კომენტარი

გულგრილობა – ჩვენი დროის „მხედრიონი“

29 ივნისი, 2015 • • 2627
გულგრილობა – ჩვენი დროის „მხედრიონი“

 „მხედრიონის“ დაჯგუფების შესახებ, რომლის მებრძოლებიც ქუჩიდან – ქუჩაზე, ქალაქიდან – ქალაქში პირადი ტანკებითა და შეიარაღებით გადაადგილდებოდნენ და ენით აუწერელ ბოროტებას ჩადიოდნენ ტოტალური განუკითხაობის წლებში, მხოლოდ უფროსებისგან, უახლესი ისტორიის ცნობებიდან და ტელე-სიუჟეტებიდან მსმენია. სხვანაირად ვერც იქნებოდა, ამ დროს საბავშვო ბაღს ვამთავრებდი და სკოლის ასაკი მეწყებოდა. აბა, რა ვიცოდი მე „მხედრიონისა“, თბილისის მთლად ცენტრალურ უბანში მდგომ ჩემს ფანჯრებში შემოფრენილ ერთი-ორ ტყვიას თუ არ ჩავთვლით, რომელმაც ოთხი თუ ხუთი წლის ბავშვს ლამის ყურთან ჩამიფრინა.

 

ამ დაჯგუფების შესახებ ბევრი თქმულა, ბევრი დაწერილა. იუთუბზე მგონი ახლაც დევს ვიდეო, სადაც ჩანს, სამეგრელოში როგორ გამოათრევენ 18 წლის ბიჭს სახლიდან და დედის თვალწინ ასაჭურისებენ. რაღა უნდა ვთქვა უფრო გასაკვირი ამ ამბის ჩამდენ ადამიანთა მტრებზე? თუმცა არის ერთი დეტალი, რამაც ამ ყველაფრის შემდეგაც კი ჩემი გაოცება გამოიწვია – „მხედრიონელთა“ საყვარელი მუსიკოსი მე-20 საუკუნის თავისუფლებისა და კაცთმოყვარეობის, მშვიდობისა და სიკეთის აპოლოგეტი ბობ მარლი გახლდათ. ბობ მარლი! მხიარული, ცოტა დაუბანელი იამაიკელი კაცი, რომელმაც მთელი თავისი შემოქმედება ადამიანურ სიკეთეებსა და მშვიდობაზე სიმღერას მიუძღვნა. არ ვიცი, ბოროტმოქმედებს პრიმიტიულად მისი „ქეში“ იმიჯი მოსწონდათ და ბაძავდნენ, თუ გულის სიღრმეში სადღაც ღრმა ბავშვობაში დატოვებულ და ბოროტების სარდაფში სამუდამოდ ჩამარხულ თავისუფლებას იხსენებდნენ, მაგრამ ფაქტია, მე-20 საუკუნის საქართველოს ნომერ პირველ კაცთმოძულე მიზანთროპებს იმავე საუკუნის მშვიდობის მუსიკოსი უყვარდათ. უსმენდნენ No, Woman, No Cry-ს და თვრამეტი წლის ბიჭის მშობელ ქალს ხმის ჩავარდნამდე აკივლებდნენ საშინელი სცენით.

 

ამ ამბის გაგება იყო და, მგონი, პირველად შემერყა მტკიცე რწმენა, რომ მუსიკას და ხელოვნებას ადამიანების გაკეთილშობილება შეუძლია, ყველასი. ამ მოსაზრების სიმცდარის დაჯერება დღემდე არ მინდა, რასაც არ უნდა ფიქრობდეს რეჟისორი სტენლი კუბრიკი – „მექანიკურ ფორთოხალში“ ან რეალითი-რეჟისორი ჯაბა იოსელიანი – „მხედრიონში“. თუმცა მაინც ხდება ხოლმე, როცა გაოცებული სახით ვეკითხები ჩემს თავს: „ნუთუ, ეს ჰომოფობი ფრედი მერკურის უსმენს?“ „ნუთუ ამ რასისტს ტარანტინოს „ჯანგო“ აქვს დალაიქებული“? და.ა.შ. ვინ მოთვლის ხელოვნებისგან გაუკეთილშობილებელ კაცთმოძულეებს?

 

ასე მომივიდა, როდესაც წუხელ ფეისბუქზე ტელე-იმედის ჟურნალისტის, ლევან ჯავახიშვილის სტატუსს წავაწყდი. სტატუსს ადამიანისას, რომლის პიროვნების შესახებ მანამდე მხოლოდ ის მსმენოდა, რომ მე-20 და 21-ე საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსებისა და ბენდების ნამდვილი მოყვარული იყო, მათ შორის ბისექსუალი ფრედი მერკურის და, ჰო, როგორც უკვე მიხვდებოდით, მშვიდობისმოყვარე ბობ მარლის. „სახლში რაც უნდათ ის ქნან, არავინ უვარდებათ, მაგრამ კანონმდებლობით რომ გაგიფორმებენ, მანდ მართლა ტანკით უნდა გამოხვიდე!“ – განაცხადა ჟურნალისტმა აშშ-ში ლგბტ წყვილების ქორწინების ლეგალიზაციის შესახებ. ტანკი-ბობ მარლი-ტანკი-ბობ მარლი-ტანკი-ბობ მარლი. ღმერთო, რა მოსაწყენია უკვე ეს ერთი და იგივე სცენარის გადათამაშება სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სივრცეებში.

 

რაღა თქმა უნდა, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ერთ რიგით ქართველ ჟურნალისტსა და რიგით „მხედრიონელს“ შორის ტოლობის ნიშანი დავსვა. დროსა და სივრცეში განსხვავება მათ შორის გადამწყვეტია. აქ და ახლა, ახალი დროის საქართველოში, საბედნიეროდ, ვერავინ შეძლებს მსგავსი მასშტაბის, ცინიზმსა და გროტესკში გადასული ბოროტების კეთებას. მაგის დრო წავიდა. ახლა მხოლოდ ის შეუძლიათ, ფეისბუქზე ლულაამოგდებულებმა ირბინონ და ტანკებს ვერბალურად უხმონ მხოლოდ იმის გამო, რომ კონტინენტს გაღმა, ან თუნდაც აქვე, ვინმეს შეყვარებულ წყვილთაგან ქორწინება მოუნდა. სამაგიეროდ, არ ვიცით, რას იზამდა რიგითი ლევან ჯავახიშვილი, 1990-იანების დასაწყისში რომელიმე გეი წყვილს ქორწინება რომ მოეთხოვა, ხოლო ლევანს ამ დროს სახლის ეზოში ტანკი ჰყოლოდა. ბოლოს და ბოლოს, „მხედრიონშიც“ იყვნენ ქერა, ცისფერთვალება, ბუნჩულა გამომეტყველების მქონე ბობ მარლის მსმენელები, თუმცა დროის უკან გადახვევა და სიტუაციების გადათამაშება ახლა მხოლოდ მკითხავის როლში ჩაგვაგდებს, ამიტომ არ ივარგებს. ვიმსჯელოთ იმ მოცემულობით, რაც აქ და ახლა გვაქვს.

 

„მეტი პრობლემა ვერ ნახეთ ამ ქვეყანაში?“- მკითხა ერთმა ქალბატონმა ჰომოფობიაზე საუბრისას. პრობლემების დახარისხების მომხრე არ ვარ, ამიტომ მეტობის და ნაკლებობის გარეშე ვუპასუხე: ვნახეთ, როგორ არ ვნახეთ? 28 ივნისს თბილისის საკრებულოს წინ ასიოდე ადამიანი შევიკრიბეთ, მოვითხოვეთ ვერეს ხეობაში მწვანე ტყე-პარკის გაშენება და ე.წ მანჰეტენის სახელით ცნობილი ბიზნესცენტრის პროექტის გაუქმება, რომელიც ჰაერის ლამის უკანასკნელ წყაროსაც დაგვიხშობს მოქალაქეებს.

 

ვნახეთ, „მეტი პრობლემების“ მეტი რა გვაქვს, მაგრამ იცით უკვე რა მოსაბეზრებელი გახდა ჩვენი, სოციალურად აქტიური მოქალაქეების საპროტესტო შეკრებები ქალაქის გამწვანებაზე, მარიხუანის მოხმარების გამო დაჭერილ ან გარდაცვლილ ადამიანებზე, ძალადობისა და მკვლელობის მსხვერპლ ქალებზე, ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, სიღარიბეზე, რასიზმსა და რელიგიურ შეუწყნარებლობაზე, თვალწინ აფეთქებულ ათასწლოვან კულტურულ ძეგლ საყდრისზე, დასაქმებულთა უფლებებზე და ვინ მოთვლის, რაზე აღარ. და იცით რატომ, ჰომოფობიაზე საუბრით შეწუხებულო, „მეტი პრობლემებით“ დატვირთულო მოქალაქეებო? იმიტომ, რომ არც ერთ მსგავს შეკრებაზე, ასიოდე ნაცნობის გარდა, მაინც არავინ ვიკრიბებით ხოლმე. არც ერთ პრობლემაზე, არც ჰომოფობიასა და არც „უფრო მეტზე“ ერთეულების გარდა ყურს მაინც არავინ იბერტყავს, თუ მთლად ღვარცოფმა არ წაიღო ქალაქი თავის მოქალაქეებიანად და პუტკუნა და საყვარელმა, პოპ-სთარად ქცეულმა ბეჰემოტმა არ გადმოაბიჯა ცენტრალურ მოედანზე.

 

(ღმერთო, როგორ არ მიყვარს ეს შეკითხვა, მაგრამ მაინც უნდა დავსვა) – სად იყავით, მაგალითად, დღეს? გგონიათ უჰაერობისგან და გამონაბოლქვისგან რომ ჩაგვეხუთება ფილტვები და შეგვეზღუდება ტვინისთვის ჟანგბადის მიწოდება, უფრო ადვილად შევძლებთ „მეტი პრობლემების“ მოგვარებას? გგონიათ, დახოცილი ცოლების, ან დარბეული გეების კისერზე უფრო ადვილად აშენდება ეს ქვეყანა? სად არის ამ, თუნდაც ჰომოფობიის მიღმა დარჩენილი პრობლემების დროს თქვენი „ტანკები“, ბატონო და ქალბატონო მოქალაქეებო?

 

„ტანკები“, არც რეალური და არც მეტაფორული, სინამდვილეში არ არსებობს. არსებობს მხოლოდ სრული აპათია და გულგრილობა ნებისმიერი საკითხის მიმართ, ერთადერთი გამონაკლისით: როცა საქმე ლგბტ აღლუმსა და ქორწინებას ეხება, მხოლოდ აქ შეუძლია საზოგადოების დიდ (თუმცაღა, რიცხოვნობაში თანდათან კლებად) ნაწილს სრული საარტილერიო მზადყოფნის გამოცხადება. ჰოდა, როცა მტერი – აპათიის, სოციალური გულგრილობის სახით – ერთგანაა ჩასაფრებული და ამ დროს „ტანკის“ ლულის მიზანში ერთმანეთის მოსიყვარულე წყვილებია ამოღებული, ნუ გიკვირთ, რომ „მეტი პრობლემები“ არა და არ გვარდება.

 

კრებსითი ლევან ჯავახიშვილისნაირი მავნებლების განეიტრალება ადვილია. სხვებმა, მათ შორის ჰეტერო და არაერთმა ქართველმა გეი სელებრითებმა, ტელეკომპანიებმა, კოლეგებმა, პრესამ, მაყურებელმა, უბრალოდ, უარი უნდა უთხრან მას მეგობრობაზე და ამით მისცენ საჩვენებელი მაგალითი ყველა მიზანთროპს, რომელსაც ბობ მარლის ფონზე ტანკების მომართვა სურს. ხოლო, აი, რა ვუყოთ ამ ტოტალურ გულგრილობას ნებისმიერი რეალური პრობლემის მიმართ, ნამდვილად ძნელი გამოსაცნობია.

 

ყოველ შემთხვევაში, ძნელია იფიქრო პრობლემის გადაჭრის გზებზე იმ ქალაქში, სადაც ერთ დღესაც იღვიძებ და აღმოაჩენ, რომ გმირთა მოედანზე გადმოგორებული ცოცხალი პუტკუნა ბეჰემოტი უამრავი ადამიანის მხრიდან იმაზე მეტ სითბოს, ყურადღებასა და ემპათიას იმსახურებს, ვიდრე ყურის ძირში შიმშილით ფეხებგაფშეკილი უსახლკარო, მონური შრომისგან ქანცგაწყვეტილი ქარხნის მუშა,  უძილობისგან ლამის გულწასული რომელიმე სუპერმარკეტის კონსულტანტი ან საკუთარ სახლში მოკლული და შემდეგ ცეცხლს მიცემული ტრანსსექსუალი საბი ბერიანი!

 

აი, ამაზე პასუხს რომ მოვიფიქრებთ, ტანკებს რომ საწყობში ჩავაბარებთ, ცხოველთან ერთად ადამიანებიც და ზოგადად, სიცოცხლე რომ შეგვიყვარდება, მერე შეგვიძლია პატიოსნად ჩავრთოთ ბობ მარლი ან ნებისმიერი მუსიკოსი, გემოვნების მიხედვით და აღარავის გაუკვირდეს, რატომ ვუსმენთ მას. 

გიორგი კიკონიშვილი

მასალების გადაბეჭდვის წესი