ახალი ამბები

ლავროვი ირწმუნება, რომ მარიუპოლის სამშობიაროში აზოვის ბატალიონი იდგა

10 მარტი, 2022 • 1655
ლავროვი ირწმუნება, რომ მარიუპოლის სამშობიაროში აზოვის ბატალიონი იდგა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ მარიუპოლში სამშობიარო საავადმყოფოს დაბომბვისას შენობაში მშვიდობიანი მოსახლეობა არ იყო და ეს ადგილი აზოვის ბატალიონის მებრძოლებს ჰქონდათ დაკავებული. ამის შესახებ ლავროვმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე, უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“ჩვენ ამაზე 7 მარტიდან ვსაუბრობთ უსაფრთხოების საბჭოზე, რომ ამ სამშობიარო სახლში დიდი ხანია აღარ არიან ქალები, ბავშვები და მომსახურე პერსონალი. ეს ადგილი აზოვის ბატალიონის მებრძოლებმა დაიკავეს, რადიკალებთან ერთად, და იქ მოაწყვეს საყრდენი პუნქტი. ასე შვრებიან მთელ უკრაინაში – დასახლებულ კვარტლებს იყენებენ ცოცხალ ფარებად, ათავსებენ იქ ტექნიკას თავდასხმისთვის და იქიდან ესვრიან რუსულ ჯარებს”, – თქვა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, დასავლურ მედიაში მომხდარი  “ძალიან ემოციურად” შუქდება და მეორე მხარის პოზიცია არ განიხილება.

მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფო გუშინ, 9 მარტს დაიბომბა. უკრაინული მხარის განცხადებით, სამშობიაროს დაბომბვის შედეგად გარდაიცვალა 3 ადამიანი, მათ შორის- ერთი ბავშვი, და დაშავდა 17, მათ შორის- ფეხმძიმე ქალები.

საავადმყოფოში ორსული ქალები რომ იყვნენ, ადასტურებს დაბომბდვიდან მალევე გავრცელებული ფოტო და ვიდეომასალა.

მარიუპოლის საკრებულოს განცხადებით, სამშობიაროზე შეტევა მიზანმიმართულად განხორციელდა.

მიზანმიმართული შეტევის შესახებ BBC-თან საუბრობს მარიუპოლის მერი, სერგეი ორლოვი:

“სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ მათ ამ დაწესებულების შესახებ იცოდნენ. ეს მესამე საავადმყოფოა, რომელიც მათ ქალაქში დაანგრიეს”, – განაცხადა ორლოვმა.

მისი თქმით, წინა დღეებში დაბომბვის შედეგად მარიუპოლში 300-საწოლიანი კოვიდ-კლინიკა და სისხლის შემგროვებელი ცენტრი განადგურდა. ორლოვი დარწმუნებულია, რომ კლინიკებზე თავდასხმა მათ მიზანს წარმოადგენდა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ 18 სხვადასხვა თავდასხმა განხორციელდა ჯანდაცვის დაწესებულებებზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი