კომენტარი

სტრასბურგის ექსმოსამართლე სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას განმარტავს

11 ნოემბერი, 2021 • 17958
სტრასბურგის ექსმოსამართლე სააკაშვილის საქმეზე გადაწყვეტილებას განმარტავს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ნონა წოწორია ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმესთან დაკავშირებით 10 ნოემბერს გამოყენებულ დროებით ღონისძიებას განმარტავს.

ნონა წოწორიას თქმით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს რეგლამენტის 39-ე წესის (დროებითი ღონისძიება) მთავარი დანიშნულებაა, მყისიერად მიიღოს გადაწყვეტილებები ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დასაცავად.

“რა ინტერპრეტაციაც არ უნდა ჰქონდეს მიხეილ სააკაშვილის თაობაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, უმთავრესი სწორედ მისი სიცოცხლის დაცვაა. 39-ე წესის განხილვისას სასამართლო არ არის შეზღუდული მხარის პოზიციით და უფლებამოსილია თავად დაადგინოს ის ზომები, რაც მოცემულ შემთხვევაში მიაჩნია მიზანშეწონილად. სტანდარტულად დროებითი ღონისძიება ევროპული კონვენციის მე-2 („სიცოცხლის უფლება) და მე-3 („წამების აკრძალვა“) მუხლებს უკავშირდება. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული კატეგორია ციხის პირობებში უფლებების დაცვას ეხება.

სასამართლოს ზოგადი პრინციპების მიხედვით ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა პატიმრების სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. „გოგინაშვილი საქართველოს წინააღმდგ“ 2012 წლის გადაწყვეტილებით ევროსასამართლოსთვის ციხის პირობებში სამედიცინო მომსახურების მისაღებად დროებითი ღონისძიების მოთხოვნით მიმართვამდე საჭიროა შიდასამართლებრივი საშუალებების ამოწურვა”, — წერს ნონა წოწორია.

მისი თქმით, მოცემულ შემთხვევაში დროებითი ღონისძიების გამოყენება მიუთითებს, რომ სასამართლომ სააკაშვილის ადვოკატების მიერ ამ მიზნით მიღებული ზომები საკმარისად ჩათვალა.

წოწორიას თქმით, სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა (დაჟინებით სთხოვა), შეწყვიტოს შიმშილობა — მსგავსი პრეცედენტები არსებობს პრაქტიკაში.

“უდავოა, რომ სასამართლომ მოსარჩელის შიმშილობა ეჭვგარეშედ მიიჩნია”, — ამბობს წოწორია და მიხეილ სააკაშვილს ურჩევს, გაითვალისწინოს სასამართლოს მოწოდება შიმშილობასთან შეწყვიტასთან დაკავშირებით.

ნონა წოწორიას თქმით, ასევე ჩვეულებრივი პრაქტიკაა სასამართლოს მიერ ინფორმაციის მოთხოვნა და მთავრობამ სასამართლოს უნდა აცნობოს სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის, ისევე როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული მკურნალობის შესახებ.

“მთავრობამ საპყრობილეში ყოფნისას ზოგადად უნდა უზრუნველყოს სააკაშვილის უსაფრთხოება. ამით სასამართლო პრინციპში აღიარებს, რომ მისი უსაფრთხოების საკითხი პრობლემურია. არის თუ არა დარღვევა, ამას საბოლოო გადაწყვეტილებით დაადგენს. მთავრობამ სააკაშვილს უნდა გაუწიოს სათანადო (აპპროპრიატე) სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში.

ცნობილია, რომ შიმშილობის შეწყვეტა განსაკუთრებულად სამართავი პროცესია. ამ მითითებით სასამართლო ხაზს უსვამს სახელმწიფოს სპეციფიკურ ვალდებულებაზე. სააკაშვილის თანხმობის შემთხვევაში რამდენად იქნება გაწეული მკურნალობა კონვენციის შესაბამისი და მიიჩნევა თუ არა მე-18 დაწესებულება „სათანადოდ“, მომავალი გვიჩვენებს”, — აცხადებს ნონა წოწორია.

ის შენიშნავს, რომ სამოქალაქო ჰოსპიტალში სააკაშვილის გადაყვანის საკითხი ღიად არის დატოვებული და ამბობს რომ კონკრეტული ტიპის სამედიცინო დაწესებულებაზე არმითითება სასამართლოს სტანდარტული მიდგომაა.

“სააკაშვილის ადვოკატებს სრული საფუძველი ჰქონდათ, რომ ადეკვატურ სამედიცინო დაწესებულებად მხოლოდ სამოქალაქო ტიპის ჰოსპიტალი მიეჩნიათ და ამ მოთხოვნით მიემართათ სასამართლოსთვის. თუმცა, ეს მხოლოდ დასაწყისია. სასამართლო 39-ე წესის აღსრულების ყველა საკითხს, მათ შორის, საავადმყოფოს ნაწილს, მხარეების მიერ 24 ნოემბრისთვის წარდგენილი დოკუმენტების საფუძველზე მიუბრუნდება. ცხადია, მას უფლება აქვს, დროებითი ღონისძიების პირობები შეცვალოს”, — აცხადებს წოწორია.

ის ხელისუფლებას მოუწოდებს, პრიორიტეტად ჩათვალოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობა და სიცოცხლე და შეწყვიტოს ის აღვირახსნილი კამპანია, რასაც აქამდე აწარმოებდა.

“იმედია, დროებითი გადაწყვეტილების სულისკვეთება, სასამართლოს მიმდინარე ზედამხედველობა და საქმისთვის პრიორიტეტის მინიჭება მთელ ამ პროცესს ცივილიზებულ ჩარჩოებში მოაქცევს”, — ამბობს იგი.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ასევე თქვა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს საპყრობილეში ყოფნისას მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება და სათანადო სამედიცინო მომსახურება შიმშილობის შეწყვეტის შემდგომ პერიოდში.

რა წერია სტრასბურგის გადაწყვეტილებაში სააკაშვილის მოთხოვნაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი