კომენტარი

TOA – დღე 1 – იქნებ ბილეთი ვერ იყიდა?

4 ივლისი, 2015 • • 2065
TOA – დღე 1 – იქნებ ბილეთი ვერ იყიდა?

Tbilisi Open Air/Altervision საქართველოში 2009 წლიდან ტარდება და წლიდან-წლამდე იზრდება, როგორც მუსიკალური შემადგენლობით, ასევე მასშტაბითა და ინფრასტრუქტურით, ხანგრძლივობითა და ტევადობით. წლევანდელ ფესტივალზე ორგანიზატორები ხუთი დღის განმავლობაში 50.000-ზე მეტ მსმენელს ელოდებიან. ხალხის ყველაზე დიდი მასის მოლოდინი ფესტივალის ფინალურ დღეზეა გათვლილი, რომელსაც ბრიტანული როკ-ჯგუფი Placebo დახურავს. როგორი იქნება ფესტივალს ბოლო დღე, რომელიც ყველაზე ხალხმრავალი ფასიანი ივენთი იქნება, რაც აქამდე ჩატარებულა, ამას 7 ივლისს ვნახავთ, მანამდე კი ვისაუბროთ ფესტივალის კონტროვერსიულ გახსნაზე – პირველ, ასე ვთქვათ, „რუსულ დღეზე“.

 

ფესტივალის გახსნამდე ორი დღით ადრე, საღამოს, ჟურნალ „ინდიგო“-დან მირეკავენ და მეკითხებიან, ხომ არ მინდა ინტერვიუ ჩავწერო The Tiger Lillies-თან? – თანამედროვეობის – მეინსტრიმული მასკულტურის ესთეტიკიდან ყველაზე ამოვარდნილ, თვითმყოფად ბენდთან. ყურებს არ ვუჯერებ – ინტერვიუს მთავაზობენ ბენდთან, რომლის გამოსვლასაც ფესტივალის მთელს შემადგენლობაში ყველაზე მეტად, Placebo-ზე მეტადაც კი ველოდები. 

 

რა თქმა უნდა, მინდა! მათი მუსიკის მოსმენა საშიშ, ბალაგანით, ტრაგიზმითა და ირონიით, სიკვდილითა და ცეცხლით, ნარკომამებისა და ტრანსსექსუალების მხიარულ და სევდიან სიურრეალისტურ სამყაროში მოგზაურობას გავს. ზიხარ მე-20 საუკუნის დასაწყისის კაბარეში, სადაც სამი მსახიობი, სრულიად გენიალური საოპერო ხმით, ყოველგვარი შელამაზების გარეშე გიმღერის არა ნარკომომხმარებლებზე, კომერციულ სექს-მუშაკებსზე, ტრანსგენდერ ადამიანებსა და სუიციდზე, არამედ ნარკომანებზე, ბოზებსა და ტრანსუხებზე, დახრჩობაზე, ცეცხლსა და სიღატაკეზე.

 

გაიცანით – თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე არაპოლიტკორექტული ბენდი, რომლისთვისაც არაპოლიტკორექტულობა, ცინიზმი და ირონია – იარაღია, რომლითაც ცდილობენ, ადამიანები აქ და ახლა არსებულ, პოლიტკორექტულობის ნატიფ სამოსში გამოწყობილ, შავით მოსილ პრობლემებზე დააფიქრონ. ადამიანებს კი მათ მუსიკაზე – ეცინებათ.

 

მოდით, ვიტყვი: გვეცინება. ხარხარი ამიტყდა, როდესაც პირველად გავიგე, რომ გერმანიაში კონცერტზე დაუკრეს მათი ერთ-ერთი ყველაზე ეპატაჟური სიმღერა – Gas Bills – სიმღერა გაზის გადასახადებზე, სიმღერა საკონცენტრაციო ბანაკების შესახებ… დაუკრეს პირდაპირ გერმანიაში! არა იმიტომ, რომ ბოროტები და გულგრილები არიან. არა იმიტომ, რომ ეს საკითხები მართლა სასაცილოა და არა იმიტომ, რომ მუსიკის კრიტიკოსების მიერ მათთვის მინიჭებული ნიშა – „World’s Weirdest Band” – გაამართლონ. არამედ იმიტომ, თანამედროვე, შაბლონური, დავარცხნილი ენითა და „ლაიქებით“ გადასაწყვეტი პრობლემების ეპოქაში, სადაც ერთ წამს ISIS-ის სისხლიან ნიუსებს ვაზიარებთ, მეორე წამს კი 9Gag-ზე ვსხედვართ. ასეთ დროს ადამიანები უმწვავეს პრობლემებზე აცინო, საუკეთესო გამოსავალია, რატომაც არა? ვიცინით, მაშასადამე გვრცხვენია, მაშასადამე – გვაწუხებს, ან იქნებ საკუთარმა სიცილმა მაინც შეგვაწუხოს?

 

The Tiger Lillies-სა და მათ დამოკიდებულებებზე ვრცლად უკვე სექტემბერში, ჟურნალ „ინდიგოში“ წაიკითხავთ, ჩემი და სალომე ასათიანის ერთობლივ ინტერვიუში, რომლის ჩაწერის დროსაც თითქოს სიურრეალიზმის ღმერთი აბობოქრდაო, ჩვენს კარავს მეორე უზარმაზარი კარავი დაემხო თავზე. დაემხო და ინტერვიუც დასრულდა. „რას ვფიქრობ თანამედროვე მეინსტრიმულ მუსიკაზე?“ – გვეკითხება ჯგუფის ვოკალისტი მარტინ ჟაკი. „უყურეთ, რა მძღნერი ხდებოდა Glastonbury-ზე? თავად ნახეთ დღესაც რა მძღნერი იქნება ფესტივალზე!“ – ირონიულად იღიმის და ვემშვიდობებით.

 

მინდორზე გამოვდივართ და ფესტივალის მთავარი სცენაც საზეიმოდ იხსნება. Tbilisi Open Air რუსულმა ჯგუფმა გახსნა, Cyxue – ასე ქვია ჯგუფს, რომლის ინსტრუმენტალისტებმაც დაკვრა არ იციან, ვოკალისტმა კი – სიმღერა. საუნდი არ ვარგა, ქარს განათების რიგი, წინა გახმოვანების აპარატურა და ვოკალისტი გოგონას კაბა ქაოტური მიმართულებით დააქვს. მინდორზე ბოდიალს ვიწყებ და ველოდები, როდის გამოვა The Tiger Lilles. ვუსმენ ამ გაურკვეველ ბენდს და მიტყდება, რომ მათ შემდეგ, ყოველგვარი მუსიკალური რეაბილიტაციისა და გამოლოცვის გარეშე, პირდაპირ ლილიები უნდა მოვისმინო.

 

როგორღაც გავძელი და სცენა სამმა არტისტულმა „ჯამბაზმა“ დაიკავა. The Tiger Lillies ძირითადად ცნობილი ჰიტების პროგრამით წარსდგა. ფსელივით თბილ სასმელს ვსვამ და თანდათან ვამუღამებ ირონიული თეატრის ამ შესანიშნავ მსახიობებს, პირველად, ცოცხლად. მსმენელი, გაურკვეველი რუსული ჯგუფის მცირეხნიანი გამოსვლისგან დაღლილი, ფეხზე დგება და ლილიების ტრაგიზმის ფონზე ყველანი ხტუნაობას ვიწყებთ. მათთან ერთად გვეტირება, გვეცინება, გვიხარია და ვიხოცებით. თითქმის 45-წუთიანი გამოსვლის შემდეგ ენქორზე შესრულებული სიმღერა Start a Fire საბოლოოდ გვახურებს და ჯგუფი ხელის ქნევით, ხმაურიანი აპლოდისმენტების ფონზე გვემშვიდობება.

 

მინდორს ვტოვებ, იმასაც კი ვნანობ, რომ ლილიებამდე Cyxue-ს ვუსმინე. ახლა, მით უმეტეს, არ მინდა განწყობა ბრძენი და კაი ტიპი რუსი მაჩოს „ობრაზში“ შესულ გრებენშიკოვს გავაფუჭებინო. მარტინ ჟაკის გენიალური საოპერო ხმის შემდეგ – გრებენშიკოვის რაღაცნაირი, ემანსიპირებული, გაკეთილშობილებული მაჩოიზმი? – აუ, არა. არ მინდა. ამას ჯობია დავლიო. „ვსე გავარიატ შტო პიც ნელზია, ა ია გავარიუ, შტო ბუდუ“ – ეს ფრაზაღა მესმის მთავარი სცენიდან და სასმელს ვეტანები.

 

ცოტა ხანში ვერმიშელი მოვა, Wer Michèlle, იგივე გიორგი წოწკოლაური. Tbilisi Open Air-ის ყოველდღიურ რევიუებს ერთად ვაკეთებთ, მე ტექსტით, ის – ფოტოებით. ზემფირაზე უნდა შევიდეთ და ფესტივალის პირველი დღის მთავარი ჰედლაინერი გადავიღოთ. მოდის, მინდორზე გრებენშიკოვის და ჯგუფ Aquarium-ის გამოსვლის შემდეგ შევდივართ და ჰედლაინერს ველოდებით.

 

ზემფირას კონცერტზე პირველად ვარ. რა ვქნა, რუსულ მუსიკას ზუსტად იმიტომ ვერ დავუმუღამე, რატომაც რუსულ ენას – უბრალოდ, არ მინდა! არის ერთი-ორი ბენდი ამ ქვეყნიდან, რომელიც მიყვარს: ვიქტორ ცოის „კინო“ და პანიკური, ისტერიული ჯგუფი „ტატუ“. კარგია პროკოფიევიც, კარგია „დოსტოევსკის ენაც“, მაგრამ რა ვქნა, არ მინდა იქ, იმ ფესტივალზე, სადაც თანამედროვე ქართული ახალგაზრდობის ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი იკრიბება და ერთობა, კიდევ ერთ რუსულ ჯგუფს ვუსმინო. ისედაც მთელი დღეა, The Tiger Lillies გარდა სცენიდან „გამარდჟობა წბილისო“ და „პრიკრასნიე ლიუძი, პრიკრასნი გოროდ“ გვესმის.

 

ზემფირა კარგად იწყებს, სცენისგან ოდნავ მოშორებით, შუაში ვდგავართ, ხმის რეჟისორთან, ამიტომ აქ ხმა საუკეთესოდ გვესმის. ამასობაში ცოტა შევთვერი და შევხურდი, ცოტაც წავიცეკვე, ერთი-ორჯერ ავყევი კიდეც მისამღერში და მაინც… არ ვიცი, რას ფიქრობენ რუსი მუსიკოსები თანამედროვე ქართველ ახალგაზრდებზე, რა წარმოდგენა აქვთ ჩვენზე, რას ვუსმენთ, რა გვიყვარს და რა გვძულს, მაგრამ იწყება ის, რამაც ზემფირას მიერ უკრაინის დროშის აფრიალებით გამოწვეული ჩემი სიმპათიებიც კი გააქარწყლა: „ჩიტო-გვრიტო!“.

 

რატომ? აი, რატომ? რატომ ჰგონიათ რუს მუსიკოსებს, რომ ვინმეს, ჩვენი მშობლების თაობის გარდა, კიდევ ადარდებს და რამეში აინტერესებს ეს არქაული და პირადად ჩემთვის სრულიად იდიოტური, ვითომ ხელოვნებაში გაკეთილშობილებული საბჭოთა ნოსტალგიები ბუბა კიკაბიძის, „მიმინოს“ და ჩიტო-გვრიტოს სახით? ყელშია, მომბეზრდა. ყველაზე ცნობილი ჰიტებიც კი არ დაუკრა, ჩიტო-გვრიტო დაუკრეს და წავიდა. კარგი გოგო ხარ, ზემფირა, უკრაინის დროშა რომ ააფრიალე სცენაზე, მაგრამ რა ვქნა, სხვა ბევრი არაფერი მომწონებია ამ გამოსვლიდან.

 

საფესტივალო მინდორს უკმარისობის განცდით ვტოვებ. წლევანდელი ოფენ ეარისადმი მოლოდინი იმდენად დიდი მქონდა, რომ ერთადერთი, რაც ფესტივალის პირველ დღეზე შემიძლია ვთქვა – არაუშავდა რა, თუ არ ჩავთვლით საუნდს, რომლიდანაც წნევა არ მოდიოდა და ფეხებში ვიბრაციას არ გვარტყამდა, საშინლად თბილ სასმელებს, ძალიან უბრალო სთეიჯ პროდაქშენს, სადაც ეკრანებიც კი ჩამქრალი იყო, რუსულ ჯგუფებს, რომლებმაც ვერაფრით გაგვაკვირვეს, ჩიტო-გვრიტოს და საშინლად აგრესიულ დაცვას, რომლებმაც ერთი ახალგაზრდა პირდაპირ წიხლქვეშ გაიგდეს.

 

დღეს ფესტივალის მეორე დღეა, ახლა უკვე ნამდვილად კარგი შემადგენლობით. უკვე დამაგვიანდა, რევიუს წერამ დიდი დრო წაიღო და დღის სცენა გამოვტოვე. არადა, როგორ მინდოდა ყველაზე სოციალურად ადეკვატური ქართველი არტისტის, ეკო დეისაძის მოსმენა. სამაგიეროდ წინ ორი ძალიან კარგი ჯგუფი გველოდება: Soap & Skin და ჰედლაინერი Archive. წერას ვამთავრებ და სასწრაფოდ ოფენ ეარზე გავრბივარ. ერთი, რისი იმედიც ნამდვილად მაქვს ფესტივალის ორგანიზატორების გამოცდილებისა და მომდევნო დღეების ლაინაფის გათვალისწინებით, არის ის, რომ ფესტივალი დღიდან-დღემდე გაუმჯობესდება, ხოლო 7 ივლისს მუსიკისა და გართობის დღესასწაული ნამდვილ პიკს მიაღწევს, იმედია.

 

მსმენელები ალბათ ახალ, ორიგინალურ იმიჯებს ირგებენ, იქნებ წელიწადში რამდენიმე დღის მანძილზე, ფესტივალზე მაინც ამოვვარდეთ ყოველდღიური რუტინიდან და სახე მივუშვიროთ მხიარულებისა და სიამოვნების ნიავს თუ ვერა, ქარს მაინც.

 

მივდივარ ფესტივალის მეორე, უკეთეს დღეზე და მახსენდება ბირჟაზე ჩამომჯდარი ორი ბიჭი, რომლებიც წუხელ, სახლში დაბრუნებულს დამხვდნენ ჩემს ქუჩაზე, საშინლად აგრესიული, დაბოღმილი სახეებით, ვიღაცას ეკაჩავებოდნენ. გული მწყდება, ვფიქრობ, როგორი სახეები ექნებოდათ ახლა, გუშინდელი დღე რომ ოფენ ეარზე გაეტარებინათ? იქნებ სულაც არ ჰქონდათ ამის საშუალება? იქნებ შეყვარებულისთვის ბილეთი ვერ იყიდეს?

 

გიორგი კიკონიშვილი / Wer Michèlle

 

Tbilisi Open Air 2015 / ფოტო: Wer Michèlle

მასალების გადაბეჭდვის წესი