გიორგი გოცირიძის განცხადებით, ახლანდელ ხელისუფლებას, წინა მთავრობისგან განსხვავებით, არ აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და, შესაბამისად, ცვლიელებებსაც ვერ ახორციელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ არის გარკვეული კონსტიტუციური საკითხები, რისი გადაჭრაც კონსტიტუციის გვერდით ავლით ხდება.
მაგალითად, გოცირიძის თქმით, ასეთი იყო ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის საკითხი, რადგანაც კონსტიტუციაში ცალსახად წერია, რომ სწორედ პრეზიდენტი არის ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობაში და ის ადამიანი, რომელმაც ხელი უნდა მოაწეროს კონკრეტულ ხელშეკრულებას, თუმცა პრეზიდენტის სურვილისგან დამოუკიდებლად ეს საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გააკეთა.
საიას იურისტი ამბობს, რომ ასეთი არის ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებაც, რომელიც შეიძლება კონსტიტუციასთან მოდიოდეს წინააღმდეგობაში.
“ახალი ხელისუფლების დამოკიდებულება, მიუხედავად იმისა, რომ არ აქვთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების გზით, რაც გამოიხატებოდა ასოცირების ხელშეკრულების დადების პროცესში პრეზიდენტის კონსტიტუციური როლის იგნორირებით, ასევე, ეროვნული ბანკის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, ახერხებენ იმას, რომ კონსტიტუცია არ შეცვალონ, მაგრამ კონსტიტუციის მოთხოვნებს გარკვეულწილად გვერდი აუარონ,”– ამბობს გოცირიძე.

იურისტი ამბობს, რომ კონსტიტუციამ 1995 წლის შემდეგ ბევრი ცვლილება განიცადა, თუმცა ეს ცვლილებები ძირითადად ხელისუფლების მოწყობის პრინციპებს ეხებოდა, კერძოდ, ბალანსს ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის.
“ფაქტობრივად, ყველა მოდელი იქნა ნაცადი. 1995 წელს ჩვენ დავიწყეთ სუპერსაპრეზიდენტო რესპუბლიკით, როდესაც პრეზიდენტი იყო აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი და მთავრობა იყო პრეზიდენტის სათათბირო ორგანო. შემდგომ, 2004 წელს, უკვე ჩვენ გვაქვს მთავრობა, როგორც არა სათათბირო ორგანო, არამედ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, ჩვენ გვაქვს პრემიერ–მინისტრის ინსტიტუტი 2004 წლის ცვლილებებით, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა იყო აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი და იყო გადაწყვეტილების მიმღები ორგანო, პრეზიდენტს მაინც საკმაოდ მნიშვნელოვანი ფუნქცია ჰქონდა შენარჩუნებული 2004 წელს განხორციელებული კონსტიტუციური ცვლილებებით.
2010 წელს ჩვენ გადავედით, ასე ვთქვათ, საპარლამენტო მოდელზე, როდესაც მთავრობის ფორმირება ხდება არა პრეზიდენტის მიერ, ანუ პრეზიდენტს სრულად ჩამოსცილდა ყველანაირი ტიპის აღმასრულებელი ფუნქციები, პრეზიდენტი გახდა ქვეყნის მეთაური, პრეზიდენტი გახდა არბიტრი პარლამენტსა და მთავრობას შორის, და მთავრობის ფორმირება ხდება არა პრეზიდენტის მიერ, არამედ პარლამენტის მიერ ხდება მთავრობის ფორმირება. მთავრობა ახორციელებს აღმასრულებელ ხელისუფლებას და პრეზიდენტს არ აქვს უფლება, ჩაერიოს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებაში.”

მისივე თქმით, შედარებით ნაკლები, თუმცა მაინც მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა სასამართლო ხელისუფლების მიმართულებით. ასეთ ცვლილებებად გოცირიძე ასახელებს ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ინსტიტუტის კონსტიტუციაში გაწერა, რაც, მისივე თქმით, მართლმსაჯულების დემოკრატიზაციის კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. ასევე, გოცირიძე იხსენებს კონსტიტუციურ ცვლილებას მოსამართლეთა უვადო დანიშვნასთან დაკავშირებით 3–წლიან გამოსაცდელი ვადის დაწესებაზე, რომელიც, მისი განცხადებით, ძალიან სადავო ცვლილება იყო.
გიორგი გოცირიძის განცხადებით, 1995 წლის შემდეგ კონსტიტუციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განცორციელდა და დაღევანდელი კონსტიტუცია ნაკლებად ჰგავს პირვანდელ ვარიანტს, თუმცა არის ისეთი დებულებებიც, რომლებსაც მნიშვნელოვანი ცვლილებვები არ განუცდია. მისი თქმით, ძირითადად ეს ეხება კონსტიტუციის მეორე თავს, სადაც საუბარია ადამიანის უფლებებსა და ძირითად თავისუფლებებზე.
რაც შეეხება კონსტიტუციის მიმართ ხალხის ნდობას, გოცირიძე ამბობს, რომ 2012–2012 წლებში საკონსტიტუციო სასამართლოსადმი მიმართვიანობა მნიშვნელოვნად გაიზარდა.
“ეს ალბათ აჩვენებს იმას, რომ ხალხის ნდობა ქვეყნის მთავარი, უზენაესი კანონის მიმართ არის გაზრდილი,”– ამბობს გოცირიძე.
2011 წელს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით ან წარდგინებით 13–ჯერ მიმართეს; 2012–ში ეს რეოდენობა 27–მდე გაიზარდა; 2013 – ში -22-მდე, ხოლო 2014–ში – 51-მდე.







