბავია და დაკავების ორდერები გაცემულია სამხრეთ ოსეთის მხარის მიმართ, რუსეთის მხარეც ფიგურირებს გენერალ ბორისოვის სახით, ხოლო საქართველო არ ფიგურირებს… სასიხარულოა, რომ სასამართლომ ვერ დაადგინა ვერც ერთი ქართველის მიერ შესაძლო ჩადენილი დანაშაული და ამით წერტილი დაუსვა 14-წლიან დისკუსიებს, ვისი ბრალია ომი, ვინ ჩაიდინა დანაშაულები. ეს კარგია, თუმცა დღესვე დასაწყებია აქტიური მუშაობა რუსეთის ხელისუფლებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან. სულ მცირე, მოწოდებები უნდა გვესმოდეს მოსკოვის მიმართ ამ პირების გადმოცემაზე. კომენტარებში ისე წარმოჩინდა, რომ უკვე მოვიგეთ. რეალურად, პროცესი არ დასრულებულა, ახლა იწყება. თუ ჩვენი დიპლომატები არ იმუშავებენ აქტიურად პარტნიორ ქვეყნებთან, ვერაფერსაც ვერ მივაღწევთ და გამარჯვებაზე საუბარი ზედმეტი იქნება.
- თქვენ თქვით, რომ წერტილი დაესვა 14-წლიან დისკუსიებს, ვინ ჩაიდინა დანაშაულები. ნიშნავს ეს, რომ გამოძიება დასრულებულია და 3-კაციანი სია აღარ გაფართოვდება, მათ შორის, არც რუსეთის ან საქართველოს მხარის წარმომადგენლების მიმართ?
— შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ გამოძიება, აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ ეტაპზე ამოწურულია, თუ ახალი მტკიცებულებები არ გამოიკვეთა, მათ შორის, ბრალდებულების ჩვენებების საფუძველზე (მათი დაკავების შემთხვევაში).
რაც შეეხება ქართული მხარის შესაძლო ბრალეულობას, რომ ყოფილიყო რომელიმე ქართველი, ვინც ფიგურირებდა ამა თუ დანაშაულის ჩადენაში, უნდა ვივარაუდოთ, რომ ის უკვე მოხვდებოდა ამ დაკავების ორდერებში. ვინაიდან არ მოხვდა, დიდი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს ნაწილი გაიცხრილა და ვინმე ქართველის მიმართ დაკავების ორდერი აღარ გაიცემა.
თუ გადავხედავთ სასამართლოს პრაქტიკას, არ მგონია, თუნდაც ოსური მხარის მიმართულებით დამატებით პირებზე დაკავების ორდერები ვიხილოთ. ახალი პროკურორი, რომელიც დაახლოებით 1 წლის წინ აირჩიეს, ამბობდა, რომ არ დაუშვებდა არცერთი ისეთი საქმის მისვლას მოსამართლეებამდე, რომელიც შეიძლება ბრალდების მხარეს წაეგო და დრო და რესურსი წყალში ჩაეყარა. უნდა ვივარაუდოთ, რომ 3 პირის გარდა, სხვებზე პროკურორმა საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოიპოვა. მიდგომაც ასეთია — პროკურორი რიგით ჯარისკაცებს არ დასდევს. დასდევს რაც შეიძლება მაღალი თანამდებობის მქონე პირებს, ბრძანების გამცემებს. თითოეული კონფლიქტის („სიტუაციას“ ეძახის სასამართლო) საქმეზე, როგორც წესი, სულ რამდენიმე დაკავების ორდერი გაიცემა ხოლმე — დაახლოებით 3, 5, 6, მაგრამ არა ათობით და ასობით. ამიტომ, ჩემი მოლოდინი არ არის, რომ ეს 3-კაციანი სია გაიზრდება, გარდა იმ თეორიული შემთხვევისა, თუ ამ პირებს დააკავებენ და პროცესზე ისინი ხელს გაიშვერენ სხვების ბრალეულობაზე და გარკვეულ მტკიცებულებებსაც წარადგენენ.
კიდევ ერთი თეორიული დაშვებაა, თუ დაკავების ორდერი გაცემულია ფარულად. გუშინ ჩვენ საჯარო კომუნიკაცია ვიხილეთ, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, მაგალითად, როცა ეჭვმიტანილი გადაადგილდება ჰააგის სასამართლოს წევრ რომელიმე სახელმწიფოში და არსებობს მისი საზღვარზე დაკავების შანსი, შეიძლება გაცემული იყოს ფარული დაკავების ორდერი და პოსტ-ფაქტუმ გავიგოთ.
- გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორ ვიაჩესლავ ბორისოვის სავარაუდო ბრალეულობაც, თუმცა ის უკვე გარდაცვლილია… რუსული მხარის მეტ პასუხისმგებლობას არ უნდა ველოდოთ?
— რუსეთის წვლილზე, გარდა გარდაცვლილი გენერლისა, როგორც ჩანს, პროკურორს არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები, რომლითაც შეიძლება დაკავების ორდერის გაცემა. ეს არ არის ქვეყნებს შორის დავა. არავინ დავობს, რომ დანაშაულები იქნა ჩადენილი, თუმცა ამ დანაშაულის ჩამდენ პირებს უნდა დაუმტკიცდეთ, რომ რეალურად მათ გასცეს ბრძანებები. ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მომავალში ვიხილოთ რუსი მაღალჩინოსნების მიმართ საქართველოს სიტუაციაზე დაკავების ორდერების გაცემა.
მიზეზი ძირითადად მტკიცებულების განადგურებას უკავშირდება. 2016 წლის იანვარში, როდესაც გამოძიება დაიწყო, ომიდან ბევრი წელი იყო გასული და ძალიან ბევრი მასალა იქნა განადგურებული, მათ შორის, რუსეთის სპეცსამსახურების მიერ. გამოძიება მთელი რიგი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა — დაკარგული ჰქონდათ კვალი და ვერ გადიოდნენ კონკრეტულ პირებზე. მოწმეთაგან ბევრი გარდაცვლილი იყო. ჰააგის სასამართლო აღიარებს ამ შეცდომებს და სწორედ საქართველოს გამო, მათ შეცვალეს პრაქტიკა და უკრაინის სიტუაციაზე, სანამ გამოძიება დაიწყებოდა, სულ მცირე, 5 წლის წინ დაიწყეს თითოეული მტკიცებულების შენახვა, მოწმეების ვიდეოჩაწერა, რათა სამომავლოდ, თუ გაიხსნებოდა გამოძიება, გამოეყენებინათ ეს მტკიცებულებები. საქართველოს შემთხვევა იყო ყველაზე დაგვიანებული გამოძიება. როგორც წესი, გამოძიების 1-2 წელი სჭირდება დაკავების ორდერების გაცემას, საქართველოს შემთხვევაში მე-6 წელი დაიწყო. უკრაინის შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გაცილებით ნაკლები იქნება.
- თქვენ ჯერ კიდევ წელიწად-ნახევრის წინ ივარაუდეთ, რომ რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების ფარგლებში დაკავების ორდერები მხოლოდ ოსური მხარის მიმართ გაიცემოდა და ამის არაერთი მიზეზი დაასახელეთ, მათ შორის, რუსეთის გავლენები ჰააგის სასამართლოზე. ის, რომ გარდა გარდაცვლილი გენერლისა, რუსი მაღალჩინოსნების როლი არ გამოიკვეთა, მხოლოდ ობიექტური მიზეზებით და იმ სირთულეებით არის განპირობებული, რის წინაშეც გამოძიება აღმოჩნდა, თუ პოლიტიკური ფაქტორიც უნდა ვეძებოთ?
– ვფიქრობ, ორივე. ობიექტური მიზეზიც იყო, რომ უკვე განადგურებული მასალები და გაფუჭებული საქმე დახვდა პროკურორს. მეორე მხრივ, იყო რუსეთის გავლენები როგორც სასამართლოს შიგნით, ისე სასამართლოს წევრი სახელმწიფოების მიდგომებში. წარმოუდგენლად მიაჩნდათ, როგორ შეიძლებოდა, რუსი გენერლის წინააღმდეგ დაკავების ორდერი გაეცათ — „ეს ხომ ფაქტობრივად ომის გამოცხადებას ნიშნავს“ — პირდაპირ ამ ფრაზით საუბრობდა არაერთი სახელმწიფოს წარმომადგენელი ჰააგაში, თუმცა უკრაინის მოვლენებმა, როგორ ჩანს, ყველაფერი შეცვალა. ის, რაც აქამდე წარმოუდგენელი იყო, დღეს რეალისტური ხდება. როგორც ჩანს, უკვე ფიქრობენ, რომ დიპლომატიის, გადატვირთვის თუ არგაღიზიანების ყველა გზა ამოიწურა და რჩება ერთადერთი სწორი გზა — თუ არის ფაქტი, მტკიცებულებები, უნდა დადგეს სამართალი. ყველას გვესმის, რომ მარტივი არ იყო რუს გენერალზე დაკავების ორდერის გაცემა და შემდეგ მისი რომელიმე სახელმწიფოს აეროპორტში დაკავება. რა შედეგი მოჰყვებოდა მერე იმ ქვეყნის მიმართ, ვინც დააკავა? ჩვენს შემთხვევაში, შეიძლება, პროკურორმა ფაქტობრივად კრეატიული გამოსავალი იპოვა — რუსეთი საერთოდ არ ეხსენებინა, არ გამოდიოდა და იფიქრა, გარდაცვლილი გენერალი საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა.
- რაზე მიანიშნებს ის ფაქტი, რომ 2008 წლის ომის საქმეზე დაკავების ორდერებზე განცხადებაში პროკურორმა კარიმ ხანმა პარალელი გაავლო უკრაინის სიტუაციასთან?
— რომ არა ბოლო ორი კვირის მოვლენები უკრაინაში, იყო იმის შანსიც კი, რომ საერთოდ დაეხურათ საქართველოს საქმე და დაკავების ორდერები არ გამოცემულიყო, ვინაიდან მიდგომა იყო ასეთი — თუ ნაკლები შანსია აღსრულების, აზრი არ აქვს დაზარალებულებისთვის ფუჭი მოლოდინების შექმნას და რესურსის დახარჯვას. რაც ახლა მოხდა, ნიშნავს, რომ პროკურორი უშანსოდ აღარ თვლის აღსრულებას, სასამართლოს წევრი ქვეყნების მხრიდან ხედავს იმ ერთიანობას, რაც სჭირდება მსგავსი ტიპის დაკავების ორდერების აღსრულებას. ბოლო ორმა კვირამ 180 გრადუსით შემოატრიალა მისი მიდგომა და ამაზე მეტყველებს თუნდაც უკრაინის სიტუაციაზე გამოძიების დაწყება. როგორც ჩანს, წევრი ქვეყნებისგანაც დიდ ზეწოლას გრძნობდა, გამოძიება დაწყებულიყო. გუშინდელი დაკავების ორდერებით კი მან, ასევე, გამაფრთხილებელი სიგნალი გაუგზავნა იმ პირებს, რომლებიც დღეს უკრაინაში სჩადიან დანაშაულებს და მათ აგრძნობინა, რომ ადრე თუ გვიან უკრაინამდეც მივლენ. ალბათ, ამიტომაც გაუსვა ხაზი გუშინდელ განცხადებაში უკრაინის სიტუაციას.
2008 წლის ომში რუსების პასუხისმგებლობაზე როცა ვსაუბრობთ, ახლა ერთადერთი იმედი სწორედ ამ დამნაშავეების უკრაინაში გამოვლენა გვრჩება. [აგრესორი] ერთი სახელმწიფოა, დიდი შანსია, ერთი და იგივე ადამიანები ფიგურირებდნენ დანაშაულებში. საქართველოსგან განსხვავებით, უკრაინის შემთხვევაში მტკიცებულებებიც ძალიან ბევრია. უფრო ხანგრძლივია კონფლიქტი და ფაქტობრივად, პირდაპირ ეთერში ვუყურებთ მტკიცებულებებს და აღიარებებს. მაგალითად, სერგეი ლავროვის აღიარება სამშობიაროს დაბომბვაზე. მართალია, ის აცხადებს, რომ იქ სამხედროები იმალებოდნენ, მაგრამ ჰააგისთვის ეს გამამართლებელი ვერ იქნება.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა სამხრეთ ოსეთის სამი ყოფილი დე ფაქტო მაღალჩინოსნის დაკავების შუამდგომლობით მიმართა.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე ICC-ის პროკურორი ითხოვს სამი პირის დაკავებას:
- გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი — 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად 2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
- გამლეტ გუჩმაზოვი — აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
- დავით სანაკოევი — სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე, ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.
გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია აწ გარდაცვლილი ვიაჩესლავ ბორისოვის (მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილე) როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას.
ჰააგის პროკურორი აგვისტოს ომის საქმეზე სამი ოსი მაღალჩინოსნის დაკავებას ითხოვს