სამართალი

სააკაშვილს სასამართლოში არ გადაიყვანენ

10 ნოემბერი, 2021 • 1860
სააკაშვილს სასამართლოში არ გადაიყვანენ

პატიმრობაში მყოფ ექსპრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან თბილისის საქალაქო სასამართლოში არ გადაიყვანენ. განცხადებას სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყება ახსენებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “სახელმწიფო შეთქმულების ფაქტზე” მიმდინარე გამოძიებას და სუს-ის მიერ 29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც “იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით”.

“მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს”, — ვკითხულობთ განცხადებაში.

პენიტენციური სამსახურის სიტყვებით, “აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის”.

“ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა”, — ამბობს უწყება.

სააკაშვილის ინტერესების დამცველები მოითხოვენ, სააკაშვილის სასამართლო პროცესი სასამართლო დარბაზში ჩატარდეს. თუმცა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგვაძემ რამდენიმე დღის თქვა, რომ 10 ნოემბერს დაგეგმილი პროცესის გამართვას ციხის საკანში მოითხოვენ, რადგან არსებობს უსაფრთხოების რისკები.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს, საქართველოში დაბრუნების შემდეგ დააკავეს.

ექსპრეზიდენტს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მას ბრალად ედება  2006 წელს შსს-ს თანამშრომლების მიერ ნაწამები და შემდგომ გარდაცვლილი სანდრო გირგვლიანის საქმეზე წინასწარ შეთანხმებით დამნაშავეების შეწყალება. ამასთან, სააკაშვილს 6-წლიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე 2005 წელს.

სააკაშვილის წინააღმდეფ მოქმედი ხელისუფლების პირობებში კიდევ ორი საქმეა აღძრული. დღეს, 10 ნოემბერს, სასამართლო 7 ნოემბრის საქმეს განიხილავს.

სააკაშვილი ბრალდებებს არ აღიარებს, პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს და 41-ე დღეა შიმშილობს.

სააკაშვილი მოითხოვდა, საჭიროების შემთხვევაში, სამოქალაქო კლინიკაში გადაეყვანათ და არა ციხის საავადმყოფოში. ამავე პოზიციაზე იყვნენ მისი ადვოკატები, თანაპარტიელები და პირადი ექიმი.

თუმცა 8 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილი, თავისი ნების საწინააღმდეგოდ, რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან გლდანში, სასჯელაღსრულების მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სახელმწიფო აცხადებს, რომ აღნიშნულ დაწესებულებაში ექსპრეზიდენტის მკურნალობის ყველა პირობა არსებობს. თუმცა სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ გლდანის მე-18 დაწესებულებაში არსებული ვითარება სრულად ისევ არ შეესაბამება სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სამეთვალყურეოდ შექმნილი კონსილიუმის მიერ გაცემულ დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი