კომენტარი

ჩვენი ტოტალური დეპრესია

5 სექტემბერი, 2015 • 2888
ჩვენი ტოტალური დეპრესია

როგორ ვთქვა, ანუ ცრემლი კი არ მადგას მართლა, უბრალოდ, ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი და ლილიების ეს საშინლად ცინიკური, ჯამბაზური, ირონიული და ამ ირონიაში სრულიად სევდიანი მუსიკა, კაცობრიობის დატირებას რომ გავს, თავისას მიმატებს. სევდა რომ მაწვება, ეს უკვე მიხარია – ესე იგი, ჯერ კიდევ ვფიქრობ. გოგი გვახარიას დღევანდელი ბლოგი მახსენდება, “ლარის კურსი და ქვეყნის კურსი”. ღმერთო, როგორ შეუძლია ამ კაცს, რომლის დაბადებისას სტალინის გვამი ჯერ კიდევ ახალი გაციებული იყო, კაცს, რომელმაც ორ სახელმწიფოში იცხოვრა და ათზე მეტი ხელისუფალი შეიცვალა, მოესწრო იმპერიის ნგრევას, ახალი ქვეყნის დაბადებას, ომს – პირდაპირ მის ქუჩაზე, სამ ომს მხოლოდ ბოლო ოცდახუთ წელში, მხედრიონს, რევოლუციებს – როგორ შეუძლია ამ კაცს, კიდევ რამეზე წუხდეს და, მაგალითად, ბლოგს ასრულებდეს ჩურჩხელების გამყიდველი კახელი ქალის ამბით?  თან, რაღაცნაირად, როგორ გავს ლილიების და მისი ტექსტები ერთმანეთს – ირონიაშიც და ყოფითობაშიც, ამბის თხრობასა და ამ ყელში ბურთის გამჩხერ სევდაში, სულ რომ “უკანასკნელი ბოზის” ამბავს გიყვებოდეს ან ერთი, ან მეორე. 

არ ვიცი, კონკრეტულად რა მიჩხერს ამ ბურთს ყელში, მაგრამ ერთი მცირე მონაკვეთი სიმღერიდან ყველაფერს თავის ადგილზე ალაგებს: “Every empire turns to dust and every ego will be crushed” – ყველა იმპერია მტვრად იქცევა და ყველა ეგო დაიმსხვრევა! ლილიებიც ამას ამბობენ, გოგიც ამას ამბობს, მეც, ჩემი მეგობრებიც, თანამოაზრეებიც – მგონი, ყველასთვის ბანალური ჭეშმარიტებაა, რომ არ არსებობს უსასრულო ბოროტება. ყოველ შემთხვევაში, ბოროტება რომც იყოს უსასრულო, მისი კონკრეტულ პერიოდში განმახორციელებელი კონკრეტული პირები ნამდვილად იმსხვრევიან და მტვრად იქცევიან. სტალინი გაქრა, ბოლოს და ბოლოს, კრებით მეჭიაურებს, ღარიბაშვილებს, ივანიშვილებს თუ ვინ მოსთვლის, ვის აღარ, რაღა აქცევს სამუდამოდ? არც არაფერი, მაგრამ ჩვენ რა ვქნათ, სწორედ, აი, აქ, ამ კონკრეტულ დროში მცხოვრებმა ადამიანებმა, რომლებიც მხოლოდ ზრდასრულ ასაკს მიღწეულებიღა ვაცნობიერებთ, რომ ამ ქვეყნად იმისთვის მოვსულვართ, ათასი იდიოტისა და მავნებლის აღზევება-მოშორებას ვუყუროთ გაბრაზებული დამკვირვებლის თვალით და ამას შევალიოთ ჩვენი ძვირფასი ცხოვრების წლები? ჯერ ავირჩიოთ, მერე არ მოგვეწონოს, ვიჭიჭყინოთ, ვუსწოროთ შეცდომები, ვუყვიროთ, დავცინოთ, დავიღალოთ, გადავაგდოთ და მერე სხვა ავირჩიოთ თავიდან? 

არადა, 27 წლის ვარ უკვე, 27! ამ ასაკში ჰენდრიქსს, ჯოპლინს, ჟან-მიშელ ბასკიას, მორისონს, კობეინს და კიდევ ვის აღარ, მთელი კულტურა ჰქონდათ თავდაყირა დაყენებული, მსოფლიო ჰქონდათ შემოვლილი, მათი ვიზუალური, სმენითი თუ შემეცნებითი მეხსიერება ჩვენსაზე ალბათ მილიონჯერ მეტი “ფოლდერით” იყო სავსე და მე? სად ვარ მე? ვზივარ ტაქსში და მივდივარ სახლში ისე, რომ სულ მცირედი სევდაც კი მახარებს, ნიშნად იმისა, რომ ვფიქრობ.

რამდენიმე დღის წინ თუთას ვნახულობ, ჩემს მეგობარს, შეიძლება ითქვას, ჩემს სულიერ დას – ამ სიტყვის ყველაზე არაპათეტიკური გაგებით. ბარში ვსხედვართ, ჩვენს საქმეებზე ვსაუბრობთ, ის თავისას მიყვება, მე ჩემსას. მერე მეკითხება – “აღარ წერ?”… ამ შეკითხვაზე უკვე ხშირად ვიბნევი, ვცდილობ პასუხს თავი ავარიდო ხოლმე, მაგრამ მაინც ვპასუხობ – აღარ. უფრო სწორად, ვეღარ. რომ დაწერო, რაღაცაზე ხომ უნდა გაბრაზდე? რაღაცა ხომ უნდა გაგიხარდეს? რაღაც სუნი გესიამოვნოს, ან შეხებაზე გაგაჟრიალოს, ან ყვირილი მოგინდეს. მოკლედ, რაღაც ხომ უნდა მოხდეს ისეთი, რაც გაგაკვირვებს? “აღარაფერი გვაკვირვებს” – უცებ შევთანხმდით მე და თუთა. “ტოტალური დეპრესია გვაქვს” – დავამატეთ. “მეტი რაღა უნდა მოხდეს?” – ვკითხეთ ერთმანეთს.

და მართლაც. 27 წლის ასაკში მოვასწარი თავადაც მენახა და განმეცადა ორი ომი, გამეგო, როგორ ხოცავენ ამ ქვეყნის მოქალაქეები – ერთმანეთს, როგორ მოგვსდევს ათასობით მოქალაქე რამდენიმე ათეულ მოქალაქეს, როგორ კლავენ და შემდეგ წვავენ ადამიანს სულ რამდენიმე ქუჩის გადაღმა და მერე ამაზე – ქილიკობენ, ზოგიც იცინის კიდეც. 27 წლის ასაკში ყოველდღიურად ვუყურებ უამრავ შრომისგან დაღლილ, ჩამოღვენთილ სანთელს დამსგავსებულ სახეს. ვუყურებ, როგორ უპირებენ ჩემს ერთ მეგობარს რამდენიმე წლით ციხეში ჩასმას მხოლოდ იმის გამო, რომ მარიხუანა მოწია, ხოლო როგორ შემოაკვდათ შარდმდენის საშუალებით შარდისგან დაცლილი ლევან აბზიანიძე სახელმწიფო მოხელეებს. ვუყურებ “იოლის” თანამშროლის, ლიკა ჯანაშიას საოცრად სევდიან სახეს, როგორი გულდაწყვეტით მიყვება მისი და ათასობით ადამიანის მონურ სამუშაო პირობებზე. ვუყურებ და ვფიქრობ: ვითომ, ეს ამბავი მაკვირვებს? ვრთავთ საინფორმაციოს და ვუყურებთ, როგორ გამორიყა ხუთი წლის ჩვილი ზღვამ მხოლოდ იმის გამო, რომ ამხელა პლანეტაზე, რომლის მკვიდრებიც თავს კომპლექსურ, ორგანიზებულ, რაციონალურ ცივილიზაციას ვუწოდებთ, ერთი პატარა ქოხი არ აღმოჩნდა, რომელიც ამ პატარას შეიფარებდა… მთლად სექსუალური ძალადობის ყველაზე შემზარავ კადრებს ვუყურეთ, ტელესერიალად ქცეულს, მერე ქალაქის ქუჩებში წყალდიდობისგან გამორიყულ ბეჰემოტს და შემდეგ, აი, ამ ყველაფრის შემდეგ, ეს კომპლექსური, რაციონალური აზროვნების მქონე ცივილიზებული არსებები ისევ ვუყურებთ მეჭიაურს! მეჭიაურს. მე-ჭი-ა-ურს.

ჩვენი მშობლების თაობის წარმომადგენლებისგან ხშირად მსმენია დანანებით ნათქვამი, კარგ დროს ცხოვრობთ თქვენ, “თავისუფალი თაობა” ხართ, ჩვენ დროს Black Sabbath-ის მოსმენის გამო ციხეში გვსვავდნენო. რაღა დაგიმალოთ, ცოტა ნარცისულად, ცოტა ეიჯისტურადაც კი მეღიმებოდა ამაზე და კმაყოფილი ვიყავი ჩემი, როგორც ამ ახალი, “თავისუფალი თაობის” წევრობით. ახლა, რაც დრო გადის, უფრო ხშირად ვფიქრობ, მე რა შემიძლია ვუთხრა ჩვენი შვილების თაობას? მაგალითად, ეს: “თქვენ რა გიჭირთ, ჩემ დროს მარიხუანის მოწევის გამო ციხეში გვსვამდნენ” – ეს ვუთხრა? მერე ისიც ხომ გაიღიმებს ნარცისული და ეიჯისტური სახით, გაუკიდებს  მარიხუანას და ჩავარდება ისეთივე ფუჭ თავისუფლების თვითკმაყოფილებაში, როგორც მე – თავის დროზე?

სინამდვილეში, მგონი, არანაირი თავისუფლება არ არსებობს აქ და ახლა და არც არასდროს არსებობდა. არსებობს მხოლოდ დაუსრულებელი ბრძოლა მის მოსაპოვებლად, ბრძოლა და ემოციები – გაბრაზება, სიხარული, აგრესია. ემოციები, რომლებიც ამ ბრძოლაში გვეხმარება. თვალი, სმენა და ყნოსვა – რომლებიც გვეხმარება აქ და ახლა, აი, ამ წამს, შევხედოთ ბაზარში ჩურჩხელის კახელ გამყიდველს და თუნდაც მის გულმავიწყობაზე გაგვეცინოს. ვუყუროთ ლიკა ჯანაშიას სახეს და ვიფიქროთ: ეს გოგო ამ ბრძოლას მოიგებს, ხვალ ნამდვილად უკეთეს ადგილზე იმუშავებს, კარგ პირობებში, და მისი ბრძოლა მაგალითი იქნება სხვებისთვის. 

ამის გარეშე, ამ ემოციებისა და შეგრძნებების გარეშე, თავისუფლება რომ მხოლოდ Black Sabbath-ის მოსმენასა და მარიხუანის გაკიდებას მოჰქონდეს, გოგი გვახარიას, რომლის დაბადებისას ჰიტლერი და სტალინიც კი აღარ იყო ცოცხალი, ახლა მეჭიაურზე წერა აღარ მოუწევდა. დაჯდებოდა, მოუსმენდა ბობ დილანს და გააბოლებდა. 

ის, რაზეც ახლა ვწერ, ჩემი დაკვირვებით, უამრავი ადამიანის პრობლემაა – საინფორმაციო საშუალებების ეპოქამ ყოფიერება, თავისი მძაფრი ემოციური სიგნალებით, გააბითურა, რეალითი-შოუებად აქცია. 13 ივნისს მთელი მსოფლიოს პრესა თბილისის ბეჰემოტზე საუბრობდა, პუტკუნა ცხოველის გაოგნებული სახე მსოფლიოს ყველაზე ცნობილი გამოცემების პირველ გვერდზე იბეჭდებოდა, შეიქმნა მისი სახელობის ფონდები, ის იქცა ინსპირაციად ხელოვანებისთვის. თუმცა ტრაგედიიდან სამი თვის თავზე ადგილობრივ პრესაშიც კი აღარსად ჩანს ამბავი ადამიანებისა, ვინც წყალწაღებულ ქალაქში უახლოესი ნათესავები, სახლები, ნივთები და, შეიძლება ითქვას, მთელი ცხოვრების ნაღვაწი დაკარგეს. სად არიან ახლა ისინი? ერთხელ მაინც იკითხა კრებითმა მეჭიაურმა ან ჯაჭვლიანმა, ან რომელიმე პრემიერმა, როგორ ცხოვრობს ახლა ის, ვინც სამი თვის წინ, სახლის სახურავზე ამძვრალი, ფანრის მომაკვდავი შუქითღა გვამცნობდა მთელ ქალაქს, რომ ეს-ესაა, მისი სიცოცხლე დასრულდებოდა?

კაცობრიობის ისტორია, სხვა ყველაფერთან ერთად, თავისუფლებისთვის ბრძოლის ისტორიაა – თავისუფლების მიღწევის, ანუ დასასრულის, გნებავთ, “აღთქმული მიწის” გარეშე. ფაქტობრივად, სერიალია, რომელშიც რეგულარულად იცვლებიან პერსონაჟები, მაგრამ არა სიუჟეტის ხაზი. რა თქმა უნდა, არის კარგი და ცუდი, უკეთესი და უარესი სერიებიც, მაგრამ ფაქტია, რომ, მაგალითად, მაჰათმა განდი, რომელიც სოციალური, ეკონომიკური და კულტურული თანასწორობის მთავარი დამცველი იყო, სწორედ იმ ინდოეთის ნომერ პირველ დამფუძნებელ მამად და იდეოლოგად ითვლება, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე უთანასწორო სახელმწიფოა. ეს პარადოქსი ოპტიმიზმის საფუძველს ნამდვილად არ გვაძლევს. სამაგიეროდ საიმედოა იმის წარმოდგენაც კი, თუ როგორი ქვეყანა იყო ინდოეთი განდიმდე და მის შემდეგ. რაღაც მაინც ხომ შეიცვალა?

და აი, ამისთვის, რომ რაღაც მაინც შეიცვალოს, პირველ რიგში, რაღაც მაინც უნდა განიცადო – გამოხვიდე ტოტალური, ფარული დეპრესიიდან. იქნებ, ჩემო თუთა, აღარაფერი იმიტომ გვაკვირვებს, რომ ყოველი მომდევნო რეალითი-შოუდ ქცეული ტრაგედიის ცქერისას მასზე კიდევ უფრო დიდი და შთამბეჭდავი ამბის მოლოდინი გვაქვს? იქნებ ჩვენც ამ რეალითი-შოუს მონაწილეებად ვიქეცით და მეტ “ექშენს” ველოდებით? იქნებ მართლა შევძლოთ ამ დეპრესიიდან, რომელიც უკვე უმრავ ადამიანს გვაწუხებს, გამოსვლა იმით, რომ მარტივი, ყოფითი შეგრძნებები და ემოციები დავიბრუნოთ? მაგალითად, ვისხდეთ ტაქსში, მივდიოდეთ სახლში, ვუსმენდეთ მუსიკას და გვიხაროდეს, რომ ყელში ბურთი გაგვეჩხირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი