კომენტარისაზოგადოება

რა ხდება ოკუპირებულ ხერსონში აქციამდე და აქციის შემდეგ – ჟურნალისტის მონათხრობი

5 მარტი, 2022 • 3328
რა ხდება ოკუპირებულ ხერსონში აქციამდე და აქციის შემდეგ – ჟურნალისტის მონათხრობი

ამჟამად ხერსონში მყოფი ჟურნალისტი დემენტი ბელი “ნეტგაზეთს” უყვება დღეს, 5 მარტს გამართული აქციისა და ოკუპაციის შესახებ. ის აქამდე უცნობ ამბებს ჰყვება ხერსონიდან, მათ შორის ჰუმანიტარულ კრიზისზე და გუშინ დაგეგმილ აქციაზე, რომელზე რუსეთის გეგმით, “ხერსონელებს ყირიმთან მიერთება” უნდა მოეთხოვათ:


ვიდრე დღეს ხერსონში გამართულ აქციაზე გკითხავთ, რომელშიც მონაწილეობდით კიდეც, თუ შეიძლება მოგვიყევით ხერსონის ოკუპაციაზე..

პირველ მარტს დაიწყო ბრძოლა ხერსონისთვის. შემოვიდნენ რუსები, დღე-ნახევარი ქუჩის ბრძოლები მიდიოდა. წინასწარი მონაცემით, დაიღუპა დაახლოებით ასი ადამიანი, შეიძლება ოდნავ მეტი. ტერიტორიული დაცვისა და თავდაცვის წარმომადგენლები, რომლებიც ბრძოლებში იღებდნენ მონაწილეობას, ცუდად იყვნენ შეიარაღებულნი, მაგრამ სცადეს წინააღმდეგობა გაეწიათ რუსი დამპყრობლებისთვის. ისინი დაიღუპნენ. ეს საშინელი სიკვდილია, საშინელი ვარამია ქალაქისთვის. ორი დღის განმავლობაში ასე, უბრალოდ ხვრეტდნენ მოქალაქეებს.  ისინი იღუპებოდნენ ბომბებისა და ჭურვების აფეთქებებში. რუსები ბინებშიც ისროდნენ. გვაქვს [მოქალაქეთა] სიკვდილის რამდენიმე ასეთი შემთხვევა. ესროდნენ მანქანებს – დაიღუპა ოჯახი, რომელიც ილინოვკადან მოდიოდა. მოკლეს ქალი, რომელიც აფთიაქში შედიოდა – ზურგში ავტომატის ჯერი ესროლეს.

ძალიან რთული ვითარება გვაქვს პროდუქტებისა და წამლების მხრივ. მოქალაქეები რთულ ვითარებაში არიან, მოველით ჰუმანიტარულ კატასტროფას.

ქუჩებში ოკუპანტები ჯავშანმანქანებით გადაადგილდებიან. ეს ძალიან თრგუნავს ხერსონის მაცხოვრებლებს. ამიტომ იყო მნიშვნელოვანი დღევანდელი მიტინგე. ხერსონელებმა ვაჩვენეთ, რომ არ გვეშინია, რომ ჩვენი აზრით, ხერსონი უკრაინული ქალაქია.

გუშინწინ ვრცელდებოდა ხმები, რომ გუშინ უნდა შემდგარიყო მიტინგი, სადაც თითქოს ყირიმთან შეერთება უნდა გვეთხოვა. ყირიმიდან ჰუმანიტარულ ტვირთს ჩამოიტანდნენ, მაგრამ ხერსონელები ამ მიტინგზე არ მივიდნენ. სულ რამდენიმე ათეული ადამიანი იყო, ძირითადად მოხუცები. მოქალაქეთა უმრავლესობა მიტინგზე არ გავიდა და ეს მანქანები [ჰუმანიტარული ტვირთით] გაბრუნდა.

რამდენი მანქანა იყო? რუსულმა არხებმა მთელი კოლონა აჩვენეს.

დიახ, კოლონა, პროდუქტებით სავსე, იყო და წავიდა. შემდეგ სიუჟეტი ვნახეთ, გუშინ რუსული არხები ჩაგვირთეს. სამწუხაროდ, ახლა ამის ყურება გვიწევს. დავცინოდით რუსულ პროპაგანდას, რადგან იქ ამბობენ, რომ ხერსონელები [რუს ჯარისკაცებს] სიხარულით შეხვდნენ. არავინ არ გამოსულა გარდა აქტივისტებისა, რომლებმაც თქვეს, რომ ხერსონი უკრაინაა.

მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, რომ ხერსონს არ უნდა ყირიმში, არ უნდა რუსეთში. ჩვენება, თუ რა აზრის ვართ ოკუპანტებზე. წარმოიდგინეთ – ხალხი უზარმაზარ მოედანზე შეიკრიბა და უყვიროდა ოკუპანტებს, რომ ისინი ფაშისტები არიან. ვფიქრობ, რუსი ჯარისკაცები განცვიფრებულნი იყვნენ. მათ უყვებოდნენ, რომ უკრაინელების და რუსულენოვანი ხალხის ფაშისტებისგან გადასარჩენად მოდიან. რუსულენოვანი ხალხი კი მათ რუსულ ენაზე უყვიროდა: „ფაშისტები ხართ“, „რუსულო სამხედრო გემო, იდი ნახუი“, „პუტინ ხუილო“, „წადით სახლში“, „აქ არავინ გელით“. ეს რუსი ჯარისკაცებისთვის სერიოზული დისონანსი იყო.

დღეს ეს ჯარისკაცები ქალაქიდან გაიყვანეს. ვფიქრობ, ისინი ამ ვითარების გამო სრულიად დემორალიზებულნი იყვნენ. არ ესმოდათ, რა ხდება. მათ ნაცვლად, ჩვენი ინფორმაციით, შემოვიდა ОМОН (მილიციის განსაკუთრებული დანიშნულების რაზმი), СОБР (სწრაფი რეაგირების სპეციალური რაზმი) ან რაღაც მსგავსი.

არ ვიცი, რა იქნება მომავალში. მახსოვს „პერესტროიკა“, მახსოვს მიტინგებიც, მაგრამ ასეთი მასიური მიტინგი არ მახსოვს. გვაქვს პერეკოპსკაიას ქუჩა, ის საკმაოდ დიდია და ბოლომდე იყო ხალხით გავსებული. კოლონის შუაში ვიდექი და მის დასაწყისს თუ დასასრულს ვერ ვხედავდი. შემდეგ ხალხი დაიშალა და მთელ ქალაქში დროშებით დადიოდა. ხალხი მღეროდა ჰიმნს, ყვიროდა – „დიდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს“. გასაოცარი იყო. ყველაზე მთავარი შიშის დაძლევა და იმის დემონსტრაციაა, რომ ვეწინააღმდეგებით ოკუპაციას და რუს ფაშისტებს, რომლებსაც სიკვდილი მოაქვთ.

არ ვიცით, რა იქნება ხერსონში ხვალ. ვითარება მუდმივად იცვლება და გასაგებია, რომ რუს ოკუპანტებს ავტომატები აქვთ, ხოლო ჩვენ, მშვიდობიან მოქალაქეებს, შეიარაღება არ გვაქვს. ვაჩვენეთ, რომ არ გვეშინია და მივიჩნევთ, რომ ხერსონი უკრაინაა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხერსონელების სიმბოლური გამარჯვება ოკუპანტებზე.

საიდან მოდის მათი [რუსეთის] რადიოსიგნალი? ხერსონიდან თუ ახლომდებარე ტერიტორიიდან?

მათ კონტროლის ქვეშ აიღეს ხერსონის ტელეანძა და საოლქო ტელევიზია. ჩართეს ანალოგიური მაუწყებლობა რუსულ ტელეარხებზე, ციფრულ ტელევიზიაშიც 24/7 რუსული ტელეარხები მაუწყებლობენ. ეს ცუდ როლს თამაშობს.

დღეს ჩვენები სიცილით ჰყვებოდნენ: რუსულ ტელევიზიაში აჩვენეს სიუჟეტი, თითქოს ნაციონალისტები თუ „ნაცისტები“ აწამებენ მარიუპოლის მშვიდობიან მოსახლეობას და ყველგან დადეს ნაღმები. აჩვენეს ვიდეო ამ ნაღმებზე. ჩვენები იცინოდნენ. იცით, რატომ? მავთულის გამო. იცით რა არის? ნაღმს შეერთებული აქვს მავთული. ეს მავთულები ხერსონის ტელევიზიასთან განათავსეს რუსმა ოკუპანტებმაც. ჩვენებმა ეს დაინახეს და გადაიღეს. ამას კი ახლა რუსულ ტელევიზიაში აჩვენებენ და ამბობენ, რომ ეს უკრაინელმა „ნაცისტებმა“ გააკეთეს. ყველაფერს ატრიალებენ. ჩვენ ამ ტყუილს ვხედავთ და დავცინით. პროპაგანდისტული არხები ამას ტყუილად გვაჩვენებენ.

ახლა ტელეანძას ქალაქი აკონტროლებს, თუ იქ რუსი ჯარისკაცები არიან?

ანძა მათი კონტროლის ქვეშაა, იქ შეიარაღებული რუსი ჯარისკაცები არიან. ადგილობრივი ტელემაუწყებლობა არ არის, მიდის რუსული არხების მაუწყებლობა.

როგორაა საქმე ინტერნეტის მხრივ? არის შეფერხებები?

გუშინ ხერსონის ოლქში ნახევარი დღით გამორთეს მობილური კავშირი და ინტერნეტი. იყვნენ ცალკეული პროვაიდერები, რომლებიც კიევს ემორჩილებიან და რომლებმაც შეინარჩუნეს ინტერნეტ-კავშირი. ახლა თითქოს ჩართეს, მაგრამ ოკუპანტებს ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ ინტერნეტი და მობილური კავშირი გამორთონ და კავშირის გარეშე დაგვტოვონ. ეს რეალური საფრთხეა.

ვაცნობიერებთ საფრთხეს, რომელიც სიცოცხლეს ემუქრება და პრობლემებს, რომლებიც ოკუპაციასთანაა დაკავშირებული. ბევრი ჩვენგანი დაიღუპა. მიდიოდა ბრძოლები, დანგრეულია ქალაქგარეთა ტერიტორიის ნაწილი. ვითარება იქ ძალიან რთულია – არ არის შუქი, წყალი, რთულია პროდუქტების მიტანა, ამაში ოკუპანტები მაქსიმალურად გვიშლიდნენ ხელს. ცოტა პროდუქტები გვაქვს.

საოლქო ადმინისტრაციამ, რომელიც ხერსონის ფარგლებს გარეთაა, პროდუქტების შემოსატანად ჰუმანიტარული კორიდორის გახსნა ითხოვა. ოკუპანტებმა უარი თქვეს. ამ მხრივ არის დიდი სირთულეები.

ახლა ხერსონი ჰუმანიტარული პრობლემის წინაშე დგას?

დიახ. ამ კატასტროფას სხვადასხვა ასპექტი აქვს წარმოიდგინეთ – ბრძოლების მიმდინარეობისას დაიღუპა დაახლოებით 200 ადამიანი, მათგან დაახლოებით 100 იყო მშვიდობიანი მოქალაქე. რთული დასათვლელია. ორი დღე კრძალავდნენ დაღუპულთა ცხედრებს..

იყო არაერთი ხანძარი. მეხანძრეები მიდიოდნენ მათ ჩასაქრობად, ოკუპანტები კი მათ ესროდნენ. დაიწვა ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, ოკუპანტებმა მეხანძრეებს ცეცხლის ჩაქრობის საშუალება არ მისცეს.

არის მრავალი სხვა უსიამოვნებაც. ხალხი წამლის გარეშე იღუპება. არსად წასულა კორონავირუსი – გვაქვს გართულების, პნევმონიის შემთხვევები. მოხალისეები მოხუცი ქალისთვის წამლის შოვნას ცდილობდნენ, მაგრამ შეზღუდვების გამო (კომენდანტის საათი, გადაადგილების შეზღუდვა) ვერ მოასწრეს მიტანა, ქალი დაიღუპა.

ბომბსაფარში უნივერსიტეტის მოხუცი დოცენტი ინფარქტისგან გარდაიცვალა… თქვენც იცით, რა არის ომი, თავადაც გადაიტანეთ ეს საშინელება. ადამიანი გარდაიცვალა, მისი ცხედარი სამი დღე ვერ გაჰქონდათ. ასე დარჩა სარდაფში, ყველას ეშინოდა [გასვლა]. ოკუპანტები ხალხს და მანქანებს ესროდნენ. დიდი სირთულეები გვაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხერსონელები ადგნენ, გამოვიდნენ და თქვეს, რას ფიქრობენ ოკუპანტებზე.


ინტერვიუზე მუშაობდნენ: კონსტანტინე სტალინსკი, მიხეილ გვაძაბია, ნიკა ბურდული

მასალების გადაბეჭდვის წესი