კომენტარი

პენიტენციური სამსახური პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას — ბესელია სააკაშვილის პროცესზე

10 ნოემბერი, 2021 • 1205
პენიტენციური სამსახური პირდაპირ არღვევს კონსტიტუციას — ბესელია სააკაშვილის პროცესზე

“ახლა რასაც აკეთებს მართლმსაჯულება და რასაც აკეთებს პენიტენციური სამსახური, ამით პირდაპირ არღვევს იმ მუხლს, სადაც წერია, რომ პირს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი სასამართლოზე, უშუალოდ და პირადად”, — ამბობს ეკა ბესელია ნეტგაზეთთან ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში არმიყვანასთან დაკავშირებით.

10 ნოემბერს უწყებამ აღნიშნა, რომ „შესაძლებლობას მოკლებულია“ სააკაშვილის გადაყვანა სასამართლოში. პირველი ინსტანცია დღეს განიხილავს 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეს, რომელშიც ექსპრეზიდენტია ბრალდებული.

პენიტენციურმა სამსახურმა თავისი პოზიცია ორი ძირითადი ფაქტორით ახსნა. მისი თქმით, შესაძლო იყო, სააკაშვილის სასამართლო დარბაზში ესკორტირებისთვის გარე პირებს ხელი შეეშალათ. განცხადებაში ასევე ნახსენებია “დამატებითი რისკი” ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის იმ პირობებში, როცა ამ უკანასკნელს “შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი”.

ეკა ბესელია დამაჯერებლად არ მიიჩნევს უწყების არგუმენტებს და საქართველოს კონსტიტუციის გარდა, ევროპის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციას ახსენებს.

“…კონვენციის მეექვსე მუხლში მითითებულია, რომ ნებისმიერი პირისთვის გარანტირებული უნდა იყოს საქმის სამართლიანი განხილვა, რათა მას მოუსმინოს უშუალოდ სასამართლომ.

ამიტომ, ამ მუხლის ფართოდ განმარტება, რაც არაერთ გადაწყვეტილებაში გვაქვს ნანახი და წაკითხული, ნიშნავს იმას, რომ სასამართლო მიიჩნევს, რომ პირს დაუსწრებლად არ უნდა ასამართლებდეს და თუ [ბრალდებულს] სურვილი აქვს, მისი საქმე სასამართლომ მისივე მონაწილეობით უნდა განიხილოს.

რადგან სააკაშვილს დაუსწრებლად აქვს განაჩენი გამოტანილი, [პროცესზე დასწრება] ერთადერთი შანსია მისთვის, რომ სხვა ბრალდების საქმეზე მაინც სასამართლომ მოუსმინოს. განსაკუთრებით მაშინ, როცა არსებობს პრეტენზიები არასწორი, არაჰუმანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით”, — უთხრა ბესელიამ ნეტგაზეთს.

იურისტსა და პოლიტიკოსს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სააკაშვილის მხარე სტრასბურგში ზემოხსენებული მუხლით იდავებს, არსებული “პროცედურული დარღვევებიდან” გამომდინარე ამ საქმეს მოიგებს:

“მთავრობას და პენიტენციურ სამსახურს ყოველთვის შეუძლიათ თქვან, რომ არსებობს საფრთხე, მაგრამ სასამართლოსთვის არ არის საკმარისი ამის თქმა. სასამართლოსთვის აუცილებელი იქნება, [შესაბამისმა უწყებამ] დაასაბუთოს, ეს საფრთხე არის თუ არა რეალური.

ამ დრომდე არ ყოფილა არანაირი ხელშეშლა. სააკაშვილი თვითონ ჩამოვიდა, იმ საკანთან, სადაც სასჯელს იხდის, არ მომხდარა არანაირი ძალადობრივი ფაქტები, გადაყვანის დროსაც ასევე მოხდა.

ამ დრომდე, გარდა ასეთი თეორიული განცხადებებისა, არანაირი მტკიცებულება არ აქვს მთავრობას. მაშინ მან უნდა წარუდგინოს მართლმსაჯულებას ან სასამართლომ მოითხოვოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომ ეს არ არის მხოლოდ [ირაკლი] კობახიძის ფანტაზიები, რომლებსაც ის ბრიფინგზე ჰყვება”.

ეკა ბესელიას აზრით, ახლა უკვე საჭიროა, სასამართლომ გამოიჩინოს “მინიმალური კომპეტენცია” და მოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებითაც პენიტენციური სამსახურის მიერ ნახსენები საფრთხე საბუთდება.

“[ეს] უნდა დაასაბუთოს არა დაცვამ, არამედ თვითონ ბრალდების მხარემ. სხვაგვარად არ შეიძლება. მუდმივად შეიძლება, ხელისუფლებამ თქვას, რომ არსებობს საფრთხე და არასდროს გადაიყვანოს პატიმარი სასამართლოში”, — დასძენს ის.

სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ გააცნეს სასამართლოს მოთხოვნა მისი დარბაზში მიყვანის თაობაზე და პენიტენციურმა სამსახურმა არ წარმოადგინა მსჯავრდადებულის პოზიცია ამასთან დაკავშირებით.

ბასილაიას თქმით, ეს უფლებამოსილების გადამეტებაა. ასე ფიქრობს ეკა ბესელიაც.

“ეს არის უფლებამოსილების გადამეტება, ეს არის სამოხელეო დანაშაული. ამავე დროს, ურთიერთსაწინააღმდეგო შინაარსსაც შეიცავს ეს განცხადება. აქამდე ამაზე ქირქილებდნენ: [სააკაშვილი] ფაფებს ჭამსო, არაფერი ჭირსო, ფეიქიაო… კობახიძე ხომ ასე საუბრობს? მაშინ რატომ არის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკი? ერთმანეთს ეწინააღმდეგება ეს განცხადებები”, — აღნიშნავს ის.

სააკაშვილი პატიმრობაში — მოკლედ

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მას ბრალად ედება  2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე წინასწარ შეთანხმებით დამნაშავეების შეწყალება. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

სააკაშვილის წინააღმდეგ მოქმედი ხელისუფლების პირობებში კიდევ ორი საქმეა აღძრული. დღეს, 10 ნოემბერს სასამართლო განიხილავს 7 ნოემბრის საქმეს.

სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და 41-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილი მოითხოვდა, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ და არა ციხის საავადმყოფოში. ამავე პოზიციაზე იყვნენ მისი ადვოკატები, თანაპარტიელები და პირადი ექიმი.

თუმცა 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახელმწიფო აცხადებს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მკურნალობის ყველა პირობა არსებობს. თუმცა სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამეთვალყურეოდ შექმნილი კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი