ახალი ამბებიკომენტარი

“ჰააგის სასამართლოში პროცესი ყველამ ერთად ჩავაგდეთ” – ინტერვიუ ნიკა ჯეირანაშვილთან

18 აგვისტო, 2020 • 3425
“ჰააგის სასამართლოში პროცესი ყველამ ერთად ჩავაგდეთ” – ინტერვიუ ნიკა ჯეირანაშვილთან

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის საქმეზე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) მიმდინარე გამოძიების შესახებ “ნეტგაზეთი” Justice International-ის აღმასრულებელ დირექტორ ნიკა ჯეირანაშვილს ესაუბრა. ის არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებლის სტატუსით მე-5 წელია ICC-სთან მუშაობს. ჯეირანაშვილმა 14 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში დაწერა: “ყველაფერი იქით მიდის, რომ წავაგებთ ამ პროცესს. მიზეზი ბევრია, თუმცა უმთავრესი მაინც ინტერესის ნაკლებობაა”. 


– თქვენ ახლოდან აკვირდებით ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აგვისტოს ომის გამოძიებას და განაცხადეთ, რომ საქართველო დავას წააგებს. რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს,  კონკრეტულ ინფორმაციაზე ან საქმის მასალებზე მიგიწვდებათ ხელი წინასწარ?

– არის გარკვეული კონფიდენციალური ინფორმაციები, რაზეც ვერ ვისაუბრებ. 2016 წელს, ომიდან 8 წლის შემდეგ როცა იწყება გამოძიება, პროკურორის ოფისს, პირველ რიგში, სჭირდება, რომ კონტაქტები დაამყაროს. ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც 2008 წლიდან მუშაობს დაზარალებულთან, დაეხმარა მას კონტაქტების დამყარებაში სხვადასხვა სტრუქტურებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დაზარალებულებთან, ასევე, საქართველოში არსებული სიტუაციის ანალიზში. ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლო 2002 წელს დაარსდა და საქართველო იყო პირველი შემთხვევა, როდესაც აფრიკის რეგიონის გარეთ მოუწია მუშაობა. ამიტომ მათთვის ყველაფერი ახალი იყო. მაგალითად რომ წარმოიდგინოთ, მეკითხებოდნენ, საქართველოში ფრანგულად თუ ლაპარაკობს ხალხი, ვინაიდან აფრიკის ქვეყნების ძირითად ნაწილში, სადაც მუშაობდნენ, ფრანგული ოფიციალური ენაა. ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციები გამოძიების პროცესში დაზარალებულებთან შეხვედრებს უშუალოდ ესწრებიან. ზოგ შემთხვევებში ადვოკატებს უწევთ ხოლმე დასწრება, როდესაც პროკურორის ოფისის გამომძიებლები დაზარალებულებს ხვდებიან. ეს არის, უშუალოდ საქმის მასალების დონეზე რა ტიპის ინფორმაციებთან შეიძლება გვქონდეს წვდომა. თუმცა პროკურორის ოფისს სხვა ინფორმაციებიც აქვს მიწოდებული, მათ შორის, საქართველოს პროკურატურიდან, თავდაცვის სამინისტროდან, სხვადასხვა ქვეყნის უშიშროების სამსახურებიდან და ასევე, რუსეთიდან. რა თქმა უნდა, ყველა ამ ინფორმაციაზე წვდომა არ და ვერ გვექნება. თუმცა, ვინაიდან ჩართული ვართ პროცესებში, მე პირადად ჰააგაში ვარ, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიწევს ურთიერთობა როგორც პროკურორის ოფისთან, ისე სასამართლოს სხვა სექციებთან და გარკვეულ ინფორმაციებზე წვდომა გვაქვს.

ზოგადად, ჰააგის სასამართლოში საქმე, როგორც წესი, შემდეგ ეტაპებს გადის: გამოძიება გრძელდება ხოლმე 1-2 წელი; როცა ჩათვლის საჭიროდ, რომ საკმარისი მტკიცებულებები გააჩნია, პროკურორი მიმართავს მოსამართლეებს კონკრეტულ პირებზე დაკავების ორდერების გაცემის თაობაზე; შემდეგ უკვე იწყება სასამართლო პროცესი, სადაც ბრალდებულებს დაუმტკიცდებათ ან არ დაუმტკიცდებათ ბრალი; ბოლო ეტაპი არის რეპარაციები დაზარალებულთათვის.

თავიდანვე ვაფრთხილებდით სასამართლოს, რომ აგვისტოს ომის გამოძიება რთული სამუშაო იქნებოდა. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სასამართლოს მოუწია საერთაშორისო კონფლიქტის გამოძიება, მანამდე მხოლოდ აფრიკის სხვადასხვა ქვეყნების შიდა კონფლიქტებით იყო დაკავებული. მით უმეტეს, პირველი შემთხვევა იყო, როდესაც კონფლიქტში ჩართული მეორე მხარე არ იყო რომის სტატუტის წევრი. ამავდროულად, რუსეთი გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრია. მარტივად რომ ვთქვათ, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო არ იყო მზად, რომ ასეთი დონის კონფლიქტის გამოძიება დაეწყო. პრაქტიკაც ამას ადასტურებს – საქართველოს შემთხვევაში გამოძიება ყველაზე ხანგრძლივი დროით გაიწელა და მეხუთე წელია მიმდინარეობს.

ამას ემატება ის, რომ ომიდან დიდი დროა გასული – ბევრი მტკიცებულება განადგურდა, ბევრი დაზარალებული გარდაიცვალა, ადამიანებს დეტალებში არ ახსოვთ მომხდარი… აქ ხომ სახელმწიფოების პასუხისმგებლობაზე არ არის საუბარი, კონკრეტულ პირებზე გასასვლელად კი საჭიროა ძალიან მყარი მტკიცებულებები და გამოძიება რთულდება. პროკურორ ფატუ ბენსუდას ნათქვამი ჰქონდა, რომ გამოძიება მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე დასრულდებოდა, ეს ვადა კი 2021 წლის მარტში იწურება. ახლა უკვე ზუსტად ვიცით, რომ მომავალი წლის თებერვალ-მარტში გავიგებთ, რა არის გამოძიების საბოლოო შედეგები, მთელი ამ წლების განმავლობაში დაგროვდა ინფორმაცია, გამოცდილება სხვა ქვეყნების საქმეებთან მიმართებაშიც, რისი ანალიზის შედეგადაც შეგვიძლია, მანამდე გავაკეთოთ გარკვეული დასკვნები.

გამოძიება სამ მხარეზე არის მიმართული: ქართული შეიარაღებული ძალები, რუსული შეიარაღებული ძალები და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ფორმირებები. თუმცა გამოძიების ინტერესის საგანს შეიძლება წარმოადგენდნენ არა მხოლოდ სამხედროები, არამედ სამოქალაქო პირები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები და ნებისმიერი ადამიანი, ვინც შეიძლება, გავლენა იქონია კონკრეტული დანაშაულის ჩადენაზე. ჩვენს ინფორმაციებზე დაყრდნობით ვვარაუდობთ, რომ:

  • პრაქტიკულად გამოირიცხა რუსეთის მხარის პასუხისმგებლობა – ეროვნებით რუს არც სამხედრო და არც სამოქალაქო პირზე არ გაიცემა დაკავების ორდერი, შესაბამისად, რუსეთი, ფაქტობრივად, მშრალად გამოვა ამ პროცესიდან.
  • დღეის მონაცემებით, დაკავების ორდერები არ გაიცემა არც ქართველებზე;
  • შესაბამისად, დარჩა მხოლოდ ოსური მხარე, რომლის მიმართაც გაიცემა მინიმუმ ერთი დაკავების ორდერი.

– რუსეთთან მიმართ დავა რომელ კონკრეტულ დანაშაულებებს ეხებოდა და რატომ შეიძლებოდა, რომ ვერ დამტკიცებულიყო ბრალდებები?

– ეთნიკური ქართველების დევნა, სამხედროების წამება, მოროდიორობა, ქონების განადგურება, სექსუალური ძალადობები და ა.შ. მაგრამ, როგორც ვთქვი, დიდი დროა გასული და მტკიცებულებები განადგურებულია. ამას ერთვის, რომ რუსეთმა ამ 5 წლის განმავლობაში ძალიან სერიოზულად იმუშავა როგორც სასამართლოს შიგნით, ასევე, სასამართლოს გარეთ. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა სანქციები დაუწესა ჰააგის სასამართლოს და პირადად ფატუ ბენსუდას. აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა განაცხადა, რომ მიიღეს ინფორმაცია სასამართლოში რუსეთის ჩარევებისა და კორუფციის შემთხვევებზე. აშშ-ის სანქციები, რა თქმა უნდა, დაკავშირებული იყო ავღანეთის გამოძიებასთან, რომელსაც შეერთებული შტატები მხარს არ უჭერს. უბრალოდ, მაგალითად მომყავს, რამხელა გავლენები აქვს რუსეთს სასამართლოზე. ჩვენთვის, ვინც აქ ვმუშაობთ, ეს სიახლე არ არის.

– რას ეფუძნება ეს გავლენა საერთაშორისო სასამართლოზე მაშინ, როცა რუსეთი არც რომის სტატუტის წევრია, არც ორგანიზაციის დაფინანსებაა მიბმული მასზე?

– შეერთებული შტატებიც არ არის წევრი, მაგრამ აფრიკის ქვეყნებში მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში ეჭვმიტანილების დაკავება და სასამართლოსთვის გადაცემა ძირითადად ამერიკის სპეცსამსახურების და საელჩოების დახმარებით მოხდა. სუპერსახელმწიფოა, თავისი გალენები აქვს და როცა შედის მის ინტერესებში, ეხმარება სასამართლოს, როცა არ შედის – პრობლემებს უქმნის. ანალოგიურია რუსეთის შემთხვევაშიც. როდესაც აგისტოს ომის გამოძიება დაიწყო, რუსეთმა რომის სტატუტის ხელშეკრულებიდან საკუთარი ხელმოწერა გაიწვია. რატიფიცირებული არც მანამდე ჰქონდა და იურიდიულად ამან არაფერი შეცვალა, მაგრამ ძალიან მკაფიო სიგნალი იყო, რომ გამოძიებასთან არ ითამშრომლებდა. თუმცა თანამამშრომლობაზე უარის თქმა არ ნიშნავს, რომ საკითხი არ აინტერესებს, – რუსეთი დღემდე აგრძელებს სასამართლოსთან კომუნიკაციას, სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიწოდებას და საქართველოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის 30 ტომი აქვს გადმოგზავნილი.

მნიშვნელოვანი ფაქტორია, ასევე, რუსეთის მიერ ინფორმაციის მოპარვა – ჰაკერული თავდასხმები, მონაცემთა ბაზებზე წვდომა. გარდა ამისა, არიან წევრი სახელმწიფოები, რომლებიც რუსეთთან მეგობრობენ. ასე რომ, მოსკოვის გავლენები საკამოდ დიდია. რუსეთთან დაკავშირებით სასამართლოში მეორე საქმეცაა – უკრაინის, რომელიც ჯერჯერობით წინასწარი მოკვლევის ეტაპზეა და შესაძლოა, მომავალი წლიდან გაიხსნას გამოძიება. რუსეთის ხელისუფლებას, რა თქმა უნდა, უკრაინის ქეისი კიდევ უფრო მეტად ადარდებს და ყოველმხრივ აქტიურია.

საქართველოს რაც შეეხება, პროკურორის მიმართვაშივე, რომლითაც გამოძიების დაწყების უფლებამოსილება მოითხოვა, მითითებულია ქართველი სამხედროების შესაძლო დანაშაულებებზე ორ ძირითად ეპიზოდში: სამშვიდობოებზე თავდასხმა და კასეტური ბომბების გამოყენება. თუმცა, გარდა ნახსენები ორი შემთხვევისა, მოსამართლეების ნებართვა გაცემულია ყველა შესაძლო შემთხვევაზე, რაც შეიძლება პროკურორის ოფისს აღმოეჩინა გამოძიებისას.

– სამშვიდოებოების ნაწილში ქართულ მხარეს, ალბათ, უნდა დაემტკიცებინა, რომ იმ დროისთვის, როდესაც პირველი რუსი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა, ისინი ფაქტობრივად უკვე გასული იყვნენ მანდატიდან… რა სურათია კასეტური ბომბების ნაწილში, იმიტომ, რომ მათ გამოყენებას ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ადასტურებენ და ამაზე საუბარია ევროპის საბჭოს 20o8 წლის ოქტომბრის რეზოლუციაშიც, რომელსაც საპარლამენტო დელეგაციამ მხარი დაუჭირა?

– დიახ, ის, რომ სამშვიდობები უკვე აღარ ასრულებდნენ საკუთარ მისიას, ადვილი დასამტკიცებელია. უფრო რთულია ქართული მხარისთვის კასეტური ბომბების საკითხი. თუმცა აქაც არ ველი ქართული მხარის დადანაშაულებას, იმიტომ, რომ თუ ამ მიმართულებით წავა საქმე, ამოღებული უნდა იყოს ეს ბომბები, უნდა გვქონდეს ექსპერტიზის დასკვნები, დამტკიცებული უნდა იყოს, რომ ნამდვილად ქართული მხარის მიერ არის გამოყენებული, ვინაიდან რუსული კასეტური ბომბები ორივე მხარეს შეიძლებოდა ჰქონოდა. კასეტური ბომბების ნაწილაკები აღმოჩენილია, თუმცა სადავოა, რომელმა მხარემ ისროლა და ა.შ.

ჩვენ არ ვიცით, რა ტიპის კომუნიკაცია აქვთ საქართველოს სახელმწიფოს პროკურორის ოფისთან კონფიდენციალურ ნაწილში და რა სახის ინფორმაციები მიაწოდეს გამოძიებას, თუმცა სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან გვესმის განცხადებები, რომ ეს შეიძლება მიმართული ყოფილიყო ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, იყო რისკი იმისა, რომ ქართველი სამხედროები აღმოჩენილიყვნენ დაკავებულთა შორის. ეს რისკის დღემდე არსებობს, თუმცა ჩვენ აქტიურად ვიმუშავეთ პროკურორის ოფისთან. ვაფიქსირებდით ჩვენს პოზიციას, რომ როდესაც ერთი მხარე არ არის რომის სტატუტის წევრი ქვეყანა და არ აქვს ვალდებულებები, არ გადმოსცემს თავის ბრალდებულებს (თუ ასეთი იქნა) და სასამართლო დააკავებს მხოლოდ ქართველ სამხედროებს, მაშინ რა გამოვა?! – საერთოდ რა აზრი აქვს იმ ტიპის სასამართლოს, სადაც ძლიერი ყოველთვის დაჩაგრავს სუსტს და სასამართლო ვერ მოიტანს იმ სამართლიანობას, რომლისთვის შეიქმნა. ასევე, ვუხსნიდით, თუ როგორი პოლარიზებული გარემოა ქვეყანაში და რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ქართველი სამხედროების დაკავებას; რომ ამან შეიძლება, ძალიან დაძაბოს შიდა პოლიტიკური მდგომარეობა, არიოს სიტუაცია რეგიონში. გახსოვთ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ძალიან გააქტიურდა ჰააგაში მიმდინარე გამოძიების საკითხი, გენერლებიც კი საჯარო განცხადებებით გამოვიდნენ და პროკურორის ოფისმა პირველად მაშინ გაიაზრა, მართლა რამხელა რეაქცია შეიძლება მოჰყვეს ქართველებზე დაკავების ორდერების გამოცემას.

– ანუ, ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება პოლიტიკურ კონიუნქტურაზე არის დამოკიდებული?

– სასამართლო ამას, რა თქმა უნდა, არასდროს აღიარებს, მაგრამ ნებისმიერი ჩახედული ადამიანი იტყვის, რომ პოლიტიკური გავლენა არსებობს. სასამართლოს ყველაზე ნაკლებად უნდა, რომ მისმა ქმედებებმა ახალი კონფლიქტი გამოიწვიოს. ეს იქნება დამღუპველი ჰააგის სასამართლოსთვის, მით უმეტეს, იმ ფონზე, როდესაც მას არ აქვს კარგი შედეგები სხვა ქვეყნებში. მაგალითად, კენიის შემთხვევაში ბრალი ვერ დაუმტკიცა უჰურუ კენიატას, რომელსაც მთელ რიგ დანაშაულებებში მიუძღვოდა წვლილი და დღეს ის კენიის პრეზიდენტია. ამას მოჰყვა დიდი კრიტიკა. ჰააგის სასამართლოს დღესდღეობით ეგზისტენციალური პრობლემა აქვს, თავის გადარჩენას ცდილობს, ვინაიდან არსებობის 18 წლის მანძილზე არცთუ ისე ბევრი ქეისი აქვს, რაზეც სიამაყით შეუძლია იმსჯელოს.

წინაისტორიაც მნიშვნელოვანია. რუსეთ-საქართველოს ომის გამოძიების დაწყებამდე, ჰააგის სასამართლოს ადანაშულებდნენ, რომ ეს არის რასისტული სასამართლო, რადგან მხოლოდ აფრიკის ქვეყნებში ატარებს გამოძიებას. აფრიკის ერთობა ემზადებოდა სასამართლოდან გამოსასვლელად, ეს კი, ფაქტობრივად, ამ სასამართლოს დახურვას ნიშნავდა. მაშინ დაიწყო აგვისტოს ომის გამოძიება და აფრიკის ქვეყნებს არგუმენტი აღარ დარჩათ. შემდეგ დადგა ავღანეთის საკითხიც. ამიტომ საქართველოს გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია მთლიანად სასამართლოს არსებობისთვის, რომ დაამტკიცოს, რომ არის საერთაშორისო სასამართლო და არა აფრიკული სასამართლო. ასე რომ, პოლიტიკა, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს გადაწყვეტილებებზე. ჩვენ არ ვიცით, ახალი პროკურორი რას იზამს, მაგრამ ვინაიდან გამოძიების დასრულებას ფატუ ბენსუდას უფლებამოსილების ვადაში ველით, ვვარაუდობთ, რომ ქართველებზე და რუსებზე დაკავების ორდერები არ გაიცემა და რჩება ერთადერთი მხარე – სამხრეთ ოსეთი.

– მაშასადამე, ყველაზე სუსტი რგოლი შეირჩევა დასადანაშაულებლად?

– დიახ, ასეა. მეორე ვარიანტია, სასამართლომ საერთოდ დახუროს გამოძიება. ამაზეც მიდის მსჯელობა. გარკვეული ჯგუფი ფიქრობს, სასამართლომ თქვას, რომ საკმარისი მტკიცებულებები ვერ მოაგროვა და დახუროს გამოძიება, მაგრამ აქ პრობლემაა, რომ თვითონ სასამართლოსაც უნდა ჰქონდეს არგუმენტები – ხუთი წელი რომ საგამოძიებო პროცესი გრძელდება, მერე უშედეგოდ დახურვა არასერიოზულად გამოჩნდება. ამიტომაც ვვარაუდობთ, რომ სასამართლო ამ გზით არ წავა და ოსების წინააღმდეგ თუნდაც ერთ დაკავების ორდერს გამოსცემს. საინტერესოა, ძალიან მძიმე ბრალდებისკენ წავა სასამართლო, როგორიცაა ეთნიკური წმენდა (და ეს მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის), თუ – შედარებით სუსტისკენ. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება სიმბოლური ორდერი იმ მხრივ, რომ სავარაუდოდ, არ აღსრულდება და ამით დასრულდება პროცესი, სანამ ბრალდებული არ იქნება გადაცემული სასამართლოზე. ეჭვმიტანილის დაკავებას შეიძლება წლები დასჭირდეს, მის გარეშე, დაუსწრებელი პროცესები კი ჰააგის სასამართლოში არ იმართება.

– ამბობთ, რომ ქართველი სამხედროები არ წარდგებიან სასამართლოს წინაშე. რაც შეეხება სამოქალაქო თანამდებობის პირებს? 

– ქართული მხარიდან არავის მიმართ არ ველი ბრალდებას. მაგალითად, ყოფილ პრეზიდენტს რომ ბრალი წარუდგინო, საჭიროა, მაშინდელმა თავდაცვის მინისტრმა, გენშტაბის უფროსმა, გენერლებმა ხელი დაადონ, რომ მიიღეს უკანონო ბრძანებები მისგან, ან უნდა არსებობდეს ამის ვიდეოჩანაწერები. რაც ვიცით, ასეთი რამ არ არსებობს. საერთოდაც, პოლიტიკოსებისთვის ბრალის წარდგენა ბოლო ეტაპია, თუ სამხედროებზე არ გაიცემა ორდერები, პოლიტიკოსებზე – მით უფრო.

ქართველების დადანაშაულების პრობლემა არ დგას, მე უბრალოდ გულისტკივილს გამოვხატავ იმ ფაქტის გამო, რომ შეიძლებოდა, უკეთესი შედეგი მიგვეღო, რომ არა ჩვენი პასიურობა გამოძიების პროცესში. პირველ რიგში, დაზარალებულების გადმოსახედიდან ვუყურებ ამ საქმეს და ის მაინც შეიძლებოდა, მათ რეპარაციები მიეღოთ. სასამართლოს აქვს დაზარალებულთა ნდობის ფონდი, რომელსაც შეუძლია, სპეციალური დახმარების პროგრამები გააკეთოს. 2 400 -ზე მეტ ოჯახი გამოვკითხეთ, თუ რა საჭიროებები აქვთ და შარშან წარვადგინეთ ფონდში ანგარიში, მაგრამ სასამართლოს ბიძგის მიცემა სჭირდება, რომ რაღაც გააკეთოს. როცა ერთი-ორი ადამიანის გარდა არავინ მუშაობს ჰააგის სასამართლოზე, სხვადასხვა შეხვედრებზე საქართველოს მხრიდან ხმა არ ისმის და საჯარო ინტერესი არ არის, რა თქმა უნდა, სასამართლო ზეწოლას ვერ გრძნობს. სამოქალაქო საზოგადოებას მეტის გაკეთება შეგვეძლო. იურისტებისთვის ამ პროცესზე მნიშვნელოვანი რა შეიძლება იყოს სფეროში, რომ არ აინტერესებთ? უნივერსიტეტებმა, აკადემიამ საერთოდ არაფერი გააკეთა – საჯარო განხილვები და კონფერენციებიც კი არ გამართულა. მედიასაც შეეძლო, მეტი ინტერესი გამოეხატა. ეს არის ისტორიული პროცესი, რომელიც ყველამ ერთად ჩავაგდეთ.

– თქვენი აზრით, რამ განაპირობა ასეთი პასიურიობა?

– მიზეზთა ერთობლიობამ. სამოქალაქო სექტორს აქამდე არასდროს ჰქონია შეხება ჰააგის სასამართლოსთან. თავის დროზე ღია საზოგადოების ფონდში ვმუშაობდი, როდესაც ვეძებდით ადამიანებს, ვინც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ამ საქმეზე იმუშავებდა, მაგრამ კადრები არ იყო. სულ რამდენიმე ორგანიზაცია ვართ ჩართული ახლა, მათ შორის, საია, ადამიანის უფლებათა ცენტრი, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი. მე ამ საქმის გამო გადმოვცხოვრდი ჰააგაში.

დონორებს რაც შეეხება, ინტერესი არავის ჰქონია. აშშ არ არის რომის სტატუტის წევრი და თავს არიდებდა დაფინანსებას, ევროკავშირს არაერთხელ მივმართეთ, მაგრამ არ უნდოდათ ჩართვა რუსეთთან ფრთხილი დამოკიდებულების გამო, დაზარალებულების სოციო-ეკონომიკური მდგომაროეობის აღწერა-ანალიზშიც არ დაგვხმარებიან. მარტივად რომ ვთქვათ, ძალიან რთული საქმე იყო, არავის უნდოდა ამ რთულ საქმეში ჩართვა. რომ ვუყურებ ჰააგის სასამართლოს სხვა საქმეებს, აბსოლუტურად განსხვავებული სიტუაციაა პალესტინის შემთხევაშიც, მიანმარზეც. ბიზნესმენები და უბრალო ადამიანები არიან ჩართული, ფულს აგროვებენ, სხვადასხვა ღონისძიებებს აწყობენ. სასამართლოს ყოველწლიურ გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან 1-2 კაცი თუ ჩამოდის, როდესაც უკრაინიდან 15-20- კაციან დელეგაციაზე ნაკლები არ მინახავს. ასამბლეის ფარგლებში წევრ ქვეყნების ელჩებისთვის ღონისძიებას ვაწყობთ, რომელზეც ვაწვდით ინფორმაციას გამოძიების შესახებ. ამ ღონისძიების მოსაწყობი ფულიც არ გვაქვს ხოლმე. შარშან დიდი ბრიტანეთი დაგვეხმარა, ისიც იმიტომ, რომ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა დაემთხვა, მანამდე კი – ნიდერლანდები. საქართველოს საელჩოს ინტერესი არ გამოუხატავს.

სახელმწიფოს პასიურობას აღარც ვახსენებ, აზრი არ აქვს. სამწლიანი კრიტიკის შემდეგ, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, რაც ყველა ეთერი მოვიარე და ვამბობდი, რომ მთავრობას ერთი წარმომადგენელიც არ ჰყავს, ვინც საქართველოს ინტერესებს დაიცავს ჰააგაში, მარტო ვზივარ შეხვედრებზე, თუმცა მე გარე პირი ვარ და ხმის უფლება არ მაქვს, იუსტიციის სამინისტრომ, როგორც იქნა, გამოგზავნა წარმომადგენელი.

საქართველოს აქამდე არასდროს ჰყოლია მოსამართლე ჰააგის სასამართლოში. ბოლოს წარადგინეს კანდიდატურა და ესეც არასწორად გააკეთეს – სრულიად უგულებელყვეს არასამთავრობო სექტორის რეკომენდაცია, რომ ჩაეტარებინათ გამჭვირვალე კონკურსი. ასევე, საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით, შეერჩიათ ისეთი კანდიდატი, რომელსაც ბოლო 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო სტრქტურებში არ უმუშავია. საბოლოო ჯამში, წარადგინეს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გოჩა ლორთქიფანიძე, რომელთანაც პიროვნულად არ მაქვს პრობლემა, მაგრამ პროცესი იყო გაუმჭვირვალე.

იგივე ეხება ოპოზიციასაც. “ევროპულმა საქართველომ” უპირობოდ დაუჭირა მხარი ლორთქიფანიძის კანდიდატურას ისე, რომ სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციებიც არ გაუვლიათ. ჩვენთან მხოლოდ არჩევნებზე გვახსენდება ჰააგის სასამართლოში მიმდინარე პროცესები და მაშინაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებებს არ სცდება დისკუსია. დრო და ენერგია ამაში იკრაგება, საქმე კი არ კეთდება.

– ურთიერთბრალდებების რეჟიმი ახლაც გრძელდება… ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ ჰააგის სასამართლოში ქართული მხარის პოზიციებს არასათანადოდ იცავს და საკუთარი განცხადებებით ომის დაწყებაში ადანაშაულებს საქართველოს. ხელისუფლება კი ამ კონტექსტში აქცენტს აკეთებს ევროპის საბჭოს 2008 წლის რეზოლუციაზე და ამბობს, რომ “ეს არის სწორედ ის რესურსი, რომლითაც რუსეთი ჰააგის სასამართლოში გვებრძვის”.

ჩანაწერი ევროსაბჭოს რეზოლუციიდან
“ასამბლეა აცნობიერებს, რომ თუმცა ომის დაწყება 2008 წლის 7 აგვისტოს მოულოდნელი აღმოჩნდა ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობისთვის, ის წარმოადგენდა დაძაბულობის მნიშვნელოვანი ესკალაციის შედეგს, რომელიც თანდართული პროვოკაციებითა და, შედეგად, უსაფრთხოების მდგომარეობის გაუარესებით, დაიწყო გაცილებით უფრო ადრე. არ იქნა გადადგმული ნაბიჯები დაძაბულობის შემცირებისკენ და ამდენად, სამხედრო ძალის გამოყენება იქცა ერთ-ერთ შესაძლებლობად კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარისათვის. ეს მიუღებელია ასამბლეისთვის. მისი აზრით, ბოლო პერიოდში სამშვიდობო ფორმატი ვეღარ ასრულებდა მის ჩაფიქრებულ ფუნქციას და სამშვიდობო ძალების პირადმა შემადგენლობამაც ვერ უზრუნველყო საკუთარი მისიის აღსრულება, რაც გულისხმობდა კონფლიქტის ზონაში მყოფი ადამიანების სიცოცხლისა და საკუთრების დაცვას. შესაბამისად, ის გამოთქვამს წუხილს იმის გამო, რომ მისი წინარე მოწოდებები, განხილულიყო სამშვიდობო ფორმატის ცვლილება და კონფლიქტის გადაწყვეტის პროცესი, არ იქნა გაზიარებული სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის მიერ.

თუმცა 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური იარაღის გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და, როგორც ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.

 

– საერთოდ არ აინტერესებს ჰააგის სასამართლოს ეს რეზოლუცია. იურიდიულად ის არაფერს ნიშნავს. ასევე, თვითონ სასამართლოზე გავლენა ვერ ექნება პოლიტიკოსების განცხადებებს ომის დაწყებაზე, იმიტომ, რომ განსჯის საგანი საერთოდ არ არის, ომი ვინ დაიწყო. სასამართლოს ანტერესებს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები. მაგრამ პოლიტიკოსების განცხადებებმა გავლენა იქონია და გაურკვევლობა შექმნა ადამიანებისთვის, რომლებიც ჩართული იყვნენ პროცესებში და გამომძიებლებს ჩვენებებს აძლევდნენ. ისინი გვიკავშირდებოდნენ და გვეკითხებოდნენ, საერთოდ რა ხდებოდა, რა აზრი ჰქონდა მათი ამბის მოყოლას, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი ომში საქართველოს ადანაშაულებდა. ამის გამო ზოგმა შეწყვიტა გამოძიებასთან თანამშრომლობა. თეორიულად, ასევე შესაძლებელია, რომ მეორე მხარემ არგუმენტად გამოიყენოს რიგი პოლიტიკოსების განცხადებები, ან თქვას, რომ რეზოლუციაში ეს წერია, მაგრამ იურიდიულად ეს არაფერს ცვლის.

– ჰააგის პროკურორმა ფატუ ბენსუდამ გამოძიება 2016 წელს მას შემდეგ დაიწყო, რაც ბენსუდასვე განმარტებით, საქართველოდან მიიღო წერილი ადგილობრივ დონეზე გამოძიების შეჩერების შესახებ. იმ ყველაფერის გათვალისწინებით, რაზეც ისაუბრეთ და როგორც წარმართა ქართულმა მხარემ პროცესი, ასევე, სასამართლოს შიგნით არსებული პრობლემების და იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი სახელმწიფო, საერთოდ რამდენად სწორი იყო პროცესის გადატანა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში და კომპლემენტარობის პრინციპზე უარი თქმა? 

– ეს ძალიან სადავო საკითხია და პასუხის გაცემა გამიჭირდება.. სხვადასხვა ვერსიები არსებობს, რატომ გაკეთდა ეს. არის ვერსია, რომ ამჟამინდელ ხელისუფლებას გეგმაში ჰქონდა, რომ აგვისტოს ომის გამოძიება გამოეყენებინა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგ, რაც ადგილობრივ დონეზე პოლიტიზებული პროცესი იქნებოდა. მეორე მხრივ, ადგილობრივ დონეზე გამოძიება ვერსად წავიდოდა, – არასერიოზულია, საქართველოს სასამართლოს რუსი გენერლებისთვის მიესაჯა. ამ ვითარებაში, შეიძლება კარგი ქნეს, რომ საერთაშორისო სასამართლოს მიმართეს. მით უმეტეს, საქართველოს ხელისუფლებას თავად არ უნდოდა რუსეთის გაღიზიანება და პასუხისმგებლობის გარეთ გატანით რუსეთთანაც თავს გაიმართლებდა და, ამავდროულად, თავის მოქალაქეებს დაიცავდა სასამართლოში. შეიძლება ეგონათ, რომ იუსტიციის სამინისტროს წერილი, რომლითაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ეროვნულ დონეზე გამოძიების ჩიხში შესვლის შესახებ აცნობებდა, ჰააგის პროკურორის მიერ საქმის გამოძიების დაწყებას არ გამოიწვევდა. ჰააგის სასამართლოს კი ნამდვილად უნდოდა ამ გამოძიების დაწყება, ვინაიდან, როგორც აღვნიშნეთ, სერიოზულ წნეხს განიცდიდა და სჭირდებოდა ქეისი აფრიკის კონტინენტს მიღმა. შეიძლება, ინტერესების დამთხვევაც იყო. ვერ ვიტყვით, უღირდა თუ არა საქართველოს  სახელმწიფოს აგვისტოს ომის საქმის ჰააგაში გადატანა, თუმცა ფაქტია, რომ ძალიან დიდი რისკზე წავიდა და ეს რისკი გაუცნობიერებელი იყო, რადგან არავინ იცოდა, როგორ მუშაობდა ჰააგის ეს კონკრეტული სასამართლო.

 

ICC-ში მიმდინარე გამოძიების შესახებ, ასევე, გირჩევთ იურისტ გიორგი ჩიტიძის ინტერვიუს “ნეტგაზეთის” არქივიდან:

რას უნდა ელოდოს საქართველო ჰააგისგან აგვისტოს ომზე – ინტერვიუ გიორგი ჩიტიძესთან

მასალების გადაბეჭდვის წესი